კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ხდება ადამიანი ცრურწმენებზე დამოკიდებული და რატომ აღარ აქვს მას უფალთან სწორი სულიერი კავშირი

ჩვენს ცხოვრებაში დროთა განმავლობაში ზოგიერთი ფაქტისა და პიროვნების მიმართ განსხვავებული განწყობა, უარყოფითი დამოკიდებულება ყალიბდება, რაც შემდეგში ცრურწმენის სახეს იღებს და ხშირად ადამიანები მთლიანად მასზე დამოკიდებულებიც ხდებიან. რა არის ცრურწმენა და როგორია ამ საკითხზე ეკლესიის დამოკიდებულება, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

 

– თვითონ სიტყვა „ცრურწმენა“ მიუთითებს იმაზე, რომ ის მაინც რწმენაა, თუმცა, არასწორის, არაჭეშმარიტის, არარეალურის, არა იმის, რისიც ადამიანს უნდა სწამდეს. ადამიანს უნდა თუ არ უნდა, ის, რელიგიური არსებაა და შეხება აქვს ისეთ მაღალ ღირებულებებთან, როგორიც არის სარწმუნოება, ის აბსოლუტი, რასაც ჰქვია ღმერთი, მისი შემეცნება. როგორი იქნება ადამიანის რწმენა – სწორი თუ არასწორი, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს. როგორც ვიცით, ადამისა და ევას მდგომარეობა სამოთხისეული იყო და თავისთავად, სწორი. მათ რეალურად ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ღმერთი განეჭვრიტათ. ჩვენ კი ღმერთი ვიცით გადმოცემით, წმიდა წერილით, ვიცით, რომ ეს სწორი, ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, მაგრამ, ჩვენ უფალთან გვაქვს პიროვნული, სულიერი ურთიერთობა. რამდენადაც სულიერია ადამიანი, უფრო მეტად არის უფალთან დაახლოებული. ამ მისტიკურ კავშირს, ალბათ, ყველა მორწმუნე განიცდის და, როგორ განიცდის, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სულიერების არის თვითონ. რაც შეეხება ზედაპირულ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვხედავთ უფალს, არც ვიცით, როგორია, მაგრამ, პირველ ადამიანებს მასთან არა მხოლოდ სულიერი, არამედ ფიზიკური, ხილული ურთიერთობაც ჰქონდათ, რეალურად აღიქვამდნენ ღვთის მყოფობას და, აქედან გამომდინარე, ჰქონდათ სწორი შემეცნება უფლისა და მისი მყოფობის წესებისა და კანონების შესახებ. მაგრამ, პირველმა ადამიანებმა დაარღვიეს მორალური და ზნეობრივი კანონები, გადავიდნენ ღვთის ცნებიდან და გაწყდა ის უხილავი კავშირი, რომელიც ღმერთსა და ადამიანს შორის არსებობდა და არასდროს არ უნდა გაწყვეტილიყო.

– რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ცრურწმენასთან?

