როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
წიქარიძე-წიქარიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი წიქარი, წიქარია.
1878 წლის აღწერაში, სოფელ ვაშლოვანში მოიხსენიება შიო და გიორგი წიქარიძე.
ამავე ძირისაა გვარები: წიქარიშვილი, წიქარაძე, წიქარაშვილი.
საქართველოში 627 წიქარიძე ცხოვრობს: გორში – 284, თბილისში – 196, ჩოხატაურში – 35. არიან სხვაგანაც.
109 – წიქარიშვილი,
345 – წიქარაძე.
2 830 – წიქარაშვილი.
ასლამაზიშვილი-ასლამაზოვი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ასლამაზა.
საქართველოს ბევრ კუთხეში ცხოვრობენ ასლამაზიშვილები. ზოგან ისინი რუსული დაბოლოებით ასლამაზოვებად ჩაუწერიათ.
ზაზა სოლომონაშვილის მოურავი ასლამაზა მოიხსენიება მებატონის მიერ ბერელა ზურაბიშვილისადმი მიცემულ თავდახსნილობის წიგნში.
ასლამაზიშვილები ადრე ლამაზიშვილები ყოფილან. ამ ფორმით გვარი მოიხსენიება მეთხუთმეტე საუკუნეში, მოგვიანებით, მეთვრამეტე საუკუნეში, მეტსახელმა ასლამაზმა აწარმოა გვარი ასლამაზიშვილი.
„აზნაური ლამაზიშვილის წინაპარნი ესახლნენ კახეთსა შინა, ლაბიანად წოდებულნი ივრის ხეობაზედ, რომელთაც ეწოდნენ ლამიანის ძეებად, დროსა გიორგი მეფისასა 1587 წელს. ხოლო ამათნი შთამომავალნი იყო ყმა ფრიად მშვენიერი, რომელსა სახელად ეწოდეს ლამაზსა და მის გამო გაუგვარდათ შვილთა მათთა ლამაზიშვილობა და არიან ესენიცა მოხსენიებულნი ტრაქტატსა შინა“.
ასლამაზიშვილების ერთი შტო ბარათაშვილებისგან მომდინარეობს.
ისტორიულ დოკუმენტში გვარი ასლამაზაშვილი გვხვდება 1615 წელს.
გვარის ზოგიერთი წარმომადგენელი სომხურ ეთნოსს მიეკუთვნება, მაგრამ ზოგიერთი ფაქტორი კი არ გაითვალისწინეს. საქმე იმაშია, რომ ამ გვარს აქვს შტო-გვარები: ზურაბიშვილი, რამაზაშვილი, ფეიქრიშვილი.
1843 წლის აღწერის ისტორიულ მასალებში, პატარა თონეთში მოიხსენიება ბადალა არუთინაშვილი, იგივე ასლამაზიშვილი, რამაზაშვილი, მოიხსენიება ასლამაზიშვილად.
საქართველოში 429 ასლამაზიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 231, დმანისში – 46, კასპში – 30. არიან სხვაგანაც.
303 – ასლამაზოვი.
ალიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ალი, ალია.
1721 წელს სამღერეთის ახაშენში მოიხსენიება ციციშვილი-ბაადურაშვილის ყმა ალიაშვილი.
საქართველოში 299 ალიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 84, ყვარელში – 50, სიღნაღში – 45. არიან სხვაგანაც.
ანდრიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ანდრია, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და მამაცს ნიშნავს.
ანდრიაშვილთა შტო-გვარია ამირნანაშვილი და ამირაშვილი.
საქართველოში 373 ანდრიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 160, მცხეთაში – 95, დმანისში – 22. არიან სხვაგანაც.
მარქარაშვილი-მარქაროვი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მარქარა.
ესტატე მარქარაშვილი გვხვდება 1723 წლის წისქვილის წყალობის წიგნში, რომელსაც ზურაბ, მამუკა და იორამ მოურავისშვილები აძლევენ ესტატე, სტეფანე და სხვა მარქარაშვილებს.
1830 წლებში მარქარაშვილების ნაწილი რუსულად მარქაროვებად გააფორმეს და გრიგორიანული წესით მონათლეს.
ამჟამად, ნაწილი მარქაროვებისა ნიკოლაშვილებად, ხოლო ნაწილი მახარაშვილებად ეწერება, მარქარაშვილების ნაწილი კი მენაბლიშვილები იყვნენ.
