კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹29-45(567) 

 

ერთხელ, ერთ ლათინოამერიკულ ქვეყანაში მორიგ დავალებას ვასრულებდი. ობიექტი, რომლის ლიკვიდაციაც უნდა მომეხდინა, სისხლისმსმელი სამხედრო გენერალი იყო და მას თავზეხელაღებული მრავალრიცხოვანი პირადი მცველები სდარაჯობდნენ. ჩემს ამოცანას ისიც ართულებდა, რომ ლათინოსი გენერალი მიუდგომელ სამხედრო ყაზარმაში ცხოვრობდა, სადაც, ჯერ ერთი, შეუმჩნევლად ვერ შეაღწევდი, მაგრამ, თუ შეაღწევდი, იქიდან უკან ვეღარ დაბრუნდებოდი. მე იქ შევაღწიე, მაგრამ, არა მარტო იარაღის შეტანა ვერ მოვახერხე, კალამიც კი ჩამომართვეს და, რადგან მე მასთან ჟურნალისტის სტატუსით, ინტერვიუს ჩამოსართმევად ვიყავი მისული, მითხრეს, რომ აუდიოჩანაწერს თავადვე გააკეთებდნენ, კასეტას კი ინტერვიუს დამთავრებისთანავე, გენერლის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ გადმომცემდნენ. მოკლედ, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და გენერლის კაბინეტში იმ შეგნებით შევედი, რომ მას შიშველი ხელებით მოვკლავდი, კისერს მოვტეხდი, მაგრამ ამ საქმეს შევეწირებოდი, რადგან იქიდან გამოსვლის შანსი ნულის ტოლი იყო.

შევედი თუ არა გენერალთან, რომლის კაბინეტიც ყაზარმის მეოთხე სართულზე მდებარეობდა, იქაურობა შევისწავლე და დავრწმუნდი, რომ იქიდან გასვლა ან გაქცევა შეუძლებელი იყო. საქმის შესრულებისთანავე ფანჯრიდან გადასვლა კი შემეძლო ვიწრო კარნიზზე, მაგრამ, მაინც შეიარაღებული ჯარისკაცების ალყაში მოვექცეოდი.

გენერალს კისერი მოვტეხე, შემდეგ კაბინეტის კარი გადავრაზე და მეოთხე სართულის ფანჯრიდან კარნიზზე გავედი, რომ როგორმე გავქცეულიყავი, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ჩემი შანსები ნულს უდრიდა და კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცების ალყაში მოვყევი. ყველაზე ცუდი იმ მომენტში ის იყო, რომ თავის მოკვლის შანსიც არავინ დამიტოვა – თვითმკვლელობის მიზნით ყაზარმის ეზოში რომ არ გადავმხტარიყავი, ჯარისკაცებმა სასწრაფოდ ბრეზენტი გაჭიმეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ, როგორც კი შემიპყრობდნენ, საშინელი წამებით ამომხდიდნენ სულს და ისეთ მდგომარეობაში ჩამაგდებდნენ, რომ ნორმალური სიკვდილი სანატრელი გამიხდებოდა.

– გადმოხტი, გადმოხტი, ნუ გეშინია! – სადისტური ირონიით მიხმობდა ყაზარმის ეზოში მდგარი შავტუხა, წვრილულვაშა ოფიცერი და ხელს მიქნევდა, მე კი კარნიზზე ვიდექი და გუნებაში ჩემს ცოლ-შვილს ვემშვიდობებოდი.

უცებ მტკიცედ გადავწყვიტე, ჯერ მესკუპა და ტენტზე დავმხტარიყავი, შემდეგ კი რომელიმე ჯარისკაცს ვწვდომოდი კბილებით ყელში და მომეკლა, ამასობაში კი ალბათ, მეც მომკლავდნენ, მაგრამ, საშინელ წამებას მაინც გადავურჩებოდი და ერთ კაცს მაინც გავიყოლებდი თან. თუმცა, საქმე აქამდე არ მისულა. განგებამ თავისი ყოვლისშემძლე ხელი წამახმარა და, როგორც ყოველთვის, იმ მდგომარეობიდანაც გამარჯვებული გამოვედი...

უკვე გადმოხტომას ვაპირებდი და შესაბამისი პოზაც მივიღე, როდესაც, მოულოდნელად, დედამიწა იძრა და ირგვლივ მიწა გაიხსნა. 

მე თვითონაც მიკვირს, როგორ მოვახერხე, მაგრამ რამდენიმე წამში უკვე ტენტზე ვეგდე. მერე არეულობით ვისარგებლე და გავქრი იქიდან.

მოსკოვში რომ დავბრუნდი, პირდაპირ შჩუკინის კაბინეტში მიმიყვანეს, სადაც მუხინიც იმყოფებოდა. ჩემმა შეფმა მითხრა:

– შენ, ჩემო კარგო, ნამდვილად ბედის რჩეული ხარ. ყველაფრის საქმის კურსში ვარ, ვიცი, რომ დავალება სანიმუშოდ შეასრულე და საკუთარი თავი, ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენე, მაგრამ, გაგიმართლა. გილოცავ, დღეიდან შენ საბჭოთა უშიშროების სამსახურის მაიორი ხარ და შენი ჯილდოების კოლექციას „დიდების მეორე ხარისხის ორდენი“ შეემატა. მესამე ხარისხი გაქვს, პირველი დაგრჩა და, სამივე რომ გექნება, სტატუსით უკვე საბჭოთა კავშირის გმირს გაუტოლდები. თუმცა, თუ ასე გააგრძელე, საბჭოთა კავშირის გმირობას ისედაც მიიღებ. მოკლედ, გილოცავ, კოკი! წინსვლასა და წარმატებას გისურვებ!

