კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით,

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹29-46(568) 

 

ცრემლი და სენტიმენტალობა ჩემთვის უცხო ხილია, მაგრამ, მოხუცი პროფესორის სულის სიღრმიდან წამოსულმა სიტყვებმა ელემენტარული ადამიანური გრძნობები გამიღვივა და, ორი კვირის შემდეგ, მის დასაფლავებაზე რომ მივედი და კუბოში ჩაწოლილ მოხუცს დავხედე, თვალებში კვლავ ცრემლი ამიკიაფდა... ჩემი ყოფილი რექტორის დაკრძალვაზე უამრავ ნაცნობს შევხვდი. რამდენიმე ათეული წელი იყო, ისინი არ მენახა და მათი დანახვა ისე გამიხარდა, ქელეხშიც დავრჩი, ცოტა დავლიე კიდეც და, მიუხედავად იმისა, რომ ჭირის სუფრაზე ვიმყოფებოდი, სახლში ძლიერ კმაყოფილი დავბრუნდი.

„კოკი, ბიჭო, ხომ არ დაბერდი და შენი პენსიაზე გასვლის დრო ხომ არ მოვიდა“? – ვკითხე საკუთარ თავს, როდესაც პროფესორის ქელეხიდან დავბრუნდი. ემოციებით დატვირთული ვიყავი, ლოგინში ჩავწექი, მაგრამ, თვალი ვერ მოვხუჭე. ამ დროს ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა, რომელიც შუამავლის გამოგზავნილი იყო. დაშიფრული ტექსტი მეორე დღეს, 16 საათზე შეხვედრაზე მიხმობდა.

„არა, კოკი, შენთვის პენსია ჯერ ადრეა. როგორც კი სამუშაოს მიატოვებ, მაშინვე მოხუცი პროფესორის ბედს გაიზიარებ და მოკვდები. ახლა კი ნებისყოფა მოიკრიბე და დაიძინე“, – შევუძახე, ჩემს თავს  როდესაც შუამავლის დაშიფრული გზავნილი წავიკითხე და, მართლაც, რამდენიმე წუთში დავმშვიდდი და დამეძინა...

მას შემდეგ, რაც „ძიამ“ ასაკის გამო შეკვეთების მიღებას თავი დაანება და „დამსახურებულ პენსიაზე“ გავიდა, „კანტორასთან“ ურთიერთობას ელექტრონული საშუალებებისა და უმკაცრესი კონსპირაციის მეშვეობით ვახორციელებდი. მე შევიძინე სათადარიგო ტელეფონი და სხვის სახელზე გაფორმებული სიმბარათი, სადაც მე დაშიფრულ გზავნილებს მწერდნენ, ხოლო შუამავალთან შეხვედრაზე კი მოხუცის გრიმითა და ჩაცმულობით ვცხადდებოდი და ვერავინ იფიქრებდა, რომ მე მართლაც ასაკოვანი მკვლელი ვიყავი და არა ახალგაზრდა ქილერი, რომელიც მოხუცის ფორმით ინიღბებოდა.

შუამავალს მეორე დღეს, დღის 4 საათზე კუს ტბაზე შევხვდი. მან დათქმული პაროლით მომმართა, მეც პაროლითვე ვუპასუხე.

ჩემს სწორ პასუხში რომ დარწმუნდა, მითხრა:

– შეიძლება, დავჯდე?

– რა თქმა უნდა, – მივუგე მე.

– მოკლედ, მე, ბაბუ... – მითხრა შუამავალმა და პაუზა გააკეთა. მისი ეს „ბაბუ“ მსუბუქი ირონიით იყო ნათქვამი, რადგან, შევატყვე, რომ მას მე ახალგაზრდა, მოხუცად შენიღბული მკვლელი ვეგონე და „ბაბუ“ იმიტომ მიწოდა, რომ, ვითომ ჩემი ასაკი გაშიფრა.

– გისმენ, შვილიშვილო, – საპასუხო ირონიით მივუგე შუამავალს, – აბა, ერთი ბრძანეთ, რას მთავაზობთ?

შუამავალმა ისევ პაუზა გააკეთა და უკვე ყოველგვარი ირონიის გარეშე, საქმიანად მითხრა:

– ცოტა არ იყოს, უჩვეულო შეკვეთა გვაქვს.

– უჩვეულო? – გამიკვირდა მე.

– დიახ, ბატონო ჩემო, უჩვეულო. საქმე ისაა, რომ ობიექტი ისე უნდა მოკლათ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ბუნებრივი სიკვდილი დააფიქსიროს. ასეთ რამეს შეძლებთ?

შეკვეთა არცთუ ისე უჩვეულო იყო, რადგან „კაგებეში“ მუშაობის პერიოდში რამდენჯერმე მომიწია მსგავსი დავალების შესრულება, მაგრამ მაშინ „კაგებეს“ ლაბორატორიაში დამზადებული სპეციალური  აბებით ვსარგებლობდი. როდესაც ასეთ აბს ობიექტს სასმელში უგდებ და ასმევ, ობიექტი ან ინფარქტით, ან, სულაც, გაზისგან გაგუდული კვდება და ექსპერტები სიკვდილის ნამდვილ მიზეზს ვერ ადგენენ. მე მსგავსი აბები არ მქონდა და ვერც ვიშოვიდი, ამიტომ შუამავალს ვუთხარი:

– თითქმის შეუძლებელია. ერთადერთი შანსია, რომ ობიექტს წყალში ან სხვა სითხეში სპეციალური აბი ჩავუგდო, მაგრამ ასეთი აბები მაღაზიაში არ იყიდება, „კაგებეს“, „ცეერუს“ ან სხვა სპეცსამსახურის საწყობებში კი არავინ შემიშვებს და, ვფიქრობ, ეს საქმე ასე მარტივად არ გამოვა.

