კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ქართველი გოგონა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის მონაწილე და როდის მიემგზავრება ის ნიუ-იორკში

16 წლის დალი ჩიტალაძე სამოდელო სააგენტო „ჯეო მოდელსის“ მოდელია და საკმაოდ წარმატებულად გამოდის სხვადასხვა ჩვენებაზე. ის ცოტა ხნის წინ ტალინშიც იმყოფებოდა, სადაც ქართველი დიზაინერების კოლექციის ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა. მშვენიერი მოდელი სულ მალე ამერიკაში გაემგზავრება და პრესტიჟულ სამოდელო კონკურსში – Ford Models Supermodel of the World-ში მიიღებს მონაწილეობას, რომლისთვისაც თბილისში „ფორდ მოდელსის“ წარმომადგენლებმა შეარჩიეს.

 

დალი ჩიტალაძე: სკოლაში დავდივარ, აბიტურიენტი ვარ, ვემზადები ეროვნული გამოცდებისთვის და მთლიანად ამაზე ვარ კონცენტრირებული. ახლა „თბილისის ფეშენ-ვიქიც“ იწყება და ერთდროულად მომიწევს მეცადინეობა და მუშაობა.

– როგორ ახერხებ ამ ყველაფრის შეთავსებას?

– პატარაობიდან სულ დატვირთული ვიყავი, დღეში რამდენიმე ადგილას დავდიოდი: ხან ცეკვაზე, ხან მუსიკაზე და, შესაბამისად, მიჩვეული ვარ ასეთ რიტმს, რეჟიმს. თან, საკმაოდ რთული პროფესია ავირჩიე.

– რა აირჩიე?

– სამედიცინოზე ვაპირებ სწავლას და, შესაბამისად, სულ ვმეცადინეობ.

– თქვი, მუსიკაზე დავდივარო და ხომ არ მღერი?

– ვმღერი, მაგრამ, ბოლო პერიოდში ხანგრძლივი პაუზა გამომივიდა, დიდი ხანია, აღარ მიმღერია. სამუსიკო შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, ფორტეპიანოზე ვუკრავ. ყველანაირი ცეკვა ვიცი: ქართული-ხალხური, სამეჯლისო, ბოლოს ჰიპ-ჰოპზეც დავდიოდი. ძალიან მომწონდა და მე და ჩემმა მეგობარმა ერთად დავიწყეთ სიარული, კონკურსზეც გავედით და მეორე ადგილი დავიკავეთ. რაც შეეხება სიმღერას, პატარაობიდან გამოვდიოდი კონცერტებზე. ერთხელ „ვერე გარდენშიც“ ვიმღერე – ჩვენი მასწავლებლის, ლალი ბერაძის, მოსწავლეების კონცერტი იყო. ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა და მეც ვიმღერე. ეს იყო დაახლოებით სამი წლის წინ. იმის მერე აღარ მიმღერია. დროის სიმცირის გამო დავანებე თავი, მაგრამ, ვაპირებ ისევ, დავუბრუნდე.

– როდის დაიწყე მოდელობა?

– 12 წლის ვიყავი, როდესაც სამოდელო სააგენტო „ნატალიში“ მივედი. შემდეგ დავანებე თავი. გავიდა ერთი წელი, ისევ გავიზარდე და უკვე თაკო ჩხეიძის სააგენტოში „ჯეო მოდელსში“ მივედი. უკვე ორი წელია, მოდელი ვარ და ჩვენებებზე გამოვდივარ. პირველად, პოდიუმზე გასვლის წინ, ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ, როგორც კი გავედი, მაშინვე მომეხსნა ყველანაირი ნერვიულობა. ახლა საერთოდ აღარ ვნერვიულობ და ხშირად გამოვდივარ „ფეშენ-ვიქებზეც“, უფრო ხშირად „თბილისი ფეშენ-ვიქზე“.

– ალბათ, მოდელობა ბევრ რამეში გეხმარება.

– დიახ, თავის მოვლას სწავლობ, ასევე, როგორ მოიქცე საზოგადოებაში. რომც არ იყო მოდელი, ეს ყველაფერი მაინც უნდა იცოდე, მაგრამ, მოდელობა ამაში კიდევ უფრო მეტად გეხმარება. ცხოვრების სტილიც შემეცვალა, უფრო ბევრი მეგობარი გავიჩინე და მომწონს სიტუაცია.

– როგორც ვიცი, ნიუ-იორკში მიემგზავრები და საკმაოდ პრესტიჟულ კონკურსში მოგიწევს მონაწილეობის მიღება. მომიყევი, რა გელოდება წინ?

– ნოემბერში მივდივარ ნიუ-იორკში. „თბილისი ფეშენ-ვიქის“ ბოლო დღეს ჩატარდა კონკურსი, რომელშიც რამდენიმე გოგონა იღებდა მონაწილეობას. სამოდელო სააგენტო „ფორდ მოდელსის“ წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული და მე ამირჩიეს. ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდა. 15 წუთში გადაწყდა, ვინ იქნებოდა გამარჯვებული. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო.

– რატომ გააკეთეს შენზე არჩევანი?

– საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი, როგორი ვარ პოდიუმზე, მაგრამ, იქ თქვეს, რომ კარგად დავდიოდი და საკუთარ თავს კარგად წარმოვაჩენდი. ეს შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.

– ნიუ-იორკში საფინალო კონკურსში მოგიწევს მონაწილეობა?

– ჯერ არ ვიცი. იქაც კონკურსში ვიღებ მონაწილეობას, სადაც სხვა ქვეყნებიდანაც იქნებიან გოგონები. სულ ოთხი გოგონა უნდა აირჩიონ, რომლებიც მიიღებენ ფულად ჯილდოებს და კონტრაქტსაც გაუფორმებენ. რომც ვერ გავიმარჯვო, დიდი შანსია, რომელიმე სააგენტო დაინტერესდეს ჩემით და შემოთავაზება მივიღო მათგან.

– ემზადები?

– რამდენიმე თვეა, ამისთვის ვემზადები. რაც მთავარია, მარტო არ მივდივარ, თაკო ჩხეიძეც მომყვება და მშვიდად ვარ.

– თუ ხარ მზად, დარჩე უცხოეთში და იქ განაგრძო სამოდელო კარიერა?

– ვარ მზად, თუმცა, გააჩნია, რა შემოთავაზება იქნება. მხოლოდ იმიტომ ვერ დავრჩები, რომ უცხოეთში ვიყო და სერიოზული არაფერი ვაკეთო. ძალიან მინდა სწავლაც და, ამიტომ, ვეცდები, ყველაფერი ერთმანეთს შევუთავსო.

– ასე შორს ყოფილხარ მარტო?

– ახლახან მშობლების გარეშე ჩემს მეგობრებთან ერთად იტალიაში ვიყავი სასწავლებლად – ენის შემსწავლელი კურსები გავიარე. ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ექსკურსიებზე დავდიოდით და თითქმის მთელი იტალია მოვიარეთ – 14 ქალაქი. ყოველ დილას, 9 საათიდან სკოლაში ვიყავით, იტალიელი მასწავლებლები გვყავდა. თვის ბოლოს ტესტირება გვქონდა და სერტიფიკატიც ავიღე. ამ მხრივ დიდი გამოცდილება მივიღე. სკოლაში ისეთი კარგი სიტუაცია იყო, ისეთი ხალისიანი, იმდენად კარგი მასწავლებლები არიან, რომ არ გინდოდეს, მაინც მოგინდება სწავლა.

– ასე რომ, უკვე შეგიძლია, წახვიდე შორს, მარტო.

– დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და, შემიძლია, ოჯახის წევრების გარეშე წავიდე სადმე, თუმცა, მარტო ჯერ არსად ვყოფილვარ. ახლახან თაკო ჩხეიძე, დიზაინერები და ოთხი მოდელი ვიყავით ტალინში – ერთი დღე მიეძღვნა თბილისის მოდის კვირეულს. ჩვენებაში ოთხი დიზაინერი მონაწილეობდა: სიმონიკო მაჩაბელი, თამუნა ინგოროყვა, დათუნა სულიკაშვილი და გიორგი შაღაშვილი. ჩვენებების შემდეგ შოუ-რუმებიც გაიმართა, ჩემი აზრით, თბილისის მოდის კვირეული ყველაფრით უკეთესია. იქაც კარგი ორგანიზება იყო, მაგრამ, ხალხის გემოვნება უფრო დაბალია, ამ მხრივ ჩვენ უფრო მაღალ დონეზე ვართ.

– ალბათ, ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევ, როგორ გამოიყურები, როგორ იცვამ.

– რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც გაცვია, განსაკუთრებით, როდესაც მოდელი ხარ და ამ სფეროში ტრიალებ. ამიტომ, ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდე, თავს უნდა უვლიდე, უნდა იზრუნო როგორც შენს გარეგნობაზე, ასევე, სულიერ, შინაგან მდგომარეობაზე. მხოლოდ გარეგნობა არ არის მნიშვნელოვანი.

– როგორი ცხოვრების სტილი გაქვს, როგორ ერთობი?

– ყველაფერს ვახერხებ, ვასწრებ, მაგრამ წელს სწავლის გამო ცოტა შეზღუდული ვარ. ღამის კლუბებში იშვიათად დავდივარ. თუ ჩემი მეგობარი არ აკეთებს რამეს, არ მომწონს ასეთ ადგილებში სიარული. ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, სადმე წასვლა, გართობა.

– საკმაოდ მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ.

– ეს ხანდახან, ყველასთან სხვადასხვანაირი ვარ, ზოგადად კი მხიარული ვარ და, ჩემი აზრით, ყველა ადამიანს ვუგებ, კომუნიკაბელურიც ვარ. რაღაც სერიოზული უნდა მოხდეს, რომ გავბრაზდე. ყველა მეუბნება, სერიოზული და მშვიდი ხარ, სხვა გოგონებს არ ჰგავხარო.

– როგორ გამოხატავენ თაყვანისმცემლები შენ მიმართ სიმპათიებს?

– ჯერ არ გამოუხატავთ, შეიძლება, ჩემი ეშინიათ.

– როგორი უნდა იყოს ბიჭი, შენ რომ მოგეწონოს?

– დიდი მნიშვნელობა აქვს გარეგნობას, განათლებას, უნდა იყოს გაწონასწორებული ტიპი, სერიოზული, გიჟი არ უნდა იყოს. მომწონს ჩემზე მაღალი ბიჭები, რა ფერებში იქნება, ამას არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ კვაზიმოდო არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, გოგონამ არ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, ეს ბიჭმა უნდა გააკეთოს. თუმცა, ჩემი მეგობრებისგან ვიცი, რომ დღეს ბიჭები აღარ დგამენ პირველ ნაბიჯს, ძალიან პასიურები გახდნენ. მაგრამ, მეც თავს ვიკავებ, არ გამოვხატავ ჩემს ემოციებს.

– როგორც ვიცი, შენ მამიდის, ასევე დალი ჩიტალაძის სეხნია ხარ. ის ამ სფეროში დღემდე აქტიურად და წარმატებულად არის ჩართული. მან შენს გადაწყვეტილებაზე თუ მოახდინა გავლენა?

– სანამ მოდელი გავხდებოდი, მამიდა ჩემი იდეალი იყო, სულ მინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავი. ჩემთვის ყველაფერში მისაბაძი ადამიანია. ყველაფერს მასწავლის, რჩევებს მაძლევს. დღეს რომ ასეთი ვარ, ეს მისი დამსახურებაა.

 

 

скачать dle 11.3