როგორ დახატა დათო კვანტალიანმა განსასჯელის ჟესტიკულაცია ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ვის დაუტოვა მან ნაფიცი მსაჯულების პირველი სასამართლოს „კადრები” და სად ყიდის ის ნახატებს 3 000 დოლარად
დათო კვანტალიანი 25 წლისაა, თუმცა, უკვე ძალიან დიდი ხანია, ხატავს. გასულ კვირას კი მის ცხოვრებაში საინტერესო ექსპერიმენტი შედგა – ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დავალებით, დათომ დახატა იმ პირველი სასამართლო პროცესის „კადრები”, რომელიც საქართველოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით შედგა. ახალგაზრდა მხატვარს ძალიან მძიმე სასამართლო პროცესზე მოუხდა დაეხატა ის, რაც საზოგადოებისთვის დახურული იყო. როგორი იყო ნაფიცი მსაჯულების პირველი სასამართლო; განსასჯელის, პროკურორისა და მოსამართლის ემოციები... ამის შესახებ თავად დათო გიამბობთ, რომელმაც ამ სასამართლოს ამსახველი ერთი ნახატი ექსკლუზიურად „თბილისელებისთვისაც“ შექმნა.
დათო კვანტალიანი: მე სოხუმელი ვარ. 7 წლის ვიყავი, როდესაც სოხუმიდან წამოვედი დედასთან და დეიდასთან ერთად, მაგრამ, ჩემს მეხსიერებას ძალიან მძაფრად შემორჩა კოდორის ხეობით გამოვლილი გზა, საიდანაც ჩემი ახალი ცხოვრება დაიწყო. ჩვენს ოჯახში მხატვრობასთან არავის ჰქონია კავშირი. ეს გზა მხოლოს მე ავირჩიე, მაგრამ, რატომ, როდის და როგორ, არ ვიცი (იცინის). თავიდან სენაკის საბავშვო სამხატვრო სკოლაში დავდიოდი, მერე თბილისში გადმოვედით და აქ სოხუმის სამხატვრო კოლეჯში განვაგრძე სწავლა, რომლის დამთავრების შემდეგაც სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გავხდი. ახლა სამხატვრო აკადემიაში ვმუშაობ ფერწერის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე – პედაგოგის ასისტენტი ვარ.
– როგორც ვიცი, შენი ბევრი ნახატი გაიყიდა ევროპასა და ამერიკაში. შეგიძლია, მითხრა, რა ფასად იყიდება ეს ნახატები საქართველოს ფარგლებს გარეთ?
– ჩემი ინტერესი უსაგნო საგნებია. მე ვხატავ საგნებს, რომლებიც ჩემთვის ასოცირდებიან ადამიანებთან; რომლებიც ისევე იბადებიან, ბერდებიან და მიდიან ამ ქვეყნიდან, როგორც ადამიანები, მაგრამ, თავიანთი სიჩუმით, შესაძლოა, გაცილებით მეტი თქვან. მე ისეთ, თითქოს და უმნიშვნელო დეტალებს ვაქცევ ყურადღებას, რომელთათვისაც ადამიანებს ათასჯერ ჩაუვლიათ გვერდით ისე, რომ ვერც კი შეუმჩნევიათ. ძალიან ხშირად დავდივარ ქალაქგარეთ, ულამაზეს ადგილებში. არაერთხელ, იმის ნაცვლად, რომ დამეხატა იქაური არაჩვეულებრივი პეიზაჟი, დამიხატავს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ჟანგმოკიდებული ქვა, რომელიც იდო პატარა ბორცვზე. მე მქონდა გამოფენები მოსკოვში, ყაზახეთში, ალმა-ატაში. ჩემი ნახატები არის კერძო კოლექციებში ამერიკაში, გერმანიაში. ნახატების გაყიდვას ორგანიზებას უკეთებს ჩემი არტ-დილერი. თითოეული ტილოს საშუალო ფასი 1 000 დან 3 000 დოლარამდეა, თუმცა, 700 დოლარადაც გამიყიდია.
– გასულ კვირას ძალიან საინტერესო ექსპერიმენტში მიიღე მონაწილეობა – დახატე ნაფიცი მსაჯულების პირველი სასამართლო პროცესი, როგორ მოხვდი ამ ექსპერიმენტში?
