საჭიროა თუ არა სიცივეში ავტომობილის გათბობა
საწვავის ეკონომიურობა ზამთრის მოსვლასთან და კომუნალური გადასახადების მომატებასთან ერთად, მთავარი პრობლემაა მძღოლებისთვის. წვის მომატების გარდა, ამ დროს ავტომობილი გაცილებით იოლად ზიანდება, რის მიზეზებზეც პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე ისაუბრებს: მოახლოვდა ზამთრის პერიოდი და დაიწყო ჩივილები იმაზე, რომ ავტომობილებში იმატა წვამ, ბენზინგასამართ სადგურებში არასწორად გვისხამენ ბენზინს და სხვა. თავიდან ერთს ვიტყვი: საწვავი გაძვირდა და 20 ლარად იმდენი საწვავს ვეღარ ვყიდულობთ, რამდენსაც ზაფხულის პერიოდში ვყიდულობდით. არადა, განწყობა ისეთი გვაქვს, რომ 20 ლარად მანქანამ ისევ იმდენ ხანს გვატაროს. მეორე მიზეზი კი უკვე ტექნიკური მხრიდან მოდის – ზამთარში, სიცივეში, ავტომობილი იმაზე გაცილებით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე ზაფხულში. მით უმეტეს, წვის მომატება შესამჩნევია, თუ ჩვენ მოკლე მანძილებზე გადაადგილება ან ერთი ადგილიდან მეორე ადგილას მისვლამდე მოკლე-მოკლე პაუზები, ბევრჯერ გაჩერება და დაძვრა გვიწევს: როცა დილით გამოვდივართ სახლიდან და მივდივართ სამსახურში, ავტომობილი გარკვეულ დროს ანდომებს გათბობას, გახურებას და მერე მიდის წვის ჩვეულებრივ რეჟიმამდე. სანამ სამსახურამდე მივალთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დედაქალაქიც პატარაა, ქალაქებშიც და რაიონულ ცენტრებშიც სამსახურების ძირითადი რაოდენობა ცენტრშია თავმოყრილი, შესაძლოა, ავტომობილმა გათბობა ვერც მოასწროს და, შესაბამისად, მუშაობს ცივ, ეგრეთ წოდებულ „პადსოსის” რეჟიმში, როგორც მას ადრე უწოდებდნენ. კომპიუტერმა იცის, რომ ძრავა ცივია და სისტემას ნაკლებ ჰაერსა და მეტ საწვავს აწვდის, რათა არ დაკარგოს სიმძლავრე. ამ წუთებში ის ძალიან ბევრ საწვავს მოიხმარს. სანამ სამსახურიდან გამოვალთ, ავტომობილი ისევ ბოლომდე ცივდება და სახლში დაბრუნებამდე თავიდან იწყებს გათბობას. საერთო ჯამში, ეს საწვავის საგრძნობად მეტ ხარჯვას იწვევს. თუ ჩვენ მოგვიწია რაიონიდან ქალაქში (ან პირიქით) მგზავრობა, წვა არავითარ შემთხვევაში არ მოიმატებს, პირიქით, იმაზე ნაკლებს დაწვავს, ვიდრე სიცხეში მგზავრობის დროს. გარედან შემოსულ ცივ ჰაერს მეტი ფეთქების ენერგია აქვს, ძრავაში მეტი ჰაერი ჩადის და ნაკლებ საწვავს მოიხმარს. მთავარია, კომპიუტერმა იცოდეს, რომ ძრავა თბილია, ჩაფრქვევის სისტემას სწორი ინფორმაცია და, შესაბამისად, ჰაერისა და საწვავის სწორი ნაზავი მიაწოდოს. იმის თქმა მინდა, რომ, მხოლოდ ცივ ძრავაზე წვავს სიცივეში მეტ საწვავს, გრძელ მანძილზე კი – პირიქით, ზამთრის პერიოდში უფრო ნაკლებ საწვავს მოიხმარს, ვიდრე მაშინ, როდესაც იქ ცხელი ჰაერი ჩადის. თუ ზაფხულში ასი კოლომეტრ-საათი სიჩქარით მოძრაობისას ასი კილომეტრის გავლას ათი ლიტრი საწვავი სჭირდებოდა, ზამთარში ცხრა ლიტრი დასჭირდება.
– ჩემი ავტომობილი ათ ლიტრს წვავს, ახალ დაქოქილზე კი წვა ოც ლიტრს მიჩვენებს.
– ასეა. მაგრამ, ნელ-ნელა, ძრავის გათბობასთან ერთად, წვა ქვემოთ იწევს. თუმცა, თუ მოკლე მანძილებზე გადაადგილდებით, წვა ქვევით წამოსვლას ვერ ახერხებს. იგივე ხდება ძველ ავტომობილებზეც. თუ ახლებზე „პადსოსს” კომპიუტერი აკეთებს, ძველ ავტომობილებზე ეს ხელით, მექანიკურად ხდება.
– ადგილზე გათბობა იმოქმედებს წვაზე?
– კიდევ უფრო დაუმატებს წვას. არასწორია ადგილზე გათბობა, რადგან, გაჩერებული ავტომობილი კიდევ უფრო მეტ საწვავს მოიხმარს. მძღოლები ამბობენ, ზეთს ვათბობო. ზეთი სისტემას სრულად მოიცავს, ყველაზე ცუდი ხარისხის ზეთის პირობებშიც კი, დაქოქვიდან მაქსიმუმ ხუთ წამში. კარგი ზეთის პირობებში კი ერთი წამიც არ უნდა. თუ „პადსოსით” არის, „პადსოსით” დაძრავთ, სხვა შემთხვევაში კი კომპიუტერი აკეთებს ამას. ძველ მოდელებზე იმდენად არაზუსტია ხელით „პადსოსი”, რომ, შეიძლება, „ჯიკაობით”, „ცემინებით” წავიდეს, მაგრამ ეს ზეთის გათბობისა და მსგავსი მოვლენების ბრალი არ არის. დაქოქეთ, დაიძარით და ძრავაც გზაში გათბება.