ვისთან ერთად „ღლაბუცობს” ნუკი კოშკელიშვილი და აუხდება თუ არა კოტიკო თოლორაიას ამერიკული ოცნება
შაბათი საღამოს კარგი განწყობა ამ ორი ადამიანის საოცარ ენერგიაზეა დამოკიდებული. შოუ თავისთავად ხალისიანია, თუმცა ნუკი კოშკელიშვილისა და კოტიკო თოლორაიას გარეშე „ფლეშმობ შოუს” ასეთი ცეცხლი და სიხალისე არ ექნებოდა. ასეთივე სახალისო იყო მათი ინტერვიუებიც.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნუკი კოშკელიშვილი
– შოთიკო, ცუნცულ, პირველი კითხვა...
– ხომ უნდა აუხსნა ადამიანებს, რატომ ვარ შოთიკო.
– ჯერ კიდევ იმედის დილაში ვიყავი, როდესაც დუეტების შოუს დროს, სტუმრად კოტიკო თოლორაია მოვიდა და ერთი კვირის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობდა. ესე იგი, ორშაბათს რომ დავიწყე ოთიკოთი, კვირის ბოლომდე, ხან სოსიკოს ვეძახდი, ხან შოთიკოს. ბოლოს უკვე გოგიჩა აცხადებდა, ისე არასწორად ჩამებეჭდა მისი სახელი გონებაში, რომ ვეღარაფრით შევცვალეო. ამის შემდეგ, ერთმანეთი ახლოს ამ პროექტზე მუშაობის დროს გავიცანით. ეთერში მისი სახელი აღარ მეშლება, მაგრამ ცხოვრებაში ის ჩემთვის ჩვეულებრივი შოთიკოა (იცინიან).
– არაჩვეულებრივი შოთიკო როგორია მითხარი. დამისვი, ცუნცულ, კითხვა.
– გადაცემა მაქვს რადიოში გიორგი ნაზღაიძესთან ერთად და იქიდან შენთან დარეკვას ვფიქრობდით. „ფეისბუქის” შენს გვერდზე დაიდო სტატუსი, სადაც ეწერა ცხრა წელია, არავინ მყვარებია და ახლა პირველად შემიყვარდაო. ვიცი, რომ ეს სალომე კასრაძის ნამოქმედარი იყო...
– კი, თუ ვინმეს ჩართული დარჩა „ფეისბუქი”, მეც ასე ვმაიმუნობ ხოლმე და სამაგიეროს მიხდიან.
– პირველი კითხვა – არის თუ არა ეს რეალობა და მართლა ასეა, რომ ცხრა წელი არავინ გყვარებია?
– ეს ძალიან ზოგადი შეკითხვაა, ზუსტად ვერ გაიგებ. შეიძლება, წელიწადში რამდენჯერმე შეგიყვარდეს, შეიძლება ცხრა კი არა, ცხრამეტი წელიც არავინ შეგიყვარდეს. სიყვარული ხომ იცი, თავისით მოდის, არ გეკითხება როდის და რომელ საათზე, ვინ იქნება შენი მეორე ნახევარი. საერთოდ, მეორე ნახევრის თემაც უცნაურადაა. ჩემი აზრით, ბევრად მარტივია ცოლის მოყვანა, ვიდრე ნამდვილი სიყვარულის პოვნა.
– ანუ? შენი აზრით, არ არის სავალდებულო ცოლი შენი საყვარელი ადამიანი იყოს?
– პირიქით, ეს ყველაფერი რომ ერთმანეთთან კავშირშია და ცოლად ნამდვილი სიყვარული უნდა მოიყვანო, ამიტომაც ვარ ამდენი ხანი დასაოჯახებელი. ველოდები ნამდვილ და დიდ სიყვარულს, იმ ერთ ადამიანს, რომელსაც ღმერთი გამომიგზავნის. ოჯახს ჩემს ყველაზე დიდ სიყვარულთან ერთად შევქმნი, მეყოლება ბევრი შვილი. ზუსტად ასე წარმომიდგენია ჩემი სიბერე – ბევრი შვილი, შვილიშვილები, დიდი სახლი ტბის პირას და „კუკუსკა“ ცოლი.
