ინტიმური საუბრები
სიყვარულში ძალიან
არასტაბილური ვარ
კაცმა რომ თქვას, ცანცარა ადამიანი არ ვარ, მაგრამ საშინლად არასტაბილური აღმოვჩნდი სიყვარულთან დაკავშირებით. არ ვიცი, რისი ბრალია. შეიძლება, იმის, რომ გოგონებში ძალიან პოპულარული ვარ და ზედმეტად მანებივრებენ. მოკლედ, რეალურ მიზეზს ვერ მივაგენი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ლამის ყოველ კვირას ახალი სიყვარული მეწვევა ხოლმე, ძველი კი თითქმის უკვალოდ ქრება. მართალია, ბევრი გოგონა დავტოვე გულდაწყვეტილი, მაგრამ ერთი პრინციპი მაქვს და ამ პრინციპს არასდროს ვღალატობ: როგორც კი ახალი სიყვარული გამიჩნდება და იძულებული ვხდები, ძველს ხელი დავუქნიო, ამ „ხელის დაქნევას“ ისეთ ფორმას ვაძლევ, რომ გოგოს თავმოყვარეობა არ შევულახო, ანუ, ისე „ვაკვარახჭინებ“ საქმეს, რომ მას ჰგონია, თვითონ მიმატოვა. ესე იგი, მე გამოვდივარ მიტოვებული. მართალია, მარტო ჩემს ყოფილ (ანუ ერთკვირიან) შეყვარებულს კი არა, ყველა ჩვენს ნაცნობს ისე ეგონა და გულშიც და აშკარადაც ყველას ვეცოდებოდი, ზოგი კი მამტყუნებდა კიდეც – ეტყობა, ისე ექცევი გოგოებს, ერთ კვირაზე მეტს ვერ ძლებენ შენთანო. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო მოსასმენი არ არის, მაგრამ გოგოს თავმოყვარეობის შელახვას ეს მირჩევნია. საერთოდ, ძალიან არაკაცურ საქციელად მიმაჩნია, როცა ბიჭი გოგოს მიატოვებს, მერე კი ამით ტრაბახობს, ყველას უყვება და ასე ხელოვნურად იქმნის პოპულარული ბიჭის სახელს. სულაც არ მადარდებს, თუ ჩემი ძმაკაცებიც კი მე გამამტყუნებენ. ძმაკაცი მაინც ძმაკაცია, ამის გამო არ დამკარგავს, სამაგიეროდ, ყველა გოგო, ვინც ადრე ჩემი შეყვარებული იყო, დღემდე მეგობრობს ჩემთან, რადგან მათი ქალური თავმოყვარეობა არასდროს შემილახავს.
მართალია, არც მე ვარ ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ სხვა მექალთანე ბიჭებს ცოტათი მაინც აღარ ვჯობივარ?!
გიგი, 23 წლის.
სიძუნწე ფსიქიკური დაავადებაა
თქვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი ვარ. პრაქტიკულად, გვერდს არ ვტოვებ, თითქმის მთლიანად ვკითხულობ. ამჟამად იძულებით პენსიაზე ვიმყოფები (ჩვენი სამსახური დაიკეტა თუ გაუქმდა და 57 წლის ასაკში სახლში დავჯექი) და, სხვა რა საქმე მაქვს. შვილები დაბინავებული მყავს, სახლში მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვართ და, შესაბამისად, არც ისე ბევრი საქმე მაქვს, რომ ჟურნალ-გაზეთებისთვის ვერ მოვიცალო. ძალიან გრძელი წინასიტყვაობა გამომივიდა, ახლა მთავარ სათქმელზე გადავალ: თქვენს რუბრიკაში ერთი ქალბატონი წერდა თავის ძუნწ ქმარზე. მინდა, მას მივმართო: ჩემო საყვარელო, თქვენ, ეტყობა, არ იცით, რა არის სიძუნწე და თქვენი ქმრის წვრილმანი