როგორ გაათავისუფლა ერეკლე მეფემ ასმათ ტყაბლაძე გადასახადებისგან და რისთვის დაითხოვეს ის მარჯანიშვილის თეატრიდან
ქალბატონი, რომლის ცხოვრების დღიურის ფურცლებსაც თქვენთან ერთად გადავშლით, საზოგადოება კარგად იცნობს. თეატრშიც და თეატრის გარეთაც, თავისი აქტიურობით გამოირჩეოდა. ყოველთვის ხმამაღლა ახმოვანებდა იმას, რაც არ მოსწონდა, იმავდროულად, არაჩვეულებრივად თამაშობდა სცენაზე შესანიშნავ მსახიობებთან ერთად. ასმათ ტყაბლაძის სამსახიობო თუ პირადი ცხოვრება გამორჩეული ეპიზოდებითაა სავსე და დარწმუნებული ვარ, მისი წაკითხვა, ისეთსავე სიამოვნებას მოგგვრით, როგორც ერთი კარგი წიგნის.
ასმათ ტყაბლაძე: მამით იმერელი გახლავართ, დედით ფშაველი. ძალიან კარგი წინაპრები მყავდა დედის მხრიდან, გვარად ჭინჭარაულები. მათი ერთ-ერთი წინაპარი ოჯახით შატილიდან წამოვიდა, დასახლდა თუშეთის ერთ-ერთ სოფელში – ეგნისში. როგორც ვიცი, სისხლი ემართა და ერთმანეთი რომ აღარ დაეხოცათ, წამოვიდა. დედაჩემის პაპის პაპა ერთ-ერთი სამასარაგველთაგანი იყო – კარგი მებრძოლი, თავის ქვეყანას ღირსეულად იცავდა. ხშირად იგებდნენ ბრძოლას. ერეკლე მეფე კარგი ბრძოლისთვის მებრძოლებს აჯილდოებდა. ზოგს აზნაურობას სთავაზობდა, ზოგს გადასახადებისგან ათავისუფლებდა. ჩემი წინაპრისთვისაც შეუთავაზებია, რომელი გინდაო. ხევსურები თავისუფალი ხალხია, მათთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა აზნაური იქნებოდა თუ არა. რად მინდა აზნაურობა, ხარკისგან თუ გამათავისუფლებთ ყველაზე კარგი ეგ იქნებაო, – მიუგო მან და გაათავისუფლა. ჩვენმა ოჯახმა იცოდა ეს ამბავი, რომ ასეთი სახელოვანი წინაპარი გვყავდა, რომელიც ერეკლე მეფემ გადასახადებისგან გაათავისუფლა და მოხდა ასეთი რამ: ყველას გახსოვთ ის პერიოდი, როცა არც შუქი იყო, არც გაზი. ბავშვს პალტოს, ხელთათმანებს ვაცმევდი, ქუდს ვახურავდი და ისე ვაძინებდი. გაოცებული თვალებით მიყურებდა და მეკითხებოდა – დედა, სად მივდივართო. არსად შვილო, ვიძინებთ-მეთქი. ვერავინ მაჩერებდა, აქციას აქციაზე ვაწყობდი, გადაკეტილი მქონდა მთელი თბილისი. ვაკე რამდენიმე დღე გვქონდა გადაკეტილი. ყველა მხედავდა ტელევიზორში, რომ ასე აქტიურად ვიბრძვი დენისთვის, გაზისთვის. მოუმატებდნენ გადასახადს, მარეგულირებელ საბჭოში მივდიოდი დიდი ჩხუბით, რომ ტარიფისთვის დაეკლოთ. ამ პერიოდში ჩემთან სახლში მოდის ინკასატორი. სინათლე არ გვქონდა, მაგრამ რაღაც გადასახადი მაინც იყო. ძალიან მოკრძალებით მეუბნება: ქალბატონო