– ესე იგი, შენი, მექალთანე შოთიკოს ოცნებები ასეთი საოჯახოა?
– რატომ ვარ მექალთანე?
– ამას ვამტკიცებ და ყოველთვის ვიტყვი, რომ მექალთანე ხარ. ასორმოცდაათი ადამიანი რომ ზის დარბაზში და მათგან ასი გოგონაა, შენ ახერხებ და ასივეს კომპლიმენტს ეუბნები. არ შეიძლება ასი გოგო დაიარო და ყველას უთხრა – იცი შენი თვალები... (იცინიან), ანუ შეიძლება იყო მექალთანე, მერე დაოჯახდე და ცოლის ერთგული გახდე?
– სხვათა შორის, ძალიან ერთგული ვარ. როდესაც შეყვარებული ვიყავი, სხვა ქალი, როგორც მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელზეც შეიძლება აღეგზნო და გახურდე, არ არსებობდა. არსებობდნენ ჩვეულებრივი ადამიანები, მეგობრები ან არამეგობრები, უბრალოდ, გოგოები. ასე რომ, ვიცი, სიყვარულის ამბავში ძალიან ერთგული ვარ. მართალია, ჩემი სიყვარული, ცოტა ხანს, სულ რაღაც ერთი წელი გაგრძელდა და მის მაგალითზე არ შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ცხოვრება ცოლის ერთგული ვიქნები-მეთქი, მაგრამ ეს გამოცდილება მაინც კარგი იყო. დავრწმუნდი, რომ შემიძლია სიყვარულის ერთგულება და ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა. რაც შეეხება შენს პირველ კითხვას, სიყვარულს ველი, გაშლილი ხელით.
– აქამდე რეალურად არ გიცნობდი, არ ვგულისხმობ ნაცნობობას, როდესაც ერთმანეთს უბრალოდ ვესალმებოდით. აღმოვაჩინე, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი ხარ იმისგან, რასაც მაყურებელს აწვდი. ცხოვრებაშიც ძალიან მხიარული ხარ, მაგრამ არა ცანცარა, საკმაოდ სერიოზული მიზნები და გეგმები გაქვს. მითხარი რეალურ კოტიკო თოლორაიას რამე ოცნება თუ აქვს?
– ოცნება მაქვს. გაცილებით უფრო დადებითი და პოზიტიური ვიქნები, თუ ბანკის ვალები აღარ მექნება. ეს არის ერთადერთი, რაც დღეს მბოჭავს.
– ეს უფრო სურვილია და არა ოცნება?
– შეიძლება ცოტა ბანალური იყოს და ესეც რეალობასთან ახლოს, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ – მინდა, დედაჩემი წავიყვანო და ამერიკაში წავიდე საცხოვრებლად. ზოგადად, ცხოვრებას შევხედო სხვანაირი თვალით. ლონდონში გადასარევად ვცხოვრობდი. ჩემი ძმა მეუბნება, ამერიკა ერთხელ მაინც უნდა ნახოო, ერთი წელი მაინც უნდა იცხოვრო და ზუსტად მიხვდები, რა გინდა აკეთო, საით წახვიდეო.
– ამერიკული ოცნების გჯერა?