ხელმოჭერილობა გიკვირთ. აბა, მე რაღა უნდა ვთქვა, 30 წელია, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვცხოვრობთ და მთელი ეს წლები გაოცებული ვარ მისი უკიდეგანო სიძუნწით. მისი სიძუნწე ყოველ შემდეგ ჯერზე ახალი და რბილად რომ ვთქვათ, მეტად უცნაური „ფორმატით“ ვლინდება. ის, რომ ნახევარი ცხოვრება სიბნელეში გამატარებინა (შუქს, პრაქტიკულად, არ მანთებინებს) და ყოველ ზამთარს ვიყინებით (გაზს ზოგავს), ეს სათქმელადაც არ ღირს. პურს რომ ვიყიდით, დაანაწევრებს და დღის განმავლობაში მხოლოდ იმდენი ნაჭრის ჭამის უფლება მაქვს, რამდენიც მან გამომიყო ყოველდღიურ ნორმად. იგივე ხდება საჭმელზეც. ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი თუ გაცვდება ან გაეხევა, თვითონვე ცდილობს დაკერებას, ხელოსანზე და, მით უმეტეს, გადაგდებაზე, ლაპარაკიც ზედმეტია. ბოდიში მომითხოვია და, ტუალეტის ქაღალდს ჩუმად ვყიდულობ, რადგან სულ ბუზღუნებს, ზედმეტი ხარჯი რა საჭიროა, ამდენი ძველი გაზეთია სახლშიო. ბავშვებთან ამდენს ვერ ბედავდა, მას შემდეგ კი, რაც მარტო დავრჩით, სულ „გაიჯეჯილა“. თუ შემთხვევით სტუმარი მოგვივიდა (შემთხვევით-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენთან პრაქტიკულად არავინ დადის), უცერემონიოდ ჰკითხავს, იმედია, ნასადილევი ხარო და მხოლოდ ცარიელი ჩაის ან ყავის მირთმევის უფლება მაქვს. მეტსაც გეტყვით: თმის შეღებვის ნებას არ მაძლევს, მიმტკიცებს, ასაკოვან ქალს ჭაღარა უხდებაო, სინამდვილეში იმას განიცდის, საღებავში ფული არ დავხარჯო. მთავარი კი ის არის, საკუთარი თავის მიმართაც ასევე იქცევა. თუ ოდნავ მეტი კერძი ჭამა, მთელი დღე განიცდის, ცოტა რომ მომეტოვებინა, მეორე ჯერზეც მეყოფოდაო. თუ სადმეა წასასვლელი, ორი საათით ადრე გადის სახლიდან და, ქალაქის მეორე ბოლოშიც კი ფეხით მიდის, რომ ავტობუსში ფული არ დაეხარჯოს. იმას ნამდვილად არ იკადრებს, რომ უბილეთოდ იმგზავროს და თავს იმართლებს – ფეხით სიარული ვარჯიში და ჯანმრთელობააო. „მარშრუტკაში“ ბოლოს როდის იჯდა, არ მახსოვს, ტაქსიზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ერთი სიტყვით, რომელი ერთი გითხრათ. ალბათ, მკითხველი გამამტყუნებს და მეტყვის, ასეთი საშინელი თუ არის, რატომ არ გაეყარეო. წლების წინ, ახალგაზრდობაში, გავეყარე კიდეც და ჩემი სახელის ხსენებაც ავუკრძალე, მაგრამ, იმდენი ქნა, ისევ შემირიგა, თან მეფიცებოდა, რომ გამოსწორდებოდა, მაგრამ, კუზიანს სამარეც ვერ გაასწორებსო, ნათქვამია. მეც შევეგუე ჩემს ბედს. ეტყობა, ეს იყო ჩემი ჯვარი.
აქამდე სიძუნწე ხასიათის თვისება მეგონა, ამ ბოლო ხანებში კი დავრწმუნდი, რომ ესაა უმძიმესი ფსიქიკური დაავადება, რომელიც არანაირ მკურნალობას არ ექვემდებარება!
ნელი, 57 წლის.
