რატომ არის ქალისთვის საშიში თავისზე გაცილებით უმცროს კაცთან ურთიერთობა
შევთანხმდეთ იმაზე, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს, ორი ადამიანის ურთიერთობა კი ყოველთვის ინდივიდუალურია. ყველა წყვილი ორიგინალურია. მათ აქვთ ურთიერთობის საკუთარი მოდელი და ამ მოდელის მიხედვით ცხოვრობენ. იმის თქმა, რომ არსებობს ბედნიერების ფორმულა, რომელიც ყველას გამოადგება, გულუბრყვილობაა. საზოგადოება ხშირად არის გაოცებული: რატომ ხდება ისე, რომ მამაკაცები ღალატობენ ნორჩ, მიმზიდველი გარეგნობის ცოლებს და უკანმოუხედავად გარბიან ასაკით თავისზე უფროს ქალბატონებთან? ამ ქალბატონების ჯადოქრობაში დადანაშაულება ყველაზე მარტივი პასუხია, მაგრამ მცდარი. საქმე სხვაგვარად, საკმაოდ რთულად არის. ნებისმიერ ურთიერთობაში ჩვენ ვეძებთ იმას, რაც თავად არ გვაქვს ან არ გვყოფნის. მოწიფული ქალი, რომელიც გრძნობს ახალგაზრდა კაცის ინტერესს მისადმი, მის სიყვარულს, მზად არის, იმავე გრძნობით უპასუხოს და მაქსიმალური მზრუნველობით გაანებივროს.
ნატალია (37 წლის): ქალი და მამაკაცი... ქალი ბევრად უფროსია მამაკაცზე. ექნება მათ ურთიერთობას მომავალი?! ხომ არ რისკავს ქალი, რომელიც თავის ცხოვრებას უკავშირებს მამაკაცს, რომელსაც შეუძლია, ისე წავიდეს მისგან, რომ საზოგადოებრივი აზრისაც არ მოერიდოს?! საზოგადოებრივი აზრი ხომ, ნებისმიერ შემთხვევაში, მამაკაცის მხარეზე იქნება... ამ ყველაფერზე ვფიქრობდი, როცა გოგიჩა გავიცანი. იცით, რამდენს ვფიქრობდი? თავი მისკდებოდა ფიქრით და საკუთარი თავისგან გაქცევა მინდოდა. თქვენ არ იცით, რა საშინელებაა, საკუთარ თავთან, საკუთარ გრძნობებთან ბრძოლა. შეყვარებული მანამდეც ვყოფილვარ, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო. ყოვლისმომცველი და დამანგრეველი. ვფიქრობდი, მოკვდები-მეთქი. მართლა არსებობს, თურმე ისეთი სიყვარული, რომელიც ადამიანის სიცოცხლესთან არის შეუთავსებელი.
– ანუ, შეიძლება, სიყვარულმა ადამიანი მოკლას?
– რა თქმა უნდა! შეიძლება, რომელია! მე ვარ მაგალითი იმისა, რომ ასაკში მოსული სიყვარული ძალიან სახიფათოა როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვისაც. მაგალითად, მე უკვე მესმის მამაკაცების, რომლებიც ოცდაათწლიან ურთიერთობებსა და მტკიცე ოჯახებს ანგრევენ სიყვარულის გამო. გასაგებია, რომ ცოლებისთვის ეს ძალიან მტკივნეულია, მაგრამ მაინც უნდა გაუგონ ამ დროს ქმრებს. სიყვარულთან ბრძოლა შეუძლებელია, ამაში საკუთარი თავის მაგალითით დავრწმუნდი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ თექვსმეტი წლით უმცროსი კაცი შემიყვარდებოდა, თანაც – სტუდენტი. ამის აღმოჩენა კატასტროფა იყო ჩემთვის. რომ წარმოვიდგენდი, ის მაშინ დაიბადა, მე რომ თითქმის სკოლას ვამთავრებდი, ცუდად ვხდებოდი. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რამ გაგაგიჟა-მეთქი. ყველაფერს გულახდილად გიყვებით, რატომ უნდა ვიცრუო?! არც თავს ვიმართლებ და არც არავის შიში არ მალაპარაკებს. უბრალოდ, ჩვენი ურთიერთობის მიმართ ისეთი ცხოველი ინტერესი გაჩნდა, უნდა დავაკმაყოფილო სხვის ცხოვრებაში ქექვის მსურველთა ცნობისმოყვარეობა. გაუგებარია, რატომ ცდილობენ იმ ადამიანის დამცველებად მოგვევლინონ, რომელსაც დასაცავი არაფერი აქვს. რატომ ფიქრობენ, რომ მე რაღაც მექანიკური საშუალებებით ვაიძულებ ჩემთან ყოფნას და ეს ორმხრივ ნებაყოფლობითი ურთიერთობა არ არის?! ან საიდან მოიტანა ამ ხალხმა, რომ ძალიან გამიმართლა, ჩემზე უმცროსი კაცი რომ მყავს გვერდით? იქნებ, პირიქით, იმას გაუმართლა? შორიდან სხვანაირად ჩანს ყველაფერი.
