რისი კომპლექსი არ აქვს მარიკა ვერულაშვილის შვილს და ვისთან ერთად ცხოვრობს ის ლონდონში
16 წლის მომხიბვლელი სალომე ცნობილაძე, არასდროს სარგებლობს იმით, რომ პარლამენტის წევრის, მარიკა ვერულაშვილის შვილია. უფრო მეტიც, ბევრმა მისმა ახლობელმა არც კი იცის ამის შესახებ. უკვე ხუთი წელია, სალომე უცხოეთში განაგრძობს სწავლას და 11 წლიდან დამოუკიდებელი ცხოვრების რიტმს მოერგო. მისთვის ყოველთვის სასიამოვნოა მშობლიურ ქალაქში ჩამოსვლა და ამას წელიწადში რამდენჯერმე ახერხებს ხოლმე. ამჯერად თბილისს დაუგეგმავად ეწვია და, რა თქმა უნდა, ჩვენც სიამოვნებით გავესაუბრეთ მას.
სალომე ცნობილაძე: მთლიანობაში სულ ხუთი წელია, რაც საქართველოდან წავედი, ანუ 11 წლიდან. ჯერ ლონდონში ვიყავი ერთი წლით წასული, მერე მარიკას გამო გადავწყვიტე, თბილისში ჩამოვსულიყავი. ცოტა ხანში კი ორივემ ერთად გადავწყვიტეთ, რომ სწავლა პარიზში გამეგრძელებინა. რადგან ბიზნესის განხრით მინდოდა სწავლა, პარიზიდან ლონდონში წასვლა გადავწყვიტე, სადაც უკვე ორი წელია ვარ. რიჩმონდის ბიზნესკოლეჯის მე-11 კლასში ვსწავლობ. სამომავლოდ ბიზნესმენეჯმენტზე ჩაბარებას ვგეგმავ. ლონდონში ბიძაჩემი, მარიკას ძმა ცხოვრობს და ამიტომ ვიფიქრე, უფრო გამიადვილდებოდა იქ ყოფნა. სხვათა შორის, ლონდონში ქართველი არავის ვგონივარ. ზოგს ჰგონია, რომ რუსი ვარ, ზოგს კი – ფრანგი. რატომღაც, ქერა და ცისფერთვალება ქართველი ვერ წარმოუდგენიათ.
– მასთან ცხოვრობ?
– კი, მასთან ვცხოვრობთ.
– პარიზში როგორც მახსოვს, ბებიასთან ერთად ცხოვრობდი.
– დიახ, ასე იყო მაგრამ, სამწუხაროდ, გასულ წელს ბაბუას გამო ბებია ვეღარ წამომყვა და ლონდონში მარტო მომიწია წასვლა, რაც ძალიან ძნელი იყო ჩემთვის. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ მაინც ძალიან გამიჭირდა ბებიას გარეშე ყოფნა. თუმცა, გავიდა დრო და ის მაინც წავიყვანე ლონდონში.
– საქართველოში ერთი კვირით ხარ ჩამოსული, რაც დაუგეგმავად მოხდა...
– დედაჩემმა მოულოდნელად დამირეკა და მითხრა, სალო, ბილეთი აგიღე და წამოდიო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და ბედნიერი ვიყავი, რომ ასე დაუგეგმავად ჩემს საყვარელ ქალაქში მომიწია ჩამოსვლა.
– როგორ შეეგუე ლონდონის ცხოვრების რიტმს?
– პარიზის რიტმს ისე ვიყავი შეჩვეული, რომ ლონდონში რომ გადავედი, გამიჭირდა შეგუება, პირველ ყოვლისა – ამინდთან. სულ მოღრუბლულია და მართლა ლონდონური ამინდია. საერთოდ, ჩემი ცხოვრების სტილი ორად იყოფა: თბილისურად და ლონდონურად. თბილისში ვერთობი, ლონდონში კი ვსწავლობ, რაც ძალიან მომწონს.
– ქართველი მეგობრები თუ ჩამოდიან სტუმრად ლონდონში?
– დიახ, ჩამოდიან ხოლმე. ჩემი დაბადების დღისთვის ვერ ვახერხებდი თბილისში ჩამოსვლას. ამიტომ, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, ანი ფხაკაძემ, იქ ჩამომაკითხა, უბედნიერესი ვიყავი. კიდევ ერთი სიურპრიზი მომიწყო. დაბადების დღის წინა დღეს თბილისში გადმომაფრინა სამი დღით. ვიზაც თვითონ გამიკეთა. ძალიან ბედნიერი ვიყავი.
– 16 წლის ხარ. ალბათ, ბევრს გაუკვირდება კიდეც ამის გაგება.
– დიახ, ბევრს არ ჰგონია, რომ მხოლოდ 16 წლის ვარ, ყველას გაცილებით დიდი ვგონივარ. ალბათ ჩემი დასერიოზულება პირველ ყოვლისა, იმან განაპირობა, რომ უკვე დიდი ხანია, წასული ვარ საქართველოდან და მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ საკუთარი თავის მიმართ. ჩემს ასაკთან შედარებითაც უფრო დიდად გამოვიყურები. ბევრი უფროსი მეგობარიც მყავს, რომლებსაც ძალიან კარგად ვუგებ.
– გარეგნობიდან გამომდინარე, ბევრს ფოტო მოდელიც ჰგონიხარ. რეალურად თუ გქონია შემოთავაზება?
