კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოთხრობის ფინალი

 

ჯეკ პატერსონმა ზიზღით მოისროლა წერილი სანაგვე ყუთში. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეოთხე გამომცემლობიდან მოუვიდა უარი. არადა, თავისი დეტექტივების შექმნაზე უამრავ დროს ხარჯავდა. რაზეც წერდა, იმას დაწვრილებით, სკურპულოზურად სწავლობდა, ერთი ნაბიჯითაც არ სცდებოდა სინამდვილეს. 

თუმცა, შედეგად მის მოთხრობებს ყველა გამომცემლობა უარყოფდა. ისევ შემთხვევით ნაშოვნი ფულით მოუწევდა ფონს გასვლა და ქორწილის გადადებაც. მიუხედავად იმისა, რომ მისი საცოლე – მერი კლიფტონი, საიუველირო მაღაზიაში მუშაობდა და კარგ ხელფასსაც იღებდა, ეს სახლის დასაქირავებლად და ერთად ცხოვრებისთვის, საკმარისი არ იქნებოდა. 

ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. 

– მისტერ პატერსონ, ჯეფრი რაიტი გაწუხებთ, – გაისმა ყურმილში, – გამომცემელი ვარ, თქვენი ტელეფონის ნომერი სხვა გამომცემლობაში მომცეს. თქვენთან საქმე მაქვს. შეიძლება, ჩემი სახელი არ გეცნობათ, აქამდე დალასში ერთ-ერთ გამომცემლობას ვაფინანსებდი და ნიუ-იორკში ახლახან გადმოვედი. ვაპირებ საკუთარი გამომცემლობა გავხსნა, რომელიც მომცრო მოცულობის დეტექტივების გამოცემაზე იქნება ორიენტირებული. იქნებ, ჩემთან ოფისში მოხვიდეთ და დავილაპარაკოთ. 

ოფისი გამომცემლობას სულაც არ ჰგავდა. რაიტმა დაამშვიდა, ეს ოთახი დროებით ვიქირავე, ვიდრე რომელიმე გამომცემლობას შევიძენო. მერე კი პირდაპირ საქმეზე გადავიდა: 

– თქვენს მოთხრობებში ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ყველა საქმეს წვრილმანებამდე მიჰყვებით და ყველაფერს ასე სკურპულოზურად აღწერთ. მკითხველი უკვე დაიღალა ამ ზედაპირულობით. მას დეტალები, დამაჯერებლობა სჭირდება. მე თქვენი მხოლოდ რამდენიმე მოთხრობა წავიკითხე, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, სხვებიც კარგი იქნება. თუმცა, ეს საკმარისი არაა. ერთი-ორი ახალიც უნდა დაუმატოთ. თქვენი მოთხრობები, ძირითადად, ნარკოტიკებით ვაჭრობაზეა და მოქმედება სამხრეთ ამერიკაში ვითარდება. ჩვენს მკითხველს ისეთი რამ უნდა, რაც მისთვის უფრო ახლოსაა. რაც, მაგალითად, მის ქუჩაზე ხდება და არა ცხრა მთას იქით. მოდი, ნარკოტიკებს შეეშვით და მოქმედებაც ნიუ-იორკში გადმოიტანეთ. დაწერეთ ორი მოთხრობა, მაგალითად, ძარცვაზე. ერთში ვთქვათ, პატარა ბანკი გაძარცვონ, მეორეში – საიუველირო მაღაზია. თან, ეს რეალური ობიექტები უნდა იყოს და არა გამოგონილი და აბსტრაქტული. მკითხველმა რომ იცნოს, ამ მოთხრობებში ყველა აღწერა – შესასვლელ კარზე გაკეთებული წარწერიდან  უკანა გასასვლელამდე, სარწმუნო უნდა იყოს. მაშინ წარმატება არ დაახანებს. 

