რას აღნიშნავს სალომე ჭულუხაძე მეუღლესთან ერთად ყოველ 15 რიცხვში და სად იპოვა მან მეორე ნახევარი
სერიალ „შუა ქალაქის“ ახალი სეზონი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო და მაყურებელიც დიდი ინტერესით ელის მოვლენების განვითარებას. მაგალითად, სალომეს და სანდროს ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ და ძალიან გაუხარდათ მათი ურთიერთობის მოგვარება. თუმცა, სალომე ჭულუხაძის ცხოვრებაში მთავარი სიახლე ის არის, რომ მან მეორე ნახევარი რეალურად იპოვა და ცოტა ხნის წინ წყვილმა ჯვარი დაიწერა. მისი რჩეული პროფესიით ჟურნალისტი, ლაშა ნიკორაშვილია. სხვათა შორის, როგორც გავიგეთ, ნეფე-პატარძალმა ჯვრისწერაზე, არც მეტი არც ნაკლები, ერთი საათით დაიგვიანა.
სალომე ჭულუხაძე: მე და ლაშა ორი წელი შეყვარებულები ვიყავით, ახლახან კი დაქორწინება გადავწყვიტეთ.
– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა და სად გაიცანით ერთმანეთი?
– ლაშას ადრეც ვიცნობდი, მაგრამ ორი წლის წინ, მეგობრები ჯგუფელის აგარაკზე ვიყავით წასულები ახატანში და მაშინ უფრო კარგად გავიცანი.
– მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა თქვენი შეყვარებულობის პერიოდი, ადვილად გადაწყვიტეთ დაოჯახება?
– ვფიქრობ, 2 წელზე მეტი გაჭიანურება საჭირო აღარ იყო. სექტემბრის ბოლოს საცხოვრებლად ცალკე გადასვლას ვფიქრობდით და განვახორციელეთ კიდეც.
– მარტო ცხოვრობთ?
– კი.
– როგორია ოჯახური ცხოვრება?
– ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. განსხვავება ის არის, რომ ერთად უფრო დიდ დროს ვატარებთ, ერთად ვიძინებთ, ერთად ვიღვიძებთ. საღამოობით სახლში აღარ მაცილებს.
– როგორი მეუღლე ხარ?
– ვცდილობ, რომ კარგი მეუღლე ვიყო და ალბათ ვახერხებ კიდეც ამას.
– ლაშა როგორი მეუღლეა?
– ძალიან კარგი.
– ძალიან დაკავებული ხარ, განსაკუთრებით გადატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვს, კვირაში სამი დღე. ეს თუ მოქმედებს მასზე?
– ალბათ, მოქმედებს, რადგან კვირაში სამი დღე ისე გვიან მოვდივარ, შეიძლება ითქვას, სახლში არც ვარ. მოქმედებს იმ თვალსაზრისით, რომ სახლში მარტო არ უნდა ყოფნა, მეტი არაფერი.
– ის ფაქტი როგორ მოქმედებს მასზე, რომ ძალიან პოპულარული გოგო მოიყვანა ცოლად?
– არანაირად. ეს ჩემზეც არ მოქმედებს და ლაშაზე – მით უმეტეს. ერთადერთი, მაშინ იგრძნობა ჩემი პოპულარობა, როცა ქუჩაში გავდივართ და უცნობი ადამიანები სახელით მომმართავენ.
– დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, სერიალშიც აეწყო ნანატრი ურთიერთობა სალომეს.
– პირად ცხოვრებაში უფრო ადვილად მოხდა ყველაფერი, რადგან ორივეს გვიყვარს ერთმანეთი. სერიალში კი სანდროს არ ვუყვარდი, მაგრამ ბოლოს მაინც შემიყვარა. ბევრს გაუხარდა, აუ, სალომე რა კარგია, ძლივს შეგამჩნია სანდრომო და ასე შემდეგ.
– „შუა ქალაქში“ საკმაოდ ემოციურ, დაბნეულ შეყვარებულ გოგონას განასახიერებ. ცხოვრებაში როგორი ხარ?
– რადიკალურად განსხვავებული ვარ. სალომესავით ბრმად შეყვარებული ნამდვილად არ ვყოფილვარ ისეთ ბიჭზე, რომელიც ყურადღებას არ მაქცევს. ასეთი რამ ცხოვრებაში არ დამმართნია და აღარც დამემართება.
– მართალია, შენი მეუღლე ინტერვიუს ესწრება, მაგრამ საუბარზე ვერ დავიყოლიეთ. დაგვიხასიათე, როგორია შენი რჩეული?
– ლაშას ყველაზე დიდი პლუსია ის, რომ, ძალიან ყურადღებიანია და ძალიან ვუყვარვარ. მეტს ჩემთვის არაფერს არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ის მართლა ჩემი ნახევარია.
