რა ჭორები გავრცელდა ცხრა შვილის მამის – ჯემალ ადამაშვილის გარშემო და რას მალავდა ის მრავალი წელი
ერთ დღეში მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ბატონი ჯემალ ადამაშვილისა და მისი ხუთი შვილის მყუდროება დროებით საკმაოდ სასიამოვნოდ დაირღვა. მინდა, მჯეროდეს, რომ ქართველების სიკეთე, რომელსაც ამდენ მადლობას უხდის ბატონი ჯემალი, მართალია მასობრივია, მაგრამ, ერთჯერადი არ არის, რადგან პატარებს სისტემატური მზრუნველობა ესაჭიროებათ, რასაც საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება და ამაში ყველა მშობელი დამეთანხმება.
ჯემალ ადამაშვილი: ამ ორ კვირაში ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დადგა. სასიამოვნო ალიაქოთი გვაქვს და მალე, ალბათ, დავწყნარდებით. როდესაც „ნანუკას შოუში” მივდიოდით, საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი შედეგი მოჰყვებოდა. იქ მიმიწვიეს როგორც მარტოხელა მამა და, გადავწყვიტე, ბავშვებიც წამეყვანა – ვიმღერებთ-მეთქი. მაგრამ, ნანუკამ უცებ ისეთი შეკითხვები დამისვა, რომლებსაც საერთოდ არ ველოდი. თან, ერთი, ჩემთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა რამდენჯერმე გამიმეორა და, მეც ვუპასუხე. ინტერვიუს შემდეგაც არაფრით არ მოველოდით ასეთ შედეგს.
– ვიცი, რომ ამაზე საუბარი ყოველთვის გერიდებოდათ.
– რა თქმა უნდა, ამის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცოდა რამე. ზოგი ჩემი მეზობელი მხედავდა, მზა საკვები რომ მომქონდა ხოლმე, ზოგიერთი კი ჩემთან ერთადაც დადიოდა უმწეოთა თავშესაფარში. ნათესავებსა და მეგობრებსაც კი არ ვეუბნებოდი ამის შესახებ – მეუხერხულებოდა... ქართველები ცოტა სხვანაირი ხალხი ვართ – ასეთი წესით რომ ცხოვრობ, ესე იგი...
– ესე იგი?
– არ ხარ სათანადო კაცი, არ ხარ საკმარისად ძლიერი და ვერ შოულობ იმდენ ფულს, რომ შვილებს საჭმელი ჰქონდეთ. მიუხედავად ამისა, საკმაოდ გავლენიანი, შეძლებული მეგობრები მყავს და მათ წრეში თავი ზედმეტად არასდროს მიგრძნია. ჩოხოსანი გახლავართ, ხშირად ვიკრიბებით... სხვათა შორის, ჩოხოსანთა ანსამბლ, „შავლეგოს” მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ.
– გადაცემის გასვლის შემდეგ ხმები გავრცელდა, რომ ამ კაცს არაფერი უჭირს, პარიზში მოგზაურობსო...
– პარიზში მართლაც ვიყავით, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში, პარიზში წასვლა და ფინანსური გაჭირვება ერთმანეთთან კავშირში არ არის. შარშან საფრანგეთში ხალხური სიმღერების ფესტივალზე მიგვიწვიეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ წავედით – გზის ფული ვერ ვიშოვეთ. დანარჩენ ხარჯებს საფრანგეთის ხელისუფლება იღებდა საკუთარ თავზე. წელსაც მოვიდა მოწვევა და დაფინანსებაც მივიღეთ. ჩვენი ანსამბლის წევრია კოტე მიქაძე, რომლის მეგობარიც არის არჩილ გეგენავა. მან გზის ფულით დაგვაფინანსა და თერთმეტი ადამიანი წავედით...
– და ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიდი ჰონორარებით დაბრუნდით უკან...
– არა, ამ ფესტივალზე ერთი ცენტიც არ აგვიღია, მაგრამ, სამაგიეროდ, ისე მოეწონათ ჩვენი ანსამბლი, რომ, სამი დღე დაგვიმატეს სასტუმროში, მანქანა მოგვცეს და მოგვატარეს ღირსშესანიშნაობები – ვნახეთ ლუვრი, ეიფელი...
– ამჟამად მხოლოდ ანსამბლით ხართ დაკავებული თუ სხვა სამსახურიც გაქვთ?
– მხოლოდ „შავლეგო”. მანამდე ვმუშაობდი გრემის სემინარიაში, ყვარლის გიმნაზიაში გალობას ვასწავლიდი. თბილისის 116-ე სკოლაშიც ვმუშაობ – საათები მაქვს იანვრიდან მაისის ჩათვლით. ოთხი მეათე კლასი მყავს და თვეში ას ლარს ვიღებ. სამსახურის დაწყებაც ძალიან რთულია, თან, ამათაც დევნა უნდა... მოკლედ, უამრავი საქმეა.
– ეკლესია გეხმარებათ, ბატონო ჯემალ?
– ხანდახან ყველა მეხმარება. უცებ ისე მოულოდნელად გამოჩნდება ხოლმე რაღაც, რასაც ვერ წარმოვიდგენ, მაგრამ, სისტემატურად – არავინ. არადა, ბავშვებს სისტემატური მიხედვა სჭირდებათ.
– ხუთ ბავშვს თვეში ალბათ ხუთი ათასი სჭირდებათ.
– ხუთი არა, მაგრამ, სამი ათასი ლარი მაინც გვჭირდება: კომუნალური გადასახადები, ელემენტარულად, ბავშვები რომ გავათბო, სკოლის წიგნები, ჩაცმა, ნორმალური საკვები... ალბათ, წარმოგიდგენიათ, რამხელა თანხებთანაა დაკავშირებული. მუსიკაზე დამყავდა და იქიდან გამოვიყვანე, ყველგან დიდი გადასახადებია. ტანვარჯიშში ჰქონდა არაჩვეულებრივი მონაცემები თეკლას, საერთაშორისო ტურნირებზე აპირებდა მწვრთნელი მის წაყვანას, მაგრამ, იქიდანაც გამოვიყვანეთ, ვეღარ გადავიხადეთ გადასახადი. მაგრამ, ახლა ამ ლამაზმა ქალბატონმა სასწაულები მოახდინა. ამჟამად სახლიდან ვართ გამოსული – ერთ ოთახს გვირემონტებს გადაცემა „რემონტი”.
– ახლა სად ხართ?
– ნათესავთან ვართ, მაგრამ, იქ ორი ღამეა, ვიყინებით. ახლა სხვა ნათესავებთან უნდა გადავნაწილდეთ, თორემ, ფილტვების ანთება არ ასცდებათ ბავშვებს.
– მომიყევით თქვენი ცხოვრების შესახებ, რა ეტაპები გამოიარეთ. აშკარაა, რომ ასეთ მდგომარეობაში ყოველთვის არ ყოფილხართ.
– დიახ, სანამ ცხრა შვილის მამა გავხდებოდი, ცხოვრების ბევრი ეტაპი გამოვიარე. ორმოცდაცამეტი წელია, ვმუშაობ – მყავდა ბავშვთა ანსამბლები. „ნატვრის თვალთან” ერთად ორმოცდაოთხჯერ ვიყავით სამოგზაუროდ სხვადასხვა ქვეყანაში. ბავშვებთან მუშაობა ძალიან მიყვარს. „პერესტროიკის” შემდეგ კი უკვე ჩემი ცხოვრებაც აირია. პირველ მეუღლეს გავცილდი, რომელთანაც ოთხი შვილი მყავს. მან თავისი ცხოვრება სულ სხვა გზით წაიყვანა. რამდენჯერმე შევუთვალე, რომ მოენანიებინა მოძღვართან და, მზად ვიყავი, შევრიგებოდი, მაგრამ, ეს არ ისურვა. ძალიან მძიმე წლები იყო ჩემთვის. მაშინ შვილები უკვე დაოჯახებულები, დაბინავებულები იყვნენ. ოთხი-ხუთი წელი მარტო ვცხოვრობდი და შემდეგ მოვიყვანე ცოლად ნონა. ის ეკლესიაში მუშაობდა. მე ვგალობდი, ის თან ჩემთან ერთად გალობდა, თან მედავითნე იყო. იგი სრულიად მოულოდნელად გამოგვეცალა ხელიდან, მეხის გავარდნა იყო მოწმენდილ ცაზე. ეს რომ არ მომხდარიყო, ჩვენ ახლა კიდევ უფრო მეტი შვილი გვეყოლებოდა.
– რა მოხდა?
– კენჭის გავლა ჰქონდა და ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ. ნარკოზი რომ გაუკეთეს, ათ წუთში გული გაუჩერდა. ან ნარკოზი ვერ გადაიტანა, ან დიდი დოზა მოუვიდათ.
– გიცდიათ ამ ამბის გამოძიება?
– ეს ამბავი ერთი თვის შემდეგ გავიგე. ფიზიკურად გასწორებასაც ვფიქრობდი ისეთი ადამიანი ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს. მანამდე მხოლოდ იმას მეუბნებოდნენ, გულმა ვერ გაუძლოო. სრულიად ჯანმრთელი, ორმოცდაერთი წლის ქალი იყო. ამ ტიპის ოპერაციები სამოცდაათი წლის ადამიანებსაც ჩვეულებრივად გადააქვთ. დრო რომ გავიდა, ჩვენი მეზობლის ახლობელი აღმოჩნდა ადამიანი, ვინც იქ მთავარ ექთნად მუშაობდა. სწორედ მისგან გავიგე, რომ ნარკოზის გაკეთებიდან ზუსტად ათ წუთში გარდაიცვალაო. არადა, ოპერაციიდან მეორე დღემდე მეუბნებოდნენ, ეს წამალი მოიტანე, ის წამალი მოიტანეო. დღის ბოლოს კი მეუბნებიან, გულმა ვეღარ გაუძლოო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჩვენი ცხოვრებაც შეიცვალა.
– დილით გაიღვიძეთ და აღმოაჩინეთ, რომ მარტო ხართ ხუთ პატარა გოგონასთან ერთად, რომელთაგანაც ერთი თვეების იყო.
– დიახ და, იმის შემდეგ მოვდივართ ასე ერთად. თავიდან ერთი ქალბატონი გამოჩნდა, რომელსაც რაღაც თანხას ვუხდიდი და ბავშვების მოვლაში მეხმარებოდა. მერე ის რაღაცეებში შევამჩნიეთ, სახლიდან ხელს რაღაც ნივთები გააყოლა და თავი დავანებეთ.
– უფროსი შვილები ბავშვების აღზრდაში არ გეხმარებოდნენ?
– მათ თავიანთი ოჯახები და პრობლემები ჰქონდათ. ბებიას, ჩემი ცოლის დედასაც არ შეეძლო მოხმარება – თვითონ მეორე ჯგუფის ინვალიდია, ქმარი პირველი ჯგუფის ინვალიდი ჰყავს და ახლაც ძალიან ცუდად არის. მოკლედ, გარშემო ყველას თავისი პრობლემა აქვს, მაგრამ, ალბათ, ასეთი იყო უფლის ნება და ჩვენ ყველაფერს მოვერიეთ. ძალიან გვიჭირდა, უსახსრობის გარდა, მილიონი ფიზიკური საქმე იყო და არის. დილით ძალიან ადრე ვიღვიძებდით. საუზმე, მოწესრიგება, ჩაცმა, წაყოლა-წამოყოლა, ბანაობა – ყველაფერს ვახერხებდით. მაგრამ, ბავშვები საკმაოდ დამოუკიდებლად იზრდებიან და, რაც წლები გადის, იგრძნეს, რომ თვითონაც უნდა გააკეთონ რაღაც, რომ სუფთად ვიცხოვროთ და სახლში საკვები იყოს. ახლა მორიგეობა აქვთ დაწესებული: ერთი ოთახს ალაგებს, მეორე – აბაზანა-ტუალეტს, მესამე რაღაცას მზარეულობს. სამს კულინარიის კურსებზე სიარული უნდა, რომ, იქნებ, გემრიელი საჭმელების გაკეთება ისწავლონ და მიირთვან. მიუხედავად ყველაფრისა, სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდნილვართ. ბავშვებს რომ ჰკითხოთ დილის ლოცვები, შვიდი-რვა გვერდი ზეპირად იციან. ყვარელში დედათა მონასტერში იყვნენ და ისე ცხოვრობდნენ, როგორც მონაზვნები: დილით ადგებოდნენ, წირვა-ლოცვა, შემდეგ ტრაპეზი, ეზოს მოსუფთავება, გალობა... მე გრემში ვმუშაობდი, ყვარელშიც ვასწავლიდი, მაგრამ, ღამით მათთან, რა თქმა უნდა, ვერ ვრჩებოდი. ღამე არ არის, რომ არ ვილოცოთ და ერთმანეთს შენდობა არ ვუთხრათ.
– ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საკმაოდ მხიარულად ცხოვრობთ.
– ნამდვილად, ძალიან მხიარულად. ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი – გალობა და სიმღერა გუნება-განწყობას კარგისკენ ცვლის.
– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენი უფროსი შვილი ცოტა განაწყენებული ჩანს...
– რა თქმა უნდა და ეს ნორმალურიცაა. ჟურნალისტი მოვიდა და უცებ თემურ თათარაშვილზე დაიწყო საუბარი. ის და ნინო დიდი ხნის გაშორებულები არიან, რა შუაში იყო ჩემთან დაკავშირებით ეს ყველაფერი?! ჩემს შვილს ძალიან ეტკინა გული. ნინოს ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ, ჩემმა ძმისშვილმა მითხრა, რომ მას ძალიან მოერიდა თვითონ ეს გადაცემაც. მოსარიდებელია, რა თქმა უნდა, თვითონაც ამდენი წელი ვმალავდი ამ ყველაფერს. ახლა ქვეყანამ გაიგო და არ ვნანობ, რადგან ხალხს საოცარი სიმპათიები გაუჩნდა, რასაც მართლა არ მოველოდი. მეგონა, მაინც სხვანაირად მიიღებდნენ. უამრავი ქვეყნიდან დაგვირეკეს – გამაგრდი, ნამდვილი მამაკაცი ხარო და ასეთ რაღაცეებს მეუბნებოდნენ.
– სხვანაირად როგორ უნდა მოქცეულიყავით?
– მართალი ბრძანდებით. მეუღლე ერთი კვირის გარდაცვლილი იყო და სრულიად უცნობი ადამიანი ამერიკიდან მირეკავს: ვიცი, რომ ცოლი გარდაგეცვალათ. აქ ერთი მილიონერი ფერმერია და ხომ არ დაუთმობდით ერთ ბავშვსო. როგორ გეკადრებათ-მეთქი, – გადავირიე, – სულ რომ არაფერი მქონდეს, ბავშვს ვერ დავთმობ-მეთქი. თბილისშიც იყო შემდეგ ასეთი ცდები: არაფერს მოვაკლებთ, იქნებ დაფიქრდეთო... ჩვენ ერთად ვართ და ერთად ვიქნებით მუდამ, სანამ ცოცხლები ვართ.