ჯილდო და წოდება მუხინმაც მომილოცა, შჩუკინის კაბინეტიდან ჩემთან ერთად გამოვიდა და გამომშვიდობებისას მითხრა:

– ნამდვილად არ მეგონა, ცოცხალი თუ დაბრუნდებოდი, მართლაც რომ ბედის რჩეული ხარ. ჩემი ნება რომ იყოს, საბჭოთა კავშირის გმირობას ახლავე მოგცემდი. სხვათა შორის, შჩუკინმა წარგადგინა კიდეც ამ წოდებაზე, მაგრამ, ამჯერად მხოლოდ „დიდების მეორე ხარისხი“ მოგანიჭეს. ნახვამდის, ჩემო კარგო, სიცოცხლესა და წარმატებებს გისურვებ!

ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ორივე მაღალჩინოსანი გენერალი სინდისის ქენჯნას გრძნობდა ჩემ წინაშე და ასეთი მოწიწებით იმიტომ შემხვდნენ. თუმცა, მათგან არც მანამდე და არც შემდგომ ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ მახსოვს. მათ ჩემთან ყოველთვის იმაზე ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ვიდრე ეს „კაგებეში“ იყო მიღებული და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ორივე გენერალს არაერთი სამსახურებრივი ჯილდო და მადლობა ხვდათ წილად ჩემი წყალობით. გარდა ამისა, მე ორივეს სიცოცხლე ვიხსენი და ისინი მე ამის გამოც მემადლიერებოდნენ.

ჩემი სასწაულებრივად გადარჩენიდან სამი თვის განმავლობაში ცენტრს არ შევუწუხებივარ, რაც, როგორც შევიტყვე, პირადად შჩუკინის დამსახურება იყო.

– კოკი ძალიან ძვირფასი და საჭირო თანამშრომელია. მიზანშეუწონლად მიმაჩნია მისი შეწუხება ყოველი წვრილმანის გამო; ვფიქრობ, ხანდახან სხვა თანამშრომლებმაც უნდა იყნოსონ დენთი, – უთქვამს შჩუკინს მუხინისთვის, რაშიც მუხინიც დაეთანხმა.

სამთვიანი უქმეების შემდეგ მუხინმა გამომიძახა და მითხრა:

– სამი თვის შემდეგ ერთი დავალება უნდა შეასრულო. ამისთვის კი, ადამიანის ტუჩების მოძრაობით სიტყვების ამოცნობა უნდა ისწავლო.

– გასაგებია, ამხანაგო გენერალო! – მივუგე მუხინს.

– მოკლედ, ასე, კოკი, ორკვირიან კურსს გაივლი, შემდეგ დაისვენებ და დავალების შესრულების დრო რომ მოვა, შეგატყობინებთ, – მითხრა მუხინმა და კაბინეტიდან გამომაცილა.

ახალი უნარ-ჩვევა „კაგებეს“ ინსტრუქტორის დახმარებით ორ კვირაში ბრწყინვალედ ავითვისე. ცოდნის გასაღრმავებლად, ჩემგან შორს მდგარი, მოლაპარაკე ადამიანების ტუჩებს ვაკვირდებოდი და მათ დიალოგებს ვშიფრავდი. „კაგებეს“ ინსტრუქტორმა ამ უნარ-ჩვევის პრინციპი და სავარჯიშოები მასწავლა, მე კი ისინი თავადვე გავიღრმავე და ისე დავამუღამე, რომ დღეს ყველა იმ ენაზე შემიძლია დიალოგების გაშიფვრა, რომლებზეც თავად ვლაპარაკობ...

ორკვირიანი კურსები რომ დავასრულე, მერის შვებულების დროც დადგა და დასასვენებლად ზღვისპირეთში, კერძოდ კი სოჭში, ერთ-ერთ პრესტიჟულ სანატორიუმში გავემგზავრე ცოლ-შვილთან ერთად.

სანამ ჩემი ცოლ-შვილი მაღაზიებში საყიდლებზე დადიოდა, რაც მე ძალიან მეზარებოდა და თითქმის არასოდეს მივყვებოდი მათ, გამოვიდოდი ხოლმე ჩვენი ნომრის უზარმაზარ, მოჩუქურთმებულ აივანზე, გამოვიტანდი სუპერდურბინდს, ადამიანებს ვუთვალთვალებდი, მათ დიალოგებს ვშიფრავდი, ცოდნას ვიღრმავებდი და ამგვარად ვემზადებოდი ახალი დავალებისთვის.

ერთ დღეს მერიმ ხელი დაავლო ბავშვებს და მორიგი ვოიაჟი დაიწყო მაღაზიებში, მე კი ჩემი უზარმაზარი დურბინდი აივანზე გავიტანე, სივრცეს მივუშვირე და ზღვის ულამაზესი პეიზაჟის თვალიერებას შევუდექი, რომელიც ჩემ წინ იყო გადაშლილი. ნაპირიდან დაახლოებით 300 მეტრში პატარა კატერი შევნიშნე. ის წყალში იყო გაჩერებული და მასში ორი მამაკაცი იჯდა. ერთი დაახლოებით ორმოცდაათი წლის იქნებოდა, მეორე კი – ოცდაათის. ისინი ჩემგან ნახევარბრუნში ისხდნენ, საუბრობდნენ და მე მათ სახეებს კარგად ვხედავდი. ამიტომ მათი საუბრის კარგად გაშიფვრაც შემეძლო და ჩემს ჩვეულ საქმიანობას შევუდექი. მით უმეტეს, რომ ხანში შესული მამაკაცის პირველმა ფრაზამ დამაინტერესა და მათი დიალოგისთვის თვალი არ მომიწყვეტია.

– აქ, ამ სიშორეზე იმიტომ შემოგაცურე, საშა, რომ არავინ მოგვისმინოს, – უთხრა ხანში შესულმა მამაკაცმა მეორეს, – შენც ხომ კარგად იცი, რას წარმოადგენს ჩვენი უწყება, მას ყველგან აქვს ყურები, თვალები და მხოლოდ აქ თუ ვიგრძნობთ თავს უსაფრთხოდ.

აშკარა იყო, რომ „ჩვენს უწყებაში“ ხანში შესული მამაკაცი „კაგებეს“ გულისხმობდა და არც იმის მიხვედრა იყო რთული, რომ ორივე თუ არა, ის მაინც, „კაგებეშნიკი“ იქნებოდა.

„ცდები, ჩემო მეგობარო, – გავიფიქრე გუნებაში, – ჩვენს უწყებას თვალი და ყური წყალშიც კი აქვს. აბა, ამოშაქრე, რას მალავ!“

– გისმენთ, ივან ივანიჩ, – მიუგო საშამ თავის უფროს კომპანიონს, რომელმაც მას უთხრა:

– ბევრი ლაპარაკი არც აქ შეიძლება, ამიტომ, მოკლედ გეტყვი. ის იქს დღე, რომელზეც მე შენ ადრე გელაპარაკებოდი, ზეგ დადგება, ის ორი უცნობი კი გენერლები, შჩუკინი და მუხინი არიან. ორივე ზეგ, დილის 9 საათზე ბალაშიხაში, ჩვენი სასწავლო საწვრთნელი ცენტრისკენ აიღებს გეზს. შენი მოვალეობაა მათი მანქანის აფეთქება. გასაგებია?

– რა თქმა უნდა, გასაგებია, ივან ივანიჩ! ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდება, – მიუგო ივან ივანიჩს საშამ.

– ჰოდა, ჩემო საშა, ჩათვალე, რომ ექვსი თვის შემდეგ ორ რიგგარეშე ჩინს მიიღებ, ჩემს უწყებაში გადმოგიყვან და სპეცდანიშნულების ერთ-ერთი ქვედანაყოფის უფროსად დაგნიშნავ. მოკლედ, სულ მალე მაიორი გახდები, თუ, რა თქმა უნდა,  ყველაფერს შეასრულებ.

– შევასრულებ, ივან ივანიჩ, ეგეთები შემისრულებია? – მიუგო შემკვეთს შემსრულებელმა.

– ასეთს პირველად ასრულებ, საშა, და მთელი ყურადღება უნდა მოიკრიბო, მთელი შენი ცოდნა გამოიყენო და არ ჩაფლავდე.

– რა ჩამაფლავებს, ივან ივანიჩ, სასწორზე ჩემი სიცოცხლე, კეთილდღეობა და კარიერა დგას და ამას ჩავაფლავებ?

– კარგი, კარგი, მოკლედ, ყველაფერი შეთანხმებულია. მოსკოვში დაუყოვნებლივ, ახლავე გადაფრინდები. ბილეთი შენს სახელზეა დაჯავშნული. ახლა კი ორასიოდე მეტრით ნაპირთან მიგაახლოვებ, შემდეგ კი წყალში გადახტი და შენით გაცურე, თორემ, მე რომ მიგიყვანო ნაპირთან, შეიძლება, შემთხვევით ვინმემ დაგვინახოს და „დავიწვათ“, – უთხრა ივან ივანიჩმა საშას.

– საჭირო არაა, ივან ივანიჩ, მე აქედანაც კარგად მივცურდები ნაპირამდე, – თქვა საშამ, კატერიდან წყალში ისკუპა და ნაპირისკენ გამოცურა.

ივან ივანიჩმა ერთხანს უყურა საშას და, სანამ კატერს ადგილიდან დაძრავდა, ჩაილაპარაკა: „მიუხედავად იმისა, რომ ბრიყვია, შესანიშნავი საბრძოლო და ფიზიკური მომზადება აქვს გავლილი. ისე, ცოდვაც კი არის სასიკვდილოდ, მაგრამ, ასეთი მოწმის ცოცხლად დატოვება უფრო მეტი სიბრიყვე იქნებოდა ჩემი მხრიდან“.

ჩემ მიერ გაშიფრული საუბარი, რა თქმა უნდა, ძალიან მოულოდნელი და, თუ შეიძლება ითქვას, შოკის მომგვრელი იყო. თუმცა, წამითაც არ დავბნეულვარ და უკვე ვიცოდი, როგორ უნდა მემოქმედა. პირველ ყოვლისა, სასწრაფოდ საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი, მინიფოტოაპარატიანი სანთებელა ავიღე და ზღვის ნაპირზე გავედი. ამასობაში საშაც გამოვიდა ნაპირზე და მე მას სურათი გადავუღე. იგი, უხეში, ათლეტური აღნაგობის ოცდაათიოდე წლის წითური მამაკაცი იყო და სიბრიყვე სახეზე ეწერა. საშა რომ „წავიდა“, ხუთიოდე წუთი პლაჟზე დავყავი, შემდეგ სანატორიუმში დავბრუნდი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და სპეციალური ჯავშნით მოსკოვის ბილეთი შევუკვეთე თვითმფრინავზე. ამასობაში ჩემი ცოლ-შვილიც დაბრუნდა, მათ ლამის ნახევარი სოჭი ეყიდათ და ხელში სხვადასხვა ზომის ჭრელ-ჭრელი პარკები ეჭირათ.

– ისევ გამოგიძახეს, კოკი? – მკითხა მერიმ.

– მოსკოვში უნდა გავემგზავრო და სამი დღის შემდეგ დავბრუნდები, – მივუგე მერის და ვაკოცე, შემდეგ შვილებსაც მივუალერსე და წავედი.

საბჭოეთის დედაქალაქში საღამოს 8 საათზე ჩავფრინდი და აეროპორტიდან მოყოლებული, ერთი საათის განმავლობაში, ცრუ მანევრებს ვასრულებდი იმის გამოსავლენად, ვინმე ხომ არ მითვალთვალებდა. ხოლო როდესაც დავრწმუნდი, რომ „კუდი“ არ მაჯდა, კალინინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სატელეფონო ჯიხურში შევედი და პირდაპირ შჩუკინს დავურეკე კონსპირაციულ ნომერზე, რომელიც საგანგებო შემთხვევებისთვის იყო. როდესაც მან ყურმილი აიღო, პაროლით დაველაპარაკე, რომელიც წინასწარ გვქონდა შეთანხმებული.

– საღამო მშვიდობისა, ამხანაგო პროფესორო. მე თქვენი სტუდენტი ვარ, სკვორცოვი, – ვუთხარი გენერალს.

– საღამო მშვიდობისა, ვიქტორ, – მომიგო გენერალმა, რომელიც მიხვდა, რომ რაღაც საგანგებო მოხდა, – ალბათ, გაინტერესებთ, ჩათვლა როდის დაგინიშნეთ, ხომ?

– დიახ, მაინტერესებს და, თუ არ შეგაწუხებთ მინდა, რომ თქვენთან წინასწარი კონსულტაცია გავიარო.

– არ შემაწუხებ. ხვალ, დილის ათ საათზე, ჩემს კათედრაზე მობრძანდით და კონსულტაციებს ჩაგიტარებთ, – მომიგო შჩუკინმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთი საათის მერე გენერალი შჩუკინი ¹2 კონსპირაციულ ბინაში მოვიდოდა,  რომელიც იქვე, კალინინის გამზირზე მდებარეობდა.

მე სამასიოდე მეტრით მარცხნივ გადავინაცვლე და ¹2 კონსპირაციული ბინის მოპირდაპირე მხარეს მდებარე პატარა სკვერში მოვკალათდი, თან მრავალსართულიანი კორპუსის სადარბაზოს თვალს არ ვაშორებდი. ზუსტად დათქმულ დროს სადარბაზოსთან შავი ფერის ტაქსი გაჩერდა, იქიდან კი უბრალო სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი შჩუკინი გადმოვიდა და სადარბაზოში გაუჩინარდა. ორიოდე წუთი ვაცალე, შემდეგ ქუჩაში ტაქსი გავაჩერე და კონსპირაციული ბინის სადარბაზოსთან დავაცდევინე, მე კი ბინაში ავედი, ზარი დავრეკე და ზღურბლზე გამოჩენილ გენერალს ვუთხარი:

– წამობრძანდით, ამხანაგო პროფესორო, მანქანა გველოდება.

შჩუკინი მიხვდა, რომ მე მოსმენას ვერიდებოდი. ამიტომ კონსპირაციული ბინის კარი ჩაკეტა და წამომყვა. ტაქსიში, რა თქმა უნდა, ხმა არ ამოგვიღია და, როდესაც ჩვენ მაქსიმ გორკის სახელობის უზარმაზარი პარკის ერთ-ერთ მყუდრო სკამზე „მოვყუჩდით“, შჩუკინმა მითხრა:

– რა ხდება, კოკი, რაში დაგჭირდა ამდენი ხლაფორთი და ასეთი ღრმა კონსპირაცია?

– თქვენზე და მუხინზე თავდასხმაა დაგეგმილი – ზეგ უნდა დაგხოცონ.

გენერალი შჩუკინი მრავლის მნახველი და ძალიან გამოცდილი მზვერავი გახლდათ და მისი გაკვირვება საკმაოდ ძნელი იყო, მაგრამ, ჩემი სიტყვების გაგონებაზე სახე ეცვალა და შემცბარმა მკითხა:

– კი მაგრამ, საიდან იცი?

– დღეს დილით სოჭში შევიტყვე, – მივუგე შჩუკინს. შემდეგ ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, ფოტოაპარატიანი სანთებელა გადავეცი და ვუთხარი, – ფირზე ის მოწითურო შემსრულებელი საშაა აღბეჭდილი, რომელიც უფროსი ლეიტენანტის ჩინს ატარებს და ექვს თვეში მაიორობას ელოდება, თუმცა, ივან ივანიჩს მისი ლიკვიდაცია აქვს განსაზღვრული.

– ესე იგი, ივან ივანიჩი, ხომ? – თქვა შჩუკინმა.

– დიახ, ამხანაგო გენერალო, – ყოველ შემთხვევაში, საშა ასე მიმართავდა მას, – ვუთხარი გენერალს.