ასმათ, იცით, სინათლის ფული გაქვთ გადასახდელი და ამისთვის ვარ მოსულიო. მე არ ვიხდი გადასახადს, გათავისუფლებული ვარ გადასახადებისგან-მეთქი. შეცბა, რადგან მაშინ არავინ არ იყო გათავისუფლებული ამისგან და მკითხა – ვინ გაგათავისუფლათო. ერეკლე მეფემ-მეთქი. ამ კაცმა იფიქრა, ამდენი დენსა და გაზზე ლაპარაკით, ეტყობა, გააფრინა ამ ქალმაო. კი გენაცვალე, როგორ არაო, – ამბობს და გარბის. მოიცადეთ – ვუძახი, მართლა ვარ გათავისუფლებული გადასახადებისგან-მეთქი. დღეს სურვილი მაქვს თავიდან დავიწყო ბრძოლა. აგერ, დენს რომ ვერ მოუმატეს, ნაგავი მოაყოლეს. ეს მარტო ჩვენთან შეიძლება მოხდეს. სახლში მოხუცი დედა მყავს. კონდიციონერი დავაყენე. ზაფხულში შეუძლებელია, არ ჩართო. ერთი, ექვსი წლის წინანდელი ამბავი მინდა გავიხსენო. ჩავრთე კონდიციონერი და წავედი საქმეზე. დამავიწყდა გამორთვა. მარტო დედა იყო სახლში. მეზობელს ვურეკავ – ლია, შენი ჭირიმე, ხომ გაქვს ჩემი გასაღები, გეხვეწები, ადი ჩემთან სახლში და კონდიციონერი გამორთე-მეთქი. ავიდა და რას ხედავს: დედაჩემი ზის, აცვია წინდები, პალტო, შალი აქვს მოხვეული წელზე და თავზე. ამ დროს გარეთ იწვის ყველაფერი, 42 გრადუსი სიცხეა. თამარა დეიდა, რა ხდება თოვლი მოვიდა გარეთო, – უკითხავს ლიას. ლია სიცილით კვდებოდა, ამას რომ მიყვებოდა.
– თქვენი ოჯახის ისტორია მართლაც ძალიან საინტერესოა. კიდევ რას გვიამბობთ?
– შესანიშნავი ბებია მყავდა, მთიული იყო. ბიძაჩემი, დედის ძმა, ვის ოჯახშიც მე და ჩემი და ვიზრდებოდით, სამხედრო იყო, ფინეთის ომი მოიარა (ჩვენი მშობლები დაშორებულები იყვნენ). ბიძაჩემი რომ ჩამოვიდა ომიდან, „კაგებეში“ დაიბარეს და უთხრეს, ჩვენთან უნდა ითანამშრომლოო. მეორედ ომში წასვლა არ ეკუთვნოდა, იმიტომ, რომ დაჭრილი ჩამოვიდა, მოხალისედ კი შეეძლო წასვლა. მოვიდა სახლში და ბებიაჩემს უთხრა, ასეთი და ასეთი მდგომარეობააო. როგორი საქმეა, ამ დროს მამამისი პოლიტიკური პატიმარია და შვილს დამსმენობას სთავაზობენ. ბებიაჩემმა უთხრა – ამაღამ წინდებს მოგიქსოვ და დილას მოხალისეებთან ერთად წადი. ცოცხალ და შპიონ შვილს, მკვდარი და პატიოსანი მირჩევნიაო. დაჭრილი, ცალთვალდაკარგული, მაგრამ მაინც დაბრუნდა. იცით, ასეთი წინაპრები რომ გყავს, თავს უფლებას არ აძლევ უღირსად მოიქცე. ხომ არ შეარცხვენ შენს წინაპრებს, გინდა, რომ შენც გამორჩეული იყო. თავიდანვე მებრძოლი ბუნების ვიყავი. ყველგან, სადაც საჭიროა, ბრძოლის უნარი მაქვს.
– როგორ დაიწყო თქვენი მსახიობობა?
– სკოლაში ხშირად ვმონაწილეობდი ღონისძიებებში, ვცეკვავდი, ვმღეროდი, მხატვრულად ვკითხულობდი. რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე საქართველოს მასშტაბით სამჯერ პირველი ადგილი ავიღე. ლადო ასათიანის „კრწანისის ყაყაჩოები” წავიკითხე. პიონერთა სასახლეში უმაღლესი ხარისხის ჯილდო, ოქროს მაჯის საათი და მხატვრული კითხვის ოსტატის წოდება გადმომცეს. სკოლა წითელ დიპლომზე დავამთავრე. სკოლის პარალელურად არაყიშვილის სახელობის სამუსიკო ტექნიკუმში ვსწავლობდი. ძალიან მინდოდა, თეატრალურზე ჩაბარება, მაგრამ ასევე მინდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. ბოლოს ორივეზე ჩავაბარე. თეატრალურში 12 აბიტურიენტი იყო და ყველაზე მეტი ქულა მე დავაგროვე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ოცდაათი წელი ვიმუშავე მარჯანიშვილის თეატრში. ყველამ კარგად იცის, რომ ეს იყო გენიალური თეატრი, სადაც იყვნენ ვასო გოძიაშვილი, სესილია თაყაიშვილი, კოტე მახარაძე, იაშა ტრიპოლსკი, ელენე ყიფშიძე, მარინე თბილელი (მერე გადავიდა რუსთაველის თეატრში), ზურაბ ლაფერაძე, სოფიკო ჭიაურელი, ტარიელ საყვარელიძე, მზია მახვილაძე... ძალიან მალე დავმეგობრდი ყველასთან. თავიდან უშტატოდ ვიყავი, მაგრამ გამოსვლებზე 150 მანეთს ვიღებდი. ყველა სპექტაკლში ვიყავი დაკავებული. მერე შტატში ამიყვანეს და ხელფასი ასი მანეთი მქონდა. ბოლოს სხვანაირად დამთავრდა ჩემი თეატრში ყოფნა. ძალიან „ბუნტოვშიცა” ხარო. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ოთარ მეღვინეთუხუცესი გახლდათ. პირდაპირ მითხრა: ურჩი ხარო. ურჩი კი არა, გენიალური ადამიანი ვარ, რომელსაც შემიძლია, დავიცვა ჩემი მეგობრები, ადამიანები, ჩემი ქვეყანა. სიავით კი არა, სიკეთით და სიყვარულით ვაკეთებ ყველაფერს! წამოვხტი და ვთქვი: ამას ვერ გააკეთებთ, მე შეგებრძოლებით-მეთქი. მთელი ამბები იყო, ცხრა სასამართლო პროცესი მოვიგე. არა მარტო თეატრის ხელმძღვანელობას, მის დამცველებსაც ვებრძოდი. მეღვინეთუხუცესს და მის ცოლს ეგონათ, ყველაფრის უფლება ჰქონდათ. 35 კაცი დაგვითხოვეს. ძალიან ცუდი სიტუაცია იყო თეატრში საბუთების მხრივ, ზოგიერთი შეიძლებოდა ციხეშიც წასულიყო. შეეშინდათ და შემომითვალეს, ოღონდ გაჩერდი და რა როლიც გინდა და რა ხელფასიც, მოგცემთო. მე ვუთხარი ან ყველა დაბრუნდება, არ არავინ-მეთქი. უსინდისოდ მომექცნენ. მერე წავედი უცხოეთში, ჩამომქონდა საქონელი და ვაბარებდი. ვფიქრობდი, კიდევ რა შეიძლება გავაკეთო, რომ ოჯახს მივხედო-მეთქი. კრედიტი ავიღე და ვერაზე ბარი გავხსენი. გარდა ამისა, შესანიშნავად ვკერავდი, ვქსოვდი და ჩემს ნახელავს ვაბარებდი. არასდროს გასჭირვებია ჩემს ოჯახს, პირიქით, მეგობრებსაც ვეხმარებოდი. შემიძლია, დიდ მშენებლობასაც ვუხელმძღვანელო.
– მარჯანიშვილის თეატრს ჰყავდა გენიალური ვასო გოძიაშვილი. რას გაიხსენებდით ამ ადამიანზე?
