ვეტერინარის რჩევები
კითხვა: სახლში პატარა ლეკვი მოვიყვანეთ, მაგრამ, ჩემი შვილი კეთილგანწყობილი არ არის მის მიმართ. არადა, 3 წლის ბავშვია და მის ასაკში ცხოველები, როგორც წესი, უყვართ ბავშვებს. რას მირჩევთ?
პასუხი: სხვათა შორის, ბავშვებს 3-4 წლის ასაკში უყალიბდებათ აგრესია ცხოველების მიმართ. ამიტომ თქვენი შვილის განწყობა ძაღლის მიმართ სულაც არ არის გასაკვირი. ჩემი რჩევაა, თუ ასე გაგრძელდა, ბავშვი და ძაღლი ერთად, მეთვალყურეობის გარეშე, არ დატოვოთ. ამით თავიდან აირიდებთ არასასიამოვნო შემთხვევას. ხშირად ბავშვები ურტყამენ ცხოველს, ითრევენ კუდით. ამ დროს კი ცხოველი, თავდაცვის მიზნით, შეიძლება, თავს დაესხას ბავშვს. ამიტომ, მოცემულ მომენტში საჭიროა, ბავშვს აუხსნათ და დაარიგოთ, რომ ასეთი მოქცევა არ შეიძლება და უცილებელია, მიაჩვიოთ მას. აუხსენით ისიც, რომ ძაღლთან კონტაქტისა და თამაშის შემდეგ მან აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები.
კითხვა: ჩემს ძაღლს ბრონქიტი აწუხებს. ვუმკურნალეთ, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც არ მორჩა ბოლომდე. მაინტერესებს, ეს სხვა რამეში ხომ არ გადაიზრდება?
პასუხი: ზეპირად ამის თქმა ცოტა რთულია, უმჯობესია, მიმართოთ ვეტერინარს, რომელიც დაადგენს ზუსტ დიაგნოზს. ზოგადად კი გეტყვით, რომ, სასუნთქი სისტემის ანთებითი პროცესების, კერძოდ, ბრონქიტებისა და პნევმონიების დროს, ვითარდება შემდეგი სახის კლინიკური ნიშნები: ცხოველი მოწყენილია, ნაკლებად მოძრაობს, არ იღებს საკვებს, კანკალებს, ზოგადი ტემპერატურა მომატებულია, აღენიშნება ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი, აქვს ხველა.
კითხვა: ძალიან მინდა პეკინესის ყიდვა. მაინტერესებს პეკინესის ჯიშის ძაღლები ავები ხომ არ არიან?
პასუხი: თუ პეკინესის ასაყვანად მზად არ ხართ, მაშინ, არ გირჩევთ მის შეძენას, რადგან პეკინესი ძალიან გულადი და ავი ძაღლია. მას თავი ყველაზე დიდი და ძლიერი ჰგონია. ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ვასეირნებთ. მათ არ იციან მორიდება დიდი ძაღლების მიმართ, შიშის გრძნობა არ აქვთ. ამიტომ, თუ პატრონმა ყურადღება მოადუნა და არ გაითვალისწინა, სად ასეირნებს ძაღლს და თავისუფლად გაუშვა იქ, სადაც დიდი ძაღლები არიან, შეიძლება, პროვოკატორი და შემდეგ მსხვერპლიც სწორედ პეკინესი აღმოჩნდეს.