როგორ იცეკვა 20 წლის ანა ალბუთაშვილმა ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის პრესტიჟულ დარბაზებში ნინო ანანიაშვილთან ერთად წამყვანი პარტია და რა იყო მისთვის ყველაზე დიდი შოკი
სულ ცოტა ხნის წინ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკაში იმყოფებოდა. მათმა სპექტაკლებმა ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის ძალიან პრესტიჟულ თეატრებში დიდი წარმატებით ჩაიარა. ახლო მომავალში დასს ძალიან ბევრი გეგმა და სიახლე აქვს. რაც მთავარია, ის მაყურებლისთვის კიდევ ბევრი სიამოვნების მინიჭებას აპირებს.
ანა ალბუთაშვილი (დასის მოცეკვავე): როგორც დასისთვის, ჩემთვისაც, ეს გასტროლი ძალიან საპასუხისმგებლო იყო, რადგან, ორი სეზონია, რაც დასთან ერთად ვცეკვავ და ჩემთვის პირველი შემთხვევა იყო, როდესაც წამყვან სოლისტებთან ერთად ვიყავი გასტროლზე. შესაბამისად, უფრო მეტად ვიყავი მობილიზებული, უფრო მეტად ვნერვიულობდი. ვიცეკვეთ პრესტიჟულ „ლინკოლნ ცენტრში“. როგორც იცით, იქ არის ძალიან ცნობილი თეატრები, მათ შორის, „მეტროპოლიტენ ოპერა“ და სწორედ მის გვერდით მდებარეობს „ევრი ფიშერ ჰოლი“, სადაც შედგა ჩვენი სპექტაკლები. გვქონდა წარმოდგენილი სამი ერთაქტიანი ბალეტი ალექსეი რატმანსკის ქორეოგრაფიით. პირველი იყო „მანიერიზმის მშვენიერებანი“, რომელშიც წამყვან პარტიებს ასრულებდნენ ვასილ ახმეტელი, ლალი კანდელაკი და ჩვენი უცხოელი თანამშრომელი, რომელიც, ასევე, დასში ცეკვავს – ულიამ პრატი. მეორე მოქმედება იყო ბიზეს „ვარიაციები“, რომლის ქორეოგრაფი, ასევე, არის ალექსეი რატმანსკი და ვიცეკვეთ მე და ჩემმა თანაკლასელმა ეკატერინე სურმავამ. ჩვენი პარტნიორები იყვნენ დათო ანანიაშვილი და ოთო ხელაშვილი, ასევე, იყო მესამე წამყვანი წყვილი – ანა მურადელი და ვასილ ახმეტელი. „ვარიაციები“ არ არის მთლად ჩარჩოებში ჩასმული კლასიკა, მასში გადმოცემულია სამი წყვილის განსხვავებული ისტორია. ძალიან სასიამოვნო შესასრულებელია, თან, ქალბატონი ნინო გვიტარებდა რეპეტიციებს და, ალბათ, ყველა ბალერინას ოცნებაა, მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ქალბატონ ნინოსთან იმუშაოს. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ქალბატონი ნინო საქართველოშია და ჩვენი დასის ხელმძღვანელია. პირადად ჩემთვის მასთან რეპეტიცია, ყოველი წუთი და წამი დღესასწაულია, რადგან მისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ.
– როგორია ქალბატონი ნინო მუშაობის პროცესში?
– ჩემთვის ის ძალიან დიდი ბალერინაა, მაგრამ, ურთიერთობაში იმ ზღვარს, რომელიც მის მიმართ გაქვს, თვითონ შლის, ისე გვექცევა როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ყველაფერს მარტივად, გასაგებად გიხსნის. არ ვიცი, როგორ, ჯადოსნობაა ეს თუ რა არის, მაგრამ, ამის მერე ყველაფერი გამოგდის; რაც მანამდე რთულად გეჩვენებოდა, იმას მარტივად ძლევ და, რაც მთავარია, ცეკვა ძალიან სასიამოვნო ხდება. რა თქმა უნდა, ამის მიღმა ძალიან ბევრი რამ არის: ტკივილი, ტრავმები, ყველაფერი ეს ფარდის უკან რჩება და მაყურებელი მხოლოდ სიამოვნებას იღებს, მაგრამ, ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც თავად მოცეკვავე იღებს სიამოვნებას.
– როგორია ნინო ანანიაშვილი გასტროლებზე?
– ძალიან თბილი და უშუალო ადამიანია. ის მომენტი, რომ ნინო ანანიაშვილია, რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება, რადგან ის ჩემთვის ცოცხალი ლეგენდაა, მაგრამ, თავად ძალიან უშუალოა, შეუძლია იხუმროს, გვაცინებს ხოლმე. ძალიან სამართლიანია და მასთან რეპეტიცია სასიამოვნოა: არასდროს იძაბები, არ გეშინია, სულ ახალ რაღაცეებს გვაჩვენებს.
