MADE IN USA
ანუ ჩაგისმხვრევ კბილებს!
გასულ კვირას ჩვენს სამშობლოს ამერიკის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები ეწვივნენ (ყოველ შემთხვევაში, ჩვენი განათლების სამინისტროს ოფიციალური ინტერნეტგვერდი გვამცნობს, რომ მათთან სტუმრად მყოფი მანდატურები ორიგინალები, ანუ MADE IN USA იყვნენ). თანაც, საპატიო სტუმრებმა არა მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოინახულეს, არამედ, „სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიც“ და მათ შორის, შს სამინისტროც, ხოლო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ ბ-ნ უტიაშვილს უშუალოდაც გაესაუბრნენ. ჰოდა, რაკი გზად იყვნენ, თვით პოლიციის რეფორმასაც გაეცნენ (თუმცა ისიცაა, რომ, ეგვიპტელი ჟურნალისტებისგან განსხვავებით, სამინისტროს სისუფთავე თვალში არ მოხვედრიათ, როგორც ჩანს, უფრო სუფთებიც უნახავთ). სამაგიეროდ, რევოლუციამდელ საქართველოში არსებულ მძიმე კრიმინოგენურ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს და ქართველი მანდატურების წვრთნის პროცესსაც დაესწრნენ.
ამ ყოველივესგან შეფრთიანებულებმა კი „მაღალი შეფასება მისცეს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, მანდატურის სამსახურის საქმიანობა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასეს და მიესალმნენ საქართველოს მანდატურის სამსახურის საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანების ფაქტს (რაც, ალბათ, იმასაც ნიშნავს, რომ ამიერიდან ჩვენი მანდატურის შემწუხებელი თვით საერთაშორისო მანდატურის შემწუხებელი იქნება!).“
მეორე მხრივ, MADE IN USA სტუმრების წვევამ არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა თვით საქართველოს განმანათლებელ სამინისტროზე. ეს შთაბეჭდილება ფართო საზოგადოებას, ჩვეულებისამებრ, მინისტრის მოადგილემ, ბ-ნმა სეფერთელაძემ გაუზიარა. კერძოდ, ბ-ნმა კოკამ (რომელსაც, რატომღაც, მანდატურის ფორმა ეცვა, სავარაუდოდ, მეტი თვალსაჩინოებისა და დამაჯერებლობისთვის) ბრძანა, რომ „ჩვენ (ესე იგი, ქართველმა და ამერიკელმა მანდატურებმა) ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება. ახლა ისინი ჩამოვიდნენ ჩვენთან, მაგრამ, ჩვენებიც წავლენ. ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები.“
მე ვერ გეტყვით, რა გამოცდილება გაიზიარეს ჩვენმა მანდატურებმა ამერიკელი კოლეგებისგან, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, ერთ-ერთი ქართველი მანდატური ერთ-ერთი ქართული სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს „წვრთნიდა“: თუ საღეჭ რეზინს არ გამოიღებ, კბილებს ჩაგიმსხვრევო (იმ კონკრეტულ დიალოგში იმ კონკრეტულმა მანდატურმა თქვა, ჩაგიმტვრევო, ანუ, სტილი მე შევუსწორე), აქვე გავაფრთხილოთ გაცვლით პროგრამაში გასაგზავნი მანდატურები, რომ ასეთი გამოცდილება ამერიკელ კოლეგებს არამც და არამც არ გაუზიარონ, იმიტომ რომ, ეს ექსკლუზიურად MADE IN GEORGIA-ა!