„სტანდარტული“ ნაკრები
საყვარელი, თბილი, ყურადღებიანი, სიმპათიური, კეთილი, უზრუნველყოფილი, წარმატებული... – ეს არის „სტანდარტული“ ნაკრები ღირსებებისა, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს სასურველ მამაკაცს – პრინცს თეთრ რაშზე, ჩვენი სიზმრებიდან.
ქალბატონების უმრავლესობას დიდი სურვილი აქვს, სწორედ ამ ტიპის მამაკაცი ჰყავდეს გვერდით. მაგრამ, თუ ქალი რეალისტი არ არის და არ გააცნობიერებს, რომ იდეალიზმი დამღუპველია, სასურველი პარტნიორის ძიებაში მთელი ცხოვრება გაეპარება ხელიდან.
მედალს მეორე მხარეც აქვს: დავუშვათ, იპოვეთ კიდეც ასეთი იდეალური მამაკაცი. იქნება კი ეს ყველაფერი ოჯახური ბედნიერების გარანტი?! როგორც წესი, თვალსაჩინოდ სანიმუშო მამაკაცები არც ისეთი სანიმუშო ქმრები არიან ხოლმე. ხშირად ლამაზი და სიმპათიური მამაკაცი საკუთარ თავზე შეყვარებული „პიჟონი“ აღმოჩნდება ხოლმე; მეტისმეტად ჭკვიანი – მოსაწყენი და უჟმური; კეთილი მამაკაცები, როგორც წესი, ვერ ახერხებენ ცხოვრებისეულ სიძნელეებს გაუძლონ; მდიდარსა და წარმატებულს ცოლისა და ოჯახისთვის დრო არ რჩება: მოკლედ, ძალიან ბევრი ისეთი პრობლემა იჩენს თავს, რომლებიც თავიდან, „შეუიარაღებელი“ თვალით არ ჩანს.
ამიტომაც, უფლისწულსა და „სტანდარტულ ნაკრებს“ კი ნუ დაუწყებთ ძებნას, არამედ, შეცვალეთ სტრატეგია და ეძებეთ სიყვარული – გრძნობა, რომელიც ჩვეულებრივს ჯადოსნურად დაგანახვებთ და ყველა პრობლემას დაგაძლევინებთ. მერე უკვე აღარც იმას ექნება მნიშვნელობა, უხდება თუ არა მას ჰალსტუხი და აქვს თუ არა ჰოლივუდის ღიმილი... იმიტომ, რომ რეალობა ასეთია: იდეალურები არ არსებობენ, მაგრამ, არსებობენ ისინი, ვინც ჩვენ ყველაზე, ყველაზე ძალიან გვიყვარს!