– ამერიკის თემას დავუბრუნდეთ. გავიგე, რომ თქვენმა სპექტაკლებმა, როგორც ყოველთვის, ახლაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
– „ევრი ფიშერ ჰოლი“ არის ულამაზესი დარბაზი, სადაც 2 000 კაცზე მეტი ეტევა. იქ ძალიან ცნობილი საბალეტო დასები ცეკვავდნენ, საოცრად პრესტიჟული ადგილია. ჩვენ რამდენიმე თვით ადრე გავიგეთ ამის შესახებ და ეს ჩემთვის შოკი იყო, არ მეგონა, ასეთ გასტროლზე თუ მოვხვდებოდით. ეს, ალბათ, გამართლებაც არის და ღვთის საჩუქარიც – ესე იგი, გენდობიან და შენი სჯერათ. მანამდე ბაქოში გვქონდა ერთკვირიანი გასტროლი – ვიცეკვეთ სპექტაკლი „სიზმრები იაპონიაზე“, სადაც ქალბატონი ნინო ასრულებს წამყვან პარტიას, ასევე, ცეკვავს ლალი კანდელაკი და მესამე ვიყავი მე – ეს იყო ჩემთვის სასწაული. ამერიკაშიც ვიცეკვეთ ეს სპექტაკლი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, ხალხის ემოცია განსაკუთრებული იყო. იქ ნინო ანანიაშვილი ძალიან უყვართ. ABT-ში მაყურებელს დიდი ნოსტალგია ჰქონდა და, რომ გაიგეს, ჩამოდიოდა, დარბაზი გადაჭედილი იყო, ერთი ადგილიც არ იყო დარჩენილი. აპლოდისმენტები არ ჩერდებოდა. რამდენჯერმე გამოვედით „ბისზე“, საოცარი შეძახილები ისმოდა: „Nino, we love you!“. ძალიან დიდი სითბო გამოამჟღავნეს არა მხოლოდ ქალბატონი ნინოს, არამედ, დასის მიმართაც. თან, ქალბატონმა ნინომ ბოლოს სიმბოლურად საქართველოს დროშა გამოიტანა, რასაც საოცარი აპლოდისმენტები მოჰყვა. ყველაფერი ხომ საქართველოს სახელია – დასის სიძლიერეც და ისიც, რომ ჩვენ ვიზრდებით და ასეთ ასპარეზზე გავდივართ. რეპეტიციები ABT- სტუდიაში გვქონდა, ეს ჩემთვის შოკი იყო, რადგან ასეთ საოცარ თეატრში, დარბაზში მოვხვდით. როგორც იცით, ქალბატონი ნინო აქ ცეკვავდა და გვაჩვენა, სად იჯდა, ეწყო მისი ნივთები. რომ ხედავ წარწერებს, სადაც ცნობილი მოცეკვავეების სახელები წერია და შენც იქ ხარ, იქ ზიხარ, რეპეტიციობ, ეს საოცარი რამეა, დიდ სტიმულს გაძლევს. ქალბატონ ნინოს ისეთი მაყურებელი ჰყავს, სხვა შტატში რომ ცეკვავდეს, ბილეთს აიღებს და პირდაპირ აეროპორტიდან მოვა. რამდენჯერ გვინახავს, დაინახავენ ქუჩაში უცხო ადამიანები ნინო ანანიაშვილს, გააჩერებენ და ემოციებით ესაუბრებიან. ეს ამერიკაში არც გამკვირვებია, რადგან მე იაპონიაში ისეთი რამ ვნახე... ამერიკელები სპექტაკლის შემდეგ მოდიოდნენ, გვილოცავდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ დიდი სიამოვნება მიიღეს და ეს ჩვენთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა. წარმატებული გასტროლი გვქონდა, დიდი გამოცდილება მივიღე და სასიამოვნო მოგონებები დამრჩა, რაც მთელი ცხოვრება გამყვება.
– რა ნახე იაპონიაში?