– ანუ, არ გაგიმართლათ სიყვარულში?
– ამას არ ვამბობ. მე რაში გამიმართლა და რაში არა, მარტო ჩემი საქმეა. როცა ორი ადამიანი ერთად იწყებს ცხოვრებას, ეს მათი გადაწყვეტილებაა და, პატივს თუ არ სცემ ამ გადაწყვეტილებას, არ უნდა ილანძღებოდე მაინც. სიმართლე რომ გითხრათ, მე არც მათი ლანძღვა და ბოროტი ჭორები მაღელვებს დიდად, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რამეს გაიგებ, გიკვირს, რომ ასეთი ბნელი ადამიანები კიდევ არსებობენ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ერთმა ახლობელმა, იცით, რა მკითხა? რა იცი ამისთანა, რომ ბავშვი გადარიე და მიიწებეო. წარმოგიდგენიათ? მე მიმიწებებია. ახლა რა ვქნა, ყველას სათითაოდ ავუხსნა, როგორ ვცდილობდი, გოგიჩა ჩემს ცხოვრებაში არ შემომეშვა და როგორ ვუწევდი სერიოზულ წინააღმდეგობას?
– რატომ?
– თუნდაც მისი ასაკის გამო. ვიცოდი, რა შეიძლებოდა, ამას მოყოლოდა. ჯერ ჩვეულებრივ პირობებში როგორი გადასაწყვეტია გათხოვება. მით უფრო, როცა მომავალ ქმარზე თექვსმეტი წლით ხარ უფროსი. არ იყო ადვილი ამ ნაბიჯის გადადგმა.
– ბოდიში, რომ გეკითხებით, მაგრამ ეს პირველი ქორწინებაა?
– დიახ. იმედია, არ მკითხავთ, ქალიშვილი ვიყავი თუ არა. შეგნებულად არ გიპასუხებთ ამ კითხვაზე. იმიტომ არა, რომ კომპლექსი მაქვს, ან მრცხვენია, უბრალოდ, საჭიროდ არ მიმაჩნია. რა უბედურებაა, ხალხო, რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ? შეიძლება, სხვისი ოჯახების პრობლემებზე ვიდარდოთ, როცა ისედაც თავზე საყრელად გვაქვს საკუთარი პრობლემები?
– რატომ გიკვირთ, რომ ამ გათხოვებით ყურადღების ცენტრში აღმოჩნდით, ბუნებრივად მიგაჩნიათ თექვსმეტი წლით უმცროს კაცზე გათხოვება?
– რატომ არის არაბუნებრივი? იმიტომ, რომ ბუნებრივად ასაკით უფროს კაცზე გათხოვებაა მიჩნეული? როცა კაცი ირთავს შვილის ტოლა გოგოს, რატომ მას არ კიცხავს არავინ? საოცარი ამბავია. მე ჯერ არ გამიგია, კაცი გაეკიცხოთ იმიტომ, რომ ასაკით პატარა გოგო შეირთო ცოლად. თქვენ გაგიგიათ? – ალბათ, ძალიან ვიწრო წრეში და ისიც ჩუმად თუ უთქვამს ვინმეს, თორემ საჯაროდ ასეთი კაცი ნამდვილი გმირია, ვაჟკაცი და სხვა კაცებმაც მას უნდა მიბაძონ. აბა, როგორ?! ხუმრობა ხომ არ არის, პატარა, საყვარელი გოგონა შენით დააინტერესო?!
– თქვენ ამ შემთხვევაში სიყვარულს გამორიცხავთ?
– არაფერს არ გამოვრიცხავ, უბრალოდ, ვაფიქსირებ საზოგადოების პოზიციას, ასეთ შემთხვევებში ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის სიყვარული ამოძრავებს კაცს, რომელიც პატარა გოგოს ირთავს ცოლად, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ალბათ, სიყვარულია ამისი მიზეზი. მეც ხომ შემიყვარდა გოგიჩა?! ძალიან შემიყვარდა და არაფერი, აბსოლუტურად არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ შემყვარებოდა.
– მაინც, როგორ მოხდა თქვენი დაახლოება?
– სრულიად შემთხვევით. მე ისეთი პროფესია მაქვს, რომ ბევრ ხალხთან მიწევს ურთიერთობა. გოგიჩამ რაღაც გზავნილი მოიტანა. ყავას ვსვამდი და შევთავაზე, ხომ არ გინდა-მეთქი.