– გოძიაშვილი მართლაც გენიალური ადამიანი იყო. ახალგაზრდებს გვეჩხუბებოდა, ქალები შარვლებით რომ დავდიოდით, მაშინ ახალი შემოსული იყო ქალზე შარვალი. ვემალებოდით, თეატრში უკანა შესასვლელიდან შევდიოდით. იქვე ჰქონდა საგრიმიორო. ან კაბით უნდა გამევლო, ან არ უნდა გამევლო. მივესალმებოდი, როგორ ბრძანდებით, ძია ვასო-მეთქი. ის მეტყოდა: აი, მალადეც, ქალურად გაცვია, ბიჭივით კი არ დადიხარო. მის სპექტაკლში „მზის დაბნელება საქართველოში” ბოშა გოგოს ვთამაშობდი. დამდგმელი ქორეოგრაფი ჯანო ბაგრატიონი გახლდათ. რეპეტიციაზე რომ შევედი და ვნახე, არა, ეს არ მინდაო, – თქვა გოძიაშვილმა. მისი მეუღლე, ჟენია, „პიანისტკა“ იყო. ჟენია, შენ დაუკარიო, – უთხრა. სცენაზე ავიდა და ბოშა ქალის ცეკვა იცეკვა. თხუთმეტი წუთი ვუკრავდით ტაშს. გული მწყდება, რომ მაშინ ვიდეოკამერები არ იყო, რომ გადაეღოთ. ძია ვასოს თავისი უცნაურობები ჰქონდა. სახლში არაჩვეულებრივად მიგიღებდა, გაგიმასპინძლდებოდა, მაგრამ ცოტა ხელმომჭირნეობაც იცოდა. მისმა გერმა, ჟენიას შვილმა, ცოლი შეირთო და საჩუქარი უნდოდა, ეყიდა. მთხოვა: შენ კარგი გემოვნება გაქვს და წამოდი, რამე ავარჩიოთო. თეატრის წინ უნივერმაღი იყო. წავედით. ახალგაზრდა მსახიობისთვის ვასო გოძიაშვილთან დალაპარაკება და გავლა, პრესტიჟი იყო. ავარჩიე. ახლა მეკითხება, რა ღირსო. 70 მანეთი-მეთქი. ვა, შენ რაებს მიჰქარავ, ჩამოდი ქვემოთ, „დალშე“, წავედითო. სხვა შევარჩიე. ეგ რა ღირს – ისევ მეკითხება. 50 მანეთი, ძია ვასო, – ვუპასუხე. ვა, რა ამბავია, კაცო, ორმოცდაათი მანეთი. ორმოცდაათი მანეთით შენ იცი, კაცმა რაები შეიძლება ქნას? მთელი ოთხი სართული შემოვიარე და ბოლოს, ხუთმანეთიან საჩუქარზე ჩამოვედით. აბა, როგორია, მოეწონება? როგორ არ მოეწონება, კარგია-მეთქი. ხომ არ ვეტყოდი, არ ვარგა-მეთქი. ის რა იყო, პირველად რომ მაჩვენე, რა მიქარვა იყოო.
– პირადი ცხოვრება როგორ აგეწყოთ? თეატრში თუ იყო ვინმე ისეთი, ვინც თქვენ მოგწონდათ, გიყვარდათ?
– ხშირად მყავდა როგორც მსახიობი თაყვანისმცემლები, ისე დარბაზიდან. ზოგი ყვავილებს მიგზავნიდა, ზოგი სიმპათიებს მითვლიდა. პატარა სიმპათიები და რომანები გვქონდა მე და თენგიზ არჩვაძეს, რომელიც სპექტაკლ „თვალი პატიოსანის” მერე გაჩნდა. მაშინ თენგიზი 37 წლის იყო, ცოლს ოფიციალურად იყო დაშორებული და ამიტომ დავუშვი ეს, თორემ, არასდროს მიფიქრია ცოლშვილიან კაცთან რომანი გამება. მანამდეც მოვწონდი ცოლშვილიან მამაკაცებს, მაგრამ არავისთვის მიპასუხია. მერე თენგიზი ცოლს შეურიგდა. ეს იყო უბრალოდ ახალგაზრდული გატაცება და სხვა არაფერი. ასე დამთავრდა ყველაფერი. მშვიდად და ლამაზად დავშორდით ერთმანეთს. ბუნებით ძალიან ძლიერი ქალი ვარ და არასდროს შემშინებია, მარტო გამეზარდა ბავშვი. შვილი აუცილებელი იყო ჩემთვის. ქვეყანას მირჩევნია. აღარც კაცი მახსოვს და აღარც სიყვარული. შვილი საკმაოდ გვიან, ორმოცი წლის ასაკში გამიჩნდა. ძალიან კარგი შვილი მყავს. პატარა რომ იყო ჰკითხეს, თამუნა, როგორი მამა გინდა, გყავდესო და მელ გიბსონი მომწონსო. მე რომ შევხვდები მელ გიბსონს, ვეტყვი და შენი ხათრით მითხოვს-მეთქი. ბრძოლის უნარი ყველაფერში მაქვს, პირად ცხოვრებაშიც, მეგობრობაშიც, ქვეყნისთვისაც. მამაკაცები სუსტები არიან, ძალა არ ჰყოფნით და ამიტომ, ადვილად მართვადები არიან. სულ არ მჭირდება, ადვილად სამართავი კაცი მყავდეს გვერდით.