– აბები რომც იშოვოთ, ობიექტისთვის მათ არავინ ჩაგაყრევინებთ, რადგან ის არავის იკარებს გვერდით და საჭმელ-სასმელს მარტო მიირთმევს, რომელსაც მხოლოდ თვითონ ყიდულობს. ის გარეთ მხოლოდ საჭმლის საყიდლად და აუზში საცურაოდ გადის. დაცვითაც მხოლოდ ორი კაცი იცავს და, ამ მხრივ, არც ისე რთული მოსახელთებელია, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, მისი სიკვდილი ექსპერტებმა ბუნებრივად უნდა ჩათვალონ. ასეთია კონტრაქტის პირობა. როგორც ვიცი, თქვენს კოლეგებს შორის საუკეთესო ხართ და, რადგან უარს ამბობთ მის შესრულებაზე, ესე იგი, მისი შესრულება მართლა შეუძლებელია და შეკვეთას გავაუქმებთ. არადა, მხოლოდ შემსრულებელს 800 ათას ევროს უხდიდნენ, – მითხრა შუამავალმა, წამოდგა და დაამატა: – ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის. მშვიდობით.

შუამავლის სიტყვებმა ობიექტის ჩვევების შესახებ ერთი აზრი გამიჩინა, ამიტომ, ვუთხარი:

– ერთი წუთით მოითმინეთ! არის შანსი, რომ შეკვეთა ზუსტად შესრულდეს.

შუამავალს სახეზე გაკვირვება აღებეჭდა და მომიგო:

– კი მაგრამ, ახლა არ ბრძანეთ, რომ შეკვეთის შესრულება შეუძლებელიაო?

– არა, ჩემო ბატონო, მე გითხარით, რომ ამ შეკვეთის შესრულება თითქმის შეუძლებელია-მეთქი.

– შეუძლებელსა და თითქმის შეუძლებელს შორის რა განსხვავებაა? – მკითხა შუამავალმა.

– ძალიან დიდი, – ვუპასუხე და, ხელით ვანიშნე, რომ კვლავ სკამზე დამჯდარიყო. რომ დაჯდა, განვაგრძე: – მე იმ კაცის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მჭირდება. ვფიქრობ, ეს საქმე გამოვა.

– კეთილი, ჩემო ბატონო, – ცოტა არ იყოს, უნდობლად მითხრა შემკვეთმა, – მაგრამ, კონტრაქტის პირობების თანახმად, 800 ათას ევროს მხოლოდ წარმატების შემთხვევაში მიიღებთ, მანამდე კი ერთ ცენტსაც არავინ გადაგიხდით.

– თანახმა ვარ. ახლა საქმეზე გადადით.

– მოკლედ, ასე, – მითხრა შუამავალმა, სამოციოდე წლის მამაკაცის სურათი მიჩვენა და განაგრძო: – აი, ობიექტი, ალბათ, გეცნობათ.

– რა თქმა უნდა, მეცნობა, – მივუგე შუამავალს, რადგან ფოტოზე ერთი ძალიან ოდიოზური ქართველის ფიზიონომია იყო აღბეჭდილი, რომელიც თავისი მძიმე ხასიათითა და არანორმალური გამოხდომებით იყო ცნობილი. მე მის რძალსაც ძალიან კარგად ვიცნობდი, რადგან ჩვენი ძველი მეზობელი იყო და, ლამის ჩვილობიდან, ჩემი და მერის ხელში იყო გაზრდილი. ობიექტი დიდძალი ქონების პატრონი იყო, მაგრამ, ერთადერთი შვილიშვილისა და რძლისთვის ერთი თეთრიც არ ემეტებოდა. შვილი გარდაცვლილი ჰყავდა, რომელსაც ლამის სიღარიბეში ამოხდა სული და მამამისს ის სასაფლაომდეც კი არ მიუცილებია. ამ არსების შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცოდი და მისი მოკვლის სურვილი არაერთხელ გამჩენია, თუმცა, ყოველთვის თავს ვიკავებდი. ინკოგნიტოდ  არაერთხელ დავხმარებივარ მის რძალსა და შვილიშვილს მატერიალურად, რამდენჯერმე მათ ორ-ორი ათასი დოლარიც კი გავუგზავნე ანონიმურად... „ჰმ, რა პატარაა ეს სამყარო“, – გავიფიქრე გუნებაში, შუამავალს კი ვუთხარი:

– საქმეს შევასრულებ. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. ახლა კი დავიშალოთ.

მე წამოვდექი და წასასვლელად მოვემზადე. შუამავალმა კი შემაჩერა და მითხრა:

 – მაგრამ, გიმეორებთ, რომ ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუკი ექსპერტები ობიექტის ბუნებრივ სიკვდილს დაადასტურებენ.

– რა თქმა უნდა, რაზეა ლაპარაკი, – მივუგე შუამავალს და ისევ წასვლა დავაპირე, მაგრამ, მან კვლავ შემაჩერა და მითხრა:

– არ გაინტერესებთ, ვინ შეუკვეთა მისი მკვლელობა?

– რძალმა, – ვთქვი მე.

– სწორია, – დამიდასტურა შუამავალმა და დაამატა: – ნუთუ, ისიც იცით, რისთვისაა საჭირო, რომ ამ კაცის სიკვდილი ბუნებრივად გამოიყურებოდეს?

– ვფიქრობ, ვიცი, – გავუღიმე შუამავალს და დავამატე: მას, ალბათ, ანდერძი ექნება დაწერილი, რომელშიც წერია, რომ მისი ძალადობრივი სიკვდილის შემთხვევაში მისი ქონება მის შვილიშვილსა და რძალს არ გადაეცეს. სწორია?

– თქვენ ნამდვილი გულთმისანი ყოფილხართ, – მითხრა შუამავალმა, რომელიც გულწრფელად გაოცებული ჩანდა და დაამატა: – წარმატებას გისურვებთ, ბატონო ჩემო.

შუამავალს რომ დავშორდი ობიექტის ლიკვიდაციის გეგმა უკვე შემუშავებული მქონდა და მხოლოდ დეტალების დაზუსტებას შევუდექი. გეგმის მიხედვით, ობიექტი აუზში უნდა მომეკლა და, ისიც კარგად ვიცოდი –  როგორ.

სალიკვიდაციო ობიექტი თბილისის ერთ-ერთ კერძო, ოცდახუთმეტრიან აუზზე მიდიოდა ყოველდღე და დილის 9 საათიდან 10 საათამდე ცურავდა. ამ დროის განმავლობაში აუზი დაკეტილი იყო სხვებისთვის, რადგან ობიექტს წინასწარ ჰქონდა გადახდილი ფული და მისი ცურვის პერიოდში იქ მხოლოდ მისი ორი მცველი  იმყოფებოდა, რომლებიც მას თვალს არ აშორებდნენ. მე იმ აუზის ტექნიკურ განყოფილებაში შევაღწიე, საიდანაც წყლის მიწოდება, განათება და სხვა ოპერაციები ხორციელდებოდა, ყველაფერი წინასწარ მოვამზადე და ლიკვიდაციის დღე დავნიშნე. წინა ღამე ტექნიკურ განყოფილებაში გავათენე და, დილის 8 საათი რომ შესრულდა, „კლიენტის“ დასახვედრად მოვემზადე.

იმ ოცდახუთმეტრიანი აუზის სიღრმე 3 მეტრია და მას ოთხი ცალი სქელი ილუმინატორი აქვს დატანებული, საიდანაც აუზის ფსკერი ხელისგულივით მოჩანს. მე ერთ-ერთი ასეთი ილუმინატორიდან ვუთვალთვალებდი „კლიენტს“. ზუსტად დილის 9 საათზე ის აუზში გადაეშვა და დინჯად შეუდგა ცურვას. მე წინასწარ მომზადებული დენის კაბელი მოვიმარჯვე, რომელსაც შიშველი წვერი ჰქონდა და ერთი ბოლო 300 ვოლტზე იყო შეერთებული, მეორე კი – წყალგამტარ მილში მქონდა შერჭობილი. ჩემი ჩანაფიქრი ძალიან მარტივი იყო – ობიექტი დენის საშუალებით უნდა მომეკლა წყალში, პირადი მცველების თვალწინ, ხოლო როდესაც მის გაშავებულ სხეულს პათანატომები გაკვეთდნენ, სიკვდილის მიზეზად ინფარქტს, ანუ ბუნებრივ სიკვდილს დაასახელებდნენ. მისი ქონება კი შვილიშვილსა და რძალს დარჩებოდათ და, თუკი შეიძლება, ასე ითქვას, ყველაფერი „ჰეფი ენდით“ დასრულდებოდა... 

ობიექტი უკვე თხუთმეტი წუთის განმავლობაში ცურავდა, როდესაც ჩამრთველი ჩამოვწიე, აუზში 300 ვოლტი დენი შევუშვი და მაშინვე გამოვრთე, რადგან ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ობიექტს გული გასკდომოდა და პირადი მცველების თვალწინ „ბუნებრივად“ დაღუპულიყო... სანამ ობიექტს წყლიდან ამოიყვანდნენ, სასწრაფოდ ავახვიე კაბელი და თავის ადგილზე დავდე. შემდეგ ტექნიკური განყოფილება მალულად დავტოვე და კერძო აუზიდან შეუმჩნევლად გამოვედი. საქმე სუფთად შევასრულე, ჯერი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებზე მიდგა და, როდესაც ორმა კომისიამ დაადასტურა, რომ ობიექტი ბუნებრივი სიკვდილით, ანუ, მოულოდნელი ინფარქტით გარდაიცვალა, მისმა შვილიშვილმა და რძალმა მთელი მემკვიდრეობა მიიღეს, ამ დღიდან ორი კვირის შემდეგ კი ჩემს ანგარიშზე 800 ათასი ევრო დაჯდა, ანუ, კონტრაქტის პირობები აბსოლუტურად ზუსტად შესრულდა.

