როგორ შეიძლება ქალმა მამაკაცის ცხოვრებაში საბედისწერო როლი ითამაშოს
შეუძლია თუ არა ქალს მამაკაცის ცხოვრებაში საბედისწერო როლი ითამაშოს? თუ ჩვენს რესპონდენტს მოვუსმენთ და დავუჯერებთ, სწორედ ასეთი ქალები ცვლიან მამაკაცების ცხოვრებას რადიკალურად და არცთუ სახარბიელო მომავალს უქმნიან, თუმცა, არა მამაკაცების დაუხმარებლად. ვერანაირი ურთიერთობა ვერ იქნება ცალმხრივი, ისევე, როგორც არ არსებობენ ცალმხრივად დამნაშავენი. შეცდომას უშვებს ორივე მხარე, თუმცა, მეტ-ნაკლებად. მთავარია, გვინდა თუ არა, ვაპატიოთ შეცდომები და გავაგრძელოთ ურთიერთობა.
ამბობენ, რომ მამაკაცებს უყვართ თვალებით და სწორედ ეს არის მიზეზი იმ სამწუხარო რეალობისა, რომლის წინაშეც ისინი აღმოჩნდებიან ხოლმე. ფინალი კი ხშირად სულაც არ არის ბედნიერი...
ილია (28 წლის): ყოველთვის მამაკაცები გამოჰყავთ ქალებს დამნაშავეები, თითქოს ჩვენ ვიყოთ ქვეყნის დამქცევები და სიყვარული არ შეგვეძლოს. ერთი წლით ადრე ასეთი დისკუსიის დროს ნამდვილად ვერ ამოვიღებდი ხმას და არ შევეცდებოდი, დამეცვა ჩემი სქესის წარმომადგენლები. რატომღაც ვეთანხმებოდი იმ აზრს, რომ ქალები უფრო დაჩაგრულები არიან ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში.
– ამას ხმამაღლა ამბობდით?
– არა, ხმამაღლა არ ვამბოდი და, პრინციპში, ვერც ვიტყოდი, რადგან გამოცდილება არ მქონდა. შეყვარებული როგორ არ ვყოფილვარ, მაგრამ, ასეთი ურთიერთობა ქალთან ნამდვილად არ მქონია. ძირითადად, ადვილად გამომდიოდა ყველაფერი. დარწმუნებული ვიყავი, რომ საკუთარ ბედ-იღბალს ყოველთვის თავად განვაგებდი და განვკარგავდი; რომ არასდროს არავისზე არ ვიქნებოდი დამოკიდებული. პიროვნული თავისუფლება მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– რომელსაც ზოგჯერ მამაკაცები საკუთარი ცოდვების მისაჩქმალავად იყენებენ, ანუ, როცა ამბობენ, რომ ღალატი მათ ამ თავისუფლების დასადასტურებლად სჭირდებათ.
– მე ასეთი რაღაც არ გამიგია, ღალატთან თავისუფლებას საერთოდ არ აქვს კავშირი. მე ერთგული ადამიანი ვარ. ორი თვის განმავლობაშიც რომ მქონოდა ქალთან შემთხვევითი ურთიერთობა, მისი ერთგული ვიყავი, იმ პერიოდში ფლირტიც კი არ მქონია სხვასთან. მე ამას ვუწოდებ ერთგულებას და არა იმას, სახლში ცოლებს რომ ეფიცებიან, შენ მეტი არავინ მინდაო, ნაქირავებ ბინაში თუ სასტუმროს ნომერში კი – საყვარელს. მაგრამ, ეტყობა, ამ კატეგორის კაცები უფრო დაფასებულები არიან. ჩემი არც ერთგულება დააფასა ვინმემ და არც სიყვარული. ცუდი ყოფილა, გულს რომ გატკენენ.
– თქვენ არავისთვის გიტკენიათ გული?
