რა პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული მარინა კახიანს და რატომ გადაიპარსა მან თავი წლების წინ
მარინა კახიანი ყველასთვის საყვარელი მსახიობია. ის ყოველთვის პოპულარულია და აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება აქვს, რუსთაველის თეატრში ბევრ სპექტაკლშია დაკავებული, ასევე, თამაშობს სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”, რომლის მეხუთე სეზონი ახლახან დაიწყო. ქალბატონი მარინა კინოშიც და თეატრშიც ძლიერ ქალებს თამაშობს, მაგრამ ცხოვრებაში ის ძალიან მგრძნობიარე, მეოცნებე და ემოციური ქალია.
– როგორია პოპულარული მსახიობების ცხოვრება? ბევრს ჰგონია რომ პოპულარულ ადამიანებს პრობლემები არ აქვთ და ძალიან დალხენილად ცხოვრობენ.
– დალხენილი ცხოვრებით თვით დასავლეთში, ჩვენი მდიდარი კოლეგებიც კი ვერ ცხოვრობენ. ჩვენგან განსხვავებით, გაცილებით დიდი შემოსავალი აქვთ, მაგრამ ის პრობლემები, რაც ყველა ადამიანის ცხოვრებას ახლავს თან, ალბათ, მათაც გააჩნიათ. შეიძლება, უფრო სერიოზული და უფრო მტკივნეულიც. საინტერესოდ ვცხოვრობთ, ეს უკვე სხვა საკითხია. მაგრამ, შეიძლება, ადამიანი არ იყოს არც ხელოვანი და არც პოპულარული, მაგრამ ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდეს. ის, რომ პოპულარობა რომელიმე ადამიანს არ მოსწონს, ეს ტყუილია. შენ რომ ამ პროფესიას ირჩევ, მეტ-ნაკლებად უკვე გათვლილი გაქვს ისიც. მაგრამ, შეიძლება, ნიჭიერმა და ღრმა ადამიანმა ითამაშოს ძალიან კარგად როლები, მაგრამ ვერ გახდეს პოპულარული. დღეს ძალიან სერიოზული ფიარია მთელ მსოფლიოში და ჩვენთანაც დაიწყო. ათი, თხუთმეტი წლის წინ ფიარი საქართველოში არ არსებობდა. ჩვენი უფროსი თაობა თავისთავად ხდებოდა პოპულარული. მაშინაც იყო, რომ ზოგი ძალიან კარგი მსახიობი ვერ აღწევდა პოპულარობას. ეს კიდევ სხვა ფენომენია. ადამიანები ირჩევენ თავიანთ სათაყვანებელ კერპად ვიღაც კონკრეტულს, მაგრამ ის რომ პოპულარობა არ სიამოვნებს მსახიობს, ეს აბსოლუტური ტყუილია. ძალიან სასიამოვნოა, როცა უცხო ადამიანები გხვდებიან და პატივისცემას გამოხატავენ. ეს არ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს არ სიამოვნებდეს. თუმცა, ხანდახან არ ხარ ხასიათზე, რომ ყველასთან გაჩერდე, ფოტო გადაიღო. მაგრამ ის, რომ უცხო ადამიანი ცდილობს, შენთან რაღაცნაირი კავშირის დაამყარებას, იმხელა დოპინგი და სტიმულია, რომ სიცოცხლის ხალისი გემატება.
– თქვენ იყავით საკმაოდ წარმატებული ბალერინა. არასდროს გინანიათ, რომ არ გაჰყევით ამ გზას?
– ეს ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გეტყვით: რატომღაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ და არც ჩემს მშობლებს უნდოდათ, დამენებებინა ბალეტისთვის თავი, უცბად გადავიჩეხე აბსოლუტურად ბურუსით მოცულ მომავალში. არადა, უკვე გარკვეული იყო, რომ ბალერინა ვიყავი, პარტიები მქონდა, რომელიც ჩემი მომავლის საწინდარი იყო, მაგრამ, მე მინდოდა, საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ შემეძლო თავად მემართა ცხოვრება ისე, როგორც მინდოდა. რაღაცა მღრღნიდა წლების განმავლობაში შიგნიდან, რომ იქნებ, იქ უფრო გამოვავლენდი საკუთარ თავს – როგორც ბალერინა, მეტ წარმატებას მივაღწევდი. ახლა სისულელეა ამაზე ლაპარაკი. მე არ მიყვარს სინანული. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო.
– ნანა ჯორჯაძის ფილმში თქვენ თამაშობთ თავგადაპარსული. კიდევ რა კომპრომისებზე წახვიდოდით როლისთვის და რას ვერ გააკეთებდით ვერასდროს?
– ეს იყო ჩემი ახირება. ძალიან ხშირად ვებრძვი თმას, დეპრესიული არ ვარ, მაგრამ ადამიანები ვართ და ხანდახან რაღაცას განვიცდით. არ შეიძლება, გაიარო ცხოვრება ტკივილისა და მარცხის გარეშე. მაგრამ, მე ვცდიოლობ, არ ჩავვარდე დეპრესიაში. რაღაც არასასიამოვნო შემხვდა და ძალიან გრძელი თმა გადავიპარსე, რაც ძალიან მოსწონდათ. ასე ვყავდი ნანახი ნანა ჯორჯაძეს, და მთხოვა, მისი ფილმისთვის გადამეპარსა. არ გავძალიანებივარ, მე მიყვარს ექსპერიმენტები. მიმაჩნია, რომ ქართველ მსახიობებს არ გვაქვს ამის საშუალება, რომ ჟანრობრივად რაღაც ვცვალოთ – უფრო კინოს ვგულისხმობ. როლმა თუ დამაინტერესა, შეიძლება გავსუქდე კიდეც სპეციალურად. სულ ერთი სტილის ქალბატონებს მთავაზობენ – სულ ლამაზი, თავნება. მე მინდა, ვითამაშო უშნო, საცოდავი. არავინ მთავაზობს ასეთ როლებს. ამას წინათ მკითხეს, რატომ არ თამაშობთ საწყალი ქალების როლებსო. ძალიან მინდა, მაგრამ ვინ მთავაზობს? ცოტა უხერხულია ასეთი მრავალფეროვანი როლების სურვილები რომ მაქვს. კინემატოგრაფი წლებია, აღარ არის საქართველოში. ახლა რეანიმაციის პერიოდი აქვს, სამწუხაროდ, ისეთი სიტუაცია დადგა, მხოლოდ მას შეუძლია, ფილმის გადაღება, ვინც ფულს იშოვის. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი კინემატოგრაფი, რომელსაც თავისი ადგილი ჰქონდა მსოფლიოში. არავინ თქვას, რომ ახლა ქმნიან ამას. მაგრამ რომც იყოს, ალბათ, არ შემომთავაზებდნენ ასეთ როლებს. ვერ წარმოუდგენიათ, რომ მსახიობს შეუძლია, სხვანაირი სახე შექმნას. ვგიჟდები, ისე მიყვარს, როცა მოხუცი ქალის როლს ვასრულებ. ათწლეულების განმავლობაში მე ამის საშუალება სცენაზეც არ მქონდა. შეიძლება, წლები რომ გავა და ხანში შევალ, მერე მომინდეს ახალგაზრდების თამაში. ნიკოლ კიდმანი გრიმით ფილმ „საათებში” არაჩვეულებრივია. შარლიზ ტერონი მოსნსტრს თამაშობს. ჩვენთან აზრად არ მოუვიდოდათ, ასეთი გარეგნობის ქალისთვის ეს როლი მიეცათ. გულდასაწყვეტია, ძალიან მოკლეა ცხოვრება და გინდა, მოასწრო რაღაც განსხვავებული. მაგრამ, გულახდილ სექსუალურ სცენებს ვერ ვითამაშებდი. ვერ შევძლებდი ამას. არიან ჰოლივუდის ძალიან კარგი მსახიობები, რომლებიც არ თანხმდებიან ასეთ სცენებზე. მაგალითად, მერილ სტრიპი და ეს მისი უფლებაა. ჩვენთან ახალი ტენდენციაა, თუ ადრე სიშიშვლეს კიცხავდნენ ეკრანზე, ახლა სხვანაირადაა – თუ ყველაფერზე, არ თანხმდები, გასაკიცხი ხარ. ქართველები ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვვარდებით.
– რომელია თქვენი საოცნებო როლი? თუმცა, ისეთი როლები გაქვთ ნათამაშები, რომლებზეც ალბათ სხვები ოცნებობდნენ?
– საყვედური არ მეთქმის. მადლობელი ვარ იმ რეჟისორების, ვინც ამდენი კარგი როლი მომცა. ძალიან მინდოდა ახალგაზრდობაში ანტიგონეს, ჟანა დარკის შესრულება, არის როლები, რომლებსაც ვერასდროს ვითამაშებ. ოცნება ოცნებად დარჩა. მე თვითონაც გმირი ქალების სახეები მიზიდავდა, არასდროს მომდომებია ჯულიეტა. მაგრამ, ასაკში რომ შევედი, როცა წარმოუდგენელი იყო უკვე ჯულიეტა მეთამაშა, გული დამწყდა. მერე დავინახე, რომ არ შეიძლება, იყოს სტერეოტიპები. რატომ უნდა იყოს სუსტი და მიუსაფარი ჯულიეტა?
– რა არის თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი?
– ძალიან მიყვარს სუნამოები და პარფიუმერია. ჩემმა ახლობლებმა იციან და ხშირად მჩუქნიან. ყოფილა შემთხვევა, მთელი კიბეები ყვავილებით მოურთავს ჩემს თაყვანისმცემელს. ვერტმფრენიდანაც გადმოუყრიათ ყვავილები. მაგრამ, ყველაზე დიდი სურპრიზია მსახიობისთვის, როცა არ ელოდები და რომელიმე შენთვის ძვირფას როლს მიიღებ. ამაზე ძვირფასი სიურპრიზი არ არსებობს.
– სულ ფორმაში ხართ, როგორ ინარჩუნებთ?
– უპირველესად ჩემი გენეტიკის მადლობელი უნდა ვიყო. სამწუხაროდ, არ ვვარჯიშობ. რაღაც პერიოდი ვვარჯიშობ და მერე წლების განმავლობაში არა. ჭამა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ღამე და არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ფორმა შევინარჩუნო. მადლობელი ვარ ჩემი წინაპრების.
– პლასტიკურ ქირურგიაზე რა აზრის ხართ და თქვენ რა ოპერაციები გაქვთ გაკეთებული?
– მხოლოდ ცხვირის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. არადა, მქონდა „კურნოსა“ ცხვირი და დამაკომპლექსეს. მეც დავკომპლექსდი, რომ არ მქონდა ქართული გარეგნობა. მეგონა, ფილმში არ გადამიღებდნენ. ადრე იყო ასე – ქართული გარეგნობის გოგონებს იღებდნენ ხოლმე. ჩემი კარიერის დასაწყისში, ერთ მშვენიერ დღეს „კურნოსა“ გავაქრე. სხვა არაფერი. ამ ეტაპზე არც მინდა არანაირი პლასტიკური ჩარევა. თუმცა, თუ ქალმა შეიძლება, გაიხანგრძლივოს ახალგაზრდობა – თუ თმას იღებავ, კბილებს იკეთებ, რატომაც არა?! მაგრამ, ეს რაღაც ავადმყოფობაში არ უნდა გადავიდეს.
– ნინო ქორიძეს უნდა ეთამაშა ლალი ჩიქოვანი, რომელსაც ახლა თქვენ თამაშობთ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”?
– შესაძლებელია ასეც იყო. საერთოდ, თავიდან ფიქრობდნენ, რომ უფრო ახალგაზრდა უნდოდათ და ძალიან ბევრი გასინჯეს ამ როლზე. დიდხანს მიდიოდა შერჩევა და ბოლოს მე შემომთავაზეს, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი.
– რის კეთება გსიამოვნებთ თავისუფალ დროს?
– ამ ბოლო დროს ძალიან მიყვარს ტელევიზორთან თეფშზე დალაგებული სასუსნავებით კარგი ფილმის ყურება. კარგი წიგნის წაკითხვა. მეგობრებთან ერთადაც მიყვარს ყოფნა, მაგრამ როცა ძალიან დაღლილი ვარ, სახლში მირჩევნია განტვირთვა, ხშირად ვსეირნობთ მე და ჩემი შვილიშვილი გიორგი, რომელიც სამი წლისაა.
– ძალიან ბევრი კოლეგა გამოგეცალათ, სულ ახლახან კი ბატონი რამაზი.
– ძალიან მტკივნეული თემაა – ზედიზედ წავიდა საუკეთესო ძალა რუსთაველის თეატრიდან, ამქვეყნიდან. მე მქონდა ბედნიერება, ჯერ კიდევ როგორც მაყურებელს მენახა ისინი და მერე მათი უშუალო პარტნიორი ვყოფილიყავი მრავალ სპეკტაკლში. მათ გვერდით მომეცა საშუალება არსებობის, რაღაცის შექმნის. როცა თეატრში მოვედი, მაშინ იყო რუსთაველის თეატრის ასი წლისთავი და ბატონმა რობიკომ თქვა საუკუნის ფრაზა: „თაობა მიდის, თაობა მოდის. რუსთაველის თეატრი კი მარად ახალგაზრდა აგრძელებს გზას“. მე იმედი მაქვს, რომ ხვალ თეატრი შეიძლება, უკეთესი იყოს, უფრო კარგი მსახიობებითა და რეჟისორებით, მაგრამ ისეთი, როგორც მათ დროს იყო, არასდროს იქნება. ამდენი ძლიერი მსახიობი ერთად, ერთ ხანაში, ეს იშვიათია.
– როგორ ფიქრობთ, კიდევ თუ მოვა თქვენს ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული?
– ხან მგონია, რომ არა, ხან მგონია, რომ კი. ზოგჯერ ისე გადის მთელი ცხოვრება, ადამიანები ნამდვილ სიყვარულს ვერ ხვდებიან, მე მქონდა უდიდესი სიყვარული, თუმცა ზოგს შეიძლება, ეწვიოს ეს სიყვარული ერთხელ, ზოგს არასდროს, ვიღაცას კი რამდენჯერმე.…