როდის არის აუცილებელი გლანდების ამოკვეთა
პირ-ხახის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება, ანუ ფარინგიტი, მწვავე კატარი, უმეტესად სურდოს ერთვის თან. სხვა შემთხვევაში, ის შეიძლება, ძალიან ცხელი საჭმლის ჩაყლაპვის, თამბაქოს მოწევის, ალკოჰოლის მიღების, ცივი ჰაერის ან მტვრიანი გარემოს ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად განვითარდეს.
მწვავე კატარის დროს ავადმყოფი უჩივის ყელის არეში წვას და ფხაჭნას, ხველებას, ტკივილს, რომელიც ყლაპვის მომენტში უფრო ემატება და ხშირად ყურის არეს გადაეცემა. ამ დროს შესაძლოა, ტემპერატურამ მოიმატოს. ამიტომ აუცილებელია, დაიცვათ დიეტა, კერძოდ, მსუბუქი, თხევადი საკვები უნდა მიირთვათ. რაც შეეხება ტკბილ, გაზიან და სპირტიან სასმელს, სიგარეტს, მწარე, ძმრიან და მდოგვიან საკვებს, ისინი მაქსიმალურად უნდა შეზღუდოთ. სამკურნალოდ გამოიყენეთ ზეთოვანი, ტუტოვანი აეროზოლები, ინჰალაციები, ადგილობრივი ზემოქმედების ხსნარები, საწუწნი აბები და ასე შემდეგ.
ქრონიკული ტონზილიტი სასის ტონზილების, ანუ ნუშურა ჯირკვლების ქრონიკული ანთებაა. სასის ტონზილები სასუნთქი და საყლაპავი მილების გზაგასაყარზეა მოთავსებული და ამიტომ, მათში ყველა სახის ინფექცია ადვილად ხვდება. ამის ყველაზე ხშირი გამომწვევი კი სტრეპტოკოკი და სოკოა. ქრონიკული ტონზილიტი შეიძლება იყოს კომპენსირებული, როცა პროცესი მხოლოდ ადგილობრივია და დეკომპენსირებული, როცა ანთებითი პროცესია გავრცელებული. არა მარტო ადგილობრივ ტონზილებზე, არამედ სხვა შინაგან ორგანოებსა და სისტემებზეც, როგორიცაა: სახსრები, გული, ნაღვლის ბუშტი და სხვა. ამ შემთხვევაში, გლანდების ამოკვეთა, უბრალოდ, აუცილებელია.
ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის დროს ავადმყოფს ხშირი ანგინა აწუხებს, ვლინდება ჩირქი. ასეთი ადამიანები უჩივიან სახსრების ტკივილს, პირიდან ცუდ სუნს, მალე დაღლას და გულის ჩხვლეტებს.
ქრონიკული ტონზილიტის უოპერაციო მკურნალობის მეთოდებია გამოსავლები ხსნარები, აეროზოლები, საწუწნი აბები, წასასმელი სითხეები. ხოლო მედიკამენტების შერჩევა, ანტიბიოტიკი იქნება ეს თუ ანტიმიკოზური ან ანტიჰისტამინური, ნაცხის ანალიზის შემდეგ ხდება.
ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის მკურნალობა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ოპერაციის ჩატარება რაიმე მიზეზის გამო არ შეიძლება. მაგალითად, ხანდაზმულობის, ფეხმძიმობის, გამწვავებული ქრონიკული დაავადებების დროს. ამ შემთხვევაში მკურნალობა მხოლოდ დროებით ეფექტს იძლევა და საბოლოოდ, ის არ განიკურნება. პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, მოერიდოთ დაინფიცირებულ ადამიანებს და ასეთ გარემოს. ხოლო, რაც შეეხება ცივ საკვებს, მისი ზომიერად მიღება არ არის საშიში.
ყელის კატარული ანთება შესაძლოა, საკვებმაც გამოიწვიოს. მაგალითად, ცხარე, მწარე სანელებლებმა, გაზიანმა წყალმა. ამ დროს უნდა სვათ დიდი რაოდენობით სითხეები, გამოივლოთ ყელში მარილიანი წყალი. კერძოდ, ერთ ჩაის ჭიქა ანადუღარ წყალში გახსენით ერთი კოვზი მარილი და დღეში სამჯერ გამოივლეთ ყელში. ამ დროს უნდა მოერიდოთ ალკოჰოლს და თამბაქოს.