ობიექტის ლიკვიდაციიდან ზუსტად თვე-ნახევარი იყო გასული, როდესაც ჩემს ბინაში ტელეფონმა დარეკა. ყურმილი რომ ავიღე, ახალგაზრდა ქალის სასიამოვნო ხმა მომესმა:

– ძია კოკი, თქვენ ბრძანდებით?

– დიახ, მე ვარ. თქვენ რომელი ხართ? – ვკითხე გოგონას, თუმცა, მშვენივრად ვიცოდი, რომ დალი მირეკავდა ჩემ მიერ მოკლული ობიექტის რძალი. რა თქმა უნდა, მან არ იცოდა, რომ ეს შეკვეთა მე შევასრულე.

– დალი ვარ, ძია კოკი, თქვენი ძველი მეზობელი, ვერ მიცანით?

– ო, დალი, როგორ ხარ, ხომ მშვიდობაა?

– კი, მშვიდობაა, უბრალოდ, თქვენი ნახვა მინდა და როდის გეცლებათ, რომ სახლში გეწვიოთ? თუ, რა თქმა უნდა, არ შეგაწუხებთ, – მითხრა დალიმ.

– როცა გაგიხარდებათ, შვილო, თუნდაც დღეს საღამოს, გაწყობს?

– როგორ არა, მაშინ, საღამოს ცხრა საათზე გეწვევით.

– კი ბატონო, გელოდები, – დალის, ჩემი ვაკის ახალი სახლის მისამართი ვუთხარი, ყურმილი გავთიშე და ჩავფიქრდი.

„ნეტავ, რა უნდა ამ გოგოს? – ვფიქრობდი გუნებაში, – გამორიცხულია, იცოდეს, რომ მისი მამამთილი მე მოვკალი. მართალია, ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა მასთან, როცა პატარა ბავშვი იყო, მისმა სატელეფონო ზარმა მაინც ძალიან გამაკვირვა, თუმცა ვერაფრით ვერ მივხვდი, რატომ უნდოდა ჩემთან მოსვლა და გადავწყვიტე, საღამოს ცხრა საათს დავლოდებოდი.

– ძია კოკი! ძვირფასო, როგორ ხართ, –  ჩემი კარის ზღრუბლთან მდგარი დალი კისერზე ჩამომეკიდა, მომეხვია და დიდი ხნის უნახავი შვილივით მომიალერსა.

– შემოდი, შვილო, – სტუმარი სახლში შემოვიყვანე, კარი გამოვიკეტე და ვუთხარი: – კიდევ უფრო დამშვენებულხარ. მოდი, ერთი, კარგად შეგხედო.

დალი სასტუმრო ოთახში შევიყვანე და სავარძელში დაჯდომა შევთავაზე. მან ოქროსფერ ქაღალდში გახვეული პატარა ყუთი შუშის მაგიდაზე დადო და მითხრა:

– ეს თქვენ, ჩემგან საჩუქრად, მაგრამ, ჯერ არ გახსნათ. რომ წავალ, შემდეგ ნახეთ.

– ჯერ რა დროს წასვლაა, ჩემო გოგონა. მოიცა, ახლავე მოვალ, – ვუთხარი დალის, სამზარეულოში გავედი და ვერცხლისფერი გორგოლაჭიანი მაგიდა შემოვაგორე, რომელზეც წინასწარ მქონდა მომზადებული საჭმელ-სასმელი.

– რა კარგად მოწყობილხართ, ძია კოკი, აქაურობა ძალიან მომწონს, – მითხრა დალიმ. მე კი მას შამპანური დავუსხი ბოკალში და მივუგე:

– ვცდილობ, ჩემო გოგონი, ვცდილობ. ამ მოხუც კაცს მეტი რა დამრჩენია. რასაც ვშოულობ, ყველაფერს ჩემს შვილებს და ამ ბინას ვახმარ. რომ მოკვდები, ეს ყველაფერი ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს არ დარჩებათ?

– მოხუცს სულაც არ ჰგავხართ, ან, რა დროს სიკვდილია. ისე მშვენივრად გამოიყურებით, ოცდახუთი წლის ბიჭსაც კი შეშურდება, – მითხრა დალიმ, შემდეგ შამპანურით სავსე ბოკალი ასწია და დაამატა: – ამ სასმისით, ჩემო ძვირფასო კოკი ძია, თქვენ გაგიმარჯოთ. ღმერთმა ძალიან დიდხანს გაცოცხლოთ და ბედნიერი გამყოფოთ. თქვენისთანები ამქვეყნად ძალიან ცოტანი არიან, რაც ძალიან სამწუხაროა. რაც თქვენ მე და ჩემს შვილს სიკეთე გაგვიკეთეთ, ღმერთმა ათასმაგად გადაგიხადოთ. ერთი სიტყვით, გაგიმარჯოთ!

დალიმ ბოლომდე გამოცალა სასმისი, იგივე გავაკეთე მეც და შემდეგ დალის ვკითხე:

– ბოდიშს კი გიხდი, შვილო, მაგრამ, რას გულისხმობ და რომელ სიკეთეზე მელაპარაკები? ისეთი რა გაგიკეთე, რომ ასე საზეიმოდ და ხაზგასმით აღნიშნავ?

