როგორ გაცვალა ქართველმა გოგონამ, ნესტან დავითაშვილმა პოლიტიკოსობა დიზაინერობაზე და ვისთან ერთად აწყობს ის ჩვენებებს ნიუ-იორკში
ახალგაზრდა და საკმაოდ მომხიბვლელი დიზაინერი – ნესტან დავითაშვილი 5 წლის წინ ამერიკაში სასწავლებლად წავიდა. თავდაპირველად, ის პოლიტიკური მეცნიერების პროფესიას დაეუფლა, გარკვეული პერიოდი ბავშვთა ფსიქოლოგიასაც სწავლობდა, ასევე ესპანურ ენას და ხელოვნების ისტორიას, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ არც ერთი პროფესია ისე ახლოს არ იყო მის ბუნებასთან, როგორც დიზაინერის. ნესტანმა თავიდანვე მიიპყრო ნიუ-იორკის მაღალი მოდის საზოგადოებისა და პროფესიონალების ყურადღება. ჩვენ სწორედ მაშინ შემოგთავაზეთ მასთან ინტერვიუ. დღეს ის, ნიუ-იორკის დიზაინერთა სკოლის „პარსონი“ მესამე კურსზეა და უკვე ცნობილ დიზაინერებთან ერთად, საკუთარი კოლექციის ჩვენებებსაც აწყობს.
– ნესტან, როდის წახვედი ამერიკაში და როგორ დაიწყო შენი, როგორც დიზაინერის კარიერა?
– 15 წლის ვიყავი, პირველად ამერიკაში რომ ჩამოვედი გაცვლითი პროგრამით. მეათე კლასი დავამთავრე. ათი თვე ვიცხოვრე კალიფორნიაში და დავბრუნდი თბილისში. თბილისში დავამთავრე 53-ე სკოლა. შემდეგ წავედი ბულგარეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში, სადაც წელიწად-ნახევარი ვსწავლობდი პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე, რაც საერთოდ არ მიზიდავს. რატომ ჩავაბარე ამ ფაკულტეტზე, დღემდე არ ვიცი – სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ამის შემდეგ ესპანეთში წავედი ხელოვნების ისტორიის, ენის შესასწავლად და ასევე, დასასვენებლად. 19 წლის ასაკში სან-ფრანცისკოში ჩავედი და დავიწყე ბავშვთა ფსიქოლოგიის შესწავლა. მალე მივხვდი, რომ არც ეს იყო ჩემი საქმე, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე მიყვარს ფსიქოლოგია. მოკლედ, ჩავაბარე სან-ფრანცისკოს ხელოვნების უნივერსიტეტში. ერთი წელი ვისწავლე დიზაინის ფაკულტეტზე. შემდეგ გადავედი ნიუ-იორკის დიზაინერთა სკოლაში. ახლა მესამე კურსზე ვარ. ასე რომ, დიზაინერის კარიერამდე ძალიან ბუნებრივად მოვედი. დიდად არც დავფიქრებულვარ ამაზე. ეს პროფესია უფრო ახლოს დგას ჩემს ხასიათთან. ბავშვობიდან კარგად ვხატავ. პატარა რომ ვიყავი, ბარბის უდიდესი კოლექცია მქონდა. შემეძლო, დღე და ღამე გამეტარებინა მათი კაბების გამოცვლაში. მეგობრების თოჯინებსაც ვუცვლიდი კაბებს. ჩემი პირველი ბარბი, რომელიც ძალიან მიყვარდა, მამამ თამაზ დავითაშვილმა ნიუ-იორკიდან ჩამომიტანა.
– ის საქმე, რასაც ახლა აკეთებ, ვიცი, ძალიან მოგწონს და გიყვარს, თუმცა პოლიტიკოსობაც მოგიხდებოდა. ჩემი აზრით, პოლიტიკა ქალს უფრო თავდაჯერებულს, წარმატებულს, მიზანსწრაფულსა და მშვენიერს ხდის.
– იცით, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, მგონია, რომ პოლიტიკაში ვერასდროს გავიკეთებდი ისეთ კარიერას, როგორიც აქ შეიძლება გააკეთოს ადამიანმა. პოლიტიკოსობა ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს და ძლიერი ბუნების უნდა იყო. მე ბუნებით ყოველთვის რომანტიკოსი ვიყავი.
– საქართველოში დიზაინერის პროფესია უკვე საინტერესო და აზრიანი ხდება, მაგრამ, ალბათ, მრავალი წელი დასჭირდება, ამ სფეროში ყველაფერი იმ დონეზე დაიხვეწოს, როგორც უცხოეთშია.
– არ ვიცი, საქართველოში როგორ უყურებენ ამ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რომ ვიყავი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს პროფესია, ყველაფერი, რასაც „ფეშენ-ვიქი“ ჰქვია. იმისთვის, რომ ადამიანი კრეატიული იყო, საკმარისი არაა, იცოდე ხატვა, წერა, ქარგვა. ეს უბრალოდ, ხელობაა და რამე ღირებული რომ შექმნა, ეს უკვე შიგნიდან, გონებიდან და გულიდან უნდა მოდიოდეს. ამ ყველაფერს მივხვდი ნიუ-იორკში. გამაოგნებელია, მართლაც რამდენი უნიჭიერესი და გენიალური ადამიანი იყრის თავს ამ პატარა კუნძულზე. ამ ინდუსტრიისთვის პირობები ნამდვილად საჭიროა. თვითონ, ტანსაცმლის მოდის ეს სფერო, როცა კი შემოვიდა ჩვენს სამყაროში, თავიდანვე მაღალი ფენებისთვის იყო გათვლილი. ვერ შექმნი რაღაც ფანტასტიკურს, საჭირო სახსრების გარეშე, ანდა – ვერ გაყიდი.