– ყველაფერი სწორია, – მითხრა შჩუკინმა, – ივან ივანიჩი საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გენერალია, ჩინი თავში აუვარდა და, როგორც ეტყობა, მავნე ნაციონალისტური ამბიციები ვერ მოიშალა. მე და მუხინი განსაკუთრებით ვძულვართ და მიაჩნია, რომ რუსულ საქმეს ვღალატობთ. ერთი სიტყვით, მოღალატეა და, თუკი მისი მოყუჩება შევძელით, ჩათვალე, რომ მნიშვნელოვან გამარჯვებას ვიზეიმებთ.

– ჩვენი მოვალეობაც ხომ ესაა? – ვუთხარი შჩუკინს.

– რა? – მკითხა გენერალმა.

– რა და, მოღალატეების „მოყუჩება“.

– ჰო, მაგრამ, როდესაც „კაგებეს“ გენერალს მოღალატეობისთვის აპატიმრებ, საამისოდ მყარი სამხილები უნდა გქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღალატისთვის იქით დაგაპატიმრებენ და თავი არ შეგრჩება მხრებზე. ამიტომ, ძალიან ზუსტი მოქმედებებია საჭირო, ღრმა კონსპირაცია უნდა დავიცვათ, თან, ელვისებური რეაქცია გამოვავლინოთ. ყოჩაღ, რომ ასე იმოქმედე, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. შენ კი, არამც და არამც არ უნდა გამოჩნდე. შენ შენი მისია უკვე შეასრულე და, შეგიძლია, დასვენებას დაუბრუნდე სოჭში, დანარჩენს კი მე და მუხინი მივხედავთ.

– ამხანაგო გენერალო, ნუთუ არ მენდობით? – ვუთხარი შჩუკინს, რომელიც უკიდურესად გააოცა ჩემმა სიტყვებმა და მომიგო:

– რას ამბობ, კოკი, რას ჰქვია, არ გენდობი? უბრალოდ, შენ იმდენად ძვირფასი თანამშრომელი ხარ, რომ ამ საქმეში შენი სახელის ამოტივტივება არ გვაწყობს. გამორიცხული არაა, რომ ივან ივანიჩის მთელი „შაიკა“ ვერ მოვიხელთოთ, ვინმე გარეთ დაგვრჩეს და შენზე, როგორც მათი გეგმების ჩამშლელზე, შური იძიონ. ეს კი ჩვენ არანაირად არ გვაწყობს და ჩრდილში ამიტომ გტოვებ.

– კარგი, გასაგებია, – მივუგე შჩუკინს და ვკითხე, – შეიძლება, წავიდე?

– მტოვებ, კოკი? – ხუმრობით მკითხა გენერალმა.

– თქვენს განკარგულებას ვასრულებ.

– კეთილი, წადი. დღესვე დაბრუნდი ცოლ-შვილთან. მე თვითონ გამოგიძახებ და ამ ოპერაციის შესახებ ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები.

მე და შჩუკინი გორკის სახელობის პარკში დავშორდით ერთმანეთს. სოჭში რომ ჩავფრინდი, შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო.

– კოკი, რა მოხდა, ხომ მშვიდობაა? – მკითხა მერიმ, როდესაც კარი გააღო და ზღურბლზე მდგარი დამინახა.

– შევარცხვინე მაგათი თავი, – ვიცრუე მე, – იმ შტერებმა სრულიად შეცდომით გამომიძახეს! ისე გავბრაზდი, რომ მათ მიერ სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ ღამის გათევაზე უარი ვთქვი და აქეთ გამოვფრინდი.

მერი მე აბსოლუტურად მენდობოდა და მცირედი ეჭვიც კი არ შეჰპარვია ჩემს სიტყვებში.

სოჭიდან რომ დავბრუნდით, ორი დღის მერე, მოსკოვში გამომიძახეს. შჩუკინის კაბინეტში რომ შევდგი ფეხი, სადაც მუხინიც იმყოფებოდა, ორივე გენერალი გულთბილად შემხვდა.

– სიტყვა – სიტყვაა, ხომ შეგპირდი, ყველაფერს პირადად მოგიყვები-მეთქი. დაჯექი, ყავა ან ჩაი მიირთვი და მომისმინე, – მითხრა შჩუკინმა.

გენერლის მონათხრობიდან შევიტყვე, რომ ჩემს კოლეგებს იმ პერიოდისთვის უნიკალური სპეცოპერაცია  ჩაუტარებიათ. ბალაშიხისკენ მიმავალ, ლარივით გაჭიმულ ტრასაზე მოძრავ „კაგებეს“ შავი ფერის ფარდებიან „ვოლგაში“ მძღოლი არ იჯდა – ის დისტანციურად იმართებოდა უკან მომავალი მანქანიდან, რომელიც მას ასი მეტრის დაშორებით მიჰყვებოდა. როდესაც მანქანამ იმ მონაკვეთამდე მიაღწია, სადაც საშა იყო ჩასაფრებული, მსროლელმა ნაღმმტყორცნიდან ჭურვი ისროლა და მანქანა ოსტატურად ააფეთქა. საშა ადგილზევე აიყვანეს და „ლუბიანკაზე“ მიიყვანეს. ამის პარალელურად, ივან ივანიჩის მთელი „შაიკა“ დააპატიმრეს, ხოლო თავად აბუნტებულ გენერალს კი თვითმკვლელობის საშუალება მისცეს და მან  საკუთარ კაბინეტში „პესეემით“ გაიხვრიტა შუბლი...

