ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: რას ნიშნავს სახელმწიფო თანამდებობა და რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს პირი სახელმწიფო თანამდებობაზე დასაქმებულად?
პასუხი: სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ხოლო სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე, სახელმწიფო თავდაცვას.
კითხვა: რომელია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა და როგორ ხდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის განსაზღვრა?
პასუხი: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა არის საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით გათვალისწინებული ის სახელმწიფო თანამდებობა, რომელიც პოლიტიკურია და არჩევის ან დანიშვნის წესი განისაზღვრება, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები;
დ) აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები.
კითხვა: იმ შემთხვევაში, როდესაც პირი რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეა, რომელი ქვეყნის კანონმდებლობა გამოიყენება მის მიმართ?
პასუხი: თუ პირი რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეა, მის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელთანაც იგი ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული, აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი, ან ეწევა ძირითად საქმიანობას.
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რას ნიშნავს დანაშაულის მცდელობა და რა შემთხვევაში ხდება ქმედების დანაშაულის მცდელობად კვალიფიკაცია?
პასუხი: დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც, თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ, დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და შესაბამისად, ვერ დადგა ის შედეგი, რომელსაც ითვალისწინებდა დამნაშავის განზრახვა.
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა განსაკუთრებული პირობებია დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში?
პასუხი: დახურული ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, როგორც შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. დახურული ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებულნი არიან სპეციალურ საკნებში, სადაც, მათი ან სხვა პირთა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, შესაძლებელია, განხორციელდეს ვიზუალური ან ელექტრონული მეთვალყურეობა.
კითხვა: მეუღლესთან თანასაკუთრებაში მაქვს ქონება, რომელიც ჩემმა ქმარმა განკარგა ისე, რომ არც მე და არც ჩემმა ოჯახმა ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. შემიძლია თუ არა, მოვითხოვო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა იმ მოტივით, რომ მე არაფერი ვიცოდი ჩვენს თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვის შესახებ და ჩემთან, როგორც თანამესაკუთრესთან, არ ყოფილა შეთანხმებული ქონების რეალიზაცია?
პასუხი: ზოგადად იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. რაც შეეხება თქვენი ნებართვის გარეშე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ მან არ იცოდა გარიგების შესახებ ან ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. ამ შემთხვევაში თქვენ, როგორც მეუღლეს და როგორც თანამესაკუთრეს, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ მხოლოდ ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რომელია მეუღლეთა პირადი უფლებები?
პასუხი: მეუღლეთა პირადი უფლებაა გვარის არჩევის უფლება, რაც გულისხმობს, რომ მეუღლეებს დაქორწინებისას სურვილისამებრ შეუძლიათ, აირჩიონ ერთ-ერთი მათგანის გვარი თავიანთ საერთო გვარად ან, თითოეულმა დაიტოვოს თავისი ქორწინებამდელი გვარი ან თავისი გვარი შეუერთოს მეუღლის გვარს. გვარების შეერთება არ შეიძლება, თუ ორივე მეუღლეს ან ერთ-ერთ მათგანს ორმაგი გვარი აქვს. პირადი უფლებაა, ასევე, – საოჯახო საკითხების, შვილების აღზრდისა და ოჯახის სხვა საკითხების ერთობლივად გადაწყვეტა; საქმიანობისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევა, კერძოდ, თითოეულ მეუღლეს შეუძლია, თავისუფლად, თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს როგორც საქმიანობა და პროფესია, ისე საცხოვრებელი ადგილი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ოჯახის ინტერესებს.
კითხვა: ოფიციალურად რეგისტრირებული ვარ ქორწინებაში ადამიანთან, რომელთანაც არავითარი მეუღლეობრივი ურთიერთობა არ მაკავშირებს. როგორ ხდება ამგვარი ქორწინების გაუქმება და რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს ეს?
პასუხი: ქორწინება, რომელიც მოხდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, ითვლება ფიქტიურ ქორწინებად და შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად. ფიქტიური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო, თუ ერთ-ერთი მეუღლე დაქორწინდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, ასეთი სარჩელის აღძვრა შეუძლია მეორე მეუღლესაც. ფიქტიური ქორწინების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების რეგისტრაციის დღიდან და ის არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს.