კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ აიყვანა გიგა ლორთქიფანიძემ „დათა თუთაშხიაში“ რამაზ ჩხიკვაძე და რის ტყვეობაში გაატარა მან 65 წელი

გიგა ლორთქიფანიძემ ქართულ თეატრსა და კინოს „ტყვეობაში” 65 წელი გაატარა, ალბათ, ამიტომაც ის, რასაც ჯანმრთელობის გამო შეელია და რის   გარეშეც დღეს ცხოვრება ყველაზე მეტად უჭირს, სწორედ თეატრი და კინოა. ის რეკორდსმენი რეჟისორების კატეგორიაშიც შედის – 157  სპექტაკლი სცენაზე, ბევრ, მხოლოდ თეატრის რეჟისორსაც კი არ დაუდგამს. თუმცა, მისი სახელი მაინც  ქართულ კინოს, უპირველესად კი, „დათა თუთაშხიას”  უკავშირდება. ათეული წლების შემდეგაც კი, დიდი რეჟისორი ემოციებით იხსენებს ამ ფილმს, მასთან დაკავშირებულ ისტორიებს  და მეგობარს,  რომელიც, მრავალწლიანი ურთიერთობის მიუხედავად, მისი მსახიობი ვერ გახდა.          

 

 –  ბატონო გიგა, როგორ  ხართ,  დიდი ხანია, აღარ ჩანხართ.  

 – სულ სახლში ვარ, ოთახიდან ოთახშიც კი ვერ გავდივარ დამოუკიდებლად. იძულებითი შინაპატიმრობა არ ყოფილა კარგი. აღარც მეგობრები მყავს, თითქმის ყველა წავიდა ამქვეყნიდან. ახლა ჩემი მეგობრები მათი ცოლები არიან და ვარ ასე, ქალების კამპანიაში. ისინი მნახულობენ ხოლმე.  

– ბოლო  თვეებში ქართულ ხელოვნებაში   კარგი ამბები ვეღარ ხდება. რუსთაველის თეატრიდან წავიდა რობერტ სტურუა,  გარდაიცვალა  რამაზ ჩხიკვაძე.

– ამას ისე ნუ ჩამომართმევთ, რომ უკვე წლოვანებაში ვარ, წარსულს მივტირი  და ასე იმიტომ ვამბობ,  მაგრამ, სამწუხაროდ,  ჩვენს ხელოვნებაში საქმე კარგად ვერ არის.  უმძიმეს მდგომარეობაშია ის, რითაც საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა: ქართული კინო, ქართული თეატრი და ქართული ლიტერატურა. პოლიტიკურმა პერიპეტიებმა ძალიან ჩაკლა კულტურული განვითარების მოთხოვნილება, არადა ეს ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი თვისება იყო. ყველაზე უფრო მძიმე პერიოდებშიც კი, ჩვენი კინო და თეატრი  მსოფლიო სარბიელზე იყო  გასული. „ქართული კინოს  ფენომენი” ჩვენი მოგონილი ხომ არაა. ეს უცხოელებმა უწოდეს ასე ქართულ კინოს, რომლებიც გაოცებულები იყვნენ იმით, თუ საიდან იყო ასეთ პატარა ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის კინემატოგრაფია.  სადაც კი გავიდა ქართული თეატრი, ყველგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. გული მწყდება, რომ ახლა ამ ყველაფრიდან ბევრი არაფერი დარჩა. ის, რაც ახლა რობერტ სტურუასთან დაკავშირებით მოხდა, არის ძალიან ცუდი და მძიმე ფაქტი ქართული კულტურისთვის. რობიკო  ხან დადგამდა სპექტაკლს, ხან არ დადგამდა, მაგრამ ამ  დიდი რეჟისორის არსებობა,  ნამდვილად კვებავდა  ქართულ თეატრს.  

– ქართულ თეატრს ყოველთვის მძიმე „კულისები” ჰქონდა, როგორი იყო დამოკიდებულება  ორ მაღალი კლასის რეჟისორს შორის?  