– აი ასე, ჩემო კოკი! – დააბოლოვა შჩუკინმა, – მოღალატეების ბანდა განეიტრალებულია. მათი მეთაური კი, შუბლგახვრეტილი წევს საფლავში და არანაირ საშიშროებას აღარ წარმოადგენს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანების რაოდენობამ თუ იცის, რომ „კაგებეს“ გულში მოღალატეების ჯგუფი მოქმედებდა.

შჩუკინის ბოლო სიტყვები, საბჭოთა იდეოლოგიის უმთავრესი პრინციპის უთვალსაჩინოესი დადასტურება იყო, ანუ, საბჭოთა კავშირი ყოველივე ნეგატიურს ჩქმალავდა, ხალხს ატყუებდა და, ჩემი აზრით, ამანაც დიდი როლი ითამაშა საბჭოთა იმპერიის დაშლაში. მაშინ იმდენს ვერ ვხვდებოდი და იდეოლოგიურ მარწუხებში ისე მაგრად ვიყავი მოქცეული, რომ, ჩემი ინტელექტის მიუხედავად, ფიქრადაც კი არ გამივლია, რომ ამ უზარმაზარ ქვეყანაში მრავალი რამ იყო შესაცვლელი. არადა, „პერესტროიკა“ რომ თუნდაც ხუთი წლით ადრე დაწყებულიყო და ოდნავ მეტი თანმიმდევრულობითა და მტკიცე ხელით განხორციელებულიყო, ახალ, აყვავებულ საბჭოთა კავშირს მივიღებდით, სადაც ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იქნებოდა, ამერიკას კი სამი თითის კომბინაციას ვუჩვენებდით და, ბოდიშს გიხდით ამ სიტყვებისთვის, ისინი ფეხებსაც ვერ მოგვჭამდნენ ძირში... „ფეხების ვერმოჭმაში“ მე საქართველოს ტერიტორიულ-კულტურულ ერთიანობას ვგულისხმობ და, თუკი არ ჩავთვლით აღმაშენებლისეულ საქართველოს, რომელიც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყო გადაჭიმული, ყველაზე დაცული და უკეთესობისკენ სწრაფად პროგრესირებადი საქართველო სწორედ იმ სამოცდაათწლიანი კომუნისტური რეჟიმის პერიოდში იყო. ზოგიერთს, განსაკუთრებით კი ახალი თაობის წარმომადგენლებს, ვისაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია და ამერიკას ბრმად აღმერთებს, ჩემი სიტყვები, შეიძლება, სასაცილოდაც კი არ ეყოს. თუმცა, ასეთებს ვურჩევ, დაფიქრდნენ, ისტორიას გადახედონ და გაიაზრონ, თუ როგორი ეთნიკური პროცენტულობა იყო მაშინდელ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც დღესდღეობით ჩვენგან განცალკევებული ტერიტორიებია და, ნურც იმას დაივიწყებენ, თუ როდის დაიწერა „დათა თუთაშხია“, გადაიღეს „ჯარისკაცის მამა“, დადგეს „რიჩარდ მესამე“, ქართული სპორტი კი არნახულ სიმაღლეზე ავიდა. ამჟამად კი მსგავსი  პრეცედენტი არ არსებობს და მოჩვენებითი მიღწევების ფონზე, რამდენიმე ათასწლოვანი ქართული კულტურა სულს ღაფავს, მის ადგილს კი ეგრეთ წოდებული ამერიკული მასობრივი კულტურის გადმონაშთის გადმონაშთი იკავებს და ერის კულტურული გენოციდი ხორციელდება, რაც, ფაქტობრივად, არც კი განსხვავდება ფიზიკური გენოციდისგან...

სიტყვამ მოიტანა და ასეთი გადახვევა იმიტომ გამომივიდა, თუმცა, ჩემს სიტყვებს ისე ნურავინ გაიგებს, რომ მე რუსეთის მეხოტბე ან ამერიკის მოძულე ვარ. სულაც არა! პირველ ყოვლისა, მე დაქირავებული მკვლელი ვარ და არა ექსპერტი. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს საკმაოდ საღად ვაფასებ, რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ და ჩემი სიტყვებიც ჩემი ნაფიქრალის შედეგია.

თავის ქებაში ნურავინ ჩამომართმევს, მაგრამ, ვისაც ჩემს ინტელექტთან ჰქონია შეხება, ყველა ხაზგასმით აღნიშნავდა ჩემს ანალიტიკურ ნიჭს, ჩემი ინსტიტუტის რექტორი კი მოაზროვნეს მეძახდა.

– კოკი, ჩემო კარგო, – მითხრა რექტორმა ჩვენი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრის დროს, – შენს მიღწევებსა და შესაძლებლობებს რომ ვაანალიზებ, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ დიდი მოაზროვნე და სახელგანთქმული პიროვნება დადგება შენგან და, ალბათ, ერთ მშვენიერ დღეს, წილად მხვდება პატივი, მაგრად ჩამოგართვა ხელი.

ჩემი რექტორისგან არაერთი თბილი სიტყვა და მხარდაჭერა მახსოვს. თუმცა, მიმაჩნია, რომ მისი იმედები არ გავამართლე – მსოფლიო დონის შექსპიროლოგის ნაცვლად, დაქირავებული მკვლელი გამოვედი და, როდესაც მას უკანასკნელად შევხვდი, უკვე, „არაშექსპიროლოგიური“ გამოცდილების რამდენიმე ათეული წელი მაწვა მხრებზე...