– პრობლემა არაა, მისტერ რაიტ, – უთხრა აღფრთოვანებულმა ჯეკმა. – პარლ-ავენიუზე, საიუველირო მაღაზიაში ნაცნობი მყავს და არა მგონია, დეტალებში გარკვევა გამიჭირდეს, 75-ე ქუჩაზე მდებარე ბანკი კი ჩემ თვალწინ აშენდა და იქ ყველაფერი ზეპირად ვიცი. 

რაიტმა ავანსის სახით ორი ათასი დოლარი გადაუხადა და სთხოვა, მოთხრობებისთვის ამ ობიექტების გაძარცვის, რაღაც განსაკუთრებული, ორიგინალური მეთოდი მოეფიქრებინა, რომ მკითხველი შოკში ჩაეგდოთ.

ჯეკმა მერის ყველაფერი იმავე საღამოს ახარა. 

 გოგონა ამ ამბავს დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია:

– ჯეკ, ხომ არ ჯობია, ისევ კონტრაბანდასა და ნარკოტიკებზე წერო. დღეს საიუველირო მაღაზიები ისეთი დაცულია, მათი გაძარცვა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. რაც უნდა დაწერო, ყველაფერი ყალბი გამოგივა. მაგალითად, ჩვენთან  ყველაფერს კომპიუტერი აკონტროლებს და მთელ სალონში კამერებია დაყენებული. კამერების მეშვეობით ყველაფერს მმართველი აკონტროლებს. საკმარისია მაღაზიაში ვინმე საეჭვო შემოვიდეს, ის თავის ოთახში ღილაკს ხელს დააჭერს და ყველა სეიფი თუ დახლი, ავტომატურად ჩაიკეტება, ხოლო პოლიციის განყოფილებაში სიგნალიზაცია დარეკავს. 

მერის სიტყვებმა ჯეკს ენთუზიაზმი კიდევ უფრო გაუმძაფრა. კომპიუტერულ დაცვასაც მოუხერხებს რამეს, უბრალოდ, კონსულტაციისთვის ამ საქმის კარგი სპეციალისტის მოძებნა მოუწევს. ამ საქმეში მოულოდნელად, მისტერ რაიტი დაეხმარა. უთხრა, მე მყავს კომპიუტერების საუკეთესო მცოდნე და გამოგიგზავნიო. დანარჩენი კი ჯეკის საქმე იყო. იმავე დღეს დაიწყო მასალების შეგროვება. მისთვის დამახასიათებელი სკურპულოზურობით მუშაობდა. ყველანაირი ელექტროსაკეტის სისტემა შეისწავლა. ადგენდა დაცვის მორიგეობის გრაფიკებს. პარალელურად, მეორე მოთხრობაზეც დაიწყო მუშაობა. აქ საქმე უფრო მარტივად იყო. ბანკი მის თვალწინ აშენდა და კარგად იცოდა, სად იყო მისი საცავი. თან, ცოტა  არქივებშიც მოქექა. მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამშრომელსაც გაესაუბრა და მოთხრობის გეგმა უკვე მზად იყო. ბანკის ქვეშ ძველი საკანალიზაციო კოლექტორი გადიოდა, რომელსაც ამჟამად მხოლოდ სარეზერვო ფუნქცია ჰქონდა. ამ კოლექტორის ერთი ჭა პირდაპირ საცავის ქვეშ იყო განთავსებული. რადგან ეს კოლექტორი არ ფუნქციონირებდა, ბანკის საცავამდე ფეხის დაუსველებლად შეიძლებოდა მისვლა, ხოლო იატაკის გამოტეხვა დღევანდელი ტექნიკის პირობებში, უკვე პრობლემა არ იყო.  

მოთხრობების საქმე კარგად მიდიოდა. მისი და მერის ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გახდა. ერთ თვეში ორივე მოთხრობა უკვე მზად ჰქონდა. მისტერ რაიტი აღფრთოვანებული იყო:

– ორივეს დავბეჭდავ, – უთხრა მან, – შენი სიუჟეტები კომპიუტერთან დაკავშირებით იქნება ეს, თუ საცავებში ჩაკეტილ დაცვასთან, ძალიან მაგარია. გატაცებული სასწრაფო დახმარების მანქანაც კარგად მოგიფიქრებია. როცა ის ადგილი წავიკითხე, სადაც თეთრ ხალათებში გამოწყობილ მძარცველებს საკაცით, ვითომ გარდაცვლილი გამოჰყავთ და ასე გამოიტანენ ძვირფასეულობას, უბრალოდ გადავირიე. ბანკზე  დაწერილი, ხომ საერთოდ შედევრია. მხოლოდ ერთი პრობლემაა. შენი მოთხრობები ერთი წიგნისთვის საკმარისი არაა. ერთი მაინც კიდევ უნდა დაამატო. მაგარი თემა მაქვს. ჩემი ძველი ნაცნობი სწორედ ახლა, ნამიბიაში იარაღს აგზავნის. იქიდან ცხენებით ანგოლაში გადაიტანენ, სადაც მათ ამბოხებულები შეხვდებიან. შენ სასწრაფოდ ნაირობიში უნდა გაფრინდე. ეს შენ იმდენ მასალას მოგცემს, ისეთ ტიპაჟებს ნახავ, რომ ამ თემას არაერთხელ დაუბრუნდები. ყველა ხარჯს ჩემს თავზე ვიღებ. 

ჯეკი ამ წინადადებამ აღაფრთოვანა. წარმოიდგინა, რა მასალას მოაგროვებდა მთელი ამ მოგზაურობიდან და მაშინვე დათანხმდა. აფრიკა ჯეკს ცუდად შეხვდა. ჩავიდა თუ არა, ნაირობიში, ისეთი ქარიშხალი ამოვარდა და ისეთი წვიმა წამოვიდა, ყველა შიდა რეისი გადაიდო. ქვეყანაში სატელეფონო კავშირიც კი მოიშალა. ნაირობიში შუქი გამოირთო. ჯეკი მთელი დღე უშედეგოდ ცდილობდა, სასაზღვრო ქალაქში დაერეკა, სადაც მას რაიტის მეგობარი უნდა დახვედროდა. შემდეგ გადაწყვიტა, თავად რაიტისთვის დაერეკა და მისგან მიეღო ინსტრუქციები, მაგრამ მისი  ტელეფონი დუმდა. მეორე დღეს ქარიშხალმა ცოტა ხნით შეისვენა და ჯეკმა იმავე თვითმფრინავით, რომლითაც ჩაფრინდა, უკან ამერიკაში გამოფრენა მოახერხა. ნიუ-იორკში ჩამოსვლისთანავე,  აეროპორტიდან დაურეკა მერის. ყურმილი მერის დედამ აიღო. იმან კი,  რაც მისგან მოისმინა, ჯეკი დაარეტიანა. კედელს მიეყრდნო და დიდხანს ვერ ინძრეოდა. მისი მერი აღარ იყო. ის გუშინწინ, საიუველირო მაღაზიის ძარცვის დროს მოეკლათ. ექიმის თეთრ ხალათში გამოწყობილი ოთხი მძარცველი მაღაზიას დღისით,  სასწრაფო დახმარების მანქანით მიადგა. შესასვლელში მდგომ მცველს საკაცის გადმოღებაში დახმარება სთხოვეს და იქვე გათიშეს. სიგნალიზაცია წინასწარ იყო გამორთული, მაღაზიის კომპიუტერული ტერმინალის გამოყენებით. ყველა საკეტი გააღეს, მცველები მიწისქვეშა საცავში ჩაკეტეს. როდესაც ბანდიტები უკვე მიდიოდნენ, ერთ-ერთი მერის მიუახლოვდა და თავში ესროლა. ვერავინ გაიგო, ეს რატომ გააკეთა, რადგან მძარცველების ამოცნობას მერი მაინც ვერ შეძლებდა, მათ სამედიცინო პირბადეები ეკეთათ.