– კარგი რა, ძია კოკი, თქვენ გგონიათ, არ ვიცი, ფულს ანონიმურად რომ გვიგზავნიდით და მე და ჩემს შვილს გვეხმარებოდით?

– რა ფულს, არ ვიცი? – გავიკვირვე მე, თუმცა, მართლა ძალიან მიკვირდა, საიდან მიხვდა დალი, რომ ფულს მე ვუგზავნიდი.

– თქვენ გვიგზავნიდით, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემ ირგვლივ, ჩემო ძვირფასო კოკი ძია, თქვენ გარდა, სხვა ისეთი არავინაა, ვისაც ასეთი სიკეთის გაკეთება შეუძლია. ზუსტად ვიცი, რომ თქვენ იყავით. თქვენ რომ არა, შეიძლება, შიმშილითაც კი დავხოცილიყავით. ახლა კი ძალიან მდიდრები ვართ, მინდა, სიკეთე სიკეთით გადაგიხადოთ, თან, დიდი მადლობა გითხრათ და აქ იმიტომ გეწვიეთ.

– კარგი, კარგი, ჩემზე ნუღარ ვილაპარაკებთ. რადგან ფიქრობ, რომ მე გიგზავნიდი, ასე იყოს. სიკეთე იმისთვისაა, რომ აფიშირება არ მოახდინო. მოდი, სიკეთესა და სიკეთის მქმნელებს გაუმარჯოთ, – ვუთხარი დალის და შამპანურით სავსე ბოკალი მსუბუქად მივუჭახუნე.

ჩვენ ბევრი რამ გავიხსენეთ და კარგი დრო გავატარეთ. ბოლოს ჩემი სტუმარი მანქანამდე მივაცილე. ის გადამეხვია, გამომემშვიდობა, თავის უახლეს „ბეემვეში“ ჩაჯდა და წავიდა. სახლში რომ დავბრუნდი, დალის საჩუქარი გავხსენი და 100 ათას ევროდ ღირებული „როლექსის“ საათი აღმოვაჩინე, რომელიც სპეცშეკვეთით იყო დამზადებული. დალის საჩუქარი სხვა ძვირფას საათებთან ერთად სეიფში შევინახე, შემდეგ საწოლში ჩავწექი და მოგონებებში ჩავიძირე... „არა, მაინც როგორ გამშიფრა დალიმ და საიდან მიხვდა, რომ მას და მის შვილს მე ვეხმარებოდი? – ვამბობდი გუნებაში, თან პატარა, ტანწერწეტა დალი მედგა თვალწინ, რომელიც ჩემს მერის კალთაში ეჯდა ხოლმე და ჩემი საყვარელი ცოლი მას ოქროსფერ კულულებს უვარცხნიდა, – ალბათ, რაღაც კანონზომიერებაა იმაში, რომ დალის საზიზღარი მამამთილი მე მოვკალი და დატანჯულ გოგონასა და მის შვილს ნორმალური ცხოვრების საშუალება მივეცი“. ნამდვილად არ მინდა, ღმერთის კომპეტენციაში შევიჭრა, მაგრამ, ადრე ნათქვამს გავიმეორებ: მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია ღმერთის საწინააღმდეგოა და მის არსს ეწინააღმდეგება, ზოგჯერ ღვთიურ მისიასაც კი ვასრულებ ხოლმე და ჩემი ქმედებით ადამიანების ცხოვრებას სასიკეთოდ ვცვლი. ასეთ ქმედებად მიმაჩნია დალის მამამთილის მკვლელობა და, დარწმუნებული ვარ, რომ ამით სიკეთე გავაკეთე...

– სიკეთე და ბოროტება უსუსური კაცუნების მიერ მოგონილი ცნებებია, რომლებმაც საკუთარ თავს მორალისტები უწოდეს, – მითხრა ერთხელ ერთმა კუშტსახიანმა მოხუცმა, რომელიც ხელბორკილებდადებული საწოლზე მყავდა მიბმული და დაამატა: – თუ ნამდვილი მამაკაცი ხარ, ყოველგვარი მორალის მიღმა უნდა იდგე, არც მორალური უნდა იყო და არც ამორალური.

– აბა, ვინ უნდა იყო? – ვკითხე მოხუცს.

– იმორალური! – სიამაყით გამომიცხადა მოხუცმა და დამარცვლით გამიმეორა: – ი-მო-რა-ლური! გასაგებია, ახალგაზრდავ? მხოლოდ და მხოლოდ მტკიცე ნებისყოფის იმორალურ პიროვნებებზე დგას ეს სამყარო და, თუკი რამე ფასეული შექმნა კაცობრიობამ, სწორედ რომ ამ იმორალური, ძლიერი და მებრძოლი ადამიანების მიერაა შექმნილი. ნუთუ გგონიათ, რომ მაკედონელს, ნაპოლეონს, ჰიტლერსა და სტალინს, სრული იმორალური სულისკვეთება რომ არ ჰქონოდათ, ამხელა საქმეებს გააკეთებდნენ და ასეთ დიდებას მოიპოვებდნენ?

– თქვენი ბოდვა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, – მივუგე მოხუცს.

