კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კიდევ რა სასჯელს გადაარჩინა დათო კოხრეიძემ შალვა რამიშვილი და რატომ არ ხვდებიან ისინი ერთმანეთს


„202-ის“ დამფუძნებელი დათო კოხრეიძე და „დებატების“ წამყვანი შალვა რამიშვილი წლების შემდეგ ახალ ამპლუაში არიან. ციხიდან გამოსვლის მერე ტელევიზია აღარ, მაგრამ ორივეს ახალი საქმეები დახვდა. შალვა რამიშვილს გადაცემა „სიმართლის დრო“ მიჰყავს „იმედზე“, დათო კოხრეიძე კი სულ სხვა საქმეშია ჩაბმული, რომელსაც ჯერჯერობით არ ამხელს. რა იყო და რა ხდება ამ ადამიანების ცხოვრებაში, ამაზე თავად დათო გვიამბობს.


– ამ გადასახედიდან როგორ გახსენდებათ თქვენი დაჭერის დღე და ციხეში გატარებული წელიწად-ნახევარი?

– იყო მძიმე წუთებიც, გამონათებებიც. ეს არის ცხოვრებისეული გამოცდა, როცა, პრაქტიკულად, ადამიანი რჩება მარტო, გაშიშვლებული. იქ ყველაფერი გამჭვირვალეა. საკანში თუ გარეთ, ერთსა და იმავე ადამიანებთან ხარ, ჩანს, როგორ იქცევი, როგორ ცხოვრობ, რას ლაპარაკობ, რა ემოცია გაქვს. იქაური შეფასებები ყოველთვის ფასეული და სწორია. აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც პირადად მე მაბრალებდნენ, იყო ტყუილი. შალვასთან პირად ურთიერთობაში რა და როგორ იყო, ამაზე თვითონ გითხრათ, მაგრამ აქ მთავარი ინტერესი იყო ტელევიზიის დახურვა. როცა საბუთები გამიჩხრიკეს, პირადობის მოწმობასთან ერთად, შემთხვევით წააწყდნენ ტელევიზიის მოწმობას, სადაც ეწერა – „გენერალური დირექტორი დავით კოხრეიძე“. ასეთი ჩიტი ჩაუვარდათ ხელში და რატომ გაუშვებდნენ?! გარედანაც და შიგნიდანაც ხალხის სერიოზული მხარდაჭერა იგრძნობოდა.

– იქ, ციხეში, ვიღაც-ვიღაცეების მიმართ შურისძიების გრძნობა ხომ გაგიჩნდათ?

– დღევანდელი გადაწყვეტილებით, დამნაშავედ ვარ მიჩნეული, მაგრამ ველოდები სტრასბურგის სხვა ინსტანციას, რომელიც, იმედი მაქვს, ჩემს უდანაშაულობას დაამტკიცებს. ამის შემდეგ კონკრეტულ პირებს ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, ანუ, მძიმედ მიეზღვებათ. რასაც სახელმწიფო წააგებს ჩვენთან მიმართებაში, ეს ხომ იმ კონკრეტული პირების დამსახურება იქნება. მეც ვიცდი და, როცა ჩემი უდანაშაულობის დამამტკიცებელი იურიდიული საბუთი ხელთ მექნება, რა თქმა უნდა, ყველას მოვთხოვ პასუხს – რატომ მოხდა ასე.

– შალვასთან არ გაგიჩნდათ ეს კითხვა? ფაქტობრივად, თქვენ ხომ ერთ წუთში ვიღაცის გამო ცხვირწინ ჩამოგეშალათ ყველაფერი, მოსწყდით პირად ცხოვრებას, ურთიერთობებს, საქმეს, რაზეც თქვენი ფინანსური მდგომარეობა და შემდეგ – თქვენი ოჯახი იყო დამოკიდებული.

– რა თქმა უნდა, შალვასთან მქონდა ამაზე საუბარი ციხეში. მას ძალიან კარგად ესმოდა შექმნილი სიტუაცია და ამბობდა, რომ ამ პასუხისმგებლობას კარგად გრძნობს. პირდაპირ ვუთხარი – შენ გესმის, რომ მე აქ არაფერ შუაში ვარ და შენ გამო მოვხვდი ციხეში-მეთქი. არ ვარ ის ადამიანი, რომ რამეს მოვერიდო. ამდენად, გულში არანაირი სიმძიმე არ დამიტოვებია. ბოდიში რომც მოეხადა, მერე რა? შეიძლება, ვიღაცამ ვიღაცას შემთხვევით ხელი გაჰკრა, ბოდიში მოუხადა და გაიარა. მაგრამ, რომ დაარტყამ და ხელს მოაჭრი, ბოდიში კი არა, ამ ხელის მიკერებაზე უნდა იფიქრო.

– ამ ფაქტმა რა დაგანახათ და გასწავლათ?

– ნათქვამია, ცხრა ფუთი მარილი უნდა ჭამო, რომ ადამიანი გაიცნოო. კაცს, რომელსაც რამდენიმე წელიწადი ვიცნობდი, ვერ დავავალდებულებდი საკუთარ თავს, რომ მისი ყველა მხარე მცოდნოდა. თუ რაღაცას დავინახავდი, ვეტყოდი და, იყვნენ ასეთები, ვისაც ვუთხარი კიდეც – შენ უნდა წახვიდე ამის და ამის გამო-მეთქი. მაგრამ, რასაც ბექაური ლაპარაკობდა შალვას მისამართით, მას ხომ პირდაპირ თვალებში ეწერა, რომ ტყუილს ამბობდა! ცოტა ფსიქოლოგიაც ვიცი, ციხეში, მით უმეტეს, კარგად შევისწავლე. ის, ივლისში რაღაც შეხვედრაზე ლაპარაკობდა. ჩვენ, სხვა მიზეზით, ეშმაკურად მოვახერხეთ, რომ სასამართლოს გამოეთხოვა ჩემი, შალვასა და ბექაურის მობილური ტელეფონის ზარების ამონაწერი თავისი ანძების ფიქსირებით. პირადად დავჯექი და ეს უდიდესი სამუშაო ყველანაირად გავშიფრე რუკის მიხედვით: ვინ, სად, რომელ წუთს, წამს, რომელ ზონაში მდებარეობდა. აღმოჩნდა, რომ მთელი თვის განმავლობაში, ჩვენ სამი, თხუთმეტი წუთიც კი არ არსებობდა ისეთი, რომ სადმე ერთად ვყოფილიყავით. მოსამართლემ თქვა, რომ მტკიცებულებების ტვირთი მათ მხარესაა, ამიტომ თქვენი მხრიდან ამის გაშიფვრა საჭიროებას არ წარმოადგენსო. უცებ განაჩენში აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ეს ჩათვალა მტკიცებულებად. მოსამართლეს სამჯერ დავატრიალებინე ვიდეოფირი, როცა ფირის განხილვა მიდიოდა. კადრში კარგად ჩანს ბექაური, როგორ ხსნის დაწებებულ კონვერტს. მოსამართლემ დაადასტურა, რომ ბექაურს დაწებებული აქვს კონვერტი და ხელის ნელი მოძრაობით ხსნის მას, ხოლო ნივთმტკიცებად წარმოდგენილი კონვერტი ხელუხლებელია. ამაზე მეტი რა უნდა დაგიმტკიცო? მოვხვდი ამ რეალობაში და რა ვქნა? კი, უკმაყოფილო ვარ, რაც არ გამიკეთებია, იმის ახსნა რომ მომიწია, მაგრამ, რომ გავბრაზებულიყავი, ამით რა? იმ წუთას ბექაური უფრო არ იყო საცემი, ვიდრე შალვა?! გისოსებიდან ვერ გამოვძვერი, თორემ, ჩანაწერიც არის, დარბაზში გალიას რომ ვაზანზარებ გამწარებული. არ მინდა ბექაურთან შეხვედრა. თუ სადმე ვნახავ, ან უნდა შევაგინო, ან დავარტყა და ისევ გაუგებრობაში მოვხვდე. მით უმეტეს, იმან რომ ჩემკენ რაღაცნაირად გამოიხედოს, შეიძლება, სულ გავგიჟდე. როგორი ასატანია, მიწაზე თუ იატაკზე შენც რომ დადიხარ და ის არსებაც, როცა ასეთებს ბუზის საკლავით დასდევენ?!

– თქვენ და შალვა თავიდან ერთ საკანში მოხვდით. რაზე საუბრობდით იქ, თუ, ეს ურთიერთობა დისტანციური იყო?