– გააჩნია, გულისტკივილში რას გულისხმობთ. ის, რომ ვინმესთვის ოცნების კოშკები ამეგო და მეთქვა, შენზე ვგიჟდები, ჩემო სიყვარულო, ყველაფერი ხარ ჩემთვის-მეთქი, ასეთი რამ არ მომხდარა. ყოველთვის პატიოსანი მოთამაშე ვიყავი და ვამბობდი იმას, რასაც ვგრძნობდი. ქალს თუ აწყობდა ასეთი ურთიერთობა, იყო ჩემთან, თუ არა და, ძალა არავისთვის დამიტანებია. მაინც, როგორ აღმოვჩნდი ილუზიების ტყვეობაში, საკუთარი თავის მიკვირს.
– რეალისტი ხართ?
– მეგონა, რომ ვიყავი რეალისტი. სამწუხაროდ, როცა ფაქტის წინაშე დავდექი, სხვანაირად წავიდა ჩემი ცხოვრება. ნეტავი, იმ პერიოდში, როცა თავი მაგარი ტიპი მეგონა და ვფიქრობდი, შეცდომებს არ ვუშვებ-მეთქი, ვინმეს ეთქვა, სუსტი ნებისყოფის, საკუთარ თავზე შეყვარებული სულელი ხარო. წარმომიდგენია, როგორ დავცინებდი ამ ადამიანს, მაგრამ, იქნებ, დავფიქრებულიყავი და ცოტა რეალურად მეაზროვნა. არასდროს მიოცნებია ლამაზ, რომანტიკულ სიყვარულზე, გეფიცებით. ჩემი მეგობრებისთვის დამიცინია კიდეც და მითქვამს, კაცი ღრუბლებში როგორ უნდა დაფრინავდეს-მეთქი. საკუთარი თავით და საკუთარი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ვიყავი. პატარ-პატარა რომანები მქონდა, მაგრამ სერიოზულად არავისზე მიფიქრია. ცოლის შერთვასაც არ ვაპირებდი – ისე როგორ უნდა შემიყვარდეს ვინმე, რომ უღელში შევება-მეთქი.
– ოჯახის წინააღმდეგი ხართ?
– არა, ოჯახის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ. თუმცა, საკუთარი მოსაზრება მქონდა იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნილიყო ოჯახი: არავითარი ზედმეტი ემოციები და გიჟური ვნებები – ეს მხოლოდ ხელს უშლის ნორმალურ ოჯახურ ურთიერთობებს. ორმა ადამიანმა ერთმანეთს უნდა გაუგოს და ეს არის მთავარი, – ასე ვფიქრობდი მაშინ და ამიტომ ცოტა სხვანაირად წარმომედგინა ჩემი დაქორწინება. თუ ასე დავკარგავდი ჭკუას, ამას როგორ ვიფიქრებდი? ეს ქალი ჩემი ბედისწერაა. ნეტავი, ოდესმე თუ შევძლებ მის დავიწყებას? როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ცუდად იყო ჩემი საქმე. იმიტომ არა, რომ თვალი მომჭრა მისმა სილამაზემ. გარეგნულად ნამდვილად არ იყო გადასარევი და საოცარი „ნაშა“, მაგრამ, რაღაც ისეთი ჰქონდა, გავიფიქრე, მეორედაც რომ არ ვნახო, ნამდვილად მოვკვდები-მეთქი. მობილურის ნომერი მაშინვე მომცა. ამანაც არ შემაფიქრიანა და კითხვის ნიშანი არ გამიჩინა. მეორე დღესვე შევხვდი. როგორ გითხრათ... ძალიან თავისუფალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ თითი არ დამაკარებინა. რა „მიუწვდომელს“ თამაშობდა, უნდა გენახათ და ამით კიდევ უფრო ამირია თავგზა. თან მთელი სხეულით, მზერით, მანერებით, ღიმილით ისეთ სექსუალურობას ასხივებდა, მოვკვდი კაცი. იყო მასში რაღაც ისეთი, რაც საშუალებას არ მაძლევდა, ყოველ წუთს მასზე არ მეფიქრა. იცით, როგორ მესმის ახლა იმ ადამიანების, რომლებიც სიყვარულის გამო თავს იკლავენ? ყველას ფსიქიკა ერთნაირად ძლიერი ხომ არ არის?! მაშინ მეც ავად გავხდი. ჯერაც ვერ ვიტყვი, რომ განვიკურნე. გაოგნებული ვარ, როგორ ვიყავი თანახმა, მის გამო ყველასა და ყველაფერზე მეთქვა უარი. ყოველთვის მოწესრიგებული და ჩამოყალიბებული ვიყავი ჩემს მიზნებში, მაგრამ, უცებ გამოჩნდა ის და თავდაყირა დააყენა ჩემი მსოფლმხედველობა. მეუბნებოდა, ერთი დღით ვცხოვრობ, დღევანდელია ჩემთვის მნიშვნელოვანი და ხვალინდელ დღეზე ფიქრით თავს ვერ ავიტკივებო. მეც მომწონდა ეს და იდიოტივით შევციცინებდი. ერთხელ ვკითხე, სამომავლო გეგმები არ გაქვს-მეთქი? მაგრად დამცინა – ეგ საინტერესო არ არისო. როცა არაფერს გეგმავ და შემთხვევაზე ხარ მინდობილი, ცხოვრება სიურპრიზებით სავსე ხდება და მაგრად „ვკაიფობო“. ქალისგან ასეთი სიტყვები შოკის მომგვრელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ხომ იცით, როცა გიყვარს, აბსოლუტურად სხვანაირად აღიქვამ ყველაფერს. თან, მე ამას სიყვარულსაც ვერ ვარქმევ. ეს უფრო რაღაც სიგიჟის მაგვარი იყო. ახლა, როცა შედარებით საღ გონებაზე ვარ და შემიძლია, ცოტა ვიაზროვნო, მიკვირს, როგორ ვიყავი დაბრმავებული. „შეუიარაღებელი“ თვალით ჩანდა მისი „ღირსებები“, მაგრამ, არ ვხედავდი – ბრმაც ვიყავი და ყრუც. მე, ცხოვრებისგან ყველაფერს საუკეთესოს ვიღებ და საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარს არასოდეს ვეუბნებიო, – მეუბნებოდა.
– მიგაჩნიათ, რომ ქალი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს?
– მე რა მიმაჩნია, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, იმ წუთში როგორ აღვიქვი ეს სიტყვები. გულში მომწონდა კიდეც – როგორი დამოუკიდებელი და თავისუფალია ფიქრებითაც და საქციელითაც-მეთქი. მოკლედ, სრული იდიოტი ვიყავი. ვერ დავინახე მასში საბედისწერო ქალი.
– როგორია საბედისწერო ქალი?
– როგორი და, ცხოვრების გზას რომ აგაცდენს და საკუთარ პრინციპებზე უარს გათქმევინებს.
– ცოტათი გაუგებარია, რა ბრალდებას უყენებთ.
– ქალის პოზიციიდან მეკითხებით. კარგი, აგიხსნით: მამაკაცს აქვს რაღაც უპირატესობა. ცუდად არ გამიგოთ, სხვა რამეს ვგულისხმობ. მამაკაცს მაინც აქვს პრიორიტეტები, თავისი ცხოვრებისეული პოზიცია, მენტალიტეტი, შეხედულებები და პრინციპები, რომლებსაც არ უნდა უღალატოს. ეს არის კაცობა. სიჯიუტე სხვა რამეა და ამასთან კავშირი არ აქვს. კაცს ხომ თავისი კაცური პრინციპულობისა და პიროვნული ღირსებების გამო სცემენ პატივს. ქალიც მთავარია და სიყვარულიც, მაგრამ, არც ერთმა და არც მეორემ ჩვრად არ უნდა გაქციოს. უნებისყოფობა არ უნდა დაგმართოს და არ უნდა გამოგაშტეროს. როცა ყველაფერი იცი, მაგრამ, მაინც უბედური ხარ, ესე იგი შენ საბედისწერო ქალს გადაეყარე.
– მაინც ვერ მივხვდი. თქვენ მან მოგატყუათ? ერთგულებას, სიყვარულს გეფიცებოდათ და გიღალატათ?