– ის აზრი, რომ მამაკაცები, რომლებსაც მსახიობი მეუღლეები ჰყავთ, ეჭვიანები არიან, შენს შემთხვევაშიც ამართლებს?
– არა. ჩემი პროფესია – ჩემი პროფესიაა, მორჩა. ლაშამ რომ გამიცნო, ეს პროფესია უკვე არჩეული მქონდა. ამიტომ, რადგან შევუყვარდი ესე იგი, აწყობს ჩემი პროფესია და მოვწონვარ როგორც მსახიობი.
– შენ რა მოგწონს მასში?
– რა ვიცი, ყველაფერი მომწონს... გარეგნობითაც ძალიან მომწონს, ასევე ის, რომ არანაირ პრობლემას არ მიქმნის საქმეში. ძალიან არ მიყვარს, ჩემს პროფესიას რომ ვინმე, ან რამე ეხება, რადგან ეს ჩემი ცხოვრებაა.
– როცა ლაშა პირველად ნახე, მაშინ თუ მიხვდი, რომ ეს სწორედ ის ბიჭი შეიძლება ყოფილიყო, რომელსაც საკუთარ ცხოვრებას დაუკავშირებდი?
– ჩემსა და ლაშას შორის სიყვარულზე ჩამოვარდა ლაპარაკი. იმ დროს, თურმე, ორივეს გაგვიფიქრია: ეჰ, ნეტავ, შენ იყო ჩემი შეყვარებული... თურმე რაღაც არსებობს.
– მალევე გაერკვიეთ თქვენს გრძნობებში?
– აგარაკზე რომ წავედით მეგობრებთან ერთად დასასვენებლად, მალევე გაირკვა, რადგან 24 საათი ერთად ვატარებდით დროს. ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება, ყველანაირად კარგი იყო.
– ერთმანეთს თუ უწყობთ სიურპრიზებს?
– გონიოდან ისე ჩამოვედი თბილისში ლაშას არ ვუთხარი. ტელეფონზე ველაპარაკებოდი და თან მის ეზოში ვიდექი. ერთხელ მე გავედი ჩემს ეზოში და ლაშა კართან ყვავილებით დამხვდა.
– ოჯახი თუ ელოდა თქვენს შეუღლებას?
– არა. იცოდნენ, რომ მე და ლაშა ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ როდის გადავწყვეტდით დაოჯახებას, არ იცოდნენ. ამიტომ, ჯერ არ ელოდნენ და გაუკვირდათ.
– გაიპარეთ?
– ალბათ, გაპარვა ჰქვია. ბინა ვნახეთ, გადმოვედით და მერე ვუთხარით ყველას, რომ ჩვენ ერთად ვართ.
– მაინც ყველამ ყველაფერი იცოდა. რატომ არ უთხარით ოჯახის წევრებს?
– რა ვიცი. მიუხედავად ყველაფრისა, რაღაც რომ მეთქვა, დაიწყებოდა, იქნებ ცოტა მოიცადოთ და ასე შემდეგ. როგორც მშობლებმა იციან, ხოლმე. ამიტომ, გადავწყვიტეთ წინასწარ არ გვეთქვა არაფერი.
– როგორ იწყება ოჯახური დღე?
– ვიღვიძებთ. ლაშა ინსტიტუტში მიდის, მე გადაღებაზე, ან სხვა საქმეზე. ორივე დაკავებული ვართ.
– განსხვავებული პროფესიის ადამიანები ხართ...
– მაინცდამაინც ერთი პროფესიის უნდა იყოს ორი ადამიანი, ერთმანეთს კარგად რომ გაუგოს?! ძალიან მიხარია, რომ ლაშა მსახიობი არ არის. რატომღაც არასდროს მინდოდა ჩემი ქმარიც მსახიობი ყოფილიყო. სხვა პროფესიის მერჩივნა.
– შენს სპექტაკლებზე თუ დადის?
– რა თქმა უნდა.
– ხელი მოაწერეთ?
– არა, 29 ოქტომბერს ჯვარი კარის ეკლესიაში დავიწერეთ. ხელის მოწერას ზაფხულისთვის ვგეგმავთ.
– თითქმის ყველა წყვილს აქვს რაღაც კონკრეტული თარიღი, რომელსაც აღნიშნავენ. შენ და ლაშას?
– ჩვენ 15 გვაქვს.
– რის აღსანიშნავად?
– მე და ლაშა 15 რიცხვში გავხდით შეყვარებულები. ორი წლის განმავლობაში ერთი თვეც არ გასულა ისე, რომ 15 რიცხვი არ მიგველოცა ერთმანეთისთვის.