– იმიტომ შესთავაზეთ, რომ მოგეწონათ?
– ასე ვერ ვიტყვი. შეიძლება, ქვეცნობიერად მომეწონა კიდეც, ვერც უარვყოფ და ვერც დაგიდასტურებთ. რაღაცნაირი, მორიდებული ბიჭი ჩანდა. თან, იმ დღეს წვიმდა და კარგად იყო გაწუწული. ერთი სიტყვით, შევთავაზე ყავა და, ბუნებრივია, საუბარიც გავუბი. წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ ვიყავი. ისეთ თემებზე ვისაუბრეთ, გამაოცა თავისი ერუდიციით, თან, საკმაოდ ორიგინალურადაც აზროვნებდა. ფსიქოლოგიაში რაღაც გამეგება და მივხვდი, რომ ამ ახალგაზრდა კაცს თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემები ექნებოდა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ არ ჰქონდა 21 წლის ბიჭის აზროვნება. დაბრძენებული, დაღვინებული კაცივით მელაპარაკებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ ვნახე. მოვიდა და მე მეძებდა. ეტყობა, უბრალო თანამშრომელი ვეგონე. ხმა მეცნო და ოთახიდან გამოვედი. შევატყვე, გაუხარდა ჩემი დანახვა, სახე გაუნათდა, სახელიც არ იცოდა ჩემი, ისე მოდიოდა ერთი თვის განმავლობაში. გავუღიმებდით ერთმანეთს, ცოტას დავილაპარაკებდით, ყავას დალევდა და მიდიოდა. რომ გითხრათ, იმ ერთი თვის განმავლობაში შემიყვარდა-მეთქი, მოგატყუებთ. მაგრამ იმას მივხვდი, რომ ვეჩვეოდი. ეს რომ გავაცნობიერე, შემეშინდა.
– რა იყო შიშის მიზეზი?
– იცით, რაშია საქმე? 37 წლის ქალი, რომელსაც გვერდით მამაკაცი არ ჰყავს, დანატრებულია სითბოსა და ყურადღებას. თან, მე ცოტა სხვანაირი ვარ. თუ ადამიანთან საერთო ინტერესი არ მაქვს, მასთან ვერ ვურთიერთობ რა ვქნა, არ შემიძლია. გოგიჩამდე სერიოზული თაყვანისმცემელი მყავდა, წარმატებული ბიზნესმენი, უზრუნველყოფილი მომავლით, მაგრამ მწყინდებოდა მასთან. ვიჯექი და ვამთქნარებდი. კიდევ უფრო უარესი სიტუაცია იყო, როცა მისი მეგობრებიც შემოგვიერთდებოდნენ ხოლმე. ორი წლით იყო ჩემზე უფროსი, მაგრამ, ბავშვი ხარო, მეუბნებოდა. არ გაინტერესებთ, რატომ? იმიტომ, რომ რესტორანში ჯდომას „მაკდონალდსი“ მერჩივნა, კინოში მინდოდა წასვლა, პარკში სეირნობა. ზოოპარკში გასეირნებაზეც არ ვიტყოდი უარს.
– ანუ, თქვენ გქონიათ გოგონას ფსიქიკა და არა გოგიჩას – დიდი კაცის.
– რატომ? მე ასე არ ვფიქრობ. საერთო ინტერესები ძალიან ბევრს ნიშნავს ურთიერთობაში. მე და გოგიჩა იმიტომ ვართ ერთად, რომ თითქმის უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. რაც მე მიყვარს, იმასაც ის უყვარს. ვუყურებთ ფილმებს და მერე ვმსჯელობთ. დავდივართ ქალაქგარეთ, როცა თავისუფალი დრო გვაქვს. მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ის ჩემში დედას ხედავს. რა სისულელეა! ბუნებრივია, მე ვზრუნავ მასზე, მაგრამ ცოლი ქმარზე არ უნდა ზრუნავდეს?! რომელი ცოლი არ უვლის და არ პატრონობს თავის ქმარს?
– ვინმემ გითხრათ, რომ თქვენი მეუღლე თქვენში დედას ხედავს?
– დიახ, ასეთი აზრიც გაუჩნდა ზოგიერთებს. გოგიჩას ჰყავს დედა და ღმერთმა დიდხანს უმყოფოს ჯანმრთელი. მე არ ვარ დედამისი, არც მაქვს ამაზე პრეტენზია. დედამისს ჯერჯერობით ჩემი გაცნობა არ უნდა. მისი საქმეა და ოდნავაც არ მწყინს. ვიცი, რა დღეშიც ჰყავთ „კეთილმოსურნეებს“, ათას სისაძაგლეს ეუბნებიან ჩემზე. ამიტომ არ მიკვირს, რომ არ უნდა ჩემთან ახლობლობა. მესმის მისი და იმითაც მადლობელი ვარ, რომ არ მლანძღავს.