ვარდების რევოლუციამდე რამდენიმე კვირით ადრე, ვაკეში მივდიოდი ჩემი მანქანით. უნივერსიტეტს რომ გავცდი, „ლეჩკომბინატის“ გასწვრივ მიმავალ მოხუცს მოვკარი თვალი, რომელშიც ჩემი ინსტიტუტის ყოფილი რექტორი შევიცანი. ერთ დროს წელში გამართული, არისტოკრატიული გარეგნობის სიმპათიური მამაკაცი, რომელიც ძველი ინგლისელი ლორდების შთამომავალს ჩამოჰგავდა, საშინლად დაბერებული, მოტეხილი და დაჩაჩანაკებული გამოიყურებოდა. მას საოცრად ბინძური, გაცრეცილი ლაბადა ეცვა, მის ძველისძველ, დაჭმუჭნილ შარვალს კი ასეთივე ძველი, დამსკდარი ფეხსაცმელები „ამშვენებდა“. მას ხელში ეკავა კაპრონის ბადე, რომელშიც აგურის ფორმის გამხმარი პური და ყველაზე იაფფასიანი თევზის კონსერვი ელაგა. ჩემს ყოფილ რექტორს ოციოდე მეტრით გავასწარი, მანქანა კუთხეში გავაჩერე, გადმოვედი და მის შესახვედრად გავემართე. ჩემსა და მას შორის ორი მეტრი იყო დარჩენილი, მე შევჩერდი და გავუღიმე. მოხუცმა ერთი ნაბიჯიც გადადგა, შეჩერდა, შემომხედა და, მას მერე, რაც ყურადღებით შემათვალიერა, წელში გაიმართა, გამიღიმა და მითხრა:

– კოკი, ძვირფასო! რამდენი წელია, არ მინახავხარ, როგორ შეცვლილხარ! მაგრამ, ხომ ხედავ, მაინც გიცანი.

ჩაჩანაკობის მიუხედავად, ჩემს მოამაგეს არც ხმა შესცვლოდა, არც ლაპარაკის მანერა და მისი სიტყვები ისევე მკაფიოდ ჟღერდა, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ.

– როგორ ბრძანდებით, პატივცემულო? – მოვიკითხე ყოფილი რექტორი და გადავეხვიე, – ძალიან მოხარული ვარ, რომ კვლავ შეგხვდით.

– როგორც მარტოხელა პროფესორს შეეფერება, ისე, ჩემო კარგო. ძველებურად მხნედ ვეღარ ვარ, მაგრამ, ვცდილობ, არ დავნებდე ამ ახალ ცხოვრებას და ვიბრძვი, – მომიგო ყოფილმა რექტორმა და მკითხა, – შენ როგორ ხარ, სად მოღვაწეობ და რას აკეთებ? კი არ დამვიწყებია, რომ უნიჭიერესი მოაზროვნე იყავი. შენი სადიპლომო ნამუშევარი დღემდე ზეპირად მახსოვს და შენახული მაქვს ჩემს ბიბლიოთეკაში.

– სამწუხაროდ, შექსპიროლოგიას დიდი ხნის წინათ დავანებე თავი და ბიზნესს მოვკიდე ხელი, სადაც არცთუ წარუმატებლად ვმოღვაწეობ, – ვუთხარი პროფესორს და გავუღიმე. მან თავი გადააქნია და მითხრა:

– სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო. შენი ადგილი ინტელექტუალურ საქმიანობაში იყო და არა ვაჭრობაში, მაგრამ, რას იზამ, ცხოვრება თავის კანონებს გვკარნახობს და ყველას არ შეუძლია დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, თუმცა, შენი დიდი იმედები მქონდა და, არ დაგიმალავ, რომ იმედგაცრუებული დავრჩი.

ვაჭრობაში პროფესორი ბიზნესს გულისხმობდა და მისი სიტყვები ისეთი გულწრფელი სინანულით იყო ნათქვამი, რომ გული ამიჩუყდა, წამით ნოსტალგიაც კი დამეუფლა და პროფესორს ვუთხარი:

– მანქანით ვარ და სახლამდე მიგიყვანთ.

– უკვე მოვედი, აი, აქ ვცხოვრობ, – პროფესორმა ფეშენებელური სახლისკენ გაიშვირა ხელი, რომლის წინაც ჩვენ ვიდექით.

– მაშინ, პატივცემულო პროფესორო, ნება მიბოძეთ, სახლამდე მაინც მიგაცილოთ, – ვუთხარი ყოფილ რექტორს.

– რაზეა ლაპარაკი, ჩემო კოკი. მიმაცილე კი არა, სტუმრად მეწვიე, შენ ხომ არასდროს ყოფილხარ ჩემთან. წამოდი, ჩემს კერას განახვებ, – მითხრა პროფესორმა, ხელკავი გამომდო და ადგილიდან დავიძარით.

