რატომ დაასახიჩრეს ქურდებმა 69 წლის მოხუცი
საყვარლის დაბადების დღის სუფრის აღსანიშნავად ორმა კრიმინალმა უდანაშაულო კაცი კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმა. სასიკვდილოდ ნაცემი 69 წლის ხარიტონ ბ. ოჯახმა დასახიჩრებული იპოვა. ასაკის მიუხედავად, კაცი გადარჩა და დამნაშავეებიც ამხილა, მაგრამ დაუჯერებელია დანაშაულის მოტივი – სასწაულად გადარჩენილი მოხუცი მოსაკლავად, არც მეტი, არც ნაკლები, თევზის გამო გაიმეტეს, რომელიც ერთ-ერთ განსასჯელს საყვარლის დაბადების დღის სუფრისთვის სჭირდებოდა. მკვლელობის მცდელობისა და ქურდობისთვის ნოდარ მ-ს 11, ხოლო ამირან ქ-ს 14 წლით პატიმრობა მიესაჯათ.
საქმის მასალების თანახმად, ცხრა კლასის განათლების მქონე ნოდარ მ. და ამირან ქ. ბავშვობიდან მეგობრობდნენ. ისინი თანაკლასელები იყვნენ და თავის დროზე ციხესაც ორივე ერთად გადაურჩა – მათ თანასოფლელის სახლის კედელი გამოანგრიეს და ასაკოვან ქალს მარნიდან მურაბები და კონსერვები მოჰპარეს. მოგვიანებით ამირან ქ. მანქანის მაგნიტოფონის მოპარვისთვის გაასამართლეს. რაც შეეხება ნოდარ მ-ს, მას ბოროტ ხულიგნობაში დასდეს ბრალი, რაც იმაში გამოიხატა, რომ არყის გამოძალვის მიზნით, ვენახში მყოფი მეზობელი გველით შეაშინა... ვინაიდან ორივე მათგანი პირველად მოხვდა განსასჯელის სკამზე და მათი ჩადენილი დანაშაული მსუბუქ ხარისხს მიეკუთვნებოდა, ორივეს პირობითი 3-3 წელი მისცეს, მაგრამ, საბოლოოდ, ვადიან სასჯელს მაინც ვერ ასცდნენ...
ბავშვობის მეგობრებმა ნოდარ მ-მ და ამირან ქ-მ, რომლებიც სულ ერთად იყვნენ, „მოღვაწეობაც” ერთად განაგრძეს და ცხადია შესაბამისად, სოფელში ცუდი რეპუტაციით სარგებლობდნენ. იმის მიუხედავად, იყო თუ არა მათი ნამოქმედარი, თუ რამე დაიკარგებოდა სოფელში ყველაფერი მათ ბრალდებოდათ, მაგრამ, ვერაფერს უმტკიცებდნენ. თუმცა, უწესო ცხოვრებამ საბოლოოდ ორივე მძიმე დანაშაულამდე მიიყვანა, რაც უტყუარად დაუმტკიცდათ და თავისუფლებაც დაკარგეს.
როგორც საქმიდან ირკვევა, უმუშევარი ამირან ქ. მასზე 5 წლით უფროს ქალს, მსუბუქი ყოფაქცევის მარგო რ-ს დაუახლოვდა (მოწმეები ჩვენებებში ამბობენ, რომ „ბავშვები მარგოს სახლში გაირყვნენ”). ვინაიდან მალე საყვარლები გახდნენ, ამირან ქ., ფაქტობრივად, მასთან გადავიდა საცხოვრებლად.
შესაბამისად, მეგობართან ერთად ამავე სახლში დროს ხშირად ატარებდა ნოდარ მ-ც, რომელიც, თავის მხრივ, მარგოს ერთ-ერთ მეგობარ ქალს დაუახლოვდა. მოკლედ, მოწმეები ამბობენ, რომ სახლიდან მუდამ ღრეობის ხმა ისმოდა, რადგან ყველა უსაქმური იქ იკრიბებოდა. რამდენჯერმე საქმე იქამდეც კი მისულა, რომ ქალების გამო ატეხილ ჩხუბში პოლიციის გამოძახებაც გამხდარა საჭირო...
მოწმეთა ჩვენებებითვე, მას შემდეგ, რაც ამირან ქ. და ნოდარ მ. მარგოსთან გადასახლდნენ, სოფელში ქურდობა კიდევ უფრო გახშირდა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ქათამსა თუ გოჭს ლოთი ძმაკაცები იპარავდნენ და მოპარული ფრინველი თუ ოთხფეხა შემდეგ მარგოს სახლში იკვლებოდა. ერთ-ერთ დაზარალებულს სახლის წინ მდებარე არხში ქათმის ბუმბულიც კი უნახავს, ამის გამო პოლიციაშიც წასულა, მაგრამ, მტკიცებულებებს ვეღარ მიაკვლიეს...
სწორედ ქურდობის მსხვერპლი გახდა 69 წლის ხარიტონ ბ., თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ასაკოვანი კაცი სრულიად შემთხვევით დაზარალდა. ფაქტობრივად, ის შემთხვევითი მსხვერპლი აღმოჩნდა, რადგან განსასჯელებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის რას მოჰპარავდნენ და, რომ არა წინააღმდეგობა, შესაძლოა, ინციდენტი მშვიდობიანად დასრულებულიყო, მაგრამ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თავდამსხმელებმა, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოხუცის წინააღმდეგობა იუცხოვეს და, როგორც ჩვენებებში აცხადებენ, „ბებერს საკადრისი პასუხი გასცეს.”
საბრალდებო დასკვნის თანახმად, 27 ივლისს ციხიდან პირობით გათავისუფლებულმა ნოდარ მ-მ და ასევე პირობით სასჯელში მყოფმა ამირან ქ-მ მარგო რ-ს სახლში იქეიფეს. სუფრაზე, სადაც სხვებიც იმყოფებოდნენ, შემთხვევით შეიტყვეს, რომ მეორე დღეს მარგო რ-ს დაბადების დღე ჰქონდა და მასპინძელი წააქეზეს, რომ დაბადების დღე გადაეხადა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მარგოს ფული არ ჰქონდა, ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ეს საკითხი მარგოს „საქმროს”, ანუ, ამირან ქ-ს მოეგვარებინა და დაბადების დღის ხარჯზე მას ეზრუნა.
გამოძიების მასალებით, ამირან ქ-მ და მისმა მეგობარმა ნოდარ მ-მ, განიზრახეს „ვინმე” ისეთი დაეყაჩაღებინათ, ვისგანაც სუფრისთვის სანოვაგეს წამოიღებდნენ.
იმავე ღამეს, ერთ-ერთ მოსახლეს მათ ჯერ ქათმები მოჰპარეს, და მარგო რ-ს სახლში მიიტანეს. მოგვიანებით კი ამირან ქ-ს გაახსენდა, რომ რომელიღაც თანასოფლელს ხელოვნური ტბა ჰქონდა, სადასც თევზი ჰყავდა გაშვებული და ისე, რომ საერთოდ არ იცოდნენ, ტბა ვის ეკუთვნოდა, თევზის მოსატანად წავიდნენ.
დაახლოებით ღამის 2 საათზე, შემთხვევის ადგილზე მისულმა განსასჯელებმა ვაგონი შენიშნეს, შიგნით შესულებს კი იქ მოულოდნელად პატრონი დახვდათ.
