თამაში ბედთან
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-46(568)
დევიმ მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა. ძრავა გამორთო და მარიკას შეხედა:
– აჰა, მოგიყვანე. აღარ დაურეკავს?
– არა. მიხვდა, რომ გავბრაზდი.
– ძალიან ადრე დაიწყო „გაბრაზებები“, ჯერ ისევ თაფლობის თვე გაქვთ.
– კარგი რა, რომელი თაფლობის თვე! ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ სამსახურში დავბრუნდი. არ მიკვირს, რომ ნიკასთვის ეს პრობლემა გახდა.
– ჰო, აბა რა, მაგრამ, შეცდომას მაშინ ვუშვებთ, როცა საყვარელი ადამიანის გადაკეთებას და ჩვენს „ყალიბში“ ჩასმას ვიწყებთ. ასეთი მცდელობები ყოველთვის ცუდად მთავრდება ხოლმე.
მარიკამ შუბლზე მოისვა ხელი. დაღლილი სახე ჰქონდა, ამღვრეული მზერა და ჩაწითლებული თვალები.
– მაგით რისი თქმა გინდა, რომ მე და ნიკა დავშორდებით?
– არა, არა, საიდან მოიტანე, რა სისულელეა! ეგ არც იფიქრო, უბრალოდ, მინდა, რაღაც-რაღაცეებში გაგარკვიო. მაინც გამოცდილი ვარ და... ერთი სიტყვით, შეეცადე, სიმშვიდე შეინარჩუნო და არ აჰყვე, ისევ შენთვის იქნება ცუდი.
– შენ ფიქრობ, ახლა ვიჩხუბებთ? – თვალები მოჭუტა მარიკამ, – დარწმუნებული ხარ?
– თუ არ გაითვალისწინებ ჩემს რჩევას და მაინც აჰყვები – აუცილებლად.
– ხმას არ ამოვიღებ, მით უფრო, რომ ძალიან მეძინება.
– ეგ მართალია, დაიღალე. ისე, მაინც ყოჩაღ. რა უქენი იმ გოგოს?
– არაფერი. ძალიან შეშინებული იყო. პრინციპში, ეს ბუნებრივია. ნეტავი რა მოხდა ბარში იმ საღამოს?
– ოო... „ნეტავი რა მოხდა ბარში იმ საღამოსო“ – ასეთი კითხვა გამომძიებელმა, მით უმეტეს, შენ, არ უნდა დასვა, – გაიცინა დევიმ, – გეტყობა, მაგრად გეძინება. ადი სახლში და გამოიძინე, მაგრამ, ხვალ არ დააგვიანო, კარგი?
– კარგი. როგორც ყოველთვის, მძიმე დღე იქნება, – ამოიოხრა მარიკამ და უცებ დაუმატა: – მე, ალბათ, ღამეც მძიმე მექნება.
– აბა, აბა! არ გინდა ეგეთები! – დევიმ თავზე გადაუსვა ხელი.
– ჰო, ვიცი. მაგრამ... ეს ქალი... დედამისი... დღეს ჩამოვიდა. ხომ წარმოგიდგენია, დედამთილი ბრუნდება სახლში, რომელშიც სულ ცოტა ხნის წინ ახალი წევრი გამოჩნდა. ეს წევრი მისი რძალია, რომელსაც ნორმალურად არც კი იცნობს, თუმცა, პირველი შთაბეჭდილებას დიდად არ აღუფრთოვანებია... მაგრამ, რაზე გელაპარაკები... მართალი ხარ, ეტყობა, ძალიან დავიღალე. ვეცდები ხვალამდე გამოვიძინო და სისულელეებზე ფიქრს თავი დავანებო.
მარიკამ კარი გააღო და ჩანთა დაითრია. დევიმ მის სახელურს წაავლო ხელი:
– მარიშ, რაღაც მინდა, გკითხო...
– რა? რა უნდა მკითხო?
დევი შეყოყმანდა და თავი გადააქნია:
– არა, არაფერი, ხვალ არ დააგვიანო...
მარიკამ შეხედა. მიხვდა, კაცმა რაღაც მნიშვნელოვანის თქმა რომ გადაიფიქრა, მაგრამ აღარ ჩაეძია. ჩანთაში გასაღები მოძებნა და ნელა აუყვა კიბეს. საათზე დაიხედა, თუმცა, ეს არც იყო საჭირო იმის მისახვედრად, რომ მომდევნო დღე კარგა ხანია, დაიწყო. ბოლოს ნიკას ზარებს აღარც კი უპასუხა – აზრი არ ჰქონდა მისთვის იმის ახსნას, რომ სამსახურში იყო და მუშაობდა. მობილურს ზარი საერთოდ გამოურთო, რომ თემო მის წკრიალს არ გაეღიზიანებინა, თუმცა, ტელეფონის ყოველ აძიგძიგებაზე კრთებოდა და, უნებლიეთ, განათებული ეკრანისკენ აპარებდა მზერას. იმასაც გრძნობდა, რომ დევიც ხედავდა ამას და უარესად იძაბებოდა. მარიკამ ნელა მოარგო გასაღები საკეტს და ამოიოხრა. თუ ახლა რამეს ინატრებდა, მხოლოდ იმას, რომ მშობლების სახლში ყოფილიყო მისასვლელი... ეშინოდა ნიკას დედასთან შეხვედრის, თუმცა, საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა ამაში...
ჰოლში ნათურა არ ენთო. სინათლე მისაღები ოთახიდან გამოდიოდა. საძინებლამდე მისასვლელად ამ ოთახის გავლა იყო აუცილებელი – სხვანაირად ბინის მეორე მხარეს ვერ აღმოჩნდებოდა. გული უსიამოვნოდ მოეწურა, რაღაც ხმამ უკარნახა, რომ მისაღებ ოთახში ნიკა არ იყო. ის, ვინც იქ იჯდა, სავარაუდოდ, არ ეძინა – ტელევიზორის ყრუ ხმა და მოციმციმე ეკრანი ამაზე მიანიშნებდა. „ის არის, – გაიფიქრა მარიკამ, – ზის და, ალბათ, მე მელოდება. ღმერთო, როგორ არ მინდა მასთან შეხვედრა და ლაპარაკი“. მარიკამ თმა შეისწორა, ჩანთა საკიდზე დადო და ოთახში შევიდა. მაშინვე დაინახა სავარძელში მჯდარი დედამთილი. წინ სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე და მინერალური წყლის ბოთლი ედგა. ქალმა ნელა მოატრიალა თავი და გოგოს შეხედა. მარიკამ უხერხულობა იგრძნო და მიხვდა, რომ რაღაც აუცილებლად უნდა ეთქვა.
– ნიკას სძინავს? – წარმოთქვა გაუაზრებლად და გუნებაში საკუთარ სისულელეზე გამწარდა – ჯერ, ალბათ, „გამარჯობა“ უნდა მეთქვაო...
– ჰო, დაეძინა. ვაიძულე, დაწოლილიყო და ისე დაგლოდებოდა...
მარიკა სადღაც ტელევიზორსა და სავარძელს შორის „გაიჩხირა“. იდგა და ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებდა და ეს კიდევ უფრო აღიზიანებდა. ქალიც ჯიუტად არ ცდილობდა, დახმარებოდა. ირონიანარევი მზერით ზვერავდა და ტუჩის კუთხეებით იღიმებოდა.
– მიხარია, რომ ჩამოხვედით... – თქვა ბოლოს მარიკამ და უცებ გულზე მოეშვა, რადგან მიხვდა, რომ ყველაზე რთული ბარიერი გადალახა. მართლაცდა, რატომ უნდა შეშინებოდა ამ ქალის, რომელიც, მართალია, საკუთარ მოედანზე „თამაშობდა“, მაგრამ, აღარც თავად იყო უცხო და, თუ ახლავე არ აჩვენებდა ამას, მერე კიდევ უფრო გაუჭირდებოდა. ამის გააზრებამ სითამამე შესძინა და თავდაჯერებულობა შეჰმატა. თუმცა, მეგობრები რომ ვერასდროს გახდებოდნენ, ამასაც ხვდებოდა.
– ყავა ხომ არ მოგიდუღო? – მზრუნველი ტონით ჰკითხა ქალმა, – დაღლილი სახე გაქვს.
– გმადლობთ. მირჩევნია, დავიძინო. თუ არ გეწყინებათ, ჩვენს ოთახში შევალ.
ქალმა ღიმილით აიჩეჩა მხრები:
– როგორც გინდა, თუმცა, აჯობებდა, ახლა დაგლაპარაკებოდი.
მარიკამ თავაზიანი ღიმილით დამალა მღელვარება.
– სულ რამდენიმე წუთი დამჭირდება. ხვალ, ნიკას თანდასწრებით, ამ ყველაფერს ვერ გეტყვი...
– ჰო, მესმის... არ მოგწონვართ, ხომ ასეა?
– საქმე ეს არ არის. ძალიან მინდა, სწორად გამიგო. მოგვწონს ეს თუ არა, მე და შენ ერთი მამაკაცი გვიყვარს, მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ჩემი სიყვარული შენი სიყვარულისგან განსხვავდება. ამაზე არ არის ლაპარაკი... გესმის, ხომ, რასაც ვგულისხმობ?
– დიახ და, მგონი, იმასაც ვხვდები, რას მთავაზობთ – ზავს.
– ვიცოდი, რომ გამიგებდი, – კმაყოფილებით გაიღიმა ქალმა, – მაგრამ, ნებისმიერ ზავს თავისი პირობები აქვს, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩვენ ხომ ერთ სახლში უნდა ვიცხოვროთ...
– ნიკამ მოინდომა ასე, – ჩაერთო მარიკა.
– ვიცი, ჩემს შვილს კარგად ვიცნობ. ამიტომაც გადავწყვიტე, მარტო მე და შენ გველაპარაკა.
– თქვენ მე კითხვაზე არ მიპასუხეთ, – მარიკა თავადაც ვერ მიხვდა, რატომ აიხირა ეს შეკითხვა. სინამდვილეში, ნაკლებად აინტერესებდა, მოსწონდა ქალს ის თუ არა.
– მე გითხარი, ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა-მეთქი. ჩვენ შორის სიმპათიებისა და გრძნობების არსებობის აუცილებლობა არ არსებობს, მთავარია, შეთანხმებას მივაღწიოთ, ისევ და ისევ ნიკას გამო.
