ანტიქრისტეს ცრუ სასწაულები
ადამიანთა ცოდვები გამოკვებავს ანტიქრისტეს
წმიდა ნილოს მირონმდინარე: გრძნობად (ხილულად, თვალით აღსაქმელად) ანტიქრისტე ჯერ კიდევ არ მოსულა, მაგრამ აზრობრივად (ფარულად, უხილავად) უკვე არსებობს სამყაროში. იგი (სატანა) დედამიწაზე მას შემდეგ არის, რაც გამოაგდეს ზეციდან თავის წყეულ ტახტთან ერთად და წარმოშობს მიწაზე ყოველ ბოროტებას.
სიცრუე (აქ სიცრუეში წმიდანი გულისხმობს ყველაფერს, რაც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას და ამზადებს ადამიანებს, უარყონ ღვთის სჯული და მათი მაცხოვარი) საფუძველს უმზადებს ანტიქრისტეს მოსვლას და ადამიანთა მოდგმის მიერ მის მიღებას. სიცრუე მიგვიყვანს დაღუპვის (ანტიქრისტეს) ხორცშესხმამდე, როცა მთელ სამყაროს თავს დაატყდება უდიდესი უბედურება.
ანტიტიპის (ანტიქრისტეს სულის) გამოვლინება სამყაროში არის შემდეგი: ამქვეყნიური საზრუნავები, ძვირფასი ლითონების დაუნჯება, ამქვეყნიურ წვილმან და უმნიშვნელო ამაოებაზე ზრუნვა. ასეთია არსი ბოროტების სათავისა, რომელიც ღუპავს ადამიანს და გაიტაცებს მას დაღუპვის გზაზე. დაღუპვის გზა კი არის მარადიული სასჯელის შიშისა და ცხონების (ხსნის) სურვილის გაქრობა.
მრავალსა ზედა ზრუნვა დაბილდავს ადამიანის გრძნობებს. დაკარგავენ ადამიანები გრძნობებს, ვეღარ შეძლებენ, დაინახონ ღმერთი (აქ გრძნობებში წმიდა ნილოსი გულისხმობს შინაგან ხედვას, რომლითაც ვიღებთ უმაღლეს ცოდნას). გადაეგებიან ჭამა-სმას და ლამაზი შენობების აგება-მოწყობაზე. ამ ნაგებობებში მთლიანად მიეცემიან თავიანთ ხორციელ გრძნობებს ისე, რომ მათთვის სიკეთე და სილამაზე იქნება მხოლოდ ხორაგი, მხოლოდ საჭმლისკენ იქნება მიმართული მათი მისწრაფება... ადამიანები თავის ცხოვრებას გაატარებენ მოლხენასა და ფუფუნებაში, მაგრამ, როგორ გაატარებენ? ტყუილით, ქურდობით, ტაცებით, გამყიდველობით, ენაცრუობით, ნაყროვანებით, სიამაყით, მდრტვინავი უსასოობით, ცხონებაზე ზრუნვის გარეშე, ღმერთის მკრეხელური დადანაშაულებით ყველა უბედურებაში, გულსასტიკი მრისხანებით, გულღრძოთათვის ჩვეული უმადური მტრობითა და მომხვეჭელური ვერცხლისმოყვარეობით.
რამდენადაც მავანი წარმატებას მიაღწევს თავის ქურდულ განძთასაცავში, მომხვეჭელური ვერცხლის მოყვარეობით სიმდიდრის შეკრებაში, ამდენადვე, ამასთან ერთდროულად, სულ უფრო დაბნეული და უგრძნობელობით გონებადაბნელებული გახდება და შეკრებს ყველა იმ საქმეს, რომლებიც აქცევენ მას დამნაშავედ სამყაროს უსჯულოებაში, ესე იგი მომხვეჭელობის ყველა ეს ნაყოფი მიიყვანს მსოფლიოს უკიდურეს გარყვნილებამდე, რომლის გვირგვინი იქნება ანტიქრისტეს მოსვლა...