საქმის მასალებით, თავდამსხმელებმა ხარიტონ ბ-ს ჯერ ფული მოსთხოვეს, შემდეგ კი აიძულებდნენ, თევზი მიეცა. ვინაიდან პატრონი კუთვნილი ქონების დაცვას ცდილობდა, თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და იქვე დაგდებულ ჩაქუჩს წამოავლო ხელი, მაგრამ თავდამსხმელებმა დაასწრეს და მოხუცი გააკავეს. ამირან ქ-მ კი, მასპინძელს ჩაქუჩი წაართვა და მოხუცს თავში რამდენჯერმე ჩაარტყა... რაც შეეხება ნოდარ მ-ს, მან ხარიტონ ბ-ს თავში იქვე დადებული წყლიანი თუნგი ჩაარტყა, ხოლო, მას შემდეგ, რაც გასისხლიანებული კაცი წაიქცა, წყალი ზემოდან დაასხა...
მიუხედავად უმძიმესი დაზიანებებისა, ხარიტონ ბ. გადარჩა, თუმცა, თავდამსხმელები, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ კაცი ცოცხალი აღარ იყო, მის ქონებას: დაზარალებულის შვილის გამონაცვალ ბოტასებს, მობილურ ტელეფონსა და ფანარს დაეპატრონენ. თევზის მოპარვაც მათ სწორედ ფანრის დახმარებით შეძლეს...
კომპლექსური სასამართლო სამედიცინო და ფიზიოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ხარიტონ ბ-ს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აღენიშნებოდა. ორი ერთმანეთისგან იზოლირებული დაჟეჟილი ჭრილობა შუბლის მარჯვენა და მარცხენა ნახევრებში ჰქონდა, რის გამოც სისხლჩაქცევები თავის ქალის რბილი საფარის ქვეშ განვითარდა. ასევე აღენიშნებოდა ღრმა დაზიანება კისრის არესა და კეფაზე. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ყველა ჭრილობა მძიმე იყო, მაგრამ, რაღაც სასწაულით, დაზარალებული გადარჩა.
პროფესიით აგრონომი, პენსიონერი ხარიტონ ბ. ოჯახს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არჩენდა: სახლიდან დაახლოებით სამი კილომეტრის მოშორებით მან ნაკვეთში ვაგონი ჩადგა და თევზი მოაშენა, პარალელურად კი მიწასაც ამუშავებდა და პირუტყვსაც უვლიდა.
იმ დღეს, რომ არა მეუღლისა და შვილის ნაკვეთში მისვლა, ხარიტონი ბ. ცოცხალი ნამდვილად ვერ გადარჩებოდა – დასახიჩრებული კაცი სწორედ ცოლ-შვილმა იპოვა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი, როგორც წესი, ექიმებმა საქმის კურსში პოლიცია ჩააყენეს.
უცნაურია, მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ სოფელში მომხდარი ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა, დანაშაულში ეჭვმიტანილებს არაფერი დაუკლიათ. პოლიციამ ისინი 20 დღის შემდეგ დააკავა, მანამდე კი მათ მარგოს დაბადების დღის გადახდაც მოასწრეს და რამდენიმე თანასოფლელის გაქურდვაც.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორივე ეჭვმიტანილმა წაყენებულ ბრალდებაში თავი მთლიანად დამნაშავედ ცნო.