– რამდენი ხანია, რაც გათხოვილი ბრძანდებით?
– ორ წელზე ცოტა მეტია. არ მკითხოთ, როგორ „ვინარჩუნებ“. ხშირად მეკითხებიან ხოლმე ამ სისულელეს და ვბრაზობ. ვერავინ ვერავის ვერ შეინარჩუნებს, თუ იმ მეორეს მასთან ყოფნა არ უნდა.
– მეთოდიც არ გაქვთ, რითაც ქმარს თავს აყვარებთ?
– კაცის „შებმის“ განსაკუთრებული მეთოდი არ ვიცი, მაგრამ ვიცი ერთი ფანტასტიკური ჭეშმარიტება: უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის და ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნება. მე არ ვცდილობ გოგიჩას გადაკეთებას. მე მივიღე ისეთი, როგორიც ის არის. არ მაღიზიანებს მისი ჩვევები, საუბრის მანერა, აზრები, საქციელი. ასეთი მინდა და მორჩა! ოჯახში პრობლემები მაშინ იწყება, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთის გადაკეთებას და გამოსწორებას ცდილობს. საშინელებაა, როცა სახლშიც დაძაბული ხარ და თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევენ. კაცს ღლის და აბრაზებს მუდმივი შენიშვნები: „ეს არ ქნა, ის არ აიღო, ასე არ დაჯდე, რატომ დაყარე, როგორ ჭამ“... მოეშვი, რა! იქნებ, არც მას მოსწონს შენი ჩვევები! ცოლები ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ, როცა ქმარზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ. არის მერე ჩხუბი და წივილ-კივილი. ჩვენს ოჯახში მსგავსი არაფერი ხდება, არ მიღირს, ჩემი ქმრის დასვენება და სიამოვნება დალაგებულ სახლს შევწირო.
– საინტერესო ლოგიკაა.
– სასარგებლო ლოგიკაა. იხელმძღვანელეთ ამ პრინციპით და ნახავთ, როგორი ჰარმონია დაისადგურებს თქვენს ოჯახში. მამაკაცებს არანორმალურად უყვართ კომფორტი – როცა სახლში სიმშვიდეა, ცოლი კი იღიმება და ტვინს არ უბურღავს. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, ქმართან ურთიერთობაში პრობლემა არასოდეს გექნებათ.
– არც მაშინ, თუ ჰორიზონტზე მომხიბვლელი, ახალგაზრდა ქალი გამოჩნდება?
– არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. თქმა იმისა, რომ ეს კატეგორიულად არ მოხდება, გულუბრყვილობაა. მე არ ვარ ასეთი მიამიტი, მაგრამ ვიცი ერთი: ჩემმა ქმარმა არჩევანი ჩემს სასარგებლოდ გააკეთა. დღეს მე ვარ მისი ცოლი და არა რომელიმე პატარა, ქარაფშუტა გოგონა. ნამდვილად არ გაუჭირდებოდა ასეთის პოვნა, რომ ნდომოდა. ჩემმა დაქალმაც მკითხა, რა შანსი გაქვს, რომ ბოლომდე შეინარჩუნო ოჯახიო. ხალხო, რა შანსებზე ლაპარაკობთ, არსებობს საერთოდ ასეთი შანსი?! გეკითხებით, ასპროცენტიანი გარანტია თუ არსებობს რაიმესი? ვის შეუძლია, თქვას: აი, ჩემი ქმარი და სიკვდილამდე ერთად ვიქნებითო? ასაკით უმცროსი ცოლები არ მიუტოვებიათ თუ რა?! მე ქმარზე ათი წლით პატარა ვარ და ამიტომ არასოდეს მიღალატებსო, – ამას სულელი თუ იტყვის. ხვალ რა იქნება, არავინ იცის. დღეს მე და გოგიჩა ბედნიერები ვართ. მე არ მომიჯადოვებია ჩემი ქმარი და არაფერი „მიჭმევია“ მისთვის.
– რა უნდა გეჭმიათ?
– რა ვიცი, სიყვარულის წამალი (იცინის). არავისი მეშინია. თუ მომავალში ისე მოხდება, რომ გოგიჩას კიდევ ეწვევა სიყვარული, მე მას ვერ დავაკავებ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ამჟამად შემიძლია, მაქსიმალური კომფორტი უნდა შევუქმნა, რომ არაფრის დეფიციტი არ ჰქონდეს – არც სიყვარულის, არც სულიერი სიახლოვის, არც ვნების და არც სექსის. მაშინ სხვასთან არ გაიქცევა და იმასთან არ მოინდომებს დეფიციტის შევსებას.