– ამერიკული ოცნება შეიძლება საქართველოშიც აგიხდეს, შეგიძლია „ლოტოს“ ბილეთი იყიდო და მილიონერი გახდე. მაგრამ, ამერიკაში მაინც კარიერულ წარმატებას შეგიძლია ისე მოულოდნელად მიაღწიო, რაც სხვა ქვეყნებში არ ხდება. ჩემი ძმის მეზობელი აღმოჩნდა, ნიუ-იორკში რაც კი ქასთინგები ტარდება, იმის მენეჯერი. ასე ხვდებოდნენ ერთმანეთს და რაღაც პერიოდის შემდეგ გაიგეს, რომ ის ქასთინგების მენეჯერია და სოსო – მსახიობი. წაიყვანა ქასთინგზე და სოსო უკვე რამდენიმე როლშია გადაღებული. სკორსეზეს ფილმში ითამაშა, „მენ ინ ბლექ 3-ში” უილ სმიტთან ერთად... დღესაც გადაღებაზეა სადღაც წასული.
– ამ ოცნებისთვის მიდიხარ შენც?
– მსახიობური ნიჭი არ მაქვს. ბავშვობიდან, შთამომავლობით რაც მაქვს, ეს ბიზნესია. ეს არის ის, რაც კარგად გამომდის და შეიძლება, ამ მიმართულებას მივხედო ამერიკაში. სანამ ომი დაიწყებოდა, ორი სამსახური მქონდა, მაღალი ხელფასი, სტაბილურად და კარგად ვცხოვრობდი, თავს გართობის უფლებასაც ვაძლევდი და უამრავი საკრედიტო ბარათი მქონდა, რომელიც მას შემდეგ რაც ომის გამო ორივე სამსახური დაიხურა, სერიოზულ ვალებად მექცა. არ ვიცი, ჩავალ ამერიკაში, დარწმუნებული ვარ, იქ ყველაფერი სულ სხვანაირად წავა, ვიდრე შეიძლება ახლა დავგეგმო.
– ერთი მნიშვნელოვანი კითხვა. ტუჩები... (იცინიან) ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება შენზე, გეი ხომ არ არისო. ყოველთვის მეცინება ამაზე. შეიძლება, ნებისმიერზე მკითხონ და ვთქვა, თავს ვერ დავდებ-მეთქი, მაგრამ აი, შენზე მართლა თავს დავდებ, რომ ასე არ არის. აშკარად, მეტროსექსუალი ხარ.
– სხვათა შორის, ჩემი მეგობრებიც მეუბნებიან, იმ დღეს შენ გამო ვიჩხუბეო, ვიღაცამ მკითხა, გეი ხომ არ არისო?! ადრე ეს თემა გაააქტიურა ჩემმა მხიარულმა და მკვეთრ ფერებში ჩაცმულობამ. შავი ფერი უარყოფილი მქონდა. ჭრელა-ჭრულების გამო ეს ჭორი გავრცელდა, მაგრამ მერე გადაიარა, დაივიწყეს. ახალ კი ერთ-ერთი ანონსის ჩაწერაზე, უცხო ვიზაჟისტი დამხვდა, არა ჩვენი გადაცემის, რომელმაც ძალიან ღია ფერის გრიმი გამიკეთა და მის ფონზე ტუჩები საშინლად წითელი მიჩანდა. ხალხი კი არა, დედაჩემმაც კი დამირეკა, პროდიუსერი შემოვიდა და პომადა რატომ წაისვიო (იცინიან). ნუკი, შენ კი არა, მეც კი მეკითხებიან „გაპედერასტდიო”?!
– მე კბილებით გიცავ და ყველგან ვცდილობ, შენი იმიჯი არ შეილახოს (იცინიან).
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია კოტიკო თოლორაია
– მითხარი, რა მომენტებში იგზნები ჩემზე (იცინიან)? ყელში რომ გკოცნი, მაგ დროს რა გემართება ხოლმე?
– რა დეგენერატი ხარ. როგორი კორექტული ვიყავი და შენ როგორ დაიწყე?!
– შენ იყავი კორექტული? სულ გეი მეძახე (იცინიან). მითხარი, შენი სუსტი წერტილი, რომ ვიცოდე, სად გაკოცო ხოლმე.