– ბევრს უთქვამს, რომ ფოტოგენური ვარ და ფოტოების გადაღება შემოუთავაზებიათ ჩემთვის. მართალია, სურათის გადაღება ძალიან მიყვარს, მაგრამ მოდელობის სურვილი არ მქონია. ძალიან სასაცილოა, მაგრამ მოდელობაზე, ბალერინობაზე და პოლიციელობაზე მხოლოდ ბავშვობაში ვოცნებობდი, თუმცა ვერც ერთთან ვერ მივედი ახლოს (იცინის). რადგან ყველაზე კარგად მათემატიკური საგნები მესმის, ბიზნესის განხრით სწავლა ამიტომაც გადავწყვიტე.
– ახლა რაზე ოცნებობ?
– მინდა, ყველაფერი წარმატებულად დამთავრდეს; წლები, რომელსაც უცხოეთში სწავლას ვუთმობ, გავამართლო და დედაჩემიც გავახარო ამით. ვოცნებობ, საქართველოში მშვიდობა იყოს.
– მარიკა ვერულაშვილის შესახებ თუ იციან შენმა ლონდონელმა მეგობრებმა?
– არასდროს მიწევს ამაზე საუბარი. არასდროს ვყოფილვარ იმის ინიციატორი, რომ მეთქვა: იცი, რა, დედაჩემი ესა და ეს არის-მეთქი. ყოფილა შემთხვევა, საქართველოშიც არ იცოდნენ ჩემმა მეგობრებმა მარიკას შესახებ.
– ეს ერთგვარი კომპლექსი ხომ არ არის, რომელიც ხშირად აქვთ ცნობილი მშობლების შვილებს. ხომ არ ფიქრობ, რომ ხალხისთვის ყოველთვის მარიკა ვერულაშვილის შვილი იქნები?
– არა, იმის კომპლექსი არასდროს მქონია, რომ მარიკა ვერულაშვილის შვილი ვარ. პირიქით, ამით ყოველთვის ვამაყობ და ძალიან მიხარია კიდეც.
– ისეთივე პოპულარული დედის შვილი, როგორიც შენ ხარ საქართველოში, რომ შევადაროთ ინგლისურ ვარიანტს, როგორ ფიქრობ, ის უკეთ იცხოვრებს ლონდონში, ვიდრე შენ თბილისში?
– ერთადერთი განსხვავება ის იქნება, რომ ჩემზე უკეთ ეცოდინება ინგლისური ენა და არ გაუჭირდება არანაირი გამოცდის ჩაბარება.
– რამდენ ენას ფლობ?
– ვიცი ფრანგული, ინგლისური, ესპანური. რუსულს დაბადებიდან ვსწავლობ, მაგრამ ვერ ვისწავლე. თბილისში უნდა გადმოვფრენილიყავი, მარიკამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან ერთად მისი მეგობარიც მოფრინავდა. ძალიან გამიხარდა, მაგრამ ვერც ვიფიქრებდი, რომ ის მეგობარი შეიძლება რუსი ყოფილიყო. ეს რომ გავიგე, გული ძალიან დამწყდა. ჩემი იმედი არ გქონდეს, ხმას ვერ ამოვიღებ-მეთქი, ვუთხარი.
– საკუთარ თავზე რას გვეტყვი?
– არ ვიცი ღალატი და არ მიყვარს სხვა ადამიანზე ლაპარაკი. ამის უფლებას ჩემს თავს ვერასდროს მივცემ. ყოველთვის ვცდილობ, კარგი მეგობარი ვიყო. პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა მაქვს.
– კრიტიკული ხარ საკუთარი თავის მიმართ?
– დიახ, ძალიან. ყოველთვის ვცდილობ, საკუთარი თავი ყველაფერში გავაკონტროლო.
– სხვა თუ გაკონტროლებს?
– დედა ძალიან მენდობა, ამიტომ მისგან ისეთ კონტროლს ვეღარ ვგრძნობ როგორც ადრე. მიუხედავად ამისა, მაკონტროლებს ბებიაჩემი. ერთადერთი, რაც ძალიან მახარებს, ის არის, რომ მე და მარიკას შორის ტყუილი არ არსებობს, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. ერთად თუ ვდგავართ, ხშირად დები ან დაქალები ვგონივართ.
– თბილისში ერთი კვირით ჩამოხვედი და ისიც არაშესაფერისი გარდერობით.
– ლონდონში ძალიან ციოდა, მაგრამ იმ პერიოდში თბილისში ძალიან ცხელოდა. რომ ჩამოვედი ორი დღე კარგი ამინდი იყო, მაგრამ მერე ისე აცივდა, რომ დედაჩემის გარდერობის ხშირი სტუმარი გავხდი.
– ალბათ, მასაც ახარებს ის ამბავი, რომ უკვე შვილი მოესწრო და მისი გარდერობით შეუძლია, ისარგებლოს.
– დიახ, ასეა, მაგრამ მარტო მე არ ვსარგებლობ მისი გარდერობით, ხანდახან პირიქითაც ხდება. წითელი „დოლჩე და გაბანას“ ქამარი მქონდა. ლონდონში რომ ჩავფრინდი, ვერსად ვეღარ ვიპოვე. მარიკას დავურეკე, ქამარს ვერ ვპოულობ და ხომ არ იცი, სად არის-მეთქი? ჩემს შავ შარვალს უკეთიაო, მიპასუხა. სხვათა შორის, თბილისში სავსე ჩემოდნით ჩამოვდივარ და უკან წაღება აღარც მჭირდება, ისე ცარიელდება. ვაღიარებ, მეც წამიღია მარიკუნას რაღაცეები.
– ამჯერად როდემდე გვემშვიდობები?
– თუ მარიკუნას ექნება იმის დრო, რომ დეკემბერში ჩემთან ჩამოვიდეს ძალიან გამიხარდება, მაგრამ, თუ ვერ მოახერხა, მაშინ მე შევხვდები ახალ წელს საქართველოში.