– თავიდან არა, მაგრამ სასამართლო რომ დასრულდა, მერე გვქონდა საშუალება, ერთად ვყოფილიყავით. შემდეგ, „ზონაზე“ რომ გავედით, იქ ცალ-ცალკე ვიყავით. არანაირი დისტანციური ურთიერთობა არ მქონია. ვსაუბრობდით ათასნაირ თემაზე, თუნდაც სარწმუნოებაზე. მე მანამდეც ვიყავი მორწმუნე, მაგრამ, ხომ იცით, საერთოდ, როგორც ხდება, როცა უჭირს ადამიანს, მაშინ უფრო მეტად მიმართავს ღმერთს თხოვნით. ვერ გეტყვით, რომ შალვა სარწმუნოებისკენ გადაიხარა, მოძღვართან არ ჰქონია შეხვედრები, მაგრამ ამ თემაზე სულ ვსაუბრობდით. ძალიან განათლებული ადამიანია და მასთან საუბარი გაცილებით უფრო საინტერესო იყო, ვიდრე იქ მყოფ 99 პროცენტთან. მიუხედავად ამისა, მეგობრებად ვერანაირად ვერ ჩამოვყალიბდებოდით.

– რაღაც რებუსებით საუბრობთ. მოდი, პირდაპირ მითხარით, რომ შალვა რამიშვილი თქვენი მეგობარი არ არის.

– მეგობრობა ცოტა სხვა ცნებაა. ციხეში ამას უფრო ვიწრო გაგება აქვს. მისი მენტალიტეტი სხვაა, ჩემი – სხვა. ჩემი მეგობრები ბევრ საკითხზე დაახლოებით ჩემნაირად ფიქრობენ. სხვანაირად რომ იყოს, ხომ არ ვიქნებოდით ერთად?! თან, მეგობარი უნდა გიყვარდეს. სიყვარული კი მაშინ ყალიბდება, როცა მისი რაღაცეები შენთვის ძვირფასია. ასაკიც, ალბათ, ერთ-ერთი ფაქტორია; ისიც, რომ სხვადასხვა პერიოდში და გარემოში გავიზარდეთ... არ ვიცი. მასზე ათი წლით უფროსი ვარ.

– ახლა გასაგებია, რატომ ვერ გნახეთ შალვა რამიშვილის სახლში იმ ადამიანებს შორის, ვინც იმ დღეს მას სახლში დაბრუნებას ულოცავდა.

– ეს არაფერ შუაშია. უბრალოდ, როცა შალვა გამოვიდა, თბილისში არ ვიყავი, ბათუმიდან, თურქეთში მივდიოდი. ერთი თვით ადრე მქონდა შეძენილი საგზურები და ვერ ჩავშლიდი. სანამ საზღვარზე გადავიდოდი, მის ცოლს, თეას დავურეკე და ვკითხე, რას შვრებით, ემზადებით-მეთქი? დილას გამოუშვეს, მოულოდნელად მომადგა სახლში. ახლა ქვევით არის, ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევსო. ასევე, ჩემი ძმაც არ იყო საქართველოში, მაგრამ დაურეკა და მიულოცა. რომ ჩამოვედი, მეც დავურეკე. მითხრა: გადარბენებზე ვარ, ძალიან დატვირთულიო. ისევ ეს ნომერი მაქვს-მეთქი. კარგი, მერე დაგირეკავო, მაგრამ არ დაურეკავს.

შალვამ ციხის საავადმყოფოდან დამირეკა და მადლობა გადამიხადა, რომ ჩემმა მეგობარმა თითქოს თაფლი და რაღაცეები შეუგზავნა. ვიცოდი, რომ იმ მომენტში ჩვენი საუბარი ისმინებოდა და არანაირი თაფლი მისთვის არავის შეუგზავნია. ვიფიქრე, ალბათ, ამით რაღაცის თქმა უნდა-მეთქი. იმ დღეს მონასტერში მინდოდა წასვლა მოძღვართან – მაქვს ხოლმე პერიოდები, როცა მეგობართან ერთად მივდივარ. რომ გავაანალიზე, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა, რომელიც სხვის მიერ იყო გაკეთებული მის სახელზე, აღარ წავედი. გადავრეკე, გადმოვრეკე, ატყდა მთელი ამბები. შაშკინმა სუბარს დაურეკა და კონტროლზე აიყვანეს. ვითომ შეეშალათ, სხვისთვის უნდოდათ და მასთან მოხვდა. ეს, იცით, როგორი გამორიცხული რაღაცაა?! რას ჰქვია, შეეშალათ?! ამას იმიტომ ვამბობ, ჩემთვის ეს ადამიანი სულერთი რომ ყოფილიყო, არ მექნებოდა ასეთი რეაქცია, „გავატარებდი“ და მორჩა. პრობლემების გარეშე დამთავრდა, თორემ, ხომ შეიძლებოდა, „სროკი“ დაემატებინათ?!