– ამ დროს ვკივი მთელ ხმაზე – მომშორდი, მიგახრჩობ-მეთქი. მარტო მე კი არა, ყველა ვკივით, რადგან ვინც კი გოგოა ოთახში, ყველას კოცნი.
– აჭარბებ. ყველას იმიტომ ვკოცნი, რომ შენ ისტერიკას აწყობ. ჩამოვუვლი ყველას, რომ დაწყნარდე და მშვიდობიანად გავიდეთ ეთერში. თორემ ის პირველი ვნება შენია (იცინიან).
– აბეზარი ბიჭი ხარ, რაა...
– არა, სერიოზულად, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი შეყვარებული გყავს, მაგრამ უნდა იცოდე, სამსახურში ჩემი ხარ და მორჩა. ამას ვერ წამართმევთ (იცინიან). ხუმრობის გარეშე, ძალიან საყვარელი გოგო ხარ და მართლა გამიხარდებოდა, რომ ჩემს შეყვარებულზეც სულ თქვან, რა მაგარი გოგოაო. მეორე კითხვაც ისევ იგივე ხომ არ დავსვა (იცინიან)?! მინდა, რაღაც პროექტი გავაკეთო – რადიო და ტივი. გადაცემა იქნება შემეცნებითი, მუსიკალური, გასართობი, საღლაბუცო. თუ გაქვს სურვილი, ჩემთან ერთად წაიყვანო?
– რატომაც არა, მაგრამ უკვე ვმუშაობ „აფხაზეთის ხმაზე” და თუ იქ გააკეთებ, შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ.
– კარგი, ვიფიქროთ ამაზე. მომიყევი შენი ერთი, არასამუშაო დღე როგორია. ვთქვათ, ორშაბათი.
– ყველა ორშაბათი ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ეს ორშაბათი უინტერესოდ გავატარე. სახლში რემონტი მაქვს და მთელი დღე წაკუზულ მდგომარეობაში ვიყავი...
– პირიქით, ძალიან საინტერესო ყოფილა ეს ორშაბათი (იცინიან).
– არა, მთელი ორშაბათი ვხეხავდით და ვწმენდდით მე და დედაჩემი. ისე, როცა თავისუფალი დრო მაქვს, დღეებს ჩემს შეყვარებულთან ან მეგობრებთან ერთად ვატარებ. მიყვარს ქუჩაში მარტო სეირნობა. დავდივარ ქალაქის ცენტრში, სადაც ხალხმრავლობაა, შევდივარ მაღაზიებში. ფულიც რომ არ მქონდეს და არაფრის ყიდვას არ ვაპირებდე, მაინც მიყვარს მაღაზიებში შესეირნება.
– მალე ბევრი ფული გვექნება, ნუკი.
– ვერ ვიტყვი, რომ კლუბებში, ელიტური თავშეყრის ადგილებში სიარულის მოყვარული ვარ-მეთქი. არ დავდივარ. ყველა ძალიან მომწონს და მიყვარს, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა, არსად ვყოფილვარ.
– არც მე, აღარ მომწონს ეს ყველაფერი. მითხარი, გათხოვებას თუ აპირებ?
– არა, ჯერჯერობით არა.
– შვილის გაჩენას?
– არც შვილის გაჩენას.
– კარგი გოგო ხარ (იცინიან). შენი რეალური ოცნება მითხარი ქართულ სატელევიზიო სივრცეში.