– როდესაც ადამიანმა უფალთან სწორი, აღმატებული კავშირი, ურთიერთობა დაარღვია, ამ დროს, დაირღვა ის სწორი სულიერი აღქმა რეალობისა, რეალური სარწმუნოებისა, რომელიც მათ სამოთხეში გააჩნდათ. აქედან გამომდინარე, რადგან ადამიანი მოსწყდა სასუფეველს და დარჩა სასუფევლის გარეშე, მისი სულიერი ძალები, უკვე ათასწლეულების შემდეგ, ის აღარ არის, რაც სამოთხეში თავიდან გააჩნდათ ადამიანებს. გავიდა წლები, ათასწლეულები და ადამიანები ნელ-ნელა დაშორდნენ თავიანთი სულიერებით უფალს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ ინდივიდებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც თავიანთი შინაგანი მდგომარეობით უფალთან დღესაც ამყარებენ უწყვეტ კავშირს. რადგან ადამიანში გენეტიკურად იყო ჩადებული, რომ ის უნდა ყოფილიყო მორწმუნე, რელიგიური და მოსწყდა სწორ შემეცნებას ჭეშმარიტებაში, მასში დამახინჯდა სულიერი ადამიანი, ამიტომ, ეს ყველაფერი ადამიანმა სხვანაირად აღიქვა და მისი რწმენაც დამახინჯდა. ადამიანი გამუდმებით ეძებს ჭეშმარიტებას და სწორედ ამ დროს მოდის მრავალღმერთიანობაც. როდესაც ადამიანი დაშორდა სამოთხისეულ მდგომარეობას, დამახინჯდა მისი სულიერი მდგომარეობა, მაგრამ მის გენეტიკურ მეხსიერებაში შემორჩა ასეთი რამ: გახსოვს, ღმერთმა, როდესაც განიზრახა ჩვენი შექმნა, თქვა ასეთი სიტყვა: „მოდი, შევქმნათ ადამიანები“. ვის ეუბნებოდა ამას? ესე იგი, ღმერთი ერთი არ არის, შეიძლება, კიდევ არის სხვა ღმერთიც. ეს ადამიანში წარმოქმნის დამახინჯებულ აზროვნებას და ამაში მას ხელს ის უწყობს, რომ იგი აღარ არის სამოთხისეულ მდგომარეობაში,  აღარ გააჩნია უფლის, სარწმუნოების სწორი ჭვრეტა და ადამიანები უკვე ფიქრობდნენ, რომ შეუძლიათ, რამდენიმე ღმერთს ემსახურონ. მრავალღმერთიანობა კი არის ცრურწმენა. როდესაც ადამიანი უფალს გაუუცხოვდა, ის დაემონა ცრურწმენას, მრავალღმერთიანობას. რადგან ადამიანი არაჭეშმარიტ, არაცოცხალ ღმერთს ეთაყვანება, ესე იგი, ეთაყვანება ცრუ ღმერთს და, შესაბამისად ასეთი ადამიანი ცრურწმენაშია, რასაც მისთვის კარგის მოტანა არ შეუძლია.

– ადამიანები ხშირად დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარი სხეულების ნაწილებს, ორგანოებს, ყოველდღიურ მოვლენებს და მათზე დამოკიდებულნი ხდებიან. როგორია ამ ყველაფრის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება?

– რადგან ადამიანს აღარ ჰყავს სარწმუნოებაში სწორი ორიენტირი, დაშორდა უფალს და, აქედან გამომდინარე, აღარ იცის, რა უნდა აღასრულოს, როგორ უნდა ემსახუროს ჭეშმარიტებას, უკვე მიდის იქამდე, რომ სჯერა სულ სხვა რაღაცეების და მათ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას, მაგალითად: დილით ადგა ადამიანი და მარჯვენა ფეხის მაგივრად იატაკზე მარცხენა დადგა და ეს არ არის კარგი. ალბათ, წითურებს არ ეწყინებათ, მაგრამ ასეთი გამოთქმაც არსებობს: თუ წითური ადამიანი შეგხვდება, ის დღე შენთვის ცუდი იქნებაო; როდესაც დღესასწაულია და ადამიანი თავს მოიწესრიგებს, საპონს იხმარს, ეს მიცვალებულებისთვის იქნება ცუდი; ასევე, აუცილებელია გარდაცვლილისთვის სხვადასხვა ნივთის ჩატანებაო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. როდესაც ჩვენს ქვეყანაში ათეისტური ხანა იყო, ბუნებრივია, არ არსებობდა სწორი ქრისტიანული სწავლება, არ იყო ეკლესიები, ადამიანები ვერ სწავლობდნენ, როგორები უნდა ყოფილიყვნენ, ვერ იკმაყოფილებდნენ თავიანთ რელიგიურ მოთხოვნილებებს, ამიტომაც, მივედით იქამდე, რომ ასეთი რაღაცეებით ვიკმაყოფილებთ ინტერესებს. თუ ღმერთი არ ასწავლის ადამიანს, მაშინ ის თავად სწავლობს და ჩვენ მხოლოდ ორი მასწავლებელი გვყავს. როდესაც ადამიანი არ უსმენს უფალს, ჩვენი მასწავლებელი ხდება ის დაცემული ძალა, რასაც ჩვენ ეშმაკს ვეძახით. არ შეიძლება, ადამიანი მამონასაც და ღმერთსაც ერთდროულად ემსახურებოდეს, ის ან ერთს ემსახურება, ან – მეორეს და, შესაბამისად, თუ ის ღმერთისგან არ სწავლობს, ავტომატურად, მისი მოძღვარი და მასწავლებელი ბოროტი ძალა ხდება, რომელიც გვასწავლის ისეთ რაღაცეებს, როგორიც სხეულის სხვადასხვა ნაწილების თამაშია.