თურმე დაქალს ვუყვარდი
მერვე თუ მეცხრე კლასში რომ ვიყავი, ახალი მოსწავლე მოგვივიდა და დამრიგებელმა ჩემთან დასვა. ცოტა უცნაური გოგო იყო, ბიჭური მიხვრა-მოხვრით, მაგრამ გარეგნობით არა უშავდა, თან საკმაოდ კომუნიკაბელური იყო, ყველასთან ადვილად დაამყარა ურთიერთობა, განსაკუთრებით კი – ბიჭებთან. გოგოებიდან მე გამომარჩია და დამიდაქალდა. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და საკმაოდ პოპულარული გოგო ვიყავი სკოლაში და ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. ნინოსთან კი ბიჭები ძმაკაცობდნენ. მე ბავშვობიდან ზედმეტად მორიდებული ადამიანი ვიყავი და ნინომ გადაწყვიტა, რომ ასე დავიჩაგრებოდი და ჩემი პირადი მცველის ფუნქცია იკისრა. მკაცრი მამასავით სულ კუდში დამყვებოდა, ყველას ჩემ მაგივრად სცემდა პასუხს და, საბოლოო ჯამში, იმას მიაღწია, რომ ყველა ჩამომაშორა – გოგოებიც და ბიჭებიც. განსაკუთრებით კი იმ ბიჭების მიმართ იყო აგრესიული, ვისაც ოდნავ მაინც მოვწონდი. როცა ვუსაყვედურე, ასე რატომ იქცევი-მეთქი, მპასუხობდა, ამ „შპანასგან“ გიცავო. თავიდან მეგონა, შურდა, მე რომ ბევრ ბიჭს მოვწონდი, მას კი თაყვანისმცემელი არ ჰყავდა და ნელ-ნელა ჩამოვიშორე. აღარ მაინტერესებდა მასთან ურთიერთობა და ბიჭების ლანძღვის მოსმენა, მაგრამ ნინო არ მეშვებოდა. ისე გამიწყალა გული, რომ ერთ დღეს პირდაპირ ვუთხარი, აღარ მინდა შენთან მეგობრობა, დამივიწყე-მეთქი. მან ჯერ ცხარე ცრემლით იტირა, მერე კი მითხრა, შენთან ძალიან სერიოზული სალაპარაკო მაქვსო. მითხარი, რა გინდა-მეთქი, ვუპასუხე. ახლა არა, საღამოს სადმე სკვერში შევხვდეთ, ძალიან ხანგრძლივი და სერიოზული საუბარი მოგვიწევს და მორალურად მზად უნდა იყო, რომ მომისმინო, კარგად გაიაზრო ჩემი სიტყვები და მხოლოდ მერე გამცე პასუხიო.
იმავე საღამოს შევხვდით ვერის პარკში. ნინოს არყის სუნი ასდიოდა. საყვედური რომ ვუთხარი, მითხრა, ასი გრამი გადავკარი, როგორც იტყვიან, მხნეობისთვის, თორემ ფხიზელს ძალა არ მეყოფოდა, ჩემი სათქმელი ბოლომდე მიმეყვანაო. ცოტა არ იყოს, დავიძაბე და შიშმა შემიპყრო. ისიც კი ვიფიქრე, ალბათ, გაგიჟდა-მეთქი და გონებაში პირველად იმ აზრმა გამიელვა, ვის დავურეკო და ვიხმო საშველად-მეთქი. ეტყობა, ნინო მიხვდა, რაც გავიფიქრე და სევდიანი ღიმილით მითხრა:
– ნუ გეშინია, არ გავგიჟებულვარ, მაგრამ რასაც ახლა მოისმენ, შეიძლება, შენ გაგიჟდეო. მერე ძალიან დიდხანს მიყვებოდა რაღაცეებს თავისი ბავშვობის და მოზარდობის წლების შესახებ. კარგა ხანს ვერ ვხვდებოდი, რას ბოდავდა, ბოლოს კი უცებ მომიჭრა, რაც შენს კლასში გადმოვედი, იმ დღიდან მიყვარხარ. ბიჭებიც იმიტომ ჩამოგაშორე და კუდშიც იმიტომ დაგდევდი, რომ უშენოდ სიცოცხლე არ შემეძლო, თანაც ვერ გიმხელდი და ამიტომ ძალიან ვიტანჯებოდი. მთელი ახალგაზრდობის განმავლობაში ერთ ბიჭსაც კი არ უთქვამს ჩემთვის, მომწონხარო, სიყვარულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. თაყვანისმცემლები რომ მყოლოდა, შესაძლოა, ჩემში პატარაობიდანვე ჩასახული ორბუნებოვნება თუ რაღაც ჯანდაბა აღმოფხვრილიყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ბიჭი მეგობარი მყავდა, ერთსაც კი არ დაუნახავს ჩემში ქალი და მეც თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ შინაგანად ქალი არ ვარ-მეთქი. ამიტომ მოგეკედლე, მოგეწებე და გულში ჩემს საკუთრებად დაგსახე. სექსი არ მინდოდა შენთან, ჩემთვის ისიც საკმარისი იყო, შენთვის მეყურებინა, შენ გვერდით ვყოფილიყავი და ხელით შეგხებოდი, თუმცა, ყოველთვის ვიცოდი, რომ შენი თანაგრძნობის იმედი არასდროს არ უნდა მქონოდა. ჩემთან თანდათან რომ შევწყვიტე ურთიერთობა, ძალიან განვიცდიდი. ერთი პერიოდი თავის მოკვლაც კი გადავწყვიტე, მაგრამ საამისოდ ძალა არ მეყო. სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი, აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი და სწორედ ამ დროს გამოჩნდა მამაკაცი, რომელმაც ჩემში ქალი დაინახა, მოვეწონე, შევუყვარდი და ცოლობაც კი მთხოვა. მე ის არ მიყვარს, ისევ შენ მიყვარხარ, მაგრამ დავთანხმდი, რადგან მაინტერესებს, როგორი გრძნობაა, იყო საყვარელი ქალი. იქნებ მომეწონოს ეს როლი და, მეც მეშველოს რამე და შენც გათავისუფლდე ჩემგან. ახლა კი მშვიდობით. ერთ კვირაში ქმართან ერთად შტატებში მივემგზავრები საცხოვრებლად. იმედია, უკან აღარასოდეს დავბრუნდები. მაპატიე, რომ ქორწილში ვერ გპატიჟებ. მშვიდობით... – ამ სიტვებით დამშორდა ნინო და შოკირებული დამტოვა. ძალიან დიდხანს ვიყავი ცუდად. ძლივს გამოვედი შოკიდან. მას შემდეგ კარგა ხანს ახლოს არ ვიკარებდი მეგობრებს – არც გოგონებს, არც ბიჭებს. როდის-როდის გამიარა ამ შიშის მაგვარმა გრძნობამ.