– ბოლო წლებში ძალიან ბევრ არაორდინარულ ვითარებაში დამიხატავს: შუაღამისას კოლმეურნეობის მოედნის ჭადრებთანაც კი ვმჯდარვარ კომპოზიციაზე მუშაობის დროს; არც სასამართლო დარბაზი და პროცესი ყოფილა ჩემთვის უცხო, მაგრამ, ის, რაც გასულ კვირას მოხდა, მაინც ძალიან არაორდინარული სიტუაცია იყო. „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებმა მთხოვეს, დავსწრებოდი პირველ სასამართლო პროცესს, რომელიც ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გაიმართებოდა. თავად ეს ფაქტია, ჩვენი რეალობისთვის უცხო და უპრეცედენტო. პროცესი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით, ჰგავს კარგად დადგმულ, ძალიან ემოციურ სპექტაკლს, რომლის მონაწილე მეც გავხდი.
– როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი და რა გევალებოდა შენ?
– როცა ჟურნალისტებმა დამირეკეს და მთხოვეს, დავსწრებოდი ამ პროცესს, წარმოდგენა არ მქონდა, ვის ასამართლებდნენ. გზაში მითხრეს, რომ განსასჯელი იყო ადამიანი, რომელიც დაიჭირეს და ბრალად უყენებენ 17 წლის წინ ჩადენილ სასტიკ მკვლელობას. ცხადია, ჩემი დასწრება პროცესზე შეთანხმებული იყო საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციასთან, რადგან თავისუფლად შემიშვეს დარბაზში. თავად შევარჩიე ადგილი. არც მინდოდა, რომ ახლოს ვყოფილიყავი განსასჯელთან, პროკურორთან და ნაფიც მსაჯულებთან. მათ, მგონი, არც იცოდნენ, რომ ვხატავდი. სასამართლო პროცესზე აკრძალული იყო ფოტოებისა და ვიდეომასალის გადაღება. იქ არ მინახავს არც ერთი კამერა, თუმცა შესაძლოა, საიდანმე იღებდნენ ფარული კამერით, რათა წლების მერე ისტორიას დარჩეს პირველი ქართული ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს პროცესი. მე უნდა დამეხატა კადრები. საინტერესო ის არის, რომ, როდესაც მხატვარი ხატავს ადამიანს, მისი მიზანია, რომ ის ძალიან ჰგავდეს მას, ვისაც ხატავს, მე კი განსხვავებული დავალება მქონდა: ამ პროცესის ყველა მონაწილე, მით უმეტეს, ნაფიცი მსაჯულები, უნდა დამეხატა ისე, რომ არ გამოჩენილიყო მათი სახეები.
– ყველაზე შთამბეჭდავი რა იყო შენთვის ამ პროცესზე?
– ძალიან ბევრი რამ: მე პირველად ვნახე, ისე, როგორც უცხოურ ფილმებშია, როგორ გამოდის სიტყვით ასეთ სასამართლო პროცესზე პროკურორი და როგორ დადის ის წრეზე, მისთვის განკუთვნილ ადგილას. პროცესი ისე გახსნილად მიმდინარეობს, ემოციურად შენც მისი ნაწილი ხდები. ალბათ, ყველას ასეთი განცდა ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ იქ ჩემი მთავარი მოვალეობა იყო ხატვა, მე მესმოდა და ვხედავდი, როგორ რეაქციას ამჟღავნებდნენ იქ მყოფი ადამიანები: როდესაც პროკურორმა ბრალდების ყველაზე მძიმე მომენტები გააცნო დამსწრე საზოგადოებას, მე დავინახე ადამიანების ჩვეულებრივი ჟესტიკულაციები და მიმიკები, მაგრამ, იქ საოცრად მრავლისმეტყველი და ემოციური. შეგრძნება იმისა, რომ აქ წყდება ადამიანის ბედი, ძალიან მნიშვნელოვანია. დარბაზში იყო საოცარი სიჩუმე, ამის შესახებ, რა თქმა უნდა, თავიდანვე მოუწოდეს პროცესზე დამსწრე ადამიანებს, მაგრამ, ეს იყო განსხვავებული სიჩუმე, უფრო მრავლისმთქმელი, ვიდრე ნებისმიერი ხმაური.
– რა დაინახა მხატვრის თვალმა ისეთი, რაც სხვას შეუმჩნეველი დარჩებოდა?