– უამრავი იდეა მაქვს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო მიმართულებით. ეს არის ადგილი, რომელზეც ვგიჟდები. წამყვანობა, ტელევიზია, ხალხთან ურთიერთობა ჩემი საქმეა და ნებისმიერ დროს და ადგილას, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყო, მზად ვარ კამერის წინ ჩემი საქმე გავაკეთო. რა თქმა უნდა, განვითარებაც მინდა. ვფიქრობ, საავტორო გადაცემაზე, რომელიც მინდა, სახალხო იყოს. არ მაინტერესებს, უხეშად რომ ვთქვათ, „სვეცკი” გადაცემის გაკეთება საზოგადოების მაღალი ფენისთვის. მინდა, სულ ქვემოთ, საზოგადოების ძირში რომ ძალიან ბევრი ხალხია, მათთვის საინტერესო გადაცემა გავაკეთო. ამის ანალოგი მსოფლიოში არსებობს და მასზე ვმუშაობ კიდეც. არ ვარ „სვეცკი” ადამიანი, შეიძლება დღეს ავტობუსით წავიდე, „ნაუშნიკებით” მუსიკას ვუსმენდე და ხანგრძლივი მგზავრობა მესიამოვნოს. ხშირად ყინვაში, ტაქსის ლოდინში ისიც მიფიქრია, რა კარგია, ახლა მეტროთი რომ წავიდე, როგორ თბილა-მეთქი.
– ჩემი პრაქტიკული გოგო.
– არ მინდა გადაცემა, რომელიც მხოლოდ ერთი, ვიწრო მიმართულებითაა. მომწონს მრავალფეროვანი თემები და მიმართულებები.
– მათ შორის, პოლიტიკაც?
– პოლიტიკაც, მაგრამ არა ახლა. თუ ამ სფეროში დავრჩი, ათი წლის შემდეგ შეიძლება, პოლიტიკურ გადაცემაზეც ვიფიქრო. მრავალფეროვნებაში ვგულისხმობ, რომ დღეს ილაპარაკო იმაზე, რაც დღესაა აქტუალური, ხვალ ხვალინდელზე და სხვა. მინდა, ჩემი გადაცემის გმირები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და არა ცნობილი სახეები. შეიძლება ცნობილი სახეები სტუმრად მოვიდნენ, მაგრამ არა მთავარი გმირის სტატუსით. ჩემი პირადი სეგმენტი მაქსიმალურად მიწიერი მგონია, ყველაზე ყველაზე სახალხო.
– საკუთარი ცხოვრებით თუ ხარ კმაყოფილი?
– კი, აბსოლუტურად. დღეს ცუდიც რომ ხდებოდეს, სამომავლოდ ყველაფერს კარგად გამოვიყენებ. ყველანაირ გამოცდილებას მივესალმები, ეს მზრდის და მამდიდრებს. დღეს არ მინდა, სხვა ვიყო, სხვა გარემოებაში ვცხოვრობდე, არც ის, რომ ჩემ გარშემო მყოფები სხვები იყვნენ. ყველაფერი მომწონს, რაც ჩემ გარშემო ხდება. არაფრის შეცვლა არ მინდა.
– აი, ხელისუფლებაში რომ იყო, რას შეცვლიდი? ძალიან მაინტერესებს ეს.
– იქიდან გამომდინარე, რომ ჩემგან არანაირი ხელისუფალი არ გამოვიდოდა, ამაზე საუბარი მიჭირს...
– ხელისუფალი თუ არა, თავისუფალი ხომ ხარ და რამე შენს თავისუფლებას ზღუდავს?
– არაფერი. როდესაც გხვდება ადამიანი, რომელიც გეუბნება: ფუ, ეს ხელისუფლება რა საშინელებაა, ადრე მილიციაში ვმუშაობდი, ცხრა ბინა მქონდა და ახლა უმუშევარი დამტოვესო – ეს თავისუფლების შეზღუდვა არ არის. ეს კანონის დაცვაა. რა თქმა უნდა, მარტივად არაფერი ხდება და არც ერთ ქვეყანაში. როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო, კარზე არ დაგიკაკუნებენ. ყველაფერი ბევრი შრომის შედეგად ხდება. უსაქმური ნიჭიერების არ მჯერა, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელ დღეს რამეს სერიოზულად შევცვლიდი.
– არჩევნებში ხმას ვის აძლევ?! მოკლედ, ნუკი, ინტერვიუ ხუთიანზე დავასრულეთ (იცინიან).