– ალბათ, დიდი მნიშვნელობა აქვს ნაცნობობის წრესაც. თუ ვიღაც არ გიდგას ზურგს უკან, მარტო ვერაფერს შექმნი და რაც ყველაზე მთავარია, – არ იქნები პოპულარული სახე. შენ როგორ მიაღწევ ამას?
– დიახ, ყველა ინდუსტრიასა და სფეროში დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის იცნობ. შეიძლება, უდიდესი ნიჭი გქონდეს და ძალიან შრომისმოყვარეც იყო, მაგრამ ბოლოს ინტერვიუებზე მათთან მიდიან, ვისზეც რაღაც სმენია, თუნდაც კოლეგებისგან, ან სადმე გაუცნია „ივენთ ფართიზე“. ნიუ-იორკში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ვინმე მნიშვნელოვანი პიროვნება დააინტერესე შენი საქმიანობით, შემდეგ ის დაგპატიჟებს ოფიციალურ სადილზე, ასევე, მოიწვევს კოლეგებს და არაოფიციალურად გადაწყვეტს, მოერგები თუ არა მათ სტანდარტებს. თავდაპირველად, ჩვენს უნივერსიტეტში რამდენიმე პროფესორი იყო, ვინც ძალიან მეხმარებოდა და მასწავლიდა, თუ როგორ უნდა მოვრგებოდი ამ სფეროს. შემდეგ იყო პრაქტიკები, სადაც ძალაუნებურად, გიწევს მაღალი საზოგადოების, ფოტოგრაფების გაცნობა. ნიუ-იორკში ხომ ყველაფერი სწრაფი ტემპით ხდება და ეს არის როგორც კარგი, ასევე ძალიან ცუდი. თუ შანსი ხელიდან გაუშვი, იგივე შანსი მეორედ აღარ მოგეცემა. წელს ტარა საბკოფთან ვიმუშავე, ჩვენი კოლექცია ვაჩვენეთ ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე“. ისე დაემთხვა, რომ ჩემი უმცროსი და იყო ჩამოსული დასასვენებლად სამი კვირით და ჩვენთან სტუდიაში მოვიდა. ტარამ, რომელიც ძალიან იმპულსური ადამიანია, მარი რომ დაინახა, მოეწონა და ჩვენებაზე გამოიყვანა. ბოლოს, რაზე მეფიქრა, არ ვიცოდი – ჩემს კაბებზე, რაზეც თავაუღებლივ სამი კვირა ვიმუშავე თუ მარიზე. გეფიცებით, არ მეგონა, თუ ასე ვინერვიულებდი. შოუს ვერ ვუყურებდი, უბრალოდ, თვალი შევავლე, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო. ტარა ცნობილი დიზაინერია, მას თავისი ბრენდი აქვს. ამჟამად ლოს-ანჯელესშია, სადაც მე ვერ წავედი ჩემი სკოლის პროექტების გამო. ამ ადამიანს გვერდზე უდგას გენიალური მამაკაცი – ტომ ჰოპერი, რომელიც ძალიან გვეხმარება ბრენდის პოპულარიზაციაში. სხვათა შორის, ტომმა „ოსკარი“ აიღო გასულ წელს ერთ-ერთი ბრიტანული ფილმის პროდიუსირებისთვის. ასევე ვიცნობ პარაბალ გურუგნს, ეს ადმიანი ძალიან ნიჭიერია, რომელსაც დღეს მარკ ჯაკობსისა და დონა კარანის გვერდით მოიხსენიებენ. მათაც რამდენიმე წლის წინ დაამთავრეს დიზაინის ფაკულტეტი.
– კინო ახსენე. ამერიკაში ხარ, სადაც დიდი კინოინდუსტრიაა, სადაც ნამდვილ ფილმებს ქმნიან, სადაც მოხვედრა ყველას ოცნებაა. წესით, შენისთანა ლამაზ და საინტერესო გოგონას უნდა შესთვაზონ ფილმში თამაში. ასეთ წინადადებაზე არ წახვალ?
– იცით, იმდენად იმპულსური და თავგადასავლების მოყვარული ვარ, არაფერს გამოვრიცხავ. მაგრამ, ამ წუთას გადავარდნილი ვარ ჩემი სკოლის პროექტებში. ერთი კი ნამდვილად ვიცი, რომ რასაც ვაკეთებ, ძალიან მიყვარს და არა იმიტომ, რომ პოპულარული და მოდური პროფესიაა, უბრალოდ, მიყვარს ეს ყველაფერი. თქვენ უნდა ნახოთ, რა ხდება, როცა შოუს ვამზადებთ. საშინელი ქაოსი, ემოციებია. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ერთია, როცა ზოგადად ეკრანზე უყურებთ, ულამაზეს ფერებს, ქსოვილებს, ლამაზად ჩაცმულ ხალხს, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბრენდების სამოსში არიან გამოწყობილები და მეორეა, რა ხდება მის მიღმა, კულუარებში მზადების დროს. ამ ყველაფრის უკან დგას უამრავი გონება და შრომა, ამ ყველაფრის უკან დგას დიზაინერების ჯგუფი, რომელთაც სამი, ოთხი დღე არ სძინავთ. დიზაინერებთან ერთად მუშაობს ფოტოგრაფთა ჯგუფი და კიდევ ბევრი ადამიანი.
– პარიზში არ აპირებ წასვლას და კარიერის გაგრძელებას?
– პარიზი დღეს არის მოდის ინდუსტრიის მექა, მაგრამ პარიზი ვერ იმუშავებს ნიუ-იორკის, ლონდონისა და მილანის გარეშე. ნიუ-იორკიდან თუ სადმე გადავედი სამუშაოდ, ეს პარიზი იქნება.