– სიმართლე გითხრათ, მე უფრო დრამტულ მოვლენებს ველოდი (იცინის). ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე ნაფიცმმა მსაჯულებმა, რომლებიც გარეგნულად მშვიდად იყვნენ და ემოციები არ ეტყობოდათ. თორმეტ მსაჯულს შორის იყვნენ მამაკაცებიც და ქალბატონებიც, როგორც ასაკოვნები, ასევე, ახალგაზრდები.. მათ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ მთელი პროცესის განმავლობაში. როგორც ვიცი, გადალაპარაკებაც კი აკრძალული აქვთ. ზოგიერთი იჯდა თავდახრილი, ზოგიერთი წერდა – თავისთვის ინიშნავდა რაღაცას. თუმცა, პროცესის დასრულების შემდეგ მათ ეს ჩანაწერი სასამართლოში უნდა დატოვონ. მე გამაოცა ერთმა ნაფიცმა მსაჯულმა – ეს იყო ახალგაზრდა, 45 წლამდე ასაკის, სიმპათიური ქალბატონი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში იჯდა ზუსტად ერთსა და იმავე პოზაში, გულზე ხელებგადაჯვარედინებული. ერთი მიმიკა და ჟესტიკულაციაც კი არ შემიმჩნევია მისთვის. ის, ალბათ, ძალიან გულდასმით ისმენდა ყოველ სიტყვას, რაც დარბაზში ითქვა, მაგრამ, ემოცია არ ემჩნეოდა. ის იყო ძალიან საინტერესო პერსონაჟი, მე, რა თქმა უნდა, დავხატე ეს ქალბატონი; დავხატე პროკურორიც, მოსამართლეც, მკაცრი, მაგრამ, თავდაჯერებული გამომეტყველებით.
– განსასჯელი?
– ემოციურად ყველაზე მეტად განსასჯელის დახატვა გამიჭირდა. მისი ხატვა მაშინ დავიწყე, როდესაც ის დარბაზში შემოიყვანეს პოლიციელებმა. მაშინ დარბაზში არც ნაფიცი მსაჯულები იყვნენ და არც მოსამართლე. განსასჯელი იყო 35 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მძიმე დანაშაული ედებოდა ბრალად. პროკურორის განცხადებით, წლების წინ, როდესაც განსასჯელი მუშაობდა პოლიციაში, მეგობართან ერთად გაიტაცა ახალგაზრდა მამაკაცი და მოითხოვა გამოსასყიდი 150 ათასი დოლარის ოდენობით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, განსასჯელი, სხვა ბრალდებულებთან ერთად, ისევ დაესხა თავს ამ ოჯახს და მათ იარაღით ჩაცხრილეს ის ახალგაზრდა მამაკაცი და მისი მშობლები მეუღლის, მცირეწლოვანი შვილისა და, თუ არ ვცდები, დის წინაშე. დანაშაული მართლაც ძალიან სასტიკია. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი საშინელი ისტორია მაქვს მოსმენილი, ამ ამბავმა შემძრა. მე დიდხანს ვაკვირდებოდი განსასჯელს. ის თითქმის მთელი პროცესის განმავლობაში დუმდა, მაგრამ, პროკურორმა მთელი ბრალდების წაკითხვა რომ დაასრულა, რა დროსაც განსაკუთრებით სასტიკი მომენტების შესახებ უამბო დამსწრე საზოგადოებას, მან გამოიხედა დარბაზისკენ და, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მისი მზერა დედისკენ იყო მიმართული.
– როგორი ფერებით არის შესრულებული ამ მძიმე პროცესის ამსახველი ნახატები?
– ფერები კი იყო საკმაოდ მხიარული. ასეთ დაძაბულ ვითარებაში საკუთარი ემოციების გადმოცემა პალიტრით მომინდა. შავი ფერით ისედაც გასაგებია ემოცია. ასეთი ლამაზი ფერები, კი, რომლითაც, ხშირად, სავსეა ადამიანი, შეიძლება იყოს მაცდური და მის მიღმა სასტიკი დანაშაული იმზირებოდეს. ეს უცნაური დამოკიდებულება, ალბათ, ერთგვარი ირონიაც იყო ჩემგან – ჩვენ ყველანი ლამაზად ვიცვამთ, მაგრამ, ვინ რისი გამკეთებელია, ხომ არავინ იცის (იცინის)?!
– დათო, ამ პროცესის განაჩენსაც დახატავ?
– თუ დამავალებენ, აუცილებლად დავხატავ, განაჩენი და ნახატები, რომლებიც სასამართლოს ბოლო პროცესზე შეიქმნება, ალბათ, უფრო საინტერესო უნდა იყოს. ის რაც დავხატე, „რუსთავი 2-ში“ დატოვე. ეს მათი საკუთრებაა. მინდა, რომ კანონის წინაშე მართალი ვიყო. სიმართლე გითხრათ, განაჩენის დღეს პროცესზე დასწრების სურვილი მაქვს, ოღონდ, არა მხოლოდ ნახატების გამო, არამედ ადამიანურად მაინტერესებს, რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები, მინდა, ამ ისტორიის ფინალი ვნახო.