მასაჟი – მეორე სუნთქვა კანისა და სხეულისთვის
მომქანცველი დღის შემდეგ ცოტა დრო გვრჩება იმისთვის, რომ თავს მოვუაროთ, ან, სულაც, ცოტა ხნით მარტო დავრჩეთ საკუთარ თავთან, დავისვენოთ და მოვდუნდეთ, რადგან მეორე დილით იგივე განმეორდება: სამსახური, შეხვედრები, ვიზიტები... არადა, აუცილებელია (სურვილს რომ თავი დავანებოთ), მხნედ და ლამაზად გამოვიყურებოდეთ. ამიტომ, სხვა გზა არ არის, უნდა შევიწუხოთ თავი და ყველაზე გამოცდილ ხერხს – მასაჟს მივმართოთ. ამისთვის, რა თქმა უნდა, დამხმარე დაგვჭირდება – (ოჯახის წევრი ან მეგობარი), ან, თუ ამის საშუალება გვაქვს, შეგვიძლია, თავად კი არ წავიდეთ სალონში, არამედ, მასაჟისტი სახლში გამოვიძახოთ, მაგრამ, აუცილებელია, ვიცოდეთ, რომელი მასაჟი გვჭირდება კონკრეტულ შემთხვევაში.
გაგაცნობთ მასაჟების ყველაზე პოპულარულ სახეობებს:
რელაქს-მასაჟი
აქვს სასიამოვნოდ მომადუნებელი ეფექტი. კეთდება მთელ სხეულზე ან მის ცალკეულ ნაწილებზე: თავზე, კისერზე, სახეზე, ზურგზე, ხელის მტევნებსა და ტერფებზე.
არომამასაჟი
ესაა მასაჟი არომათერაპიის თანხლებით. გამოიყენება ბუნებრივი ეთერზეთები, რომლებიც აახალგაზრდავებს ორგანიზმს და ხელს უწყობს წონაში დაკლებას, კარგი გუნება-განწყობის შექმნასა და, ზოგადად, გაჯანსაღებას.
წერტილოვანი მასაჟი
კეთდება ორგანიზმის ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე. შესაძლებელია, გაკეთდეს თავზე, სახეზე, ხელის მტევნებსა და ტერფებზე.
სთოუნ-თერაპია
ესაა მასაჟი ქვებით. გაცხელებული ქვებით გაკეთებული მასაჟი ადუნებს დაღლილ და დაჭიმულ კუნთებს და იწვევს დასვენების სასიამოვნო შეგრძნებას; ცივი ქვებით ჩატარებული მასაჟი კი ამაღლებს კუნთების ტონუსს და ამდიდრებს კანს ჟანგბადით. ცივი და ცხელი ქვებით მასაჟის მონაცვლეობით გაკეთება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
სპორტული მასაჟი
მოსწონთ და სჭირდებათ მათ, ვისაც უყვარს ფიზიკური ვარჯიშები, ან, ვინც, უბრალოდ, აქტიურია. ასეთი მასაჟი აუმჯობესებს კუნთების გამძლეობას და ამცირებს ტრავმების ალბათობას.
სახის მასაჟი
სჭირდება პრაქტიკულად ყველას, განსაკუთრებით კი ქალბატონებს, ვინც 30 წელს გადააბიჯა და განსაკუთრებით დატვირთული დღის რეჟიმი აქვს.
არსებობს სახის მასაჟის რამდენიმე სახეობა: კლასიკური, კოსმეტიკური, პლასტიკური, წერტილოვანი და, მასაჟი, რომელიც მსუბუქი ჩქმეტებით კეთდება. საუკეთესო ვარიანტია მათი კომპლექსურად ჩატარება, ოღონდ, აუცილებლად სპეციალისტის მიერ.
წარმატებებს გისურვებთ!