– რა თქმა უნდა! აბა, რას ვლაპარაკობ? მაგრამ, თავს არ ვიმართლებ. მე ეს ყველაფერი დავიმსახურე და, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი მამაკაცია ჩემს მდგომარეობაში. სულ მიკვირდა, ცოლებს ღალატს როგორ პატიობენ-მეთქი, ახლა კი აღარ მიკვირს. იმ მომენტში მაგისთვისაც მზად ვიყავი, მაგრამ, თვითონ არ მოინდომა ჩემთან დარჩენა.
– ანუ, გეუბნებოდათ, მიყვარხარო?
– დიახ, მეუბნებოდა. ერთბაშად გადაირია. ჯერ თუ ხელს არ მაკარებინებდა, უცებ ისეთები ქნა, გამომაშტერა. ერთ საღამოს კინოდან სახლში მიმყავდა. მანქანა გააჩერეო, მითხრა და გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი, წელზემოთ გახდილი უკვე კალთაში მეჯდა. ქალის უნახავი ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ, გადამრია. ვეღარ გავიგე, როდის თამაშობდა: მაშინ, როცა „უკარებას“ მაჩვენებდა თუ ახლა, როცა გამოცდილი მეძავივით მომიწყო სექსის სეანსი...
– ხომ მიხვდით თავიდანვე, რომ თავისუფალი ადამიანი იყო, რატომღა გაგიჩნდათ იმის პრეტენზია, რომ თქვენთვის ეერთგულა?
– იმიტომ, რომ მაქვს ამის საფუძველი. ერთად რომ ვიყავით და ვეუბნებოდი, შენ ჩემთვის ერთადერთი ხარ, სხვაგან აღარასოდეს გაგიშვებ, ჩემი შვილების დედა უნდა გახდე-მეთქი. ისე მეხუტებოდა, ისე მეკვროდა, რომ ეს თანხმობა იყო. არც ერთ ქალთან არ ვყოფილვარ ისეთი ბედნიერი, როგორიც მასთან. მრცხვენია, ამას რომ ვამბობ. ორი თვეა, რაც ცოლი შევირთე და ძალიან მიყვარს. არაჩვეულებრივი ადამიანია. ზუსტად ისეთი ქალია, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ, ეს სულ სხვა რამეა.
– იქნებ, დააკონკრეტოთ, „სხვა“ რას ნიშნავს?
– იმას, რომ მე იმ სიყვარულმა დამანგრია, გამომაცარიელა და გამომფიტა. ძალიან მინდა, ჩემს ცოლთანაც ვიგრძნო ისეთივე აღმაფრენა, მაგრამ, აღარ შემიძლია. ვცოფდები საკუთარ თავზე, თუმცა, ვერაფერს ვუხერხებ.
– ცოლი გიყვართ?
– დიახ. მარტო რომ ვყოფილიყავი, გავგიჟდებოდი. ისედაც ძალიან მძიმედ გადავიტანე ის იმედგაცრუება და ტკივილი, რომელიც იმ ქალმა მომაყენა. საშინლად შევცდი მის შეფასებაში და ეს კიდევ უფრო მტკენს გულს. იცით, როდის გაუჩინარდა? უკვე დარწმუნებული რომ ვიყავი, ვუყვარვარ-მეთქი; უკვე ჩემს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს რომ ვუთხარი, უბედნიერესი ვარ და მალე ცოლს მოვიყვან-მეთქი. ერთ დღეს მობილურს აღარ უპასუხა, მერე საერთოდ გამორთო და გაქრა. საერთოდ უუნარო გავხდი. რომელი თავმოყვარეობა ან ღირსების შეგრძნება! ოღონდ მეპოვა და დამებრუნებინა, ყველაფერზე თანახმა ვიყავი. რამდენიმე დღე ვეძებე და ბოლოს. ღამის კლუბში ვიპოვე, ვიღაც ბიჭის კისერზე ჩამოკიდებული. წარმოიდგინეთ, ჯერ გაურკვევლობა რა საშინელი რამეა და, მერე, ერთბაშად, ასეთი ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდები. იმწუთშივე მივარდნა მინდოდა. როგორ შევიკავე თავი, არ ვიცი. მართლა არ ვიცი... უკან გავყევი ორივეს. არ მოვყვები, როგორი სცენის მოწმე გავხდი, მაგრამ, გავუძელი. ეს ტანჯვა იყო, მაგრამ, მერჩივნა, საკუთარი თავი გამეწამებინა.