– ესეც გავიგე. ჩემგან რას მოითხოვთ? თუ სწორად მივხვდი, ჯერ თქვენი პირობები უნდა მოვისმინო და მერე საკუთარი წამოვაყენო.
ქალმა თავი დაუქნია:
– სწორედ ასეთი წარმომედგინე და არც შევმცდარვარ შენს შეფასებაში.
– ეს კარგია?
– რა თქმა უნდა. მოკლედ გეტყვი: მე თითქმის არ მაქვს პირობები, გარდა ერთისა – ნიკა მშვიდად უნდა იყოს და ჩვენი ურთიერთობის გამო არ უნდა დაიძაბოს.
– და, როგორი ურთიერთობა გვაქვს ჩვენ? მგონი, ჯერჯერობით არანაირი.
– მეც სწორედ მაგის თქმა მინდოდა. ჰოდა, უნდა გვქონდეს. ბუნებრივია, ისეთი არა, როგორც სტანდარტულ რძალ-დედამთილებს აქვთ.
– არც ჩვენ ვართ სტანდარტულები.
– სწორედ მაგისი თქმა მინდოდა... რა თქმა უნდა, შენს მშობლებს გავიცნობ, ანუ, აუცილებელი ფორმალობები უნდა შევასრულოთ.
– გმადლობთ.
– სამადლობელი არაფერია, ამას ნიკასთვის გავაკეთებ და, კიდევ... – ქალი გაჩუმდა და სიგარეტს მოუკიდა, – იშვიათად ვეწევი, მით უმეტეს – სახლში. მგონი, გავუგეთ ერთმანეთს...
– მე რა უნდა გავაკეთო? უფრო სწორად, რა არ უნდა გავაკეთო?
– პროფესიული შეკითხვაა, შენი პროფესიიდან გამომდინარე.
– მივხვდი – ჩემს პროფესიასთან გაქვთ პრობლემა.
– არა, პროფესიასთან არა, მხოლოდ იმ თვისებებთან, რომლებიც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ახასიათებთ – ზედმეტი ცნობისმოყვარეობა... ერთ სახლში ვიცხოვრებთ და, ალბათ, ერთმანეთის საქმეებით დავინტერესდებით, მაგრამ...
– მაგრამ, სტანდარტული რძალ-დედამთილი ვერასოდეს ვიქნებით... – მარიკამ გაიღიმა და წამოდგა, – ახლა შეიძლება, დავიძინო? მძიმე დღე მქონდა. ხვალ კი ჩემს მშობლებს დავურეკავ და ვეტყვი, რომ ამ დღეებში მათთან სტუმრად მივალთ. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ურთიერთობის ფორმალური მხარე დავიცვათ.
ქალმა თავი დაუქნია. მისი სახის გამომეტყველებით ვერაფრით მიხვდებოდი, რას გრძნობდა სინამდვილეში. მან საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიდო და ხმადაბლა დაუმატა:
– მე არ ვარ შენი მტერი – მინდა, ეს იცოდე.
მარიკა შემობრუნდა:
– ამაში ოდნავაც არ შემპარვია ეჭვი, ქალბატონო ია. საუზმეზე შევხვდებით?
– მე ყოველთვის ადრე ვსაუზმობ, – გაიღიმა ქალმა, თუმცა ამ ღიმილმა ოდნავადაც ვერ გაანეიტრალა, ვერ განმუხტა მძიმე ატმოსფერო. მარიკა მიხვდა, რომ ვერასდროს იმეგობრებდა ამ ადამიანთან. აღარაფერი უთქვამს. ჩუმად შევიდა საძინებელში, კარი მიხურა და ლოგინზე მიწოლილ, ჩაძინებულ ქმარს დააშტერდა. ნიკას გაუხდელად ეძინა. ეტყობა, იმედი ჰქონდა, რომ ცოლის მოსვლას გაიგებდა და ფეხზე დახვდებოდა. მარიკა ნელა მიუახლოვდა, დაიხარა და ლოყაზე შეახო ტუჩები. ბიჭი შეიშმუშნა. გვერდი იცვალა და ძილი განაგრძო. მარიკა საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და დაფიქრდა. ახლა აუცილებელი იყო გადაწყვეტილების მიღება – სწორედ ახლა უნდა ეთქვა საკუთარი თავისთვის, უღირდა თუ არა ნიკას სიყვარული ყველაფერ იმად, რაც წინ ელოდა. ნიკას დედის გვერდით ცხოვრება მარტივი რომ არ იქნებოდა, ამას იმ პირველი წუთებიდანვე მიხვდა, როცა შეყვარებულმა დედას პირველად წარუდგინა, ბოლო საუბარმა კი მხოლოდ დაარწმუნა ამაში და დამატებითი არგუმენტები შესძინა. თუმცა, სინანული თითქმის დაუფიქრებლად, გრძნობის კარნახით გადადგმული ნაბიჯის გამო არ უგრძნია და ამან გაახარა. „ალბათ, როგორ ელოდება იმ დღეს, როცა მე და ნიკა ერთმანეთს დავცილდებით! მაგრამ, ამ ბედნიერებას არ მივანიჭებ. მიუხედავად ყველაფრისა, ნიკა მიყვარს და ამ სიყვარულისთვის ვიბრძოლებ. იმასაც გავიგებ, რას მალავს ის ქალბატონი მოჩვენებითი შეუვალობისა და პრინციპულობის ნიღაბს მიღმა...“ – მარიკამ გაიღიმა. ტანზე აღარც მას გაუხდია, ნიკას გვერდით მიუწვა, მხარზე მიეხუტა და თვალები დახუჭა...