ყოფილი რექტორის ხუთოთახიანი ბინა ვაკეში, ეგრეთ წოდებულ „სტალინურ სახლში“ მდებარეობდა. ასეთ სახლებში ცნობილ, გამოჩენილ ადამიანებს ასახლებდნენ. იქ, მართალია, ტიპური, მაგრამ, საიმედოდ, მაღალხარისხიანად დამზადებული საბჭოთა ავეჯი იდგა, რომელიც წითელი ან სხვა ძვირფასი ხისგან იყო დამზადებული. სხვათა შორის, მსგავსი ავეჯით იყო გაწყობილი ლუბიანკის კაბინეტები საბჭოთა პერიოდში და, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტიპის საბჭოური ავეჯი საუკეთესო მსოფლიო სტანდარტებს თუ არ სჯობდა, არც არაფრით ჩამოუვარდებოდა.

– მშვენიერი ბინა გქონიათ, პატივცემულო, – ვუთხარი პროფესორს.

– ეჰ, ჩემო კარგო, – ნაღვლიანად მომიგო მასპინძელმა, – ერთ დროს აქ სიცოცხლე დუღდა და გადმოდუღდა, ახლა კი მარტო მე დავრჩი ამ უზარმაზარ სივრცეში და წარსულის აჩრდილივით დავბორიალობ ხოლმე ოთახიდან ოთახში.

ჩემი ყოფილი რექტორის ოჯახზე არაფერი ვიცოდი, ამიტომ ვკითხე:

– ალბათ, დიდი ოჯახი გაქვთ.

– მქონდა, – ამოიხვნეშა პროფესორმა, – ორი შვილი, რძლები და ექვსი შვილიშვილი, პლუს მე და ჩემი მერი. სულ თორმეტნი ვიყავით. უფროსი ვაჟი თავის ოჯახთან ერთად ჩემ გვერდით ცხოვრობდა, უმცროსი ვაჟი კი, თავის ცოლ-შვილთან ერთად – ამ ბინაში. ყოველდღე ყველანი ამ უზარმაზარ სასტუმრო ოთახში ვიკრიბებოდით და უზომოდ ბედნიერები ვიყავით. მერი რომ გარდაიცვალა, ჩემმა ოჯახმაც სწორედ მაშინ დაიწყო ნგრევა. ჯერ ჩემმა უფროსმა ვაჟმა გაყიდა ბინა და ოჯახთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა, შემდეგ მის კვალს ჩემი უმცროსი შვილიც მიჰყვა ოჯახითურთ და ასე დავრჩი მარტოდმარტო. შენ, კოკი? შენ თუ გყავს ცოლ-შვილი?

– ჩემი მერიც გარდაიცვალა, პატივცემულო და ჩემი შვილებიც უცხოეთში ცხოვრობენ. თუმცა, მე მათ საკმაოდ ხშირად ვნახულობ, – მივუგე პროფესორს, რომელმაც სერვანტიდან ორმოცდაათი წლის წინანდელი ფრანგული კონიაკი „ნაპოლეონი“, შოკოლადებით სავსე ბროლის ვაზა და ორი სირჩა გამოიღო. შემდეგ სასმელი ჩამოასხა და, სანამ სადღეგრძელოს იტყოდა, მითხრა:

– ეს, ჩემო კოკი, საფრანგეთში მაჩუქეს ნახევარი საუკუნის წინ. პარიზში ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე ვიმყოფებოდი და ერთმა ქართველმა ემიგრანტმა მისახსოვრა. სხვათა შორის, მერი პარიზში, იმ კონფერენციაზე გავიცანი და, უკან რომ დავბრუნდით, სულ რაღაც რვა თვეში დავქორწინდით კიდეც. ამ ბოთლს ჩვენი სიყვარულის სამახსოვროდ ვინახავდი და იმიტომ გავხსენი, რომ ჩემი და შენი წასული სიყვარულის მოსაგონარი შევსვათ, – თქვა რექტორმა და სირჩა მაღლა ასწია, – ჩემი მერის და შენი მერის ხსოვნა იყოს. უფალმა გაანათლოს მათი სულები და ნათელში ამყოფოს!

მოხუცი პროფესორის სადღეგრძელომ ჩემი მერი გამახსენა და ისე ამიჩუყა გული, თვალზე ცრემლი მომადგა და, რომ არ ავტირებულიყავი, რაც იმ მომენტში სრულიად მოსალოდნელი იყო, სირჩა ავწიე და ვთქვი:

– ჩვენი მეუღლეების ხსოვნა იყოს, ღმერთმა გაანათლოს მათი სულები!

მე და პროფესორმა კიდევ ორ-ორი სირჩა გამოვცალეთ. წამოსვლის წინ კი მაგიდაზე ათი ცალი ასდოლარიანი დავდე და ჩემს ყოფილ რექტორს ვუთხარი:

– ძალიან გთხოვთ, ნუ იუკადრისებთ და ჩემგან ეს მცირედი ძღვენი მიიღეთ. თქვენგან მე სიკეთის მეტი არაფერი მახსოვს და, მინდა, სიკეთითვე გადაგიხადოთ. იმედია, კიდევ არაერთხელ შევხვდებოდით ერთმანეთს, ახლა კი ნახვამდის. ჩემი მობილური ტელეფონის ნომერი ქაღალდზე დაგიწერეთ და, თუ რამე დაგჭირდებათ, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ, დამირეკოთ, – პროფესორს გადავეხვიე და მისი ბინიდან წამოვედი. იმ დღეს ერთი შეკვეთა უნდა შემესრულებინა, მაგრამ, დაგეგმილი ოპერაცია მეორე დღისთვის გადავდე, იქიდან კი მერის საფლავზე წავედი, იქ საღამომდე გავჩერდი და სახლში მხოლოდ მაშინ დავბრუნდი, როდესაც ტირილით ვიჯერე გული...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3