მარქარაშვილები, იგივე შერმაზანაშვილები, მოიხსენიებიან 1843 წელს სოფელ მუხათში, ხოლო დიღომში მესაბლიშვილები არიან. მარქარა მომდინარეობს სახელიდან მაკარ, მაკარე.
საქართველოში 317 მარქარაშვილი ცხოვრობს: კასპში – 147, მცხეთაში – 70, თბილისში – 50. არიან სხვაგანაც.
372 შერმაზანაშვილი: გარდაბანში – 199, თბილისში – 151, ბოლნისში – 11. არიან სხვაგანაც.
ქობულაშვილი-ქობულაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქობული.
ქობულაშვილი უძველესი გვარია, მისი ძველი ფორმაა ქობულისძე.
„მთავართა გვარებში“ ვახუშტი წერს „ხოლო გვარიანი მთავართა მათ ძველთანი ესენი არიან: ქობულისძე, დონაური, ასელმანელი, ბაღუაში, რომელ იყო ლიპარიტის ძე“.
„თავად ქობულაშვილის წინაპარნი იყვნენ ქობულად წოდებულნი უკვე 882 წლიდან. სუმბათ მეფე, როცა აფხაზეთიდან წავიდა, თან გაჰყვნენ ქობულისძენიც. ქობულთა შვილთაგანი დაშთნენ გურიას ადგილსა ქობულეთსა შინა და იყვნენ მუნ. შემდგომად, მეფემან დავით კახთმან შეირთო ცოლად გურიელის ასული თინათინ. ამას მოჰყვა მზითევში ქობულოვი და დედოფლის შუამდგომლობით მიიღო მეფემან თავადობის ხარისხსა შინა და დაასახლა რუისს პირსა ადგილსა“.
თამაზ ქობულაშვილი იყო კანცელარიის მოხელე. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მან გადაწერა „დასტურლამალი“ დავით რექტორის ხელნაწერიდან.
საქართველოში 657 ქობულაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 269, მცხეთაში – 258, გარდაბანში – 36. არიან სხვაგანაც.
1 691 – ქობულაძე.
ხარხელაური
გვარის ფუძეა მეტსახელი ხარხელა.
1860 წელს სოფელ ლასტისციხეში გადავიდა საცხოვრებლად გედიკა ხარხელაური, ტიფლისის ოლქის სოფელ მოხისიდან.
საქართველოში 285 ხარხელაური ცხოვრობს: თბილისში – 85, თიანეთში – 52, მცხეთაში – 37. არიან სხვაგანაც.
დანდუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დანდუა.
დანდუა ბაქუზანაშვილი მოიხსენიება 1823 წელს სოფელ ვაშლოვანში.
ამავე ძირისაა გვარები: დანდუა, დუნდუა.
საქართველოში 57 დანდუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 16, თეთრი წყაროში – 12, გარდაბანში – 11. არიან სხვაგანაც.
წითურიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი წითელა.
„გოლოეთში მცხოვრები ზაქარია წითურიშვილი, იგივე წითურიძე, 1883 წელს დიდ ენაგეთში წმინდა გიორგის ეკლესიაში ნათლავს ქალიშვილს ელისაბედს“.
ამავე ძირისაა გვარები: წითლაური, წითელაური, წითლიშვილი, წითლიაშვილი, წითლაძე, წითურიშვილი, წითლანაძე.
საქართველოში 124 წითურიძე ცხოვრობს.
ჩხეტია-ჩხეტიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩხეტა. უძველეს ფორმად მიჩნეულია ჩხეტიძე.
ამავე ძირისაა გვარები: ჩხეტიანი, ჩხეტიაშვილი.
საქართველოში 1 065 ჩხეტია ცხოვრობს.
1 786 – ჩხეტიანი.
26 – ჩხეტიაშვილი.
აზნაურაშვილი
გვარის ფუძეა წოდების აღმნიშვნელი სიტყვა აზნაური. ეს ქართული წარმოშობის სიტყვაა, თუმცა, სომხურშიც დასტურდება. მომდინარეობს ფორმიდან აზნ, რაც გამოჩენილს, გოლიათს, რაინდს, თავისუფალს ნიშნავს. აზნაურის საპირისპირო ფორმაა უაზნო. ეს სიტყვა გვხვდება სპარსულ ლიტერატურაშიც.
წინწყაროში მცხოვრები აზნაურიშვილები ბერძნებად ჩაწერეს და რუსული გაფორმებით კნიაზევებად არიან ცნობილი.
საქართველოში 153 აზნაურიშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 84, თბილისში – 36, რუსთავში – 20. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით