კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

ჩემს დაქალთან

მეგობრობა აღარ მინდა

ერთი დაქალი მყავს. რომ იტყვიან, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და, არათუ ჩხუბი, წაკამათებაც კი არასდროს მოგვსვლია. თავიდან მეგონა, რომ ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს და იმიტომ იყო ჩვენი მეგობრობა ასეთი მშვიდობიანი, მაგრამ, ახლა ვხვდები, რომ ეს მშვიდობა წლების განმავლობაში მხოლოდ ჩემი მოთმენის, გაჩუმებისა და დათმობის შედეგი იყო. ისე კი ნუ გამიგებთ, რომ ის მეჩხუბებოდა და მე ვჩუმდებოდი, არა, საქმე აქამდე არასდროს მისულა, მაგრამ, მარტო ჩხუბი ხომ არ არის საქმე?!

უკვე კარგა ხანია, ვგრძნობ, რომ ჩემს უახლოეს ადამიანთან აღარაფერი მაქვს საერთო. თითქოს ჩვენი ინტერესები გაიყო. თუმცა, ეს უკვე დიდი ხანია, მოხდა, უბრალოდ, მე მხოლოდ ახლახან მივხვდი. მართალია, მასთან ერთად ყოფნის დროს ვგრძნობდი ხოლმე რაღაც დისკომფორტს, მაგრამ, ეტყობა, იმდენად ვერ წარმომედგინა ჩვენ შორის რაიმე გაუგებრობის არსებობა, რომ, ვერ ვხვდებოდი, ვერ ვაცნობიერებდი, სინამდვილეში რა ხდებოდა. მერე თანდათან დავაფიქსირე ერთი რამ: როცა ერთად ვიყავით, ძირითადად ის ლაპარაკობდა და მე ვუსმენდი. მიყვებოდა მთელი დღის განმავლობაში მომხდარ ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი: როგორ ჩავიდა დილით პურის საყიდლად, რა ეცვა, ვინ შეხვდა გზაში, რამდენი ჭიქა ყავა დალია, რისი ოპერაცია გაუკეთეს ბიცოლამისს რამდენიმე დღის წინ და ახლა რა წამლებს ასმევენ... მოკლედ, იძულებული ვიყავი, მინდოდა ეს თუ არა, ყურადღებით მესმინა. მაგრამ, თუ მე მომინდებოდა რამის მოყოლა, როგორი მნიშვნელოვანი ამბავიც არ უნდა ყოფილიყო, ცალი ყურითაც კი არ მომისმენდა. ხშირად შუა სიტყვაზე მაწყვეტინებდა სათქმელს და სულ სხვა თემაზე იწყებდა ლაპარაკს. ბევრჯერ ისეც მომხდარა, ელემენტარულად, რაღაც რჩევა მჭირდებოდა მისგან, ის კი მეტყოდა – აბა, მე რა ვიცი, შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო, როგორ მოიქცეო და ამით მაწყვეტინებდა სიტყვას.

კიდევ ერთი უცნაური (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის) თვისება ჰქონდა: თუ მასთან მივიდოდი და, ვთქვათ, რაღაცას წერდა ან კითხულობდა, არავითარ შემთხვევაში არ შეწყვეტდა თავის საქმეს. მე სავარძელში დამსვამდა და საათობით ვუცდიდი, როდის მოათავებდა თავის საწერსა თუ საკითხავს. ისეც მომხდარა, რომ ავმდგარვარ და წამოვსულვარ. სამაგიეროდ, როცა თვითონ მოვიდოდა, ტაშ-ფანდურით უნდა დავხვედროდი, ოღონდ, ისევ მხოლოდ მისთვის უნდა მესმინა. მოკლედ, წლების განმავლობაში ისე დავიღალე ასეთი ურთიერთობით, ჩემდაუნებურად, თანდათან შევამცირე მასთან ვიზიტები და ბოლოს სულ შევწყვიტე – თვითონ ისედაც (იშვიათად მოდიოდა ხოლმე ჩემთან). მთავარი კი ის არის, რომ, არც კი შეუმჩნევია, მასთან რომ აღარ მივდიოდი. მხოლოდ რამე საერთო სამეგობროს შეკრებისას ვხვდებოდით ერთმანეთს, როგორც ჩვეულებრივი ნაცნობები.

რამდენიმე წლის წინ საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა: შევუყვარდი ბიჭს, რომელსაც ჩემი დაქალი კარგად იცნობდა. მე ის ბიჭი კი მომწონდა, მაგრამ სიყვარულს ნამდვილად არ ვგრძნობდი მის მიმართ, თან, წესიერად არც კი ვიცნობდი. რამდენჯერმე დავაპირე, დავლაპარაკებოდი ამის შესახებ ჩემს დაქალს და იმ ბიჭზე რაღაცეები მეკითხა, მაგრამ, რამდენჯერაც წამოვიწყე სათქმელი, იმდენჯერ ან საერთოდ არ მომისმინა, ან, როგორც წესი, სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი. ერთი სიტყვით, ვერც კი გავაგებინე, რა მინდოდა. მერე ისე მოხდა, რომ იმ ბიჭს მაინც გავყევი ცოლად. დაქალი ქორწილში რომ დავპატიჟე, გამიბრაზდა – ახლა უნდა ვიგებდე შენს ამბავსო? გეგონება, მეხვეწებოდა, ყველაფერი მომიყევიო და მე არ ვუყვებოდი. მაგრამ, თქვენ მისი გაგიჟება უნდა გენახათ, როცა გაიგო, ვის მივყვებოდი ცოლად. სულ ტანსაცმელი შემოიხია – ამას როგორ მიჰყვები, მთელ ჩვენს სანათესაოში (რაღაც შორეულ ნათესავად ეკუთვნოდა) ამისთანა გარეწარი არავინ გვყავსო. რაც მთავარია, ეს სცენა ქორწილამდე რამდენიმე საათით ადრე მოაწყო დედაჩემისა და მამაჩემის თანდასწრებით. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, ისეთი რამეები თქვა ჩემს საქმროზე, მამაჩემი გადაირია და მაშინვე დაურეკა თავის სასიძოს, ქორწილი ჩაიშალა, აღარ გაგატან ჩემს ქალიშვილს და, გირჩევნია, საერთოდ წახვიდე ქალაქიდან, თუ გინდა, რომ ჩემი ხელით არ მოგიღო ბოლოო. ასე ჩაიშალა ჩემი გათხოვება. ჩემი ყოფილი საქმრო მართლა წავიდა არა მარტო თბილისიდან, არამედ საქართველოდან და წლების განმავლობაში ხან რომელ ქვეყანაში ცხოვრობდა და ხან – რომელში.

მე კი დღემდე გაუთხოვარი ვარ. იმ საშინელი დღეების შემდეგ კაცისკენ გახედვაც არ მინდოდა. მართალია, ჩემი დაქალი ახლაც ხშირად მეუბნება, მე გადაგარჩინეო, მაგრამ, დღემდე არ ვიცი, გადამარჩინა თუ, პირიქით, სამუდამოდ მარტოობისთვის გამწირა. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ მასთან მეგობრობის არანაირი სურვილი აღარ მაქვს. მარტო იმიტომ კი არა, რომ ქორწილი ჩამიშალა, უბრალოდ, ვგრძნობ, რომ ის ჩემიანი აღარ არის.

ეკა, 38 წლის.

 

საქართველოში ნამდვილი

მამაკაცების დეფიციტია

მე და ჩემმა ქმარმა 11 წელი ვიცხოვრეთ ერთად და მთელი ეს წლები, შემიძლია ვთქვა, ჩვენს ოჯახში სუფრა არ ალაგებულა. მატერიალურად არ გვიჭირდა, მეც და ჩემი მეუღლეც ძალიან ხელგაშლილები ვიყავით და ყველას უყვარდა ჩვენთან მოსვლა, მით უმეტეს, რომ არავის არაფერი ეხარჯებოდა. ეხარჯებოდა კი არა, დაუსაჩუქრებელს არავის ვუშვებდით, რომ აღარაფერი ვთქვა იმ ოფიციალურ და დაუბრუნებელ ვალებზე, რაც დათოს თითქმის ყველა ძმაკაცს ემართა ჩვენი. მე არც კი მეუბნებოდა, ისე აძლევდა ყველას საკმაოდ მსხვილ თანხებს, მე მერე ვიგებდი ხოლმე, სრულიად შემთხვევით, საუბარში. ის კიდევ ცალკე თემაა, ხუთას ან ათას დოლარს (ხან – მეტსაც) რომ ესესხებოდნენ, მერე კი წუწუნს იწყებდნენ და დათო აღარ ართმევდა.

მაშინ მეგონა, რომ თავის ძმაკაცებს დათო გულწრფელად უყვარდათ და, მისი ხასიათისა და ხელგაშლილობის წყალობით, ეს სიყვარული უფრო ძლიერი და ერთგული გახდებოდა, მაგრამ, გვიან მივხვდი, რომ ჩემი ქმარი კი არა, მისი ფულები უყვარდათ და თავიანთი მფარველის, ქომაგისა და მარჩენალის (ეს მათივე სიტყვებია) გადაჭარბებული გულუხვობითა და ხელგაშლილობით ბოროტად სარგებლობდნენ და, საბოლოო ჯამში, გამორჩენაზე იყვნენ. თავიდან მათ რომ ვუყურებდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ არსებობდა ნამდვილი, ერთგული, კაცური მეგობრობა; რომ კიდევ არსებობენ ნამდვილი მამაკაცები, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ შორის (და ისინი საკმაოდ ბევრნი არიან) ერთიც კი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელსაც შეიძლება, რომ კაცი უწოდო. არადა, თავად ჰგონიათ, მაგრები არიან და რამეს წარმოადგენენ. ის კი არა, მათი უმრავლესობა ეკლესიურადაც ცხოვრობს (რა თქმა უნდა, თავიანთი გაგებით): მარხვას იცავენ, ყველა რელიგიურ დღესასწაულზე ტაძარში დადიან და ლოცულობენ, მოძღვრები ჰყავთ. ღმერთს პატიებას ვთხოვ, რადგან ამას რომ ვფიქრობ და ვწერ, მათი განკითხვა გამომდის, მაგრამ, ძალიან მაინტერესებს, აღსარებაში რას ეუბნებიან მოძღვარს, მარტო თავს იქებენ და ტრაბახობენ? დარწმუნებული ვარ, ცოდვად მხოლოდ წვრილმან რაღაცეებს აღიარებენ, მთავარს კი არ ინანიებენ (ალბათ, იმიტომ, რომ არც მიაჩნიათ მოსანანიებლად) და, იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ამ მთავარის დამალვითა თუ დაფარვით, უფრო დიდ ცოდვაში ვარდებიან.

ახლა გეტყვით, რატომ ვწერ ამ ყველაფერს იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩემი ოჯახისა და პირადად ჩემი ქმრის ახლობლებად მიმაჩნდა.  ორი წლის წინ დათო ავარიაში მოყვა და ისე დაიმტვრა, თვე-ნახევარი რეანიმაციაში იწვა და აპარატზე იყო შეერთებული. ექიმებმა თავიდანვე გვითხრეს, რომ აბსოლუტურად უიმედო მდგომარეობა იყო, მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენდა და ამ სასწაულის მოლოდინში ვიყავი მთელი თვე-ნახევარი. რეანიმაციული პალატის წინ მუხლმოყრით ვიდექი და ღმერთს ქმრის გადარჩენას ვევედრებოდი. მთელი ეს პერიოდი ბავშვები დედაჩემთან მყავდა დატოვებული და არც კი ვიცოდი, რას ჭამდნენ, რას სვამდნენ და, საერთოდ, როგორ იყვნენ. გამოგიტყდებით და, იმ დღეებში შვილები არც კი მახსოვდა.

მოგეხსენებათ, საავადმყოფოს რა ხარჯები სჭირდება, მით უმეტეს, როცა ავადმყოფი ასეთ მდგომარეობაშია. უკან არ ვიხევდი არაფერზე, ყველაზე ძვირიანი პრეპარატების გაკეთებასაც კი ვთხოვდი ექიმებს. მოკლედ, ერთი თვეც არ იყო გასული, რომ მთელი დანაზოგი, რაც სახლში გვქონდა, გამოილია. აღმოჩნდა, რომ დათოს არც ერთ ბანკში არ ჰქონია ანაბარი. ამიტომ, ჩემი სამკაული მივეცი დათოს ძმაკაცის ცოლს, რომელთანაც ყველაზე ახლოს ვიყავი და ვთხოვე, სასწრაფოდ გაეყიდა. ასეთ დროს კი, ხომ იცით, რაც ხდება: როცა გეჩქარება, იძულებული ხარ, კაპიკებში გაყიდო ძალიან ძვირფასი ნივთიც კი. შესაბამისად, სამკაულებში აღებული ფული მალე გამოილია. თან, ასე თუ ისე, ბავშვებსაც ხომ უნდოდათ რჩენა. მოკლედ, ამ ყველაფერს უყურებდნენ დათოს მეგობრები (რომლებიც საავადმყოფოში მოსვლითაც აღარ იწუხებდნენ თავს, მობილურზე მირეკავდნენ და ერთადერთ შეკითხვას მისვამდნენ: ახალი ხომ არაფერიაო) და ერთს არ მოსვლია აზრად, რომ შეკრებილიყვნენ, თუნდაც ერთხელ, ამ თვე-ნახევრის განმავლობაში, თითოს 20-30 ლარი დაედო და ერთი წამლის ფული მაინც გადაეხადათ. თუმცა, რა ფულის შეგროვებაზეა ლაპარაკი, როცა საავადმყოფოში მოსვლა ეზარებოდათ. ერთ დღეს კი, როცა სასესხებლად გაგვიხდა საქმე, ჩემმა საცოდავმა დედამთილმა მითხრა (მანამდე არც კი გამხსენებია), ჩემი შვილის ვალი მის თითქმის ყველა მეგობარს აქვს და უნდა ვუთხრათ, დაგვიბრუნონ, სხვა გამოსავალი არ გვრჩებაო. მდგომარეობის სიმძიმის მიუხედავად, მე ამის გაკეთებაზე უარი ვთქვი, რადგან დათოს არ უყვარდა, როცა მის პირად საქმეებში ვერეოდი. ამის გამო ჩემმა დედამთილმაც პირდაპირ ვერ გაბედა, მოეთხოვა და ერთ-ერთს, რომელსაც ყველაზე მეტი ემართა დათოსი, უთხრა: ვიცი, რომ ჩემს შვილს ბევრისთვის აქვს ფული ნასესხები და, იქნებ, როგორმე გაიგო, ვინ არიან და ნაწილი მაინც გამოართვაო. ამ ვითომ ერთგულმა მეგობარმა, რომელსაც (გარდა იმისა, რომ თანხა ემართა, დათომ თავის დროზე მანქანაც კი უყიდა), ჩემი ქმრის ოფიციალური ვალიც რომ არ ჰქონოდა, თვითონ უნდა ენამუსა და თუნდაც სიმბოლურად დაგვხმარებოდა, ჩემს დედამთილს უთხრა, წარმოდგენა არ მაქვს, ვისთვის რა აქვს დათოს მიცემული და ასე გამოკითხვა როგორ დავიწყოო.

მოკლედ, ამ ვაი-ვაგლახში გავიდა ის საშინელი თვე-ნახევარი და დათო გარდაიცვალა. მის მეგობრებს არც დაკრძალვის ხარჯი გაუღიათ, ორმოცზეც და წლისთავზეც ქუდზე კაცი იყო მოსული და სამეგობროს სახელით გვირგვინიც კი არ მოუტანიათ. არც ორმოცამდე, არც წლისთავამდე და არც დღემდე, ერთიც კი არ მოსულა ჩვენთან, მოსულა კი არა, ტელეფონით არავის დაურეკავს და არ უკითხავს, როგორ ხართო. ერთადერთი ადამიანი მირეკავს ხოლმე თვეში ერთხელ ან ორჯერ, წაიწუწუნებს, ყელამდე ვალებში ვარ ჩაფლული და მრცხვენია, რომ ვერ გეხმარებიო და ცდილობს, სიტყვით გამამხნევოს (სხვათა შორის, მხოლოდ მას არ აქვს ჩემი ქმრის ვალი), მაგრამ, მე მაინც მადლობელი ვარ მისი, დანარჩენები კი კაცებად არ მიმაჩნია.

მაგრამ, ეს ყველაფერი ჟურნალია იმასთან შედარებით, რაც მერე მოხდა. მართალია, დათოს გარდაცვალების შემდეგ კარგა ხანს საერთოდ არ გავდიოდი სახლიდან, მაგრამ, ერთ დღეს დამირეკეს და ჩემი ძალიან ახლობლის გარდაცვალების ამბავი შემატყობინეს. ძალიან მიმძიმდა, მაგრამ, რომ არ წავსულიყავი, არ შეიძლებოდა. პანაშვიდზე რომ მივედი, იქ ბევრი ნაცნობი ვნახე და მათ შორის იყო დათოს იმ მეგობრის ცოლიც (ქმართან ერთად), რომელსაც ჩემი სამკაულები მივეცი გასაყიდად. რომ დამინახა, ისე შეცბა და დაფეთდა, გამიკვირდა, ნეტავი რა მოუვიდა-მეთქი. მერე აწრიალდა, სასწრაფოდ ხელთათმანები ჩაიცვა და პალტოს საყელოთი მოშიშვლებული ყელი დაიფარა, მაგრამ, მაინც „გაიყიდა“ – პალტოს საყელო ვიწრო აღმოჩნდა და დავინახე, რომ ჩემი ბრილიანტის საყურეები ეკეთა. ამან ისე იმოქმედა ჩემზე, ისე გადავირიე, რომ ვითავხედე, იმდენი ხალხის თანდასწრებით პალტოს საყელო გადავუწიე და ვუთხარი (ყველამ გაიგო, ვინც იქ იდგა, მათ შორის მისმა ქმარმაც): რა ლამაზი და ძვირფასი საყურე და კულონი გიკეთია (ყელზეც ჩემი კულონი ეკეთა), ზუსტად ისეთებია, მე რომ მოგეცი გასაყიდად, დათო რომ მიკვდებოდა-მეთქი. ის საცოდავი, კინაღამ მოკვდა, მაგრამ არც მერე დაურეკავს ჩემთან. მე კი მაშინ მართლაც რაღაც კაპიკები მომიტანა და მითხრა, ძალიან რომ გეჩქარებოდა, მეტი არ მომცესო.

აი, ასეთები ხართ, ჩვენო კარგო ქართველო მამაკაცებო (მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ყველა არა): ყანწით ხელში მაგარ-მაგარ სადღეგრძელოებს ამბობთ სამშობლოზე, კაცობაზე, ქართველობაზე, ურთიერთგატანაზე, მეგობრობაზე, რწმენაზე, ერთგულებაზე... ერთი-ორი ლექსი და სიმღერაც გაქვთ ნასწავლი, რომ წვეულებაზე თავი მოიწონოთ; სხვისი ფულებით კომფორტიც გაქვთ შექმნილი საკუთარი თავისთვისაც და ოჯახისთვისაც, სადაც საჭიროა, გულანთებულ პატრიოტსაც თამაშობთ და ახლობლების გაჭირვების ტალკვესსაც, მაგრამ, მე ხომ ვიცი, ვინც ხართ და რაც ხართ... თუმცა, მარტო მე კი არა, თქვენ თვითონაც იცით, ოღონდ, ამისი აღიარება საკუთარ თავთანაც კი გეშინიათ, ალბათ, იმიტომ რომ, არ გინდათ სინდისმა გაიღვიძოს თქვენში, თუმცა, რომ გაიღვიძოს, ის უნდა არსებობდეს...

თეა, 37 წლის.

 

რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 595 40-76-78.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com 

ან მოიტანოთ რედაქციაში 

წერილის სახით.

 

скачать dle 11.3