მწვანე კუთხე
კითხვა: როგორ პირობებში გავახარო აბუტილონი?
პასუხი: აბუტილონი კარგად ხარობს გრილსა და ნათელ გარემოში. მცენარე ყვავის ზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე, ზარის ფორმის შინდისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი ან ვარდისფერი მოზრდილი ყვავილებით. ზოგიერთი აბუტილონი ჭრელია, სიჭრელეს კი ერთგვარი ვირუსი იწვევს, მაგრამ, თქვენ არ შეშინდეთ, ეს მცენარეს არც ზრდაში უშლის ხელს და არც სხვა მცენარეებზე გადადის იოლად. სითბოში აბუტილონი მთელი წლის განმავლობაში იზრდება. არ მოაკლოთ სინათლე და სითბო, თორემ, დასუსტდება და ფერს დაკარგავს. აბუტილონს მზის შუქი უყვარს. ფესვები მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს, რომ ფოთლები არ დაეწვას. მისთვის იდეალურია 16-20 გრადუსი ტემპერატურა, ზამთარში კი ნაკლებ სითბოსაც იოლად აიტანს. ზამთარში მცენარეს მორწყვიდან მორწყვამდე გაშრობა აცადეთ. აქტიური ზრდის პერიოდში ნიადაგი გაანოყიერეთ ორ კვირაში ერთხელ, თხევადი ბალანსირებული სასუქით. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. თუ გსურთ, რომ მცენარე ძალიან არ გაიზარდოს, შეგიძლიათ, გაზაფხულზე გასხლათ.
კითხვა: როდის იწყებს პლუმბაგო ყვავილობას?
პასუხი: მას ღია მწვანე ფერის ფოთლები და იისფერი, გადაშლილი ყვავილედები აქვს. ის ყვავის მთელი ზაფხულის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, თუ გრძელ ღეროებს ზაფხულში შეაჭრით, ნაკლებად იყვავილებს, ამიტომ, ადრიან გაზაფხულზე გასხალით. უყვარს კაშკაშა სინათლე. მზის გულზე ყოფნასაც აიტანს, თუ ფესვები ტენიანი ექნება. ზამთარში მცენარეს სინათლე და სითბო არ მოაკლოთ. ზამთრობით მას დაახლოებით 10 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება. ზაფხულში მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს, ზამთარში კი დასვენების პერიოდი აქვს და იშვიათად მორწყეთ. პლუმბაგოს კარგად გახარებისთვის საჭიროა ოთახში დიდი სივრცე, რათა თავი ვიწროდ არ იგრძნოს. თუ ზამთრის ბაღი გაქვთ, მისთვის ეს საუკეთესო ადგილია და, გირჩევთ, სწორედ ზამთრის ბაღში გაზარდოთ. გასხვლისას გახსოვდეთ, რომ გახევებული ტოტები უნდა დაუტოვოთ, რათა ახალი საყვავილე ღეროები განუვითარდეს.
კითხვა: როდის აქვს ფინიკის პალმას აქტიური ზრდის პერიოდი და როგორ მოვუარო მას ამ დროს?
პასუხი: ფინიკის პალმას აქტიური ზრდის პერიოდი აქვს ზაფხულში. ამიტომ, ზაფხულის თვეებში უხვად მორწყეთ, ზამთარში კი წყალი შეუმცირეთ. წელიწადის ამ დროს მიწა მხოლოდ ტენიანი უნდა იყოს. ზაფხულში რეგულარული მორწყვა ფოთლებს მუქ მწვანე ფერს შეუნარჩუნებს. ამყოფეთ 24 გრადუსამდე ტემპერატურაზე და დადგით კარგად განათებულ ადგილას.