– ადამიანებს ამ ყველაფრის იმიტომ სჯერათ, რომ ხშირად მათ ცხოვრებაში დამთხვევებიც ხდება, უსრულდებათ ყველაფერი.

– ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ვისთან გვაქვს საქმე. დედამიწაზე დაახლოებით 100-80-50 წელი ვცხოვრობთ, მაგრამ, ეშმაკი ცხოვრობს უკვე შვიდი ათას წელზე მეტია. ზუსტად ასეა სიზმრების შემთხვევაშიც – ამ დროს ვფიქრობთ, რომ ნიჭი მოგვმადლა უფალმა, წინასწარ ვხედავთ ისეთ რაღაცეებს, რაც უნდა მოხდეს, ანუ, შეგვიძლია, რაღაცეები ვიწინასწარმეტყველოთ – ეს, რა თქმა უნდა, ეშმაკისგან თავს მოხვეული აზრებია. თუმცა, შეიძლება, ეშმაკისგან არ იყოს, მაგრამ, ამის გამო ადამიანი შემდეგში ჩავარდეს ხიბლის მდგომარეობაში. ეკლესიის დიდი მამებიც ამბობდნენ: თუ შენ არ გაქვს მინიშნება, რომ თუნდაც განკურნება აღასრულო ადამიანზე, მაშინ ამას ნუ გააკეთებ, რადგან, არ იცი, ეს ვისგან არის; ან, იქნებ, ღმერთს სულაც არ უნდა მისი განკურნება?! ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველივე ამის გათვალისწინება, რადგან ჩვენ არ ვიცით,  როგორია ამ შემთხვევაში უფლის ნება და, რასაც ვაკეთებთ, შეიძლება, სულაც არ იყოს სწორი. ბოროტი ძალა კი ცდილობს, ტყუილში გაგვხვიოს, გვაფიქრებინოს, რომ ამ ყველაფერს თავად ვაკეთებთ და, უფრო მეტიც, ისე მოგვაჩვენოს, რომ ეს ნიჭი უფალმა მოგვმადლა. ქრისტიანობაში ცრურწმენა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ ლოცვის დროს ადამიანი აკვირდება ხატს, თუ როდის წამოუვა მირონი. რა თქმა უნდა, ხატებს მოსდით მირონი, მაგრამ, ჩვენ არ ვიცით, ეს ვისგან ან საიდან არის. ამიტომ, ეკლესია თავისი დიდი გამოცდილებით, გვირჩევს, რომ როცა ხატს წამოუვა მირონი, ამას არ მივაქციოთ ყურადღება და ცივად შევხედოთ. როდესაც ადამიანი ცრურწმენაზე არის დამოკიდებული, ხშირად მისი მდგომარეობა იქამდე მიდის, რომ ამაზეა ბოლომდე დამოკიდებული. ხიბლში ყოფნაა, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ის სხვებზე კარგია – ესეც ერთგვარი ცრურწმენაა, ანუ, არასწორი დამოკიდებულება რეალობისადმი. უფრო ადვილია, ადამიანმა ისწავლოს ცრურწმენის წესები, ვიდრე იყოს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, რადგან ფიქრობს, რომ ღმერთი მისგან ბევრს ითხოვს და, თავისთვად, ამაშიც ეშმაკის ხელი ურევია, რომელიც არიგებს ადამიანს და ეუბნება, რომ ღმერთი შენგან ისეთ რაღაცეებს ითხოვს, რომლის გაკეთებაც არ შეგიძლიაო. მეორე მხრივ, როდესაც საქმე ცრურწმენას ეხება, უკვე ადვილია ყველაფერი; შეგიძლიათ, თუ დილით მარცხენა ფეხით ადგებით, გამოასწოროთ და მერე მარჯვენათი ადგეთ. შესაბამისად, ადამიანებს ცრურწმენებზე დამოკიდებულება, მათი რწმენა უფრო უადვილდებათ, ვიდრე ქრისტიანული მცნებების დაცვა, რადგან ის უფრო მარტივი და ადვილია.

 

 

скачать dle 11.3