კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გავლენა მოახდინეს მიშა კობახიძის შემოქმედებაზე ქალებმა და კონფლიქტებმა და რატომ გადაწყვიტა მან, რომ მის შვილებს სკოლაში არ ევლოთ

 

ამ რესპონდენტთან ინტერვიუ, ალბათ, ყველა ჟურნალისტისთვის დიდი ბედნიერებაა... მიშა კობახიძის, როგორც რეჟისორის წარდგენა მკითხველს არ სჭირდება. მის პიროვნებას კი ხიბლს ისიც ჰმატებს, რომ უკიდეგანოდ თავისუფალია, ადამიანი, რომელიც არასდროს ერიდებოდა, დინების საპირისპიროდ ევლო, რის გამოც ის არა მხოლოდ თავის თაობაში იყო გამორჩეული...

მიშა კობახიძესთან ინტერვიუ ბავშვობის გახსენებით დავიწყეთ.

 

მიშა კობახიძე: ყველაზე დიდი გრძნობით ბავშვობას ვიხსენებ. ახლა ძნელია, ეს ყველაფერი ორი სიტყვით გადმოვცე... რასაკვირველია, პირველ ყოვლისა, ეს იყო უპრობლემო ცხოვრება. მართალია, გაჭირვება იყო, მაგრამ, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და ჩვენც მიჩვეული ვიყავით იმ ცხოვრებას... ვერაზე, ქიაჩელის ქუჩაზე ვიზრდებოდი. თავისუფალ დროს სულ ქუჩაში ვატარებდი და შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, ქუჩაში გავიზარდე. 

– გოგონების გამო ჩხუბი...

– სხვათა შორის, გოგონების გამო ჩხუბი არ მახსოვს. ის უფრო იმ ასაკში იწყება, როცა ბავშვობას ტოვებ.

– ამბობენ, რომ განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანები რთული აღსაზრდელები არიან. თქვენ როგორი ბავშვი იყავით?

– ახლა რომ ვიგონებ, მგონი, არ ვიყავი რთული ბავშვი, მაგრამ, ბოლო დროს ყველაფერი გავართულე... ჩემი მეგობარი გადავიდა სხვა სკოლაში და მეც გადავყევი. შემდეგ ის მეათე კლასში ჩატოვეს. ვურჩიე, გამოეტანა საბუთები და ორივე სხვა სკოლაში გადავსულიყავით. მის საბუთებში ეწერა: „დატოვებულია მეათე კლასში“. მე კი ამოვშალე და ჩავწერე: „გადაყვანილია მეთერთმეტე კლასში“... ასე აღმოვჩნდით ორივე მეთერთმეტე კლასში, თუმცა, სხვადასხვა სკოლაში. ჩემი მეგობარი იმ წელსვე მოეწყო უმაღლეს სასწავლებელში, მე კი თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ვაბარებდი და არ მიმიღეს.

– სამართლიანი იყო?

– არა, რასაკვირველია... სპეციალობაში „ორიანები“ დამიწერეს, სმენაში და რიტმშიც კი „ორები“ მივიღე. მაშინ ნაცნობობითა და „ჩაწყობით“ ხდებოდა უმაღლეს სასწავლებლებში მიღება. ჩვენ არაფერი „ჩაგვიწყვია“, იმედი მქონდა, ისედაც მოვხვდებოდი, მაგრამ, ვერ მოვხვდი. შემდეგ მოსკოვში წავედი და იქ ჩავაბარე კინემატოგრაფიის ინსტიტუტში. მოსკოვშიც ყველაფერი ბევრი წინაამდეგობით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ყველფერმა კარგად ჩაიარა.

– რადგან ბავშვობასთან ჯერ კიდევ ახლოს ვტრიალებთ, იქნებ, თქვენს მშობლებზეც გვიამბოთ...

– ყველაზე დიდი სიხარული და სიყვარული მშობლებიდან მოდიოდა. მშობლები იყვნენ ჩემთვის ყველაფერი, ყველანაირი საყრდენი. მშობელსა და მშობლის სიყვარულს ვერაფერი ცვლის... მამაჩემი უფრო მკაცრი იყო, ვიდრე დედაჩემი. როცა რამეს ვაშავებდი, სულ მეშინოდა, დედამ მამას არ უთხრას-მეთქი. დედა ყოველთვის ეუბნებოდა, რასაც ვაფუჭებდი. რაც შეეხება იმ ფაქტს, როცა სხვა სკოლაში გადავედი, შემდეგ კი ის სკოლაც დავტოვე და კიდევ სხვაგან გადავედი, დედაჩემმა უკვე აღარც იცოდა, რომელ სკოლაში ვსწავლობდი. მახსოვს, ერთხელ მითხრა: მიშიკო, ოღონდაც მითხარი, რომელ სკოლაში სწავლობ და მამაშენს არ ვეტყვიო.

– უთხარით?

– არა, რა თქმა უნდა. ბოლოს, სკოლაში საშინლად ცუდი ატესტატი ავიღე, რადგან, უკვე გადაწყვეტილი მქონდა მოსკოვში სასწავლებლად წასვლა, ამისთვის ვემზადებოდი და მეათე და მეთერთმეტე კლასში სულ ვაცდენდი გაკვეთილებს. სხვათა შორის, იმ წლებმა ბევრი მომცა. სკოლაში ჩემ მიერ გამოგონილი დიაგნოზები მიმქონდა და ცნობაზე ბეჭედს ვარტყამდი, რომელიც თავად გავაკეთე სახაზავისგან.

– მოსკოვში გატარებული სტუდენტობის წლებს როგორ იხსენებთ?

– ეს ყველაზე საუკეთესო წლებად მახსენდება ჩემს ცხოვრებაში. იქ მომეცა საშუალება, ის მეკეთებინა, რაც მინდოდა. რაც მქონდა გადაწყვეტილი და ჩაფიქრებული, იმის რეალიზაცია მოვახდინე. ინსტიტუტში სწავლისას გადავიღე ფილმი „ახალგაზრდა სიყვარული“, რომელსაც ახლა ხშირად ვაჩვენებ. ინსტიტუტში პატარა ბრწყინვალე სტუდია იყო, სადაც შეგვეძლო ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელება, თუმცა, ძალიან ცოტა დროს გვაძლევდნენ. მე, მაგალითად, მხოლოდ ერთი დღე მომცეს. არაყი დავუდგით მუშებს, რომ არ წასულიყვნენ და მთელი ღამის მუშაობის შემდეგ ცოცხალ-მკვდარი გამომიტანეს იქიდან. ჩემთვის რთული იყო იმ მხრივაც, რომ თავადაც ვთამაშობდი, რეჟისორიც ვიყავი და დეკორაციის აშენება და მისი მოწყობაც მე მომიხდა... ფაქტობრივად, „ქორწილიც“ ინსტიტუტის ფილმია, ვინაიდან ის არის ჩემი სადიპლომო ფილმი. შემდეგ მას მოჰყვა „ქოლგა“, „მუსიკოსები“...

– ცენზურა შეეხო თქვენს შემოქმედებას?

– ცენზურა ხელს არ მიშლიდა. უფრო შემაფერხა ჩვენი კინემატოგრაფიის კომიტეტმა. აქედან მიდიოდა წერილები, რომ არ ვმუშაობ გეგმით, თავნება ვარ და ასე შემდეგ... ფაქტობრივად, საქართველომ ამიკრძალა მუშაობა და არა რუსეთმა – რუსეთმა მხოლოდ ხელი მოაწერა ქართველების თხოვნას. ეს აკრძალვები ჩემთვის სრულიად გაურკვეველი იყო, რადგან ჩვენ ანტისაბჭოთა გზას არ ვადექით და არაფერს ისეთს არ ვაკეთებდით, რომ უარყოფითი ყოფილიყო იმის ნახვა და ადამიანზე „ცუდი“ ზეგავლენა მოეხდინა. მოკლედ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ. შეიძლება, ინტერესი იყო ჩემი, როგორც პიროვნების მიმართ – რაღაც აღელვებდათ, რაც მე არ მესმოდა. მოხდა ისე, რომ მე ამომაგდეს იმ რიტმიდან, რასაც კინოზე მუშაობა ჰქვია.

– სხვა ქვეყანაში წასვლა არ სცადეთ სამუშაოდ?

– არ მიცდია. სხვა ცხოვრება დამეწყო: თან ბავშვები გამიჩნდა – ორი გოგონა. მათ გაზრდა სჭირდებოდათ და ასე შემდეგ... კინოზე მუშაობა რომ ამიკრძალეს, ამასთან დაკავშირებით დიდი განცდა არ მქონდა, რადგან, არ მეგონა, რომ ეს რეალობა იყო და მართლა შესრულდებოდა. არც ის მეგონა, რომ ეს ცხოვრება ასე მალე გაივლიდა... იცით, ჩემთვის დრო როგორ არის? – ან იმდენად იწელება, რომ არ მთავრდება, ან, ისე ჩქარა გარბის, ვერც კი ვასწრებ ვერაფრის გაკეთებას. დროს ახასიათებს „შეკუმშვა“. როცა წარსულს იგონებ, წამშია გასული და, თუ რამე მომავალი გეგმა გაქვს, ვიდრე ის მომავალი შენთან მოვა, საუკუნეები გადის.

– თქვენს ოჯახს დავუბრუნდეთ. დღემდე ყველას აოცებს ის ფაქტი, რომ თქვენი შვილები სკოლაში არ დადიოდნენ.

– ჩემი შვილები სკოლაში არ დადიოდნენ... თავად იმდენად მეჯავრებოდა სკოლა და ყველაფერი, რაც კი სკოლასთან იყო დაკავშირებული, ვიფიქრე,  თუ შვილები გამიჩნდება, სკოლაში არ მივაბარებ-მეთქი. შეიძლება, ეს გადაწყვეტილება არ არის სწორი, მაგრამ, მე ასე გადავწყვიტე, მიუხედავად იმისა, რომ მაშინებდნენ, დაგიჭერთ, ციხეში ჩაგსვამთ, არ შეიძლება, რომ სკოლაში არ ატარებო...

– როგორ აღზარდეთ ისინი სკოლის გარეშე?

– რაც კი შეგვეძლო, ბავშვებს სახლში ვაძლევდით განათლებას. ძირითადად, ჰუმანიტარულ განათლებას იღებდნენ. სპორტზე დადიოდნენ და ყველანაირი კონტაქტი ჰქონდათ თავის თანატოლ ბავშვებთან, გარდა სკოლისა.

– როცა მათი თანატოლები სკოლაში მიდიოდნენ, მათ გული არ სწყდებოდათ?

– მაშინ არა, მაგრამ, ახლა სულ მსაყვედურობენ. მე კი ვეუბნები: ფრანგული, ინგლისური, რუსული იცით; იმდენი გაქვთ წაკითხული, მე კიდევ ერთი ცხოვრება რომ მქონდეს, ამდენს ვერ წავიკითხავდი-მეთქი. სულ ჰგონიათ, რომ რაღაც დააკლდათ, მაგრამ, არა მგონია, ასე იყოს. ჩემს ქალიშვილს ვუთხარი: სკოლაში რომ გევლო, იჯდებოდი ახლა სადმე კომპიუტერთან, როგორც ბუღალტერი, მიიღებდი შენს ხელფასს, დაღლილი დაბრუნდებოდი სახლში, დილით ისევ სამსახურში გაიქცეოდი და წამში გაივლიდა ეს ცხოვრება-მეთქი.

– სადმე ყოფილა პრეცედენტი, ბავშვები სკოლაში არ ეტარებინოთ?

– მეცხრამეტე საუკუნეში სახლში მიღებული განათლება არსებობდა. მთელი არისტოკრატია ასე იზრდებოდა. ასე აღიზარდნენ ჩემი შვილებიც. რაც შეეხება ენების ცოდნას, ამ მხრივ, მე დიდი წვლილი არ მიმიძღვის. ჩემი მეუღლე ქართველი იყო, მაგრამ, წარმოშობით ლიტველი და სახლში რუსულად საუბარი ხშირად გვიხდებოდა. რუსულ ლიტერატურასაც ბავშვები ისე დაეწაფნენ, როგორც ქართულს. შემდეგ საფრანგეთში ყოფნა მოუხდათ და კარგად აითვისეს ფრანგული და ინგლისური.

მესამე ქალიშვილი, ანა კობახიძე, აქ ცხოვრობს, აქ დაამთავრა სკოლა. ახლა სარეჟისოროზე სწავლობს თეატრალურ უნივერსიტეტში. მე მგონი, ნიჭიერი გოგოა და თავისი საინტერესო გზა ექნება ცხოვრებაში.

– მას როგორ დართეთ ნება, სკოლაში ესწავლა?

– მე ხომ საფრანგეთში წავედი და ანაც თან წავიყვანე. ოთხი წელი იქ დადიოდა სკოლაში. ვფიქრობ, საფრანგეთში გატარებულმა წლებმა ბევრი მისცა. შემდეგ თბილისში წამოვიდა. რადგან დედამისი აქ ცხოვრობდა. საქართველოში დაბრუნებაც მისთვის კარგი იყო – ქართული აითვისა. 

– ჩარეულხართ თქვენი შვილების პირად ცხოვრებაში?

– მე არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევი... ჩემი შვილები დამოუკიდებლები არიან, საკუთარი თავის პატრონები. როგორც მამას, რაც მევალება, ვალდებული ვარ, ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ, მათ პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება ნამდვილად არ მაქვს.

– პარიზში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?

– პარიზში წასვლა არ მქონდა გადაწყვეტილი. უბრალოდ, ფესტივალზე ვიყავი მიწვეული ჩემი ფილმებით. შემდეგ ვენეციაშიც, სადაც ჩემი ფილმების რეტროსპექტივა მოეწყო... საფრანგეთში შემომთავაზეს, დავრჩენილიყავი და დავრჩი. მეგონა, იქ შევძლებდი, მუშაობას... იქ არ არის ძნელი, მუშაობა რომ დაიწყო, მაგრამ, ძალიან ბევრი უნდა დათმო. მე ვიღებ ფილმებს, რომლებიც გადაწყვეტილია პლასტიკაში და არანაირი დიალოგები არ არის. ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება, რომ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში არ იყოს დიალოგები. არ მაინტერესებს ფერადი ფილმი, მინდა, შავ-თეთრი ფილმი გადავიღო. ისინი კი ამბობენ, რომ ტელევიზიები შავ-თეთრ ფილმებს არ აფინანსებენ. მესამე პირობა კი ყველაზე მძიმეა, რადგან, რომელ მსახიობსაც შემოგთავაზებენ, აუცილებლად ის უნდა აიყვანო. თუმცა, ახლა, მგონი, მივაღწიე ჩემს მიზანს და, ალბათ, მალე რაღაცას დავიწყებ.

– პარიზში ჩვეულებრივი ცხოვრება როგორია?

