რატომ დაკარგეს ჯარის მეგობრებმა ერთმანეთი და ვის ეძებენ ყაზახეთიდან თბილისში
64 წლის ვლადიმირ დიმიტრის ძე ლოგინოვი ეძებს 67 წლის ზურაბ მჭედლიშვილსა და 64 წლის ნიკოლოზ (ნიკო) ხაბაზაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ჯარის მეგობრებს: 67 წლის ზურაბ მჭედლიშვილს და 64 წლის ნიკოლოზ ხაბაზაშვილს (გვარის სისწორეში დარწმუნებული არ ვარ). მე, ზურაბი და ნიკო ჯარში ყოფნის დროს დავმეგობრდით, სამივე ერთად ვმსახურობდით ¹43156 ჯარის ნაწილში, ჩვენი ნაწილი ფაუსტოვის სტანციის მახლობლად მდებარეობდა (მოსკოვის მხარეში). 1968 წლის შემდეგ მე ჩემი მეგობრები არ მინახავს და ძალიან მინდა მათი პოვნა. თავად მე ყაზახეთში ვცხოვრობ, ისინი კი თბილისელები იყვნენ. სამწუხაროდ, მათი მისამართები ჩემთვის უცნობია და არ ვიცი, როგორ მოვძებნო ისინი. ჩემთვის მათი პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია. დამოუკიდებლად მე ამას ვერ გადავწყვეტდი, მაგრამ, მათი მოძებნის საკითხში მეხმარება ჩემი უფროსი შვილი – ნატალია (34 წლის), რომლის ინიციატივაც იყო სამძებრო საიტზე ჩემი განაცხადის გაკეთებაც.
– როგორ გადაწყვიტეთ ჯარის მეგობრების მოძებნა და რა იცით მათ შესახებ?
– 1966 წლის შემოდგომაზე მე გამიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, განაწილებით მოვხვდი ფაუსტოვის სტანციის მახლობლად მდებარე ჯარის ნაწილში (¹43156) და სწორედ იქ გავიცანი ნიკო და ზურაბი. შეხვედრისა და გაცნობის პირველივე დღიდან ჩვენ დავმეგობრდით. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. ზურა სულ ხუმრობდა, ნიკოსაც განსაკუთრებული იუმორის გრძნობა ჰქონდა. ერთად 1968 წლამდე ვიმსახურეთ, შემდგომ კი ჩვენ-ჩვენს სამშობლოში დავბრუნდით: მე ყაზახეთში, ისინი – საქართველოში. სამწუხაროდ, ვერც ერთმა ვერ მოვიფიქრეთ მისამართების ჩაწერა. მოგეხსენებათ, მაშინ. ვერავინ იფიქრებდა, რომ შეიძლება, როდესმე ერთმანეთს ვერ დავუკავშირდებოდით. გვეგონა, სიტყვიერად დავიმახსოვრებდით ყველაფერს, მაგრამ ასე არ მოხდა. პირადად მე, სიმართლე გითხრათ, დიდი ხნის განმავლობაში მახსოვდა ზურაბის მისამართი და, მაინცდამაინც მაშინ, როცა პირველად გადავწყვიტე, მისთვის წერილი მიმეწერა, ვეღარ აღვიდგინე (იცინის). დარწმუნებული ვარ, მათაც ვახსოვარ, მაგრამ, იმავე მიზეზით ვერ მპოულობენ. საქმე ისაა, რომ ყაზახეთში ვიპოვე ბევრი ჩვენი საერთო მეგობარი ჯარიდან, მათ შორის: 64 წლის ივან ლიპა, 64 წლის ალექსეი გაივა. ჩვენ ყველა ერთად ვმსახურობდით. მათი პოვნის შემდეგ დიდი სტიმული მომეცა და ვიფიქრე, იქნებ გამიმართლოს და ზურა და ნიკოც ვიპოვო-მეთქი, მაგრამ, მათი მოძებნა ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.
– ის ჯარის მეგობრები, ვინც იპოვეთ, ყაზახეთში ცხოვრობდნენ, ისევე, როგორც თქვენ?
– დიახ, ალექსეიც და ივანიც ყაზახეთში ცხოვრობენ, მაგრამ, რომ იცოდეთ, როგორ გამიხარდა მათი ნახვა! მას შემდეგ, რაც ერთმანეთი ვიპოვეთ, სულ იმაზე ვბჭობთ, როგორ დავუკავშირდეთ ზურასა და ნიკოს. ვერც ერთ საიტზე სახელებითა და გვარებით ჩემი ქართველი მეგობრები ვერ ვიპოვე. ამჟამად მათი მოძებნის საკითხში ჩართულია ჩემი შვილი – ნატალია, რომელიც ძალიან მგულშემატკივრობს და უნდა, რომ ვიპოვო ზურა და ნიკო. სწორედ ჩემი შვილის რჩევა იყო, აქტიურად გამეგრძელებინა მათი ძებნა და თქვენ დაგკავშირებოდით. მე მაქვს ზურას ფოტო, რომელიც გადაღებულია ჩვენი ჯარში მსახურობის დროს. ასევე, მაქვს ნიკოს ფოტოც, მაგრამ, იქ ბევრნი ვართ და ნიკო თითქმის არ ჩანს (ფოტო დათარიღებულია 1968 წლით).
– როგორ ფიქრობთ, თქვენი ჯარის მეგობრები დღემდე თბილისში ცხოვრობენ? შეიძლება თუ არა, რომ ისინი საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წასულიყვნენ?
– ორი წლის მსახურობის განმავლობაში, როგორც კი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდებოდა, ჩემი მეგობრები თავის სამშობლოზე ყვებოდნენ, ორივეს ძალიან უყვარდა საქართველო და, არა მგონია, ისინი საცხოვრებლად სხვაგან წასულიყვნენ. ჩემთან ერთად ზურას და ნიკოს ეძებენ ალექსეიც და ივანიც. ჩვენ ყველას ძალიან გაგვიხარდება, თუკი მათ ვიპოვით. ძალიან მაინტერესებს, როგორ აეწყო მათი ცხოვრება, ალბათ, ბაბუებიც იქნებიან უკვე (იცინის). საინტერესოა, ჩვენ სამში ვინ უფრო პირველი გახდა ბაბუა, რადგან, ოდესღაც, ჯარში მსახურობის დროს, ჩვენ ამაზე ირონიულად ვსაუბრობდით.