– ამ ბოდვამ, როგორც თქვენ უწოდებთ, ახალგაზრდავ, მთელი გერმანული ნაცია ერთი დროშის ქვეშ დარაზმა და ლამის დედამიწის ბატონ-პატრონი გახადა. ჰიტლერს აბსოლუტურ სიდიადემდე სულ რაღაც ნახევარი ნაბიჯი დააკლდა, – მიპასუხა მან.

– სწორედ იმ ნახევარ ნაბიჯშია საქმე და, რადგან ის ნახევარი ნაბიჯი ვერ გადადგა, ეგ თქვენი ბოდვა იმორალობის შესახებ სრული აბსურდია, – ვუთხარი მოხუცს. მას კი გაეღიმა და მომიგო:

– სულაც არა, ახალგაზრდავ, სულაც არა. ჰიტლერი იმიტომ დამარცხდა, რომ სტალინის იმორალიზმის დიაპაზონი გაცილებით მეტი იყო და ძაღლის თავიც სწორედ აქაა დამარხული.

– დავუშვათ, მართალი ხართ, მაგრამ, სტალინმაც ხომ ვერ მოახერხა მსოფლიოზე გაბატონება? ესე იგი, ეგ თქვენი თეორია, ისევე, როგორც მსოფლიოზე გაბატონების იდეა, დანაშაულებრივია და განხორციელება არ უწერია.

მოხუცი წამით ჩაფიქრდა, შემდეგ პირქუშად შემომხედა და თქვა:

– ჯერ ერთი, სტალინმა ბევრად მეტი სივრცე აითვისა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მმართველმა კაცობრიობის არსებობის განმავლობაში და, დარწმუნებული ვარ, ის მთელ მსოფლიოს დაიპყრობდა, რომ ეცოცხლა. ჩემის აზრით, მთავარი პრობლემა სიცოცხლის ხანგრძლივობაა და, თუკი მოხერხდა და იმორალური სულისკვეთებით სავსე, რკინისებური ნებისყოფის მქონე პიროვნება ას ორმოცდაათი წელი ვაცოცხლეთ, ის მსოფლიოს დაიპყრობს. ეს კი კაცობრიობის უდიდესი მიღწევა იქნება. ყველა კარგად იცხოვრებს და სამყაროს ყოვლად უსუსური და მავნე მატლებისგან გავწმენდთ...

ხელბორკილდადებული, საწოლზე მიბმული მოხუცი, რომელიც ასეთ საშინელებებს ქადაგებდა, 70 წლის ვალტერ შრამი იყო, პროფესიით  ფსიქოლოგი, ექიმ-ფიზიოლოგი, რომელიც ნაცისტური გერმანიის საიდუმლო ლაბორატორიებში მუშაობდა, სადაც ადამიანების აბსოლუტური ზომბირებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების პრობლემებზე მუშაობდნენ. ამ საშინელი ადამიანის ჯოჯოხეთურ ექსპერიმენტებს ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორის უამრავი ბავშვი იყო. შრამს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საბჭოთა კავშირში, სიკვდილი ჰქონდა მისჯილი და ხელმძღვანელობამ მე მისი მიგნება, იდენტიფიკაცია და მოსკოვში ჩაყვანა დამავალა. შრამს პლასტიკური ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. მას მე ხელის თითების ანაბეჭდებით მივაგენი ბუენოს-აირესში და, მისი იდენტიფიკაცია რომ მოვახდინე, არგენტინის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ საბჭოთა კონსპირაციულ ბინაში მივათრიე და ხელბორკილებით საწოლზე მივაბი. მასზე იმდენი საშინელება მქონდა გაგონილი, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, თავს მოვაჭრიდი.

– ხმა ჩაიწყვიტე, შე საზიზღარო ბებერო, თორემ, მართლა მატლივით გაგსრეს! – ვუღრიალე  შრამს, რადგან მისმა სიტყვებმა ძალიან გამაღიზიანა.

შრამს ძალიან შეეშინდა და ხმის კანკალით შემევედრა:

– მაგას ნუ იზამთ, ახალგაზრდავ, რაც არ უნდა იყოს, ბაბუად გეკუთვნით.

– ვიზამ! – შესაშინებლად ვუღრიალე მოხუცს, რომელსაც ჩემი სიტყვები სიმართლე ეგონა და ატირდა:

– ნუ მომკლავთ, ღვთის გულისათვის, სიცოცხლეს ნუ წამართმევთ!..

– ახლა გაგახსენდა ღმერთი, შე დამპალო?

– ღმერთი სიკეთე და მოწყალებაა. თქვენ კი   ისეთი ახალგაზრდა ხართ, თუ ჩემს ცოდვას დაიდებთ და სიცოცხლეს წამართმევთ, ცხოვრება გაგიჭირდებათ.

– სულაც არა, შე დამპალო! მე იმორალური პიროვნება ვარ და ჩემი მისია შენნაირი მატლებისგან სამყაროს გაწმენდაა – ვუღრიალე შრამს და  ორლესული ხანჯალი მოვიმარჯვე, რომლითაც ვითომ მისთვის თავის მოჭრას ვაპირებდი.

– არ მომკლათ, ახალგაზრდავ, და სიდიადეს გაზიარებთ! – მითხრა განწირული ხმით შრამმა.

– ცოტაც მოიცადე და სულ მალე შენ თვითონ გაზიარებენ სიდიადეს, – შევუღრინე შრამს და დავამატე, – კრინტი აღარ დაძრა, შე ბებერო, თორემ, მართლა მოგაჭრი თავს.