– მაგრამ ახლა თბილისში ხართ და ისევ არ შეხვედრიხართ ერთმანეთს. იქნებ ის ეწყინა მაშინ, ციხეში რომ უთხარით – აქ შენ გამო ვარო?

– არა, მე ხომ მივეცი ჩემი ტელეფონის ნომერი და თვითონ იცის თავის საქმის. მეც მეტი აღარ მიცდია დარეკვა. თუ არ უნდა, ნუ დარეკავს. საქართველო, რამდენადაც ვიცი, მდიდარია სასმელით, განსაკუთრებით – ცივი წყლით. როდესაც აბსოლუტურად მართალი ხარ, იმაზე რატომღა უნდა იფიქრო, ვიღაცას რაღაც ხომ არ ეწყინაო?!

– თქვენ შალვაზე ბევრად ადრე დატოვეთ საკანი, მაგრამ, იქიდან გამოსულმა ვეღარ ააწყვეთ თქვენი საქმეები. შალვა რამიშვილი კი, რომელიც ჟურნალისტებს ერთსა და იმავეს პასუხობდა – არ ვიცი, მედიაში დავრჩები თუ სხვა საქმეს მოვკიდებ ხელსო, გამოსვლიდან ერთ კვირაში, ყველასთვის მოულოდნელად, ისევ ტელეეკრანზე გამოჩნდა ახალი გადაცემით. რაშია საქმე?

– რას ვაკეთებ, მოდი, ამას ჩემთვის დავიტოვებ. ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. მანამდე იცოდით, რომ მე „202-ში“ ვიყავი? თქვენთვის მე ცნობილი გავხდი ამ გახმაურებული სკანდალისა და სასამართლოების შემდეგ, თორემ ისედაც ჩრდილში ვიდექი. მე რომ ეთერში ყოფნა მდომოდა, ეკრანიდან ვერ ჩამომხსნიდნენ. ბოლოს და ბოლოს, ტელევიზიის დამფუძნებელი ვიყავი. ახლა მედიაში არ ვარ და სხვა საქმეს ვაკეთებ.

– გქონდათ თუ არა ხელის შეშლა იმის გამო, რომ ციხეში იჯექით?

– არანაირი ხელის შეშლა იმის გამო, რომ ციხეში ვიჯექი, არ მქონია. პირიქით, თუ აქამდე ბევრის დამოკიდებულებას სხვანაირად ვხედავდი, თანადგომისა და სიმპათიის მხარეს შეიცვალა. ტელევიზია აღარ არსებობს. მის ნაცვლად არსებობს არხი „საქართველო“, რომელსაც წელიწადში 25 მილიონი დაფინანსება აქვს თავდაცვის სამინისტროდან პროექტების სახით. ეს იგივე საზოგადოებრივი არხია, რომელიც ჩემი და თქვენი ჯიბიდან ფინანსდება. თუ შალვას ისევ ტელევიზია უნდოდა, რომ ენახა – ნახა. მე რაც მინდოდა, იმას ვაკეთებ. შემეძლო, რაღაც-რაღაც საკითხებზე ხელისუფლების რომელიმე სტრუქტურის წარმომადგენლებთან მივსულიყავი, მესაუბრა, ამეხსნა, მაგრამ არ მივალ. თუ იმ საქმეს მაინცდამაინც ჩემი მისვლა სჭირდება, მირჩევნია, ეს არ გავაკეთო, აი, ეს არის ხელის შემშლელი, ჩემს თავს არ ვაკადრებ იმას, რაღაც ისეთი ვუთხრა, რაშიც ისინი ჩათვლიან, რომ დამეხმარნენ. ჩათვალეთ, რომ ეს ჩემი მინუსია.


скачать dle 11.3