***
დაჟინებულმა მზერამ თვალი გაახელინა. იდაყვზე დაყრდნობილი ნიკა ღიმილით უყურებდა ცოლს. მარიკამ დაამთქნარა და გაიზმორა:
– რომელი საათია? ძალიან დამაგვიანდა?
– არ ვიცი, საათისთვის ჯერ არ შემიხედავს. შენ გიყურებდი, თანაც, გუშინ მივხვდი, რომ შენთან ურთიერთობაში ერთი მთავარი პრინციპი არსებობს – არ შეხედო საათს!
– მიბრაზდები? – მარიკამ ლოყაზე მოუსვა ქმარს ხელი.
ნიკამ აკოცა:
– არა. ვაპირებდი, მაგრამ, ისეთი საყვარელი ხარ, არ გამომივა და არც მინდა. იცი, გუშინ დედამ რა მითხრა?
მარიკა დაიძაბა, იდაყვზე წამოიწია და ქმარს ცნობისმოყვარედ მიაჩერდა.
– გული მწყდება, რომ, ჩემი მოუცლელობის გადამკიდე, ყურადღება ვერ მოგაქციეთ. ნამდვილად იმსახურებთ იმას, რომ განსაკუთრებული საჩუქარი გაგიკეთოთ. რატომ არ უნდა წახვიდეთ საქორწინო მოგზაურობაში, როცა ამის ფინანსური საშუალება მაქვს? ნებისმიერი ქვეყანა ამოირჩიეთ და საგზურები შეუკვეთეთ, ყველაფრისთვის მე გადავიხდიო.
მარიკას გაეღიმა. მისთვის მაშინვე გახდა გასაგები დედამთილის ტაქტიკა.
– მაინც, რამდენდღიან საგზურს გვიფინანსებს? – იკითხა ორაზროვნად, მაგრამ ნიკა ვერაფერს მიხვდა.
– დროში შეზღუდულები არ ვართ, თუნდაც მთელი თვით წავიდეთ. რას იტყვი, ხომ მაგარია?! წარმოიდგინე, როგორ დავისვენებთ და გავერთობით. შეგვიძლია მთელი ევროპა დავლაშქროთ.
– ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ, ჯერჯერობით მოგზაურობის გადადება მოგვიწევს. ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, სანამ ეს საქმე არ დასრულდება.
– ბარში მომხდარ მკვლელობას გულისხმობ?
– ჰო. ძალიან მძიმე საქმეა. დროზე თუ არ გავხსენით, ახვლედიანს ვერ გადავურჩებით.
– შენ რომ ორი კვირით გაეთავისუფლო?
მარიკამ წყენით შეხედა ქმარს.
– არ გესმის, რაზე ვლაპარაკობ? მე რომ ახლა მივიდე და პაპავას ორკვირიანი შვებულება ვთხოვო, საერთოდ გამომიშვებს სამსახურიდან. ძლივს შტატში ჩამსვეს და ახლა ყველაფერს ვერ გავაფუჭებ. მოგზაურობაზე მერე ვილაპარაკოთ, კარგი?
– როდის მერე? კიდევ ერთი მკვლელობა რომ მოხდება და ისევ ამ სიტყვებს გამიმეორებ? მე მესმის შენი, მაგრამ, ცოტა ჩემიც ხომ უნდა გაიგო? რა გამოდის? შენთან თითქმის არ ვარ. ღამითაც კი ვერ გხედავ. დიდხანს ამას ნამდვილად ვერ გავუძლებ.
– პირობას გაძლევ, როგორც კი ამ საქმეს მოვრჩები, აუცილებლად ავიღებ შვებულებას, გპირდები...
ნიკამ ამოიოხრა:
– მჯერა, მარიკა, მაგრამ, მე ახლა მინდოდა!
– ბავშვივით ნუ ჭირვეულობ, – გაეღიმა გოგოს, – დღეს ვარჯიში გაქვს თუ სამსახურში მიდიხარ?
– სამსახური, თორემ, მეც მაქვს, რა... ხუთი კინკილა ბავშვი დატყაპუნობს. ვარჯიშზეც, მაქსიმუმ, საათ-ნახევარი დავკარგო და მერე ისევ მარტო უნდა ვიჯდე ტელევიზორის წინ, შენს მოლოდინში... არა, კი არ გსაყვედურობ, მაგრამ... იცი, წუხელ რამდენ ხანს გირეკე?
– ვიცი, საყვარელო, ვიცი... შენი ყველა ზარი ვნახე, მაგრამ, ვერ გიპასუხე და რა ვქნა?! თათბირზე ვიყავი, როცა მოვრჩით, უკვე ისეთი გვიანი იყო, დარეკვას აზრი აღარ ჰქონდა.
– ჰო, აბა, რა, მე უსაქმური კი მოსვენებას არ გაძლევდი.
– მე ეგ არ მითქვამს.
