მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: შეუძლია თუ არა მიცვალებულის სულს ცოცხალ ადამიანებთან კონტაქტი?
პასუხი: გარდაცვლილის სულთან კონტაქტის დამყარება ლოცვით მიიღწევა. ასევე, გარდაცვლილებიც ლოცულობენ ჩვენთვის. უდიდესი ძალა და მადლი აქვს ეკლესიაში ლოცვას მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში. რაც შეეხება გარდაცვლილთა გამოცხადებებს, ამას ჩვეულებრივი ადამიანი დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რადგან ეს, შეიძლება, ეშმაკის ნებით მოხდეს. ჭეშმარიტი ხილვები უფლის ნებით აქვთ წმიდანებს. ასევე, დაუშვებელია გარდაცვლილთა სულებთან კონტაქტის დასამყარებლად სპირიტული სეანსის ჩატარება, რადგან ასეთი რამ ბოროტი ძალების დახმარებით ხდება, რაც უფალს გვაშორებს და მიცვალებულთა სულებს აფორიაქებს.
კითხვა: აუცილებელია თუ არა შობის მარხვის დაცვა? რადგან ის ახალ წელს ემთხვევა, ძალიან მიჭირს სახსნილო საკვებისგან თავის შეკავება.
პასუხი: წლის განმავლობაში დაწესებულია ოთხი მარხვა; არსებობს, ასევე, ცალკეულ დღეებში დაწესებული მარხვები, ყოველი მათგანის დაცვა ქრისტიანისთვის აუცილებელია და ეს ცხოვრების წესად უნდა იქცეს. მარხვის დაცვა უპირველესად ნებისყოფას ამუშავებს და, თქვენი კითხვიდან გამომდინარე, ჩანს, რომ არ გყოფნით ნებისყოფა, რაც დაუშვებელია მორწმუნე ადამიანისთვის. გარდა ამისა, მარხვა არ გულისხმობს მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავებას, მარხვის დროს ქრისტიანი ვალდებულია, მოიქცეს ზომიერად, არ მოხვდეს განსაკუთრებულ მხიარულებაში და ბევრი ილოცოს.
კითხვა: როგორ უნდა დაიკრძალოს გარდაცვლილი, რომელიც მართლმადიდებელი არ იყო?
პასუხი: გაპატიოსნება და დაკრძალვა ყველა მიცვალებულს სჭირდება, მაგრამ, თუ გარდაცვლილი არ იყო მართლმადიდებელი, მისთვის ღვთისმსახურება ვერ შესრულდება. საერო ტრადიციით, მიცვალებულის წინაშე ჭირისუფალი გულში ამბობს შენდობას, ანუ თვითონაც სთხოვს შენდობას და მასაც მიუტევებს ცოდვებისთვის, რათა ამან არ დაამძიმოს გარდაცვლილის სული.
კითხვა: ქუჩაში ვიპოვე ოქროს ჯვარი. შეიძლება თუ არა, ვაკურთხებინო და ვატარო?
პასუხი: რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, აკურთხებინოთ და ატაროთ; ასევე, თუ გნებავთ, შესწირეთ ის ეკლესიას.