– არ გატყუებ, ახალგაზრდავ, თუკი ცოცხალს დამტოვებ და გამიშვებ, ჩემ მიერ გამოგონილ ვაქცინის ფორმულასა და ექსპერიმენტების ჩანაწერებს გადმოგცემ, ეს კი სიდიადესა და ზღაპრულ ქონებას მოგიტანს.

– გაჩუმდი, მოხუცო, ბოდვას მოეშვი!..

– სიმართლეს გეუბნები, – ისეთი სახით მითხრა შრამმა, მივხვდი, არ ტყუოდა, – მე კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა გამოვიგონე და მის მოსაპოვებლად მსოფლიოს რამდენიმე მოწინავე დაზვერვა ნადირობს ჩემზე. მერწმუნეთ, ახალგაზრდავ, არაფერს გატყუებთ და, თუ სიტყვას მომცემთ, რომ გამათავისუფლებთ, ვაქცინას თქვენ მიიღებთ.

შრამს, რა თქმა უნდა, არ დავუჯერე, რადგან მისი სიტყვები ჩემი ტყვეობიდან თავის დახსნის მცდელობა მეგონა. მაგრამ, იმავე საღამოს ერთი შემთხვევა მოხდა, რამაც ჩემი გეგმები გარკვეულწილად შეცვალა.

ნაცისტი, გარეგნობაშეცვლილი პროფესორი გენერლის დატყვევებიდან ექვსი საათი იყო გასული და დამხმარე ჯგუფს ველოდებოდი, რომ ის ბუენოს-აირესიდან შეუმჩნევლად გაგვეყვანა. შრამი საძინებელში მყავდა გამომწყვდეული, მე კი გვერდით ოთახში ვიმყოფებოდი და გასამგზავრებლად ვემზადებოდი. ბნელოდა. ისეთი პირქუში ღამე იყო, ცაზე ერთი ვარსკვლავიც არ ჭაჭანებდა და, ფაქტობრივად, არაფერი ჩანდა. ჩვენი კონსპირაციული ვილა ტყის პირას ძალიან მყუდრო, მოფარებულ ადგილას მდებარეობდა, ასიოდე მეტრში კი, ტყის გადაღმა, ატლანტის ოკეანის ულამაზესი ყურე იწყებოდა. სწორედ იმ ყურედან უნდა გაგვეყვანა შრამი ჯერ ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში, შემდეგ კი – მოსკოვში.

ის იყო, ორ ავტომატურ პისტოლეტს მაყუჩები გავუკეთე და იარაღები ქამარში გავირჭე, რომ ხიფათის მოახლოება ვიგრძენი. გავისუსე და არც შევმცდარვარ: ვილაში ოთხი შეიარაღებული პირი შემოიპარა, რომლებიც ძალიან ფრთხილად მოძრაობდნენ. მათ ელვისებურად გავუსწორდი – სამი ადგილზევე დავხოცე, მეოთხე კი სისხლისგან იცლებოდა, როდესაც მას იარაღი მივაჭირე შუბლზე და ვკითხე:

– ვინ ხართ და აქ რა გინდათ?

– პროფესორ შრამის წასაყვანად ვართ მოსულები. მიშველე, სისხლდენა შემიჩერე! – მომიგო დაჭრილმა.

– შრამისგან რა გინდათ?

– ამერიკაში უნდა ჩავიყვანოთ, „ცეერუს“ დავალებაა. მიშველე, სისხლისგან ვიცლები!

– როგორ მოგვაგენით?

– რუს აგენტებს ვუთვალთვალებდით და კვალზე მათ დაგვაყენეს, – სხაპასხუპით მიპასუხა დაჭრილმა და გამიმეორა: – მიშველე, ვკვდები!

– რუსი აგენტები სად არიან?

– ოთხივე დავხოცეთ და ტყეში ყრიან. მიშველე!

– თქვენ გარდა კიდევ ვინმე არის აქ?

– ორი კაცი ვილიდან ორმოცდაათი მეტრის მოშორებით მანქანაში გველოდება. მიშველე, მიშველე, თორემ ვკვდები!

– ერთი კითხვაც და გიშველი, ოღონდ, სიმართლე მითხარი. თუ მომატყუებ, მაშინ არ გიშველი.

– მკითხე, გისმენ.

– შრამი რაში გჭირდებათ?

– რაში და, კიბოს ვაქცინა აქვს გამოგონებული და უნდა წავართვათ. ახლა კი მიშველე!