– არ გითქვამს, მაგრამ, ხომ იფიქრე?
მარიკამ ამოიოხრა:
– ძალიან გთხოვ, რა ჩხუბი არ მინდა და სამსახურში დაგრუზულს ნუ გამიშვებ...
– არ გეჩხუბები. რას ამბობ, ყველაზე ნაკლებად ეგ მინდა.
– მაშინ, ნუ წუწუნებ.
– კარგი, მოვრჩი წუწუნს, ხმას აღარ ამოვიღებ. ვნახავ, დედაჩემი თუ არ წავიდა, ერთად ვისაუზმოთ. თან, ნახავ კიდეც, თორემ, ორივენი ისეთი დაკარგულები ხართ, დიდი შანსია, წლის ბოლომდე საერთოდ ვერ შეხვდეთ ერთმანეთს.
– უკვე ვნახე.
ნიკამ სწრაფად გამოყო თავი პულოვერიდან, სახელოებში მკლავები გაუყარა და ცოლს გაკვირვებით შეხედა:
– ნახე? კი მაგრამ, როდის? როდის მოასწარი?
– წუხელ რომ მოვედი, მაშინ ვნახე.
– შენ გელოდებოდა?
– მე? არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ უთქვამს.
– მერე?
– რა – მერე? ცოტა ხანს ვილაპარაკეთ და დავიძინე. ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად არის.
– მაინც, რაზე ილაპარაკეთ? გეხვეწები, მომიყევი. ხომ იცი ჩემი ხასიათი, მოვკვდები ნერვიულობით.
– არაფერზე. შევთანხმდით, რომ მოიცლის და ჩემს მშობლებს ერთად ვესტუმრებით. მეტი არაფერი.
ნიკას შუბლი გაეხსნა:
– უჰ, გულზე მომეშვა. ხომ გეუბნებოდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, მაგრამ, ერთად საუზმობაზე უარს მაინც ნუ ვიტყვით. საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს?
მარიკამ ხელები გაშალა:
– საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს, პირიქით. მოვემზადები და გამოვალ. სამსახურში შენ წამიყვან თუ დევის დავურეკო?
– მე წაგიყვან. ნეტავი, თავის დროზე რატომ არ მეყო ჭკუა და იურიდიულზე რატომ არ ჩავაბარე, ახლა ხომ ერთად ვიმუშავებდით?!
მარიკას ხმამაღლა გაეცინა:
– მეეჭვება, გამომძიებელი შემყვარებოდა.
– აი, ხედავ? ესე იგი, აღიარებ, რომ გამომძიებლის სიყვარული ძნელია.
– რა თქმა უნდა. სწორედ მაგის გათვალისწინებით გპატიობ ჭირვეულობას, – მარიკამ სარკეში ჩაიხედა და შესიებული ქუთუთოების დანახვაზე უკმაყოფილოდ გადააქნია თავი: – ერთი დღე მაინც უნდა მოვახერხო და გამოვიძინო, თორემ, დედაჩემისა და მამაჩემის საყვედურების მოსმენა მომიწევს. ჰო, მართლა, ბარემ ისიც ჰკითხე დედაშენს, როდისთვის შევამზადო ჩემები, თორემ, მოულოდნელად რომ დავაყენო თავზე, მომკლავენ.
– აუჰ, ისევ ორმოცდაათკაციან სუფრას დაგვახვედრებენ? – შეიცხადა ნიკამ.
– არა, ამაზე უკვე მე ვიზრუნებ – ჩვენ გარდა იქ არავინ იქნება.
ნიკა ოთახიდან გავიდა და უკან ძალიან სწრაფად დაბრუნდა ნირწამხდარი და დაბნეული.
– რა მოხდა? – ჰკითხა სააბაზანოდან გამოსულმა მარიკამ.
– წასულა. თან, მგონი, ჩემი მანქანაც წაუყვანია.
– ეგ არაფერი, დევის დავურეკავ, – დაამშვიდა ცოლმა.
– მისი მანქანის გასაღებიც ვერსად ვიპოვე – სადაც ჩვეულებრივ დევს ხოლმე, იქ არ არის.
– ეგ რა პრობლემაა. შეიძლება, რამე გაუფუჭდა.
– არ ვიცი. მანქანა გამართული იყო, პროფილაქტიკაში რატომ უნდა დაეტოვებინა? დავურეკავ და შევეკითხები. თან, მითხრა, აეროპორტში მყავდა დატოვებულიო. ძალიან უცნაურია, – ნიკამ მობილური აიღო და დედას დაურეკა, – გამორთული აქვს. ნეტავი, რა დაემართა?!
– რა უნდა დამართნოდა? ხომ გითხარი, წუხელ ვნახე-მეთქი. პატარა ხომ არ არის, საქმე აქვს, ალბათ...
– ჩემი ოჯახის სუპერსაქმიანი წევრები გამაგიჟებენ ნამდვილად, – ყასიდად ამოიოხრა ნიკამ. მერე უცებ ცოლს ეცა, ხელში აიტაცა და დაატრიალა: – ჩემი სიშჩიკი ცოლი!.. როგორ უნდა შემყვარებოდა... როგორ...
***
მარიკა მანქანიდან გადმოვიდა. დევი დაელოდა, სანამ სალონიდან კეისს გადმოიღებდა და კარი ჩაკეტა.