– იმ წუთებში რას ფიქრობდით?
– ეგ უკვე აღარ ვიცი, მაგრამ თვითონ რომ დამბრუნებოდა, მე მივიღებდი ამ ყველაფრის შემდეგაც კი, მაგრამ, დამცინა: ან ბრმა ხარ, ან სულელი. როგორ ვერ ხვდები, რომ არ მიყვარხარ. ერთად კარგი დრო გავატარეთ და დამთავრდა, დავემშვიდობოთ ერთმანეთს, შენ შენთვის იყავი და მე ჩემთვის ვიქნები. დიდ ბედნიერებას გისურვებო. ასე ადვილად ვერ გაგიშვებ-მეთქი. გაეცინა: რას იზამ, დამაბამ თუ სახლში გამომკეტავ? შენი უბედურება ის არის, რომ არ შეგიძლია, მარტივად შეხედო სიტუაციას. კონიაკი ძალიან მაგარი სასმელია და სიამოვნებას იღებ, როცა წრუპავ, მაგრამ, თუ გამოთვრები, მეორე დღეს თავის ტკივილი მოგკლავს. მე არც შვილების გაჩენა მინდა და არც შენი წინდების რეცხვა. შეირგე ის სიამოვნება, რომელიც ერთად ყოფნით მივიღეთ და დამემშვიდობე. მადლობელიც უნდა იყო, რომ არ გატყუებ და ზოგიერთი ქალივით არ გეტენები, რომ, ქმრის ზურგს ამოფარებულმა, მერე „პატიოსნად“ ვიბოზო. მე არ ვარ მაგ კატეგორიის. როგორც მომწონს, ისეც ვცხოვრობ და შენთან ჩემი თავი ამოვწურეო.
– სხვათა შორის, ასეთ ფრაზებსა და სიტყვებს მამაკაცები ეუბნებიან ხოლმე ქალებს. კაცები თამაშობენ ხოლმე საბედისწერო როლს.
– თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ ასეთი კაცების გამო მომეზღო სამაგიერო?! მე ასე არ ვფიქრობ. ეს ადამიანური თვისებებია. ქალიც შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს და მამაკაციც. გააჩნია, ვისთვის რას ნიშნავს გრძნობა და სიყვარული. მე იმას განვიცდი, რომ ქალის შეფასებაში ასე არ უნდა შევმცდარიყავი. გამოუცდელი ბიჭი არ ვიყავი, ეს არ უნდა დამმართნოდა. დღემდე რისი მეშინია, იცით?! კიდევ არ ვარ მისგან გათავისუფლებული. რამდენიმე დღის წინ ცოლთან ერთად კინოში ვიყავი და დავინახე. ლამის მუხლები მომეკვეთა, სუნთქვა შემეკრა და ვიგრძენი, რომ ისევ მიზიდავს. რა მჭირს ამისთანა, ვერ გამიგია. რატომ ვერ შევძელი მისი ამორეცხვა ჩემი გულიდან და გონებიდან? ახლაც, რომ დამიძახოს, ყველაფრის მიმტოვებელი და უკან გამკიდებელი ვარ. ძალიან ვნანობ, რომ საერთოდ მივეცი ჩემით მანიპულირების საშუალება. კიდევ იტყვით, რომ ქალებს მამაკაცები ღუპავენ ან ატყუებენო. ძირითადად, პირიქით არის. ეს ჩვენ, კაცები ვართ ხშირ შემთხვევაში სათამაშოები ქალების ხელში, მთავარია, ქალმა შენი მიწასთან გასწორება მოინდომოს.