– პირველად ვიყავი იაპონიაში ასეთ დიდ გასტროლზე. გამოვედი სპექტაკლის შემდეგ და ვხედავ: ორივე მხარეს სამ კილომეტრზე ხალხი დგას, შუაში კი დერეფანია გაკეთებული. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, ვკითხე მოცეკვავეებს და მათ ამიხსნეს – თურმე, ქალბატონი ნინოს გამოსვლას ელოდებოდნენ, რომ ერთი ხელმოწერა მიეღოთ და ტაშით გაეცილებინათ. ქალბატონი ნინო ყოველთვის მიდის ხალხთან, თავად ისიც გვითხრა: როდესაც გვიან ვამთავრებ სპექტაკლს, ყოველთვის ვაფრთხილებ ხალხს, ნუ დამელოდებით, გვიანი იქნებაო, მაგრამ, მაინც მელოდებიანო. იაპონიაში ათი სპექტაკლი გვქონდა და ყველა სპექტაკლზე სავსე იყო დარბაზი, ქალბატონ ნინოს „ბისზე“ იძახებდნენ ოთხჯერ, ხუთჯერ, ექვსჯერ, შვიდჯერ... ნიუ-იორკშიც, როდესაც „მომაკვდავი გედი“ შეასრულა, ისეთი აპლოდისმენტები იყო, არ ჩერდებოდა ტაში და, უბრალოდ, ვეღარ გავაგრძელებდით სპექტაკლს. ქალბატონმა ნინომ კიდევ ერთხელ გაიმეორა და ამით მაყურებელს ორმაგი სიამოვნება მიანიჭა.
– სულ რამდენი სპექტაკლი იცეკვეთ?
– ერთი გვქონდა ნიუ-იორკში, მეორე – ვაშინგტონში „ვაშინგტონ უნივერსითი ჰოლში“, ძალიან პრესტიჟულ სცენაზე და იქაც იმავე პროგრამით გამოვედით, რითაც ნიუ-იორკში. ყველაფერმა ძალიან წარმატებულად ჩაიარა, მაყურებელმაც დიდი სიყვარულით მიგვიღო. სხვათა შორის, როდესაც ნიუ-იორკში ჩავედით, საქართველოს საელჩომ არაჩვეულებრივი დახვედრა მოგვიწყო, სადაც იყო ქართული სიმღერები, ღვინო, საჭმელები...
– როგორ აღნიშნეთ წარმატება?
– წარმატებას ყოველთვის აღვნიშნავთ – სადმე მივდივართ. მაგრამ, თუ გვიან მთავრდება, მაშინ, ნომერში ვიკრიბებით, ვსვამთ კიდეც და ვერთობით.
– როდის დაიწყე ცეკვა?
– ოთხი წელი დავდიოდი ფიგურულ სრიალზე. სერიოზულად ვვარჯიშობდი, ჩემპიონი ვიყავი იუნიორებში და არც მიფიქრია ბალეტზე. მაგრამ, მოხდა ისე, რომ ყინული გადნა, ანუ, პრობლემები შეიქმნა და ჩემს, მშობლებს უთხრეს, მოსკოვში წაიყვანეთ, იქ გააგრძელოს კარიერა, აქ აღარაფერი გამოვაო. ჩემებს არ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა და, რადგან ძალიან აქტიური და ენერგიული ვიყავი, ფიქრობდნენ, სად შეიძლებოდა ჩემი შეყვანა. ფიგურულ სრიალზე დადიოდა ირმა ნიორაძის დისშვილი, მარიამ უგრეხელიძე და მისმა დედამ ჩემი ერთ-ერთი ნომრის შესრულების ნახვის შემდეგ დედაჩემს უთხრა: იქნებ, მოიყვანოთ ბალეტზე, ახლა მისაღები გამოცდებიაო. მოხდა ისე, რომ მოვხვდი სასწავლებელში. მეორე კლასში ვიყავი, როდესაც „დონ კიხოტში“ სასწავლებლის ბავშვებმა ოპერის თეატრის დასთან ერთად მივიღეთ მონაწილეობა. ნინო ანანიაშვილის გასტროლი იყო, მაშინ ჯერ არ ხელმძღვანელობდა დასს. ჩამოვიდა თბილისში და მასთან მომიწია პირველად სცენაზე ცეკვა. ისეთი გაოცებული ვიყავი, პირველად ვნახე, როგორ ცეკვავდა ნინო ანანიაშვილი სცენაზე. ქალბატონი ნინო სცენაზე ირგვლივ ყველა ბალერინას გრძნობს, ყველასთან აქვს ურთიერთობა. გავიდა წლები, ქალბატონი ნინო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. მოდიოდა სასწავლებელში, ესწრებოდა გაკვეთილებს, რაღაცეებს გვასწავლიდა. მესამე კურსზე, გამოსაშვებ საღამოზე, ვიცეკვე „კონკია“ და „ზაფხულის ღამის სიზმარი“. რა თქმა უნდა, ქალბატონი ნინო ესწრებოდა და მე და ჩემი თანაკლასელი ეკა სურმავა უგამოცდოდ მიგვიღო თეატრში. დაფასდა ჩვენი შრომა, გაგვიმართლა. უკვე დიდი ხანია, თეატრის დასთან ერთად დავდივარ გასტროლებზე. თითქმის ყველგან ვიყავი: იაპონიაში, ტაივანში... მოკლედ, სად აღარ. ახლა წინ ძალიან ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს, ჩვენს დასში სიცოცხლე დუღს.