– ხომ არ ვაგვიანებთ? – ჰკითხა ექსპერტმა.
– არა. თემოს ჯერ არ დაურეკავს, ესე იგი, არ დაგვიგვიანია.
– ჰო, მაგრამ, შეიძლება, ის უკვე ახვლედიანთან არის და დარეკვის საშუალება არ აქვს. როგორ ფიქრობ, დღეს წინ წავიწევთ?
– აბა, რა გითხრა? გააჩნია, რა მიმართულებით ვიმოძრავებთ. შენი დედამთილი ხომ ჩამოვიდა?
– ჰო, რა იყო?
– უნდა დაელაპარაკო.
– რაზე?
დევის გაეღიმა:
– მარიკა, ვერ გამოიძინე? ძალიან უცნაურად გამოიყურები და უცნაურ რაღაცეებს მეკითხები. ის გოგო, ჩემ შემდეგ შენს დედამთილთან აღმოჩნდა. არ ფიქრობ, რომ, შეიძლება, რამე საინტერესო გვითხრას?
მარიკა შეყოყმანდა.
– რა ხდება, არ გინდა შენს დედამთილთან ლაპარაკი?
– გამოიცანი. იქნებ, ვინმე სხვა დაელაპარაკოს? ჯერ ერთი, ტენდენციური ვიქნები. თანაც, ვერ დავიტრაბახებ, რომ იდეალური ურთიერთობა გვაქვს. ვერ გავხსნი, ისე ლაპარაკს კი რა აზრი აქვს?
– მართალი ხარ, მაგრამ, ვახო მაგ საქმისთვის არ გამოდგება, მე – მით უმეტეს, თან, უფლებაც არ მაქვს.
– თვითონ თემო მივიდეს. ისე, გულახდილად გეტყვი, ძალიან უცნაური ადამიანია, უამრავი კითხვის ნიშნით. გამიჭირდება მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება...
– რატომ? ძალიან მკაცრია? სტანდარტული „რძალ-დედამთილიანი“ ხდება?
– არანაირად. სწორედ ეგ არ ხდება. არ ვიცი, როგორ გითხრა... არასდროს გქონია შემთხვევა, რომ, ელაპარაკები ადამიანს და გრძნობ, რომ შენ წინ ის არ ზის, ვინც გგონია?!
– ძალიან გაუგებრად ამიხსენი, მაგრამ, მაინც მივხვდი. ეჭვი ცუდი რამეა.
– არა, ეჭვი არაფერ შუაშია, – მარიკამ ამოიოხრა, – მოკლედ, მძიმე შემთხვევაა. მე მარტივად ვუყურებ ყველაფერს, მის გარშემო კი ჰაერი ისე დამძიმებულია, სუნთქვაც კი მიჭირს. შეიძლება იმიტომ, რომ მარტომ გაზარდა ნიკა და, ალბათ, უამრავი პრობლემაც ექნებოდა. ასეთი ცხოვრება ქალებს თავის დაღს ასვამს.
– შეიძლება. თუმცა, შენ თითქმის არაფერი იცი მაგ დედა-შვილის შესახებ. ნიკას როდისმე მამამისზე რამე უთქვამს?
– არა და არც მე მიკითხავს.
– რატომ, არ გაინტერესებდა?
– როგორ გითხრა, – მარიკამ მხრები აიჩეჩა, – რაღაცნაირად, არ დავინტერესებულვარ. უფრო სწორად, დრო არ მქონია მაგისთვის. ისე, მგონი, მკვდარი ჰყავს. ერთხელ ახსენა, სასაფლაოზე ვარ ასასვლელიო.
– წამოდი, შევიდეთ. მერე კიდევ ვილაპარაკოთ ამაზე...
***
თემომ მაგიდის გარშემო მსხდომები შეათვალიერა:
– კარგია, რომ ყველანი აქ ხართ. ახვლედიანთან ვიყავი. ალბათ, ხვდებით ჩვენი საუბრის შინაარსს.
ვახომ მარიკას და დევის გადახედა:
– ... მე მაინც მირჩევნია, გვითხრათ, რაზე ილაპარაკეთ და უფრო მობილიზებულები ვიქნებით.
დევის ჩაეცინა. თემო შეიჭმუხნა, მაგრამ, თავს ძალა დაატანა, რომ „მობილიზებულებზე“ ნერვები არ მოშლოდა. ვახო ვერც მიხვდა, რა რეაქცია გამოიწვია მისმა ორიგინალურად ჩაკვეხებულმა სიტყვამ.
– მოკლედ, მე იმ გოგოს შესახებ ჯერჯერობით არაფერი მითქვამს, მაგრამ, მხოლოდ ჯერჯერობით. დიდხანს ამას ვერ დავმალავთ, მაქსიმუმ ერთი დღე შევინახოთ საიდუმლოდ. მოტივი ისეთია, ბევრს აღარ იყოყმანებს და მაშინვე მისი დაპატიმრების სანქციას მოითხოვს.
– ვისი დაპატიმრების სანქციას მოითხოვს? – ჩაეკითხა ვახო და გაწითლდა.
