როგორ სცემეს ლეიტენანტის წოდების მიღების აღსანიშნავად მოწყობილი ქეიფის შემდეგ პოლიციელები კოლეგებმა
ჯერ იყო და, გორბაჩოვი „გვაბოლებდა“ – სოციალიზმმა უნდა მიიღოს ადამიანური სახე; მერე ჩამოვიდა შევარდნაძე და ახლა იმან დაიწყო – პოლიციამ უნდა მიიღოს ადამიანური სახე.
ეს ისტორია, რომელიც უნდა მოგიყვეთ, მოხდა 1997 წლის დამლევს. მე და ჩემი კოლეგა კოტე, რომელმაც უფროსი ლეიტენანტის წოდება მიიღო, ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში ვიყავით. გვიანი საღამო იყო და სახლში წასვლა გადავწყვიტეთ. ჩავსხედით კოტეს მანქანაში და, სრულიად შემთხვევით, კოტე უკანა „ბამპერით“ დაეჯახა სხვა მანქანას, რომელშიც გოგონები ისხდნენ. ისინი გადმოცვივდნენ მანქანიდან და ატყდა ერთი ამბავი. სიტუაციაში გარკვევაც ვერ მოვასწარით, რომ ჩვენთან ორი პოლიციელი მოვიდა, სიტყვა არ გვათქმევინეს, დაგვადეს ხელბორკილები და უახლოეს განყოფილებაში მიგვიყვანეს.
განცხადებამ იმის შესახებ, რომ ჩვენც პოლიციელები ვართ, არავითარი შთაბეჭდილება არ მოუხდენია მორიგეზე. უფრო მეტიც, როცა კოტემ ჩვენი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა, „გალიაში“ მორიგის თანაშემწე შემოვიდა და კარგად „მოადო“ ჩემს ამხანაგს თვალში. მე მივხვდი, რომ ჩუმად უნდა ვმჯდარიყავი, სანამ, კანონის თანახმად, ჩვენს პიროვნებებს დაადგენდნენ, კოტემ კი რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ დაიწყო „გამოსვლები“ და გათავისუფლება მოითხოვა. ამჯერად მორიგემ ვიღაცას დაურეკა და უთხრა: ჩვენთან გიჟიაო და, რამდენიმე წუთში ორი ჯან-ღონით სავსე პოლიციელი მოვიდა. რადგან იმ მომენტში მორიგე გვერდით ოთახში იყო გასული, მათ თავისი გემოვნებით ამირჩიეს, დღემდე ვერ გამიგია, რატომ გადაწყვიტეს, რომ გიჟი მე ვიყავი, მე ხომ სახეზე მაწერია „უმაღლესი განათლება“, შემიყვანეს უფანჯრო ოთახში და დამიწყეს ცემა: ხელებით – მუცელში, ფეხებით – უკანალში. მირტყეს და მირტყეს! ცემა დაახლოებით ორი-სამი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. უეცრად იღლიის ქვეშ ჩამოკიდებული პისტოლეტი ამომივარდა. არ დამავიწყდება ის უხერხული და უსიტყვო წუთები იმისთვის, რომ სიტუაცია განმემუხტა, ვთქვი, რომ ყველა კითხვაზე პასუხი ჩემი ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში შეგიძლიათ იპოვოთ-მეთქი – იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმობა მედო. ნახეს თუ არა საბუთები სასწრაფოდ მოგვხსნეს ხელბორკილები და, უსიამოვნება რომ დაგვევიწყებინა, წაგვიყვანეს საქეიფოდ იმავე რესტორანში, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.
ყველაზე საინტერესო კი, იცით, რა არის? როცა მეორედ გამოვდიოდით რესტორნის ეზოდან მანქანით, კოტემ უკანა „ბამპერით“ ისევ მიარტყა იმ გოგონების მანქანას, რომელიც ჯერაც იქ იდგა...
მოამზადა
გალაქტიონ ტაგანაშვილმა