– მე და რობიკოს  შორის შემოქმედებითი „შეჯიბრი” და კონკურენცია, რა თქმა უნდა, იყო. მაგრამ, ერთმანეთის მიმართ  ყოველთვის გვქონდა დიდი პატივისცემა. თუ კაცს იმის უნარი არ გაქვს, რომ სხვისი შემოქმედებით აღტაცებული იყო,  საკუთარ ნაჭუჭში  ხარ ჩაკეტილი და მთლად ნორმალური არ ხარ. ჩემს აღტაცებას ყოველთვის იწვევდა მიშა თუმანიშვილის, რობიკო სტურუას ნამუშევრები. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის უმაღლეს დონეზე იყო. ჩვენს შორის  არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა. როდესაც მომინდებოდა, რობიკოს ხელმძღვანელობის დროს, რუსთაველის  თეატრში სპექტაკლის დადგმა, თეატრის კარი ჩემთვის ყოველთვის ღია იყო. როცა ამის შესახებ რობიკოს ვეტყოდი ხოლმე, მან იცოდა თქმა: მერე, ბატონო გიგა, დადგით, თქვენ რა დაგიდგებათ წინო (იცინის). მე სულ სამი სპექტაკლი დავდგი რუსთაველში, მაგრამ  ჩემი სპექტაკლის გამო, რობიკოს  თავისი გეგმები ბევრჯერ გადაუწევია და ჩემთვის დაუთმია სცენა. მე ათი წლით მაინც ვარ რობიკოზე უფროსი. ჩემი თანატოლი  უფრო  მიშა თუმანიშვილი იყო, მაგრამ მეც და რობიკოც მაინც ერთ თაობად ვიქეცით  – ერთ პერიოდში ვმუშაობდით და ერთად ვქმნიდით სპექტაკლებს. გარდა თეატრისა, მე   მქონდა ჩემი საყვარელი საქმე – კინო, სადაც ბევრ შემოქმედებით ენერგიას ვხარჯავდი. თეატრში ჩემი გზა უფრო რთული იყო, თუმცა  მე ვარ რეჟისორი, ვინც  რეკორდული რაოდენობის სპექტაკლი დადგა სცენაზე. 157 სპექტაკლი დავდგი სცენაზე და ეს, მგონი, მსოფლიო რეკორდია (იცინის). მე მიყვარდა მსახიობები და ძალიან ვაფასებდი მათ შრომას. მათ წამყვანი როლი აქვთ კინოშიც და თეატრშიც. წარმოიდგინეთ, რა გამოვიდოდა „დათა თუთაშხია” იმ მსახიობების გარეშე, ამ ფილმში რომ მონაწილეობდნენ.

– რატომ არ აიყვანეთ ამ ფილმში რამაზ ჩხიკვაძე?

–  იმ პერიოდში, როცა „დათა თუთაშხიას“ ვიღებდი, რამაზი ძალიან იყო დაკავებული თეატრში. მაშინ რიჩარდის და მეფე ლირის ტრიუმფის დრო იყო. რამაზი შედევრებს ქმნიდა. მე რამაზს სეთურის როლი შევთავაზე, რომელიც მერე ბრწყინვალედ ითამაშა დოდო აბაშიძემ. თავიდან ვფიქრობდი, რომ რამაზს უნდა ეთამაშა ეს როლი. მას გასაოცარი ხასიათის შექმნის უნარი ჰქონდა. მისი სეთური ძალიან საინტერესო უნდა ყოფილიყო. რამაზმა თავისი წინადადება შემომთავაზა: ხომ არ გავაკეთოთ ისეთი ფილმი, რომ რამდენიმე კაცი ყვებოდეს დათას ისტორიას და თან, როლებს თამაშობდნენო. მე არ მომეწონა ეს იდეა და უარი ვუთხარი,  მან სეთურის როლიც აღარ აიღო. ასე არ შედგა ჩვენი თანამშრომლობა ამ ფილმში. ეს ჩემთვისაც საწყენი იყო, მაგრამ იმდენად ახლო  და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, ერთი როლი ჩვენს მეგობრობას ვერ შეიწირავდა. მერე მაინც მოვახერხეთ და „თეთრ ბაირაღებში” შოშია ითამაშა. რაღაცნაირად მოვიკალი ის ჟინი, რომ რამაზს ჩემთან ეთამაშა.  

– გაგინაწყენდათ დათას როლი რომ არ მიეცით?

– არა მგონია. ათეული წლები გავატარეთ მე და რამაზმა ერთად. გარდა იმისა, რომ რამაზი იყო გენიალური მსახიობი, ის იყო გენიალური კაცი და პიროვნება. ბევრჯერ ვმჯდარვართ ერთად სუფრასთან. რამაზს საოცარი იუმორი ჰქონდა, ისე იცოდა ამბის მოყოლა, გადაირეოდი კაცი. კარგი თამადა იყო, არც მე ვიყავი ნაკლები თამადა. როცა ერთად ვხვდებოდით სუფრასთან, ხან ის იყო თამადა, ხან – მე.   გული მწყდება, რომ  ჩემი მდგომარეობის გამო, რამაზის გასვენებაში ვერ წავედი. ეს ჩემთვის დიდი ტკივილი იყო. ძალიან იშვიათია, რომ კარგი მსახიობი უსაყვარლესი ადამიანიც იყოს. მას ხელოვნებაშიც და ცხოვრებაშიც მხოლოდ სიხარული და ბედნიერება მოჰქონდა, ის იყო კაცი  საოცრად საინტერესო. ჩვენ საათობით ვსაუბრობდით ხოლმე ქართულ კინოსა და თეატრზე, საერთო გეგმებზე, მაგრამ ცხოვრებამ მოგვიწყო ისე, რომ ის სტურუას მსახიობი იყო და არა გიგა ლორთქიფანიძის. ჩვენ არაფერი გვქონდა გასაყოფი.  რამაზს ჰქონდა უნარი, ზუსტად სცოდნოდა, რომელი იყო მისი როლი.  დათა თუთაშხია კი, ნამდვილად არ იყო  რამაზის როლი. კარგი მსახიობი არ ნიშნავს იმას, რომ მას ყველაფრის თამაში შეუძლია. ოთარ მეღვინეთუხუცესი არაჩვეულებრივი მსახიობია, მაგრამ „ჭინჭრაქას” ვერ ითამაშებდა. რამაზმა კი ჭინჭრაქაში შექმნა გენიალური როლი. მაშინ მისი სახით დაიბადა უდიდესი სახასიათო მსახიობი, თორემ იქამდე, როგორც ლამაზი ბიჭი, ლამაზი ბიჭების როლებს თამაშობდა (იცინის).  ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ თავად დიდმა მწერალმა ჭაბუამ თქვა: ფილმში ასამდე როლია და  ერთზე ვერ ვთქვი, რომ სხვა მსახიობის თამაში აჯობებდაო. მართალია, ერთხელ რაჟა სარჩიმელიამ იხუმრა კარგად ამაზე –  ფილმის გადაღებების დროს ერთმა  მილიციონერმა ჰკითხა: შენ რას თამაშობ „დათა თუთაშხიაშიო”?  ფირალს მე ვთამაშობ, თორემ ოთარ მეღვინეთუხუცესი რაიკომის მდივანს თამაშობსო (იცინის). ერთადერთი კაცი, ვინც ამ ფილმის გამო გამინაწყენდა, იყო ოთარ კობერიძე, რომელსაც მიაჩნდა, რომ დათა უნდა ეთამაშა. მან შესანიშნავად  ითამაშა ის როლი, რაც ჰქონდა.  დათა ოთარი უნდა ყოფილიყო,  რამაზი იყო  შესანიშნავი სახასიათო მსახიობი, მაგრამ არ იყო გმირი.  გარეგნული მონაცემებითაც ოთარი უფრო უხდებოდა დათას პერსონაჟს. მე ოთართან მრავალი წელი და შემოქმედებითი ურთიერთობა მაკავშირებდა. ვერც კი წარმომედგინა, ჩემი ფილმი და სპექტაკლი ოთარის გარეშე, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარდა. დათას როლზე ოთარს ალტერნატივა არ ჰყავდა. როდესაც სამხატვრო საბჭო როლის დამტკიცების დროს ოთარ მეღვინეთუხუცესზე   უარს მიცხადებდა და მთავაზობდა, თენგიზ არჩვაძე ან გურამ ფირცხალავა, გამესინჯა ამ როლზე,  მე კატეგორიული უარი  განვაცხადე: მაშინ მე არ გადავიღებ ამ ფილმს-მეთქი. ამ საქმეში ძალიან პრინციპული ვიყავი და დათმობაზე არასდროს მივდიოდი.  ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა შემომთავაზეს „ჭრიჭინას” გადაღება, თეატრში ამ როლს ისეთ დონეზე თამაშობდა მედიკო ჯაფარიძე, მე ვერ წარმომედგინა, სხვა ჭრიჭინა. როდესაც მედიკო ჯაფარიძე არ დამიმტკიცეს, საერთოდ უარი  ვთქვი ამ ფილმზე და „დათა თუთაშხიამდე” კინოს აღარ გავკარებივარ. თუმცა, ამ ფილმმა ჩემი ცხოვრება სულ სხვაგან წაიყვანა. ორწელიწად-ნახევარი ვიღებდით ამ ფილმს. ეს იყო საოცრად საინტერესო პერიოდი.  მე საოცრად მომთხოვნი ვიყავი გადასაღებ მოედანზე. ეს ჩემი თვისება იყო. ამ ნაწარმოების სიყვარულს ყველა ისე ვყავდით დატყვევებული, რომ იმის მიუხედავად, რომ ურთულეს პირობებში ვიღებდით ფილმს, უნდა გენახათ, როგორ მუშაობდნენ მსახიობები. წარმოიდგინეთ 43 გრადუს სიცხეში, ოთარ მეღვინეთუხუცესი ჩოხასა და ნაბადში, მაგრამ ძალიან დიდი ბედნიერებით მუშაობდა  ყველა. თითოეული ჩვენგანი გრძნობდა პასუხისმგებლობას ამ დიდი ნაწარმოების მიმართ და ვიცოდით, რომ თავი არ უნდა შეგვერცხვინა.  მე და ჭაბუა კარგად ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ თავიდან ჭაბუა ამ ფილმის გადაღებას ცოტა სკეპტიკურად უყურებდა, ეშინოდა, შევძლებდი თუ არა ასეთი წიგნის მერე, ფილმის გადაღებას.  სადგურის სცენა, სადაც დათა და მუშნი პირველად დაინახავენ ერთმანეთს, წიგნში არაა, თავიდან ბოლომდე იმპროვიზაცია იყო. გადაღებულ,  ჯერ კიდევ დაულაგებელ მასალას ვუყურებდი ჩაბნელებულ კინოდარბაზში,  ჭაბუა თურმე ჩუმად შემოსულა და უკან  დამჯდარა. სინათლე რომ ავანთეთ  ჭაბუა ტიროდა. საღოლ, გიგა, საღოლო, – დამიძახა და ასე მომცა დასტური.  

– მოგენატრათ კინო?

– მომენატრა კი არა, ბოლო პერიოდში ყოველღამე მესიზმრება, რომ ან გადაღებაზე ვარ, ან რეპეტიციაზე.  ვდგამ რაღაც პიესებს, მაგრამ როცა ვიღვიძებ, ვეღარ ვიხსენებ, რა პიესებს „ვდგამდი”. ეს, რა თქმა უნდა, მოურჩენელი ავადმყოფობაა, ტყვეობა, რომელშიც  ცხოვრების სამოც წელზე მეტი გავატარე.  

–  საკუთარ ცხოვრებაშიც ისეთივე მაღალი კლასის რეჟისორი იყავით,  როგორც კინოში?

– ალბათ, თუ ჩემს ოჯახს შეხედავთ. მე და ქეთინომ მოვახერხეთ და შევქმენით კარგი, ქართული, დიდი ოჯახი. მგონი, არც აქ ვიყავი ურიგო რეჟისორი. ჩემი რეჟისურა არის ჩემი მეუღლე, სამი ქალიშვილი,  შვილიშვილები და შვილთაშვილები. მართალია, მათგან ჩემი საქმე არც ერთმა არ აირჩია, მაგრამ ალბათ, პატარა გიგა ლორთქიფანიძე მაინც გახდება რეჟისორი. გოგონებს არც თვითონ უნდოდათ ეს პროფესია, მაგრამ ვერც მე გავიმეტებდი მათ ამისთვის. რეჟისორობა ქალის საქმე არ არის. ფიზიკურად ამტანი და გამძლე  უნდა იყო, რომ რეჟისორობა შეძლო.  „წიგნი ფიცისას” გადაღების დროს, ფრიალო კლდეზე ვიყავი ასული. წარმოგიდგენიათ, ამისი გაკეთება ჩემი ფეხით? მახსოვს, კაკო დვალიშვილი ჩამოვიდა. მე რომ იქ ასული დამინახა, კივილი დაიწყო: ჩამოიყვანეთ ძირს ეს კაციო. ჩამომიყვანდნენ და ის ისეთი აღარ გამოვიდოდა,  როგორიც მინდოდა, რომ ყოფილიყო. ამაზე კი ვერასოდეს  და ვერაფრის შიშით ვერ ვიტყოდი უარს... 

 

 

скачать dle 11.3