– ვახო, გაჩუმდი, – გააფრთხილა მარიკამ, – ბატონო თემო, იმ ვერსიაზე არ ვიმუშაოთ? კიდევ ერთხელ ხომ არ მივიდე იმ ორთან? ის ენცო ძალიან ნერვიულობდა და, ფაქტობრივად, სახლიდან გამოგვყარა.
– ჰო, შეიძლება, რაღაც ისეთი იცოდეს, რაც შიშის საფუძველს უჩენს. მაგრამ, შენი იქ მისვლით არაფერი გამოვა, აქ უნდა დავიბარო. კიდევ რამდენიმე კლიენტია, ვინც დროის იმ მონაკვეთში ბარში იყო და იმათთან ერთად დავკითხავთ?
– დილით მარიკას ვეუბნებოდი, რომ ქალბატონი იას ნახვაა აუცილებლად საჭირო, – თქვა დევიმ, – ძალადობის შემდეგ გოგონამ მასთან რამდენიმე საათი გაატარა. როგორც მე ვიცი, გარდა პროფესიული დახმარებისა, ეგ ქალი ფსიქოლოგიურადაც მუშაობს პაციენტებთან და ვფიქრობ, რამე საგულისხმოს გვეტყვის.
– რა თქმა უნდა, ეგ ქალი სანახავია. როგორც ვიცი, შენი დედამთილია, – თემომ მარიკას შეხედა. გოგოს ნერვიულობა დაეტყო, აწრიალდა და პაპავას მზერა მოარიდა.
– ჰო, ნიკას დედაა, – ჩაილაპარაკა გოგომ უხალისოდ და მაშინვე დაუმატა: – დევის უკვე ვუთხარი, რატომაც ვერ დავკითხავ.
– მაგას ვხვდები. მე თვითონ დავკითხავ, მაგრამ, შენ სახლში დააკვირდი მის რეაქციას ჩემთან ლაპარაკის შემდეგ. შეიძლება, სიმართლე არ მითხრას.
– თუ რამის დამალვა ენდომება, აუცილებლად მოახერხებს ამას, – ჩაილაპარაკა მარიკამ.
თემომ დევის გადახედა და იმანაც უსიტყვოდ ანიშნა რაღაც.
– კარგი, დღევანდელი გეგმა მოვხაზოთ. რას ვაკეთებთ? – იკითხა თემომ.
– გოგონაზე მეთვალყურეობის დაწესებას გთავაზობთ და ამას მე გავაკეთებ, – თქვა მარიკამ, – მეეჭვება, მკვლელი თავად იყოს, მაგრამ, თქვენგან ვისწავლე, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
– ოპერატიული ჯგუფიდან დაიხმარე ვინმე, – შესთავაზა პაპავამ. მარიკამ თავი გააქნია:
– არ მინდა. რთული არ იქნება და თავს თვითონვე გავართმევ. ის ბიჭი მინდა, ვიპოვო, ვინც მკვლელობის ღამეს გოგონა მანქანაში ჩაისვა და სახლში მიიყვანა.
– ეგ კარგი იქნება, მაგრამ, როგორ მოახერხებ? არც მანქანის მარკა ახსოვს, არც ნომერი... ბიჭის ვინაობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.
– არ ვიცი, მაგრამ, უნდა ვცადო, – ჯიუტად გაიმეორა მარიკამ.
– მე რას ვაკეთებ? – ვახო სკამზე აწრიალდა, – ისე ხომ არ ვიჯდები, უსაქმოდ?
– შენ? – თემომ სინანულით შეხედა, – შენ ბარში წადი და მთელი დღე ფეხი არ მოიცვალო იქიდან.
– რატომ? რა მინდა ბარში?
– ცოტა შენც იფიქრე და მიხვდი, – გაღიზიანდა პაპავა, მაგრამ, სწრაფადვე მოახერხა, თავი ხელში აეყვანა, – ბარში იქნები და სიტუაციას დააკვირდები. ნახავ, რა კატეგორიის ხალხი დადის იქ და, რაც მთავარია, შეაკეთეს თუ არა ტუალეტი მომსახურე პერსონალისთვის.
ვახო გაშრა. რამდენიმე წუთი ფიქრობდა, ეთქვა თუ არა, მერე მორიდებულად იკითხა.
– ტუალეტი რა შუაშია?
თემომ ამოიოხრა და ხელები გაშალა. მარიკამ მშვიდად აუხსნა:
– მომისმინე, მკვლელობა როდის მოხდა? გუშინწინ ღამით. ხომ ასეა? თუ ახლა მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი ტუალეტი ჩვეულებრივად ფუნქციონირებს, შეიძლება, ვიღაცას სწორედ ერთი დღით დასჭირდა მისი მწყობრიდან გამოყვანა. ამისი ალბათობა მცირეა, მაგრამ, მაინც უნდა გადამოწმდეს.
– მთელი დღე ბარში რა უნდა ვაკეთო?
– გითხრეს შენ, რაც უნდა გააკეთო, – მკაცრად შეაწყვეტინა წუწუნი თემომ, – პროტესტის გარეშე წადი და მიხედე საქმეს. ფეხი არ მოიცვალო იქიდან. ისიც მაინტერესებს, მომსახურე პერსონალი რაზე ლაპარაკობს, კონკრეტულად მკვლელობის შესახებ რა ვერსია აქვთ... ასე რომ, ყურადღებით იყავი.
