ნიჟნინოვგოროდელი კელტოლოგის სახლში 29 მუმია იპოვეს
ნიჟნი ნოვგოროდის სამართალდამცავი ორგანოები განაგრძობენ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას. საქმე აღძრულია სასაფლაოს „სწავლულ-მანიაკის“, 45 წლის ანატოლი მოსკვინის მიმართ. იგი თავის სახლში აგროვებდა ახალგაზრდა ქალების ექსჰუმირებულ გვამებს. გულმოდგინე დათვალიერების შედეგად მისი სახლიდან და გარაჟიდან ოპერმუშაკებმა 29 მუმიფიცირებული სხეული ამოიღეს, რომლებიც თოჯინებად იყვნენ ქცეულნი. სახლში, ასევე ნაპოვნია საფლავების რუკა-სქემები, საფლავების ფილები და ფოტოსურათები, თოჯინების დასამზადებელი ინსტრუქციები.
დადგენილია, რომ ბოროტგანმზრახველი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ქალაქისა და სოფლის სასაფლაოებიდან თხრიდა მდედრობითი სქესის, ძირითადად, არასრულწლოვან მიცვალებულებს, შემდეგ ამ ნახევრად გახრწნილი ადამიანების გვამებიდან ერთგვარ თოჯინებს ამზადებდა და ტანსაცმლადაც და აქსესუარებადაც, ასევე, კუბოებიდან ამოღებულ ნივთებს იყენებდა. ამგვარად შემოსილი „თოჯინები“ ეჭვმიტანილის ბინაში იყო ჩამწკრივებული.
ცნობილია, რომ ანატოლი მოსკვინმა დაამთავრა ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის ასპირანტურა კელტოლოგიის სპეციალობით, შემდეგ კი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; გარდა ამისა, დაწერა ბევრი წიგნი და სამეცნიერო შრომა ტოპონიმიკაში.
ანატოლი სასაფლაოებით ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან დაინტერესდა და თანდათან რუსეთის საფლავმცოდნედ გადაიქცა. ნეკროპედოფილის სიტყვებით, იგი სასაფლაოებს ათვალიერებდა წმინდა სამეცნიერო მიზნით: ეპოვა ცნობილი ადამიანის საფლავი, აღედგინა მისი გენეალოგიური ხე და დაედგინა სიცოცხლისა და სიკვდილის თარიღები.