ჯეკმა უკვე იცოდა, რომ ჯეფრი რაიტი ოფისში აღარ დახვდებოდა. ამიტომ, პირდაპირ სახლში წავიდა. ფული აიღო და სამშენებლო მასალების მაღაზიაში 25 ტომარა ცემენტი იყიდა. გამყიდველს ზუსტად მიუთითა ადგილი, სადაც ცემენტი უნდა მიეტანათ. ასევე შეიძინა მუშის კომბინეზონი და ჩაფხუტი. საღამოს, ექვსი საათისთვის კომბინეზონი ჩაიცვა და ბანკის წინ კაფეში დაჯდა. დიდხანს არ დასჭირვებია ლოდინი.  ერთ საათში საავარიო ფურგონი გამოჩნდა. იქიდან მუშის ფორმაში გამოწყობილი ოთხი მამაკაცი გადმოვიდა, საკანალიზაციო ჭას თავი ახადეს და ერთმანეთის მიყოლებით შიგ ჩავიდნენ, თან ყუთებით რაღაც ჩაიტანეს. ამავე საკანალიზაციო ჭასთან ხუთ წუთში ჯეკიც გაჩნდა. თავი ახადა და იქვე დალაგებული ცემენტის ტომრების შიგნით ჩაყრა დაიწყო. ამ საქმეს რომ მორჩა, კომბინეზონი გაიხადა და სატელეფონო ჯიხურისკენ გაემართა. მუნიციპალიტეტში დარეკა და განაცხადა, რომ 75-ე ქუჩისა და მედისონ-ავენიუს გადაკვეთაზე, საკანალიზაციო ჭებიდან წყალი ამოდიოდა. ცოტა ხანში მეორეჯერ დარეკა იმავე ნომერზე და შეცვლილი ხმით იყვირა:

– სენატორი ჰოჩკისი ვარ, თქვენ რა, არ იცით, რა ხდება ქალაქში? იცით, თუ არა, რომ მედისონ-ავენიუზე, კანალიზაციიდან განავალი პირდაპირ ქუჩაში იღვრება? იცით? მაშინ რატომ არაფერს აკეთებთ? სასწრფოდ ჩართეთ ეგ თქვენი სარეზერვო კოლექტორი, თორემ წაიღო ქალაქი განავალმა. 

ყურმილი რომ დაკიდა, ჯეკმა მედისონ-ავენიუ გადაჭრა და ბანკის უკან გაჩერდა. იქ მან კიდევ ერთი საკანალიზაციო ჭა მოძებნა, რომლის ადგილმდებარეობაც ნახაზების მიხედვით იცოდა და ლუქი ახადა. მოულოდნელად, ცარიელ კოლექტორში წყალი მოვარდა. წყლის დონე სწრაფად იმატებდა, რადგან მეორე მხარეს გასასვლელს ჯეკის მიერ ჩაყრილი ცემენტის ტომრები ხერგავდა. ცოტა ხანს დაელოდა...  წყლის ზედაპირზე მამაკაცი გამოჩნდა, რომელიც ხარბად ისუნთქავდა ჰაერს. ასეთ მდგომარეობაში ჯეფრი რაიტს ძლივს იცნობდი. 

– შენ?! ცოცხალი ხარ?! – გამომცემელს თვალები შუბლზე აუვიდა.

– რა, აფრიკაში უნდა მოვმკვდარიყავი, არა?! ალბათ, ვინმე შენს მეგობარს ისევე უნდა მოვეკალი, როგორც მერი მოკლა, არა? სხვები სად არიან, უკვე დაიხრჩვნენ?

– უჰ, შე ძაღლიშვილო! სპეციალურად შემოგვიტყუე აქ?! იცი, რას გიზამ!

გამწარებული რაიტი ზევით ამოსვლას შეეცადა, ჯეკმა სასწრაფოდ გაუშვა ხელი ჭის მძიმე თავსახურს, რომელიც მისტერ რაიტს პირდაპირ თავში დაეცა. იგი ყვირილით ჩავარდა წყალში. 

– ჩემი მოთხრობის ასეთი ფინალი, ხომ უფრო გაწყობთ, სერ? – ჩაილაპარაკა ჯეკ პატერსონმა და ამოიოხრა... 

თარგმნა 

ნინო  წულუკიძემ

 

скачать dle 11.3