– კოქტეილის ფული მაინც მომეცით, მოწყენილობით რომ არ მოვკვდე.
– უყურე ახლა ამას... – გაეღიმა დევის.
– ჰო, რა... თანმხლები მანდილოსანიც კარგი იქნებოდა, ეჭვის გასაფანტავად, – დააკონკრეტა ვახომ თავისი მოთხოვნა.
– რას ერჩი, დაუწყია კაცს აზროვნება, – თავი ვეღარ შეიკავა დევიმ და ახარხარდა. ემოცია მარიკასაც გადაედო და გაიცინა.
– რა ვთქვი ამისთანა? გოგოსთან ერთად რომ მივიდე, უფრო არ შემეტყობა, რომ ორგანოს თანამშრომელი ვარ.
– სად გიპოვოთ ასე უცებ გოგო, ორგანოს თანამშრომელო? – გამოაჯავრა თემომ, – დაგიქირაოთ? თუ შეგულებული გყავს ვინმე, პირდაპირ გვითხარი.
– კი, მყავს შეგულებული, – ვახომ უჩვეულო რიხი გამოურია ხმაში, – ჰო, რა იყო? თიკო მომწონს ძალიან... ლაბორატორიიდან. ვეტყვი, რომ ოპერატიული დავალებაა და თან, უკეთესად გავიცნობ.
– შენ ბარში თიკოს უკეთ გასაცნობად კი არა, სიტუაციის შესასწავლად გგზავნით. წადი, დავალება შეასრულე და მერე მე თვითონ „შეგიბამ“ მაგ თიკოს.
ვახო უკმაყოფილოდ დაიჭყანა.
– თუ ჩემთვის მეტი აღარაფერი გაქვთ სათქმელი, წავედი...
– წადი, წადი და ხაზზე იყავი, დაგირეკავ და შეგამოწმებ, – გააფრთხილა თემომ და როცა ლელაძემ კაბინეტის კარი გაიხურა, სინანულით ჩაილაპარაკა: – ეს, ალბათ, ფიქრობს, რომ ვჩაგრავ. რა ეშველება...
– ბატონო თემო, მეც წავალ. გუშინ ის გოგო მე და დევიმ მივიყვანეთ სახლში და მისამართი ვიცი. ნიკა წამიყვანს და იქვე ვიქნებით. ვნახავ, სად წავიდა და ვის შეხვდება.
– ჩვენ ხომ გავაფრთხილეთ, სახლიდან არ გამოსულიყო.
– სწორედ მაგიტომ მაინტერესებს, რას მოიმოქმედებს, – მარიკამ მობილური აიღო და ნიკას დაურეკა.
– შენი მანქანით მჭირდები. რამდენ ხანში შეძლებ, რომ მომაკითხო? რაც შეიძლება მალე. ჰო, სასწრაფო საქმეა. კარგი, გელოდები.
– მანქანა ჩემს დედამთილს ჰყავს, გაუვლის და მომაკითხავს.
– მე შენს დედამთილთან მივდივარ. საღამოს ცხრა საათზე ვიკრიბებით აქ, ჩემს კაბინეტში თათბირზე. დევი, შენ რას იზამ?
– მეც მაქვს რაღაც პატარა საქმე, მაგრამ, ჯერ არ გეტყვით. რაღაც უნდა გადავამოწმო და წინასწარ ლაპარაკი არ მინდა, – მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა ექსპერტმა. უცებ თემოს რაღაც გაახსენდა.
– მართლა, სულ დამავიწყდა! დრო უნდა გამოვნახო და დათოს შევხვდე. მეორე დღეა, მირეკავს.
– მაკასთან მოხდა რამე? – ჰკითხა დევიმ. ცოლის სახელის ხსენებაზე პაპავა მოიღუშა.
– არ ვიცი. მარტო შეხვედრა მთხოვა, მეტი არაფერი უთქვამს.
***
ნიკამ ცოლს მხარზე მოჰხვია ხელი და მიეხუტა.
– აქ მთელი დღე უნდა ვიყოთ? მოგეფერები მაინც. შევუთავსოთ სასარგებლო და სასიამოვნო – აუცილებელს.
მარიკამ ხმა გაიმკაცრა:
– ნიკა, მე პოსტზე ვარ, ანუ, ვმუშაობ. ამიტომ ხელს ნუ შემიშლი და დამეხმარე!
– გეხმარები... – ნიკამ ისევ სცადა, მისთვის ეკოცნა.
– არა, ასე არა... სათვალთვალო ობიექტი რომ გამოგვეპაროს, ვერ გადამირჩები!
– „აგენტი 007“ – კაბაში, – ამოიოხრა ნიკამ, –კარგი, ქალბატონო, ღირსეულად მოვიქცევი... ჩემი მკაცრი და შეუვალი ცოლი...
– მოიცადე! აი, გამოვიდა, – მარიკა დაიძაბა.
– დამანახვე მაინც, ვის ვუთვალთვალებთ, – ნიკამ იქით გაიხედა, საითაც მარიკა იყურებოდა გაფაციცებული და წამოიძახა:
– მე ამ გოგოს ვიცნობ... კი, კი, ნამდვილად ის არის!..
გაგრძელება შემდეგ ნომერში