ამირან ქ-ს ჩვენებიდან: „მეტი გზა არ მქონდა, რადგან, ბოლო პერიოდი სულ ქალების ხარჯზე ვიყავით. დაბადების დღის გამო თავი ვალდებულად ჩავთვალე, მეც რაღაც გამეკეთებინა და ნოდარს დახმარება ვთხოვე. ციხეში ის ჩემ გამო აღმოჩნდა... თავიდან პირუტყვის მოპარვა და ფულის შოვნაც გვინდოდა, მაგრამ ვერ ვიშოვეთ. ამის შემდეგ ფერმას მივადექით, მაგრამ მეპატრონეს ძაღლები ჰყავდა, ყეფა დაიწყეს, შეგვეშინდა და უკან გამოვბრუნდით. შემდეგ თევზი გამახსენდა და იქით წავედით... არ გვეგონა, რომ იქ ვინმე დაგვხვდებოდა. ვაგონში რომ მივედით, ის კაცი დაგვხვდა. ჯერ ვთხოვეთ, ორი-სამი კილოგრამი თევზი მოეცა, მაგრამ, მთვრალი იყო, შეგვაგინა და უარი გვითხრა – თევზს გამრავლების პერიოდი აქვსო. უცებ ლეიბის ქვეშიდან ჩაქუჩი გამოიღო და იმით ცდილობდა ჩვენს მოგერიებას, მაგრამ, ნოდარმა დრო იხელთა, მაგიდიდან სპილენძის თუნგი აიღო და უკნიდან თავში ჩაარტყა. კაცი საწოლზე დაეცა და ჩაქუჩი ხელიდან გაუვარდა. ისიც ნოდარმა აიღო და თავში მისი ტარი ჩაარტყა. მერე ჩაქუჩი მე გამოვართვი და მეც ჩავარტყი, ოღონდ, მსუბუქად. წინააღმდეგობას ვეღარ გვიწევდა, და გვეგონა, ცოცხალი აღარ იყო. „ადიალა” გადავაფარეთ და, ვიდრე გამოვიდოდით, მისი პირადი ნივთებიც წამოვიღეთ. თევზი ბევრი არ წამოგვიღია – ღამე იყო და ციოდა... ვაღიარებ ჩადენილ დანაშაულს, ვნანობ მომხდარს და ყველას ბოდიშს ვუხდი”.
შემთხვევის ადგილზე გაყვანის ოქმში უფრო დეტალურადაა აღწერილი, თუ რა მოიმოქმედეს განსასჯელებმა, ანუ, ვის რა და როგორ მოჰპარეს. სხვათა შორის, გამოძიებამ ჩაქუჩიც და თუნგიც, ანუ, ნივთმტკიცებები, სწორედ დამნაშავეების შემთხვევის ადგილზე გაყვანის შემდეგ ამოიღო.
მათი ჩვენებებითვე გაირკვევა, რომ გამთენიისას ისინი მარგო რ-ს სახლში მივიდნენ და მოატყუეს, თითქოს სათევზაოდ იყვნენ და ცოტაოდენი თევზი დაიჭირეს...
მარგო რ-ს ჩვენებიდან: „დასვრილები იყვნენ, მაგრამ, არაფერი მიკითხავს. დაწვნენ და დაიძინეს. მეორე დილით ტანსაცმელი ორივეს მე გავუშრე. მომხდარის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამთ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამირანი ქურდობას ჩაიდენდა”. – განაცხადა მოწმემ, რომელსაც არ დაუმალავს, რომ დაბადების დღე ამირან ქ-ს დახმარებით გადაიხადა. მისივე თქმით, სწორედ სუფრაზე შეიტყვეს, რომ, ხარიტონ ბ-ს, რომელსაც თავს დაესხნენ, არა მხოლოდ კლავდნენ, არამედ ტბაში თევზი სულ გაუნადგურეს, მაგრამ, მარგო რ-ს თქმით, ეჭვადაც არავის უფიქრია, რომ ეს, შესაძლოა, მათი გაკეთებული ყოფილიყო...
საბოლოოდ, განსასჯელებს დანაშაული თავად დაზარალებულის მხილებითაც დაუმტკიცდათ, რომელმაც მათი დასჯა მთლიანად სასამართლოს მიანდო. საქმის არსებითი განხილვის შემდეგ კი კოლეგიამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ სახეზე იყო ჯგუფური დანაშაული, ჩადენილი ანგარებით: „საქმეში უტყუარად იკვეთება, რომ დანაშაული მათ ანგარებით ჩაიდინეს. თავად განსასჯელებმა დაადასტურეს, რომ სხვისი ქონების დაუფლება წინასწარ განიზრახეს”, – ნათქვამია განაჩენში, რომელიც ყველა ინსტანციამ უცვლელად დატოვა.