ამერიკელი აგენტი კუჭში იყო დაჭრილი, მაინც ვერ გადარჩებოდა. მისი ტანჯვა-წამება რომ შემეწყვიტა, შუბლში ტყვია დავახალე და მოვკალი. შემდეგ მანქანაში მსხდომი ორი სპეცაგენტიც თავისი კოლეგების კვალს გავუყენე და მას შემდეგ, რაც შრამი ვილიდან ხელბორკილდადებული და პირში ბურთჩაჩრილი გამოვიყვანე, რომ არ ეყვირა, ამერიკელების მანქანით ჯერ ქალაქის ცენტრისკენ გავემართე, შემდეგ მანქანა გამოვიცვალე და სათადარიგო გეგმა ავამოქმედე, რომელიც უკიდურესი შემთხვევისთვის იყო გათვალისწინებული. შრამი ერთ პატარა, სამსართულიან, კერძო სასტუმროში მივიყვანე. მისი მფლობელი საბჭოთა რეზიდენტი იყო, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მომუშავე საბჭოთა აგენტურას უწევდა დახმარებას და ამიტომ ძალიან ძვირფასი თანამშრომელი იყო. სანამ შრამის აღმოსაჩენ ოპერაციაზე წავიდოდი, ამ ოპერაციის ყველა დეტალი სკურპულოზურად განვიხილეთ მუხინის კაბინეტში. სათადარიგო გეგმაზე რომ გადავედით, გენერალმა მითხრა:

– იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის, მაგრამ, სათადარიგო ვარიანტი მაინც უნდა შევიმუშაოთ. ასეთ შემთხვევაში ხუანს უნდა მიაკითხო და ის დაგეხმარება. ვიმეორებ, კოკი, რომ, დიდი იმედი მაქვს, ხუანის დახმარება არ დაგჭირდება და მასთან მხოლოდ უკიდურესზე უკიდურეს შემთხვევაში უნდა მიხვიდე.

– გასაგებია, ანდრეი ლუკიჩ. მეც იმედი მაქვს, რომ ხუანის შეწუხება არ მომიწევს და იმ ფაშისტ დამნაშავეს უპრობლემოდ ჩამოვიყვან მოსკოვში, – მივუგე გენერალს.

– იცი, რატომ არაა სასურველი ამ ამბავში ხუანის ჩართვა? – მკითხა მუხინმა.

– რა თქმა უნდა, არ ვიცი, ანდრეი ლუკიჩ.

– იმიტომ, კოკი, რომ ხუანი ჩვენი სამხრეთამერიკული ქსელის რეზიდენტ-კოორდინატორია და მისი ჩავარდნა მთელი ჩვენი სამხრეთამერიკული ქსელის ჩავარდნას გამოიწვევს, რაც უდიდეს ზიანს მოგვაყენებს.

– გასაგებია, ამხანაგო გენერალო! ხუანს მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენისას მივმართავ, თუმცა, ვფიქრობ, ეს არ დამჭირდება, – დავაიმედე მუხინი. თუმცა რეალობა სულ სხვაგვარად განვითარდა და, როდესაც ღამის 2 საათზე მივადექი ხუანს, ის პორტიეს სკამზე იჯდა. რომ დამინახა, გამიღიმა და ლიტერატურული ესპანურით მკითხა:

– რით შემიძლია გემსახუროთ, სენიორ? მზად ვარ, ერბოკვერცხიც კი შეგიწვათ ხელისგულზე და, საერთოდ, სტუმარი ჩვენში ღვთის გამოგზავნილ კაცად ითვლება, ღმერთს კი ჩვენ ვეთაყვანებით...

ხუანი ბორხესის ერთ-ერთი გმირის ციტატით მომმართავდა და, როდესაც მან ფრაზა დაასრულა, მე მას პაროლი ვუთხარი:

– ჩრდილოეთის თეთრი დათვები მარ-დელ-პლატას სანაპიროზე ირუჯებიან...

ხუანი მიხვდა, ვინც ვიყავი და სახეზე შევატყვე, რომ ჩემი ვიზიტი დიდად არ ეპიტნავა, მაგრამ,  პაროლითვე მომიგო:

– ამ დილით მათ ბენგალიური ვეფხვებიც შეუერთდნენ მამონტებთან ერთად.

გამოცნაურება რომ დავასრულეთ, ხუანს ვუთხარი:

– სენიორ ხუან, თქვენი დახმარება მჭირდება. ფაშისტი სამხედრო დამნაშავე მყავს დატყვევებული, კუდზე „ცეერუს“ სპეცაგენტები მასხედან და აქედან მის გაყვანაში უნდა დამეხმაროთ.

– სად არის დატყვევებული ფაშისტი? –მკითხა ხუანმა.

– მანქანაში, საბარგულში მყავს ჩატენილი.

ხუანმა ქვევით ჩასასვლელ კიბეებზე მიმითითა და მითხრა:

– გასაღები მომეცით და ქვევით ჩადით, იქ ერთი ოთახია და დამელოდეთ, მე კი მანქანას შემოვაყენებ.

 მე ხუანის მითითებულ ოთახში ჩავედი, მან კი მანქანა მიწისქვეშა გარაჟში შემოაყენა, ოთახში გაკოჭილ შრამთან ერთად შემოვიდა და მითხრა:

– ორიოდე საათი აქ უნდა შეჩერდეთ, მე კი საჭირო ხალხს დაველაპარაკები და აქედან გაგამგზავრებთ.

– ბოდიშს გიხდით, სენიორ ხუან, მაგრამ სხვა საშუალება არ მქონდა და თქვენ იმიტომ შეგაწუხეთ.

– რას იზამ, – ხელები გაშალა მასპინძელმა – ჩვენ ხომ ერთ საქმეს ვემსახურებით. ამიტომ, ვალდებულები ვართ, ერთმანეთს დავეხმაროთ. მოკლედ, აქ იყავით, მე საჭმელს მოგართმევთ, შემდეგ კი წავალთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3