ექიმის რჩევები
კითხვა: ფარისებრი ჯირკვლის მარცხენა ნაწილში მაქვს კვანძი (ადენომა), ზომით 3,8X2,2 სანტიმეტრი. ერთი წელია, ვმკურნალობ. ჰორმონები ნორმაშია, კვანძის ზომა არ იცვლება, თავს კარგად ვგრძნობ, თუ არ ჩავთვლით ემოციურობას. შეიძლება თუ არა, ჩემს შემთხვევაში, კონსერვატიული მკურნალობით შემოფარგვლა?
პასუხი: თუ კვანძოვანი ჩიყვის დროს პაციენტს არ აქვს ჩივილები, არ არსებობს მეზობელ ორგანოებსა და სტრუქტურებზე ზეწოლის ობიექტური დამადასტურებელი მაჩვენებლები, ქირურგიული ჩარევის გადაწყვეტილებას ექიმი იღებს კვანძის ბიოფსიის შემდეგ.
კითხვა: ვარ 60 წლის. კუჭში 1-2 პოლიპი აღმომაჩნდა. აუცილებელია თუ არა პოლიპექტომია, თუ, მედიკამენტოზური მკურნალობაა შესაძლებელი?
პასუხი: ასეთი პოლიპი საჭიროებს ამოკვეთას, ამიტომ პოლიპექტომიას დიდი ხნით ნუ გადადებთ.
კითხვა: გასტროსკოპიის დროს აღმოჩნდა, რომ საყლაპავის ვენები 3 მილიმეტრამდე მაქვს გაგანიერებული. ბიოქიმია კარგია, ღვიძლის ექო – ნორმალური. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? იქნებ ეს დროებითი მოვლენაა?
პასუხი: უფრო ხშირად საყლაპავის ვენების გაგანიერებას იწვევს ღვიძლის დაავადებები. თუ ეს არ დასტურდება, შეიძლება, კონსტიტუციური თავისებურება ვივარაუდოთ. ყველა შემთხვევაში საჭიროა 6 თვეში ერთხელ ენდოსკოპიური კონტროლი.
კითხვა: ვარ 28 წლის. თითქმის 6 თვეა, ყელის არეში ძლიერ ზეწოლას ვგრძნობ. ჭამა-სმის დროს არაფერი არ მაწუხებს, ფარისებრი ჯირკვალიც ნორმაშია (ექო, ანალიზები). რა შეიძლება მჭირდეს?
პასუხი: თუ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია გამორიცხულია, ასეთი დისკომფორტისა და ზეწოლის მიზეზი შეიძლება იყოს ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები (ტონზილიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი) ან კისრის მალების ოსტეოქონდროზი. მსგავსი სიმპტომები, შეიძლება, ემოციურმა გადატვირთვებმაც გამოიწვიოს.
კითხვა: მოქმედებს თუ არა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები სარძევე ჯირკვლების ზომებზე?
პასუხი: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები შეიძლება მასტოპათიის მიზეზი გახდეს, მაგრამ, ზომებზე არ მოქმედებს.
კითხვა: ვარ 25 წლის, ფარისებრ ჯირკვალში 1-სანტიმეტრიანი კვანძი მაქვს. მითხრეს, რომ კლიმატის გამოცვლა და მზეზე ყოფნა ჩემთვის აკრძალულია. მართალია?
პასუხი: ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები მოითხოვს სრულ გამოკვლევას (სისხლის ანალიზი ჰორმონებზე, კვანძის ბიოფსია) და აქტიურ დაკვირვებას (ექოსკოპია და ჰორმონების ანალიზი 6 თვეში ერთხელ). თუ ჰორმონები ნორმაშია და კვანძი არ იზრდება, შეზღუდვები საჭირო არ არის.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი