ტრამპლინი
ანუ, ყველანი – ციხეში!
პენიტენციური სისტემის პირველქალი ქ-ნი კალმახელიძე მუდამდღე გვახსენებს, რომ ქართული ციხეები ყველაზე ციხე ციხეებია დედამიწაზე და, ბუნებრივია, ამ მხრივ, გამონაკლისი ვერც გასული კვირა იქნებოდა.
ვერ იქნებოდა და არც ყოფილა: ქართული ციხეების ხელმძღვანელმა გვამცნო, რომ ამ წლის ბოლომდე ყველა დაწესებულებაში (დაწესებულებას ვამბობთ, თორემ, ციხე – ციხეა) პროფესიული კოლეჯები ამოქმედდება, სადაც მსჯავრდებულები თანამედროვე მენეჯმენტის საფუძვლებს გაეცნობიან (ესე იგი, თან სასჯელს მოიხდიან, ზედაც გამოსწორდებიან, დესერტად კი პროფესიასაც დაეუფლებიან). მეტიც, არა მხოლოდ პროფესიებს დაეუფლებიან, არამედ ინგლისურ ენასაც შეისწავლიან. როგორც გვაცნობეს, პენიტენციურ სისტემაში საგანმანათლებლო რეფორმა რამდენიმე თვის წინათ დაწყებულა და ისიც დაგვიზუსტეს, რომ მსჯავრდებულნი აკადემიურ განათლებასაც მიიღებენ და ვიწროპროფესიული კუთხითაც დახელოვნდებიან. რაც მთავარია, ისეთი სპეციალობები ყოფილა შერჩეული, რომლებზეც გისოსებს გარეთ მოთხოვნაა.
კერძოდ, ქ-ნი კალმახელიძის განმარტებით: „ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ, სამომავლო პროფესიებს დაეუფლონ, გათავისუფლების შემდგომ მყარად იდგნენ ფეხზე და დაიწყონ ცხოვრება.“ ქ-ნ მინისტრს არც ის დაუმალავს, იმას გარდა, რომ საგანმანათლებლო პროგრამები უახლოეს ხანში ყველა დაწესებულებაში ამოქმედდება, გისოსებს მიღმა გამორეფორმირებულებს სერტიფიკატებიც გადაეცემათ.
ჩვენ არ ვიცით, ხელმძღვანელობენ თუ არა ქართულ გისოსებს მიღმა მყოფი სწავლასდაწყურებულები მეფე გიორგის წადილით – ამ ხელებით მორთმეული საწამლავიც საამური იქნებოდაო (ბუნებრივია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „საწამლავში“ ირიბად „საგანმანათლებლო რეფორმა“ იგულისხმება), მაგრამ, თუ ქ-ნი კალმახელიძის სიტყვებს გავიხსენებთ (ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ, სამომავლო პროფესიებს დაეუფლონო), ჩნდება ეჭვი, რომ ამ პოსტრევოლუციურ საქართველოში ციხე რაღაც ერთგვარი ტრამპლინი გამხდარა კარიერის მოსაწყობად.