– პარიზი ბრწყინვალე ქალაქია, ოღონდ, ცოტა მელანქოლიური. ყველა ქუჩა ერთნაირად კარგია, ყველა ქუჩაზე ერთნაირად კარგი სახლი დგას. რაც ცოტა მოსაწყენიც კი არის. ლონდონი უფრო მომწონს. ამ დიდ ქალაქში ისეთი ცვალებადობაა, რომ ერთი უბანი მეორეს არ ჰგავს და ის კულტურაც, რომელიც ჩემთან უფრო ახლოა, ლონდონშია.
– თქვენს ქალიშვილებზე ვისაუბრეთ. შეიძლება, გეგაზე გკითხოთ?
– გეგაზე? გეგას ისეთი რამ შეემთხვა, რომ არაფრის თქმა არ შემიძლია. წუხილისა და განცდის გარდა, არაფერი მაგონდება. არავის ვუსურვებ ასეთ მძიმე მდგომარეობაში მოხვედრას.
– ცნობილია, რომ იგი გამორჩეულად ნიჭიერი იყო.
– ძალიან ნიჭიერი და საყვარელი იყო და ის კატასტროფა, რომელმაც მათ თავზე გადაიარა, უფრო ბედისწერას ჰგავდა. მეც ყოველთვის მინდოდა საბჭოთა კავშირიდან გაქცევა და სიამოვნებითაც გავიქცეოდი. ჩემთვის სრულიად გასაგებია, ახალგაზრდებს რომ მოუნდათ აქედან წასვლა. საბჭოთა კავშირი – ეს იყო ჯოჯოხეთი. ბევრს აგონდება, რომ კარაქი იაფი იყო და პური – თითქმის უფასო, მაგრამ ციხეში რანაირი პურიც არ უნდა მოგიტანონ და როგორც არ უნდა გაათბონ, მაინც ციხედ რჩება. ის ხალხი, ვინც ემსახურებოდა ამ საბჭოთა სისტემას, გატანჯულნი იყვნენ ციხის წესებითა და დაუნდობლობით... როცა ციხიდან გაქცევას გადაწყვეტ, უნდა გაიქცე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს. მათ არც ეგონათ, ყველაფერი თუ ასე განვითარდებოდა. იარაღი თუ ჰქონდათ, ესეც არ ვიცი. თუ ჰქონდათ, ალბათ, იმიტომ, რომ შეეშინებინათ მფრინავები, რათა საზღვარს იქით გადასულიყვნენ. საუბედუროდ, ყველაფერი ასე ტრაგიკულად დასრულდა. მათ არავინ მოუკლავთ და არავისთვის ზიანი არ მიუყენებიათ. რასაკვირველია, თვითმფრინავის გატაცება დანაშაულია, მაგრამ, გაქცევისას ფორმაზე აღარ ფიქრობ. არავითარი ტერაქტი არ ჰქონდათ ჩაფიქრებული. უბრალოდ, აქედან გაღწევა უნდოდათ.
– ვხვდები, რომ ძალიან დაგამძიმეთ. ცხოვრება გრძელდება და ახლა, ალბათ, თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო შეკითხვას დაგისვამთ: როგორი უნდა იყოს ქალი თქვენი თვალთახედვით?
– ქალი? ამ სიტყვაში უკვე ყველაფერია ჩადებული: ქალი უნდა იყოს ქალი და არა კაცი.
– თქვენს შემოქმედებაზე რა გავლენა მოახდინა ქალმა?
– ჩემს შემოქმედებაზე ქალი ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა.
– ბევრს მიაჩნია, რომ შემოქმედებისთვის აუცილებელია, ვინმე გიყვარდეს...
– აი, მე ახლა შეყვარებული ვარ...
– უფრო მეტი გვიამბეთ თქვენი სიყვარულის შესახებ.
– არა, ამაზე ვერ გიამბობთ... ჯერჯერობით ეს არის სიყვარული დიდ მანძილზე, როცა მე ჩემს შეყვარებულს ვერც კი ვხედავ.
– მაგრამ, ის ხომ არსებობს.
– რასაკვირველია, არსებობს. ქართველია, მაგრამ საქართველოში არ ცხოვრობს. 47 წლის არის.
– ალბათ, ძალიან კარგი ასაკია.
– 47 წელი კარგია, მაგრამ, ჩემი ასაკი აღარ არის ძალიან კარგი. საერთოდ, ასაკს ვერ ვგრძნობ და, მგონი, რაღაც მაკლია აღქმაში.
– ამ სიყვარულმა რა მოგიტანათ, თავს როგორ გრძნობთ?
– ძალიან კარგად, რადგან, ისეთი ადამიანი ვიპოვე, რომელიც აბსოლუტურად სრულად იძლევა პასუხს ყველა ჩემს შეკითხვაზე. გრძნობებზე... ის, უპირველეს ყოვლისა,  ქალია, უაღრესად განათლებულია და დიდი სულიერი სამყარო აქვს.
– მის გარეშე რამდენ ხანს ძლებთ?
– მის გარეშე ვერ ვძლებ, მაგრამ, სხვა გზა არ მაქვს. ტელეფონით რომ ვესაუბრები, ვეუბნები, ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერს მოვახერხებ, ჩვენ რომ ერთად ვიყოთ-მეთქი. ისიც იქიდან მპასუხობს. ტელეფონით ვაგრძელებთ ისევ ურთიერთობას.
– შეიძლება, თქვენს ყოფილ მეუღლეებზეც გკითხოთ?
– მეუღლეებზე რა უნდა გითხრათ... ჩემს ლიტველ მეუღლესთან ერთად დიდხანს ვიცხოვრე – 18 წელი... სხვათა შორის, ისიც კი არ ვიცი, როგორ მოხდა ჩვენი დაშორება. ყველაფერი ბედია – რამდენ ხანს იქნება ცოლ-ქმარი ერთად, ერთად გაივლიან მთელი ცხოვრების გზას თუ მალე დაშორდებიან... ანას დედასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ზედმიწევნით წესიერი, სწორი ადამიანია და საკუთარი პრეტენზიები არ ჰქონია, მაგრამ, იქაც ისე მოხდა, რომ ჩვენ ერთად არ ვართ... თავად ანა მადარდებდა, რადგან, ძალიან უნდოდა, ჩვენ ერთად ვყოფილიყავით. ლექსებსაც კი წერდა, საფრანგეთში რომ იყო. ანასთვის, ალბათ, ეს ყველაფერი მტკივნეული იყო.
– ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი?
– ქალბატონი ნათელადან დაიწყო ჩემი დაოჯახება. ყველაზე ვთქვი სათქმელი და, საერთოდ, უარყოფით ადამიანთან კონტაქტი არ მქონია არასოდეს.
– გეგას ცოლთან – თინიკოსთან გაქვთ რაიმე კავშირი?
– როცა ჩამოდის, ყოველთვის ვხვდებით ერთმანეთს. ერთხელ პარიზშიც ვნახე. ძირითადად, მოკლევადიანი შეხვედრები გვაქვს.
– პარიზში უფრო კარგად ხართ თუ საქართველოში?
– საქართველოში. ეს არის ჩემი ადგილი, აქ დავიბადე და გავიზარდე. ყველაფერი აქ მოხდა, მთელმა ცხოვრებამ აქ გაიარა, ყველა მოგონება საქართველოსთანაა დაკავშირებულია.

 

 

скачать dle 11.3