ნინო მას მერე აღარ მინახავს. არც მიკითხავს და არც შემთხვევით გამიგია, სად არის ან როგორ ააწყო თავისი ცხოვრება.
ლიკა, 24 წლის.
ქმარი მღალატობს,
მაგრამ მაინც მიყვარს
ცოლქმრული ღალატი ისეთივე უძველესი და მარადიული თემაა, როგორც, ალბათ, თავად მეძავობა. ღალატი მუდამ და ყველგან თან დაჰყვება ყველას (რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები სიხშირითა და სიმძაფრით), მაგრამ ჯერჯერობით, არავის მოჰბეზრებია ამ თემაზე ლაპარაკი, განსაკუთრებით, თუ სხვას ეხება. მაგრამ ამჯერად, სხვაზე კი არა, საკუთარ ოჯახზე გიამბობთ. თქვენთვის მოწერა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ მოღალატე ქმარზე ღალატითვე ვერ ვიძიე შური და მისი „გულაობისა“ და ორგულობის საქვეყნოდ აფიშირებით გადავწყვიტე, სამაგიერო გადავუხადო. გაყრით კი, მისი მხრიდან არაერთგზის ღალატის მიუხედავად, ვერ გავეყარე, რადგან დღემდე არანორმალურად მიყვარს და მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ. როგორი გაბრაზებული და გულნატკენიც არ უნდა ვიყო, ერთს გამიღიმებს თუ არა, ყველა წყენა მავიწყდება. ისიც სარგებლობს ამით და მოკლევადიანი „ტაიმაუტის“ შემდეგ ისევ ებმევა თავგადასავლებში და არც კი აინტერესებს, მისი ცოლ-შვილი გაიგებს მისი დონჟუანობის შესახებ თუ არა. თუმცა, ცოდვას ვერ ვიტყვი, თავისი კაზანოვური ისტორიების პარალელურად, არაფერს გვაკლებს. და, რაც მთავარია, მის გვერდით ყოველთვის ქალად ვგრძნობ თავს, ბედნიერ, საყვარელ და პატივცემულ ქალად. ეტყობა, მისი საყვარლებიც ამავეს გრძნობენ, რადგან ბუზებივით ეხვევიან.
რას იზამ, ყველას თავისი ნაკლი აქვს, უნაკლო არავინაა დედამიწაზე. ხანდახან მეამაყება კიდეც, რომ ასეთი პოპულარული კაცის ცოლი ვარ. ეს წერილი შურისძიების მუქარით დავიწყე და, საბოლოო ჯამში ქმრის ქება გამომივიდა. აი, ასეთი ტიპია, მასზე ბოლომდე ვერ გაბრაზდები. ეს წერილი რომ წავაკითხო, ხელში ამიყვანს, დამატრიალებს, გულიანად გაიცინებს და მეტყვის, ასეთი რომ ხარ, ყველა ქალისგან მაინც შენთან იმიტომ ვბრუნდებიო.
შეიძლება, ვიღაცამ დამცინოს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ქალების უმრავლესობას გულში ძალიან-ძალიან შეშურდება და ჩემს ადგილზე ყოფნას ინატრებს.
აი, სწორედ ამიტომ ვერ ვშორდები და ამიტომაც არ გამომდის სამაგიეროს გადახდა.
სოფო, 30 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.