კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი პრეტენზიები აქვთ კაცებს მაკიაჟის გაკეთებისას და რატომ უნდა იყოს ქალი ხან მუხლუხო ხან პეპელაროგორი პრეტენზიები აქვთ კაცებს მაკიაჟის გაკეთებისას და რატომ უნდა იყოს ქალი ხან მუხლუხო ხან პეპელა

ანუკა მურვანიძე „ისი-პარის“ სილამაზის აკადემიის რექტორი და მთავარი მენეჯერია. ასევე, ასწავლის ვიზაჟის ხელოვნებას. თუმცა, კიდევ უამრავი რამ არის ესთეტიკის სფეროში –  თმის ვარცხნილობა, კოსმეტოლოგია, მანიკიურ-პედიკიური, ეს ყველაფერი ამ აკადემიაშია გაერთიანებული. ანუკა არ ნანობს, რომ ბალერინა ვერ გამოვიდა. ის რეალისტია და გეგმებს  არ აწყობს,  ცდილობს, დღისით მუხლუხო იყოს, ღამით კი პეპელა. 

 

– საიდან გაგიჩნდათ სურვილი, რომ გამხდარიყავით ვიზაჟისტი? რადგან მამათქვენი – მურაზ მურვანიძე მხატვარია, ამან ხომ  არ განაპირობა თქვენი არჩევანი?

– ეს შემთხვევით მოხდა. 90-იანების დასაწყიში ამსტერდამში ვიყავი და მინდოდა ფოტოგრაფობა. მაგრამ, ჰოლანდიურ ენაზე უნდა ჩაგებარებინა გამოცდები. ამ დროს აღმოჩნდა, რომ არსებობდა ფოტოგრაფიასთან მიახლოებული პროფესია – ვიზაჟის ხელოვნება. ამისთვის ჩაბარება არ იყო საჭირო, პირდაპირ ჯდებოდი კურსზე. აღმოჩნდა, ეს ის ყოფილა, რაც მინდოდა. გეთანხმებით იმაში, რომ მამის გენი რაღაცაში გამომადგა. 

– თქვენ გიმუშავიათ უამრავი ფილმის, კლიპის გადაღებაზე, კაცები უფრო პრეტენზიულები არიან მაკიაჟის გაკეთებისას თუ ქალები?

– კაცები რომ არიან სკურპულოზურები თავიანთი გარეგნობის მიმართ, ისე ქალები არ არიან. თავიდან არ უნდათ ტონის წასმა, მერე დამატებას მთხოვენ. მეკითხებიან, როგორ გამოჩნდებიან ეკრანზე და ვხვდები, რომ კაცებს უფრო მეტი კომპლექსი აქვთ. ქალი უფრო წყნარადაა, იცის, რომ მაკიაჟს რომ გაიკეთებს კარგად გამოიყურება. კაცები დაბნეულები არიან. არ იციან, რას იკეთებენ და იმიტომ აქვთ პრეტენზიები.  მერე კი კმაყოფილები არიან და უცებ ვხვდები, რომ ძალიანაც მოსწონთ. ქართველ კაცებს უბრალოდ  თავის მოვლის კომპლექსი აქვთ, მე სულ მიკვირს, ქალმა რატომ უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება თავის თავს და კაცმა – არა. ამიხსნას ვინმემ, რატომ არის ეს ასე, კაცი რატომ უნდა იყოს გაბურძგნული, ფრჩხილებმოკვნეტილი და წვერგაუპარსავი. ეგეთ კაცებს უფრო აქვთ პრეტენზიები კარგ „ნაშებზე” და თავი „მაჩოები” ჰგონიათ. თავმოყვარე ქალს მოსწონს მოვლილი კაცი. ჰქონდეს წვერი, მაგრამ მოვლილი. ჰიპური სტილიც კარგია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, დაფხრეწილი და დაძონძილი იყოს. 

– ბებია და ბაბუა, ალბათ, განსაკუთრებულად გახსოვთ, დუდა ვინ შეარქვა ბატონ კოტე მახარაძეს?

– კოტე უკვე 8 წელია, აღარ არის და მედიკო – 2. ჩემს შვილსაც ძალიან კარგად ახსოვს და მათი სიყვარული თან გვდევს სულ. დღემდე ჩემთვის მედიკოც და კოტეც ცოცხლები არიან. დუდა დაარქვა ეკა ჩხეიძემ. მართალია, ეკა მისი პირდაპირი შვილიშვილი  არ იყო, მაგრამ  ის იყო პირველი ბავშვი – შვილიშვილი, რომელიც ოჯახში გაჩნდა. ეკამ შეარქვა კოტეს დუდა და მედიკოს – ტატა. ყველა შემდგარი ხელოვანია ჩემს ოჯახში, მაგრამ ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, ისინი ოჯახის წევრები არიან, მსიამოვნებს, როცა მეუბნებიან, რომ მედიკოს ვგავარ და ამ კომპლიმენტს ვიღებ. ეს გენი, რაც ჩვენს ოჯახს მოჰყვება  ღვთის საჩუქარია, პედაგოგობა კოტემ დამაწყებინა, მან მითხრა; შენ ისე იცი  ეს საქმე, ბევრმა რომ არ იცისო და მოდი, ჩემს სტუდენტებს უთხარი რამე, ეგება გზაზე დააყენო – ისე იხატებიან, როგორც დიდი ქალებიო. მივედი ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და ვასწავლიდი კოტესთან, თეატრალურში.

– ვიცი, რომ გული გწყდებათ და მართლაც გულდასაწყვეტია, რომ კოტე მახარაძის სახელი ძალიან მივიწყებულია დღეს...

– ეს არის საშინელება ჩვენი ოჯახისთვის. ისეთ ხალხზეა ლაპარაკი, ერთი-ორჯერ რომ გამოჩნდნენ ტელევიზორში და ამით გახდნენ უცებ ცნობილი ადამიანები. ტელევიზია კი არ უნდა იყოს პოპულარობის შუქურა, არამედ ადამიანის გონება. 85 წლის გახდებოდა კოტე და ამ იუბილეს ვაპირებთ, თეატრში ავღნიშნოთ. კოტეს პერსონა არის ლეგენდა და საქართველოსთვის, სამწუხაროდ – არა. ის, ვინც მთელი თავისი ენერგია, ნიჭი  ჩადო საქართველოსთვის, მათ ვივიწყებთ, ხოლო ვინც წავიდა და მიატოვა საქართველო უცხოეთში გაითქვა სახელი, იმათ ვარსკვლავებად მივიჩნევთ. კოტე მახარაძის სახელობის ქუჩა არ არსებობს საქართველოში და სირცხვილია. კოტემ ხომ მთელი ეპოქა შექმნა. ის იყო ორი ბატონის მსახური – სპორტისა და თეატრის. კოტეს დაბადების დღე იყო ფოიერვერკი. ვერიკოს სახლში იხდიდნენ, ჩამოდიოდნენ უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, პეტერბურგიდან, მოსკოვიდან. კოტე ფეხზე იდგა,  ყველა სუფრასთან მიდიოდა და სვამდა სადღეგრძელოს. ეს იყო შოუ. სპორტის ხალხი ცალკე ჩამოდიოდა და იყო ერთი ამბავი. მე პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რა ხალხში ვტრიალებდი.

– წეროვანის აგარაკზე ალბათ, ძალიან მხიარული გარემოა.

– ეს არის ნატას სამფლობელო. ნატამ სული შთაბერა და საოცრებები გააკეთა იქ. ნატა მოწოდებით აღმოჩნდა, რომ მებაღეა. ხელი აქვს ჯადოსნური,  თან მედიტირებს მიწასთან. ერთ მშვენიერ დღეს მიწაში ჩარგო რაღაც და ამოვიდა მშვენიერი ხე. ბაღში ცხოვრობს, დილით ყავა უჭირავს ცალ ხელში და მეორეთი ყვავილებს რწყავს. გაღვიძებულიც არ არის და ამოწმებს, რომელ მცენარეს რამდენი ფოთოლი გამოუვიდა, მცენარე გრძნობს ამ სიყვარულს და უფრო კარგად იზრდება, პატრონს უნდა უყვარდეს თავისი ბაღი. წეროვანში ყველა ჩვენიანია. იქ არის ნინო დუმბაძე, ედიშერ მაღალაშვილის სახლი, მარინა კახიანსაც უნდა და იმედი მაქვს ისიც გახდება წეროვნელი. თემურ ჩხეიძემაც აიშენა, ბაია დვალიშვილი გვერდით გვყავს. მარიამობას წეროვანში ვართ, ყველა მწვადებს წვავს,  გადავდივართ ერთმანეთთან და ვართ ერთ ჟივილ-ხივილში. 

– როგორც ყველა გოგოს ალბათ,  ბალერინობა თქვენც გინდოდათ. როგორი იყო იმის განცდა, რომ  ბალერინობას ვერ შეძლებდით?

– მინდოდა, მაგრამ გული არ მწყდება. ღმერთი ყველაფერს ისე აკეთებს როგორც საჭიროა. მესმის, რომ ხანდახან ძალიან უხეშად აკეთებს რაღაც-რაღაცეებს. მაგრამ, უფალი ჭრის ტოტს იმისთვის, რომ სხვა ტოტი გაიზარდოს – უფრო ნაყოფიერი. მე არ დავისაჯე, და არც ჩემი მშობლები, მე გავამართლე და შევდექი, როგორც პიროვნება, როგორც პროფესიონალი. პატარა რომ ვიყავი, როგორც ყველა გოგოს, მეც მქონდა ბალერინას კაბა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ექიმმა ქალმა, საზიზღარმა, ბოროტმა და ცუდმა, მითხრა, რომ შენგან არასდროს გამოვა ბალერინაო. მე დავიწყე ტირილი, ეს ოცნება დღემდე მაქვს და სიზმრებში ვხედავ, რომ ბალერინა ვარ. ვიღვიძებ და ვფიქრობ: „უფ, რა კარგად ვიცეკვე, რა კარგი ვიყავი სცენაზე”. ასე ყველა გოგოს ემართება, უბრალოდ, მე უფრო მეტად მქონდა ეს განცდა, რადგან თეატრში გავიზარდე, თან კოტე იყო პრემიერი და მაკა ბალერინა. მე არ მინდოდა, ვყოფილიყავი ოჯახზე დამოკიდებული და ჩემით მინდოდა მიმეღო ლუკმა-პური, როცა ეს ვთქვი, იფიქრეს, ანუკა ოცნებობსო და ირონიულად მიყურებდნენ. თუმცა, არ იყო ოცნება – ბევრმა რეჟისორმა არც იცოდა, რომ მე მედიკოსა და კოტეს შვილიშვილი ვიყავი. ამას რომ იგებდნენ, მე უკვე გადასაღებ მოედანზე ვიყავი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავი იოლად დავიმკვიდრე. ცრემლებით მივიღე ყველაფერი. ჩემმა შვილმა გამაკეთებინა ეს. შვილის გამო გავხდი კარიერისტი. ეს არის ცხოვრება. თუმცა, შეიძლებოდა, ბალერინა ვყოფილიყავი და უბედური. კიდევ კარგი, არ გავჩნდი ჯანსაღად მორბენალი ბავშვი, თორემ უეჭველად ბალეტში წავიდოდი და ბალერინებს არ აქვთ კარგი ცხოვრება. მე ხომ ვიცი ეს. ახლა ვიქნებოდი სქოლიოზიანი,  პოდაგრებიანი და სახსრების პრობლემებით. ბალერინების კარიერა ძალიან მალე მთავრდება, 38 წლის ვიქნებოდი პენსიონერი. ამიტომაც, არ ვნანობ. მე სხვა მიზანსწრაფვები მაქვს. მე კიდევ მინდა, გავიზარდო როგორც პროფესიონალი. ძალიან მომწონს ეს გზა, რაც მე გავიარე. ყველაფერი ლოგიკურად მოხდა ჩემს ცხოვრებაში დაწყებული ჩემი ბავშვობიდან, რომელიც  არცთუ ისე იოლი იყო. 

– შეყვარებული ანუკა როგორია?

– შეყვარებული და მეოცნებე ანუკა არის დაბნეული. მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ მამაკაცებს. არ მიყვარს ჩემი თავი შეყვარებული. რამდენჯერაც შეყვარებულობის მომენტი მქონდა, მივხვდი, უფრსკრულისკენ მივექანებოდი. ბევრად უფრო საინტერესო ცხოვრება მაქვს. ასე რომ, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რომელიც  ამ ასპექტში მივიღე, თუნდაც ის, რომ ქმარს ვარ გაშორებული. არ უარვყოფ სიყვარულს, უბრალოდ, ასეთი ფორმით, როგორიც დღეს არის, ნერვებს მიშლის. ღმერთმა ქნას, რომ უკეთესად მოვიდეს. არ ვამბობ უარს. კაცი უნდა იყოს პროფესიონალი, შემდგარი, ასეთებს კი ვერ ვხედავ. 

– თქვენ თვითონ იკეთებთ მაკიაჟს?

– მე თვითონ ვიკეთებ, რა თქმა უნდა. მაგრამ, დღისით მიყვარს მკვებავის წასმა, სახის დასვენება მაკიაჟისგან. თუ ღონისძიებაა და სადმე მივდივარ, ეს უნდა იყოს სრული მაკიაჟი თავის იდეალური ვარიანტით, იმიტომ რომ პროფესიაა ჩემი ისეთი, რომ ყველა მიყურებს, მე როგორი მაკიაჟი მაქვს. მიყვარს, როცა კარგად გამოვიყურები, კოკო შანელმა თქვა: „ქალი უნდა იყოს დღისით მუხლუხო და ღამით პეპელა. მუხლუხო დადის ბაზარში და პეპელა – მეჯლისზე. პეპელა ვერ წავა ბაზარში და მუხლუხო მეჯლისზე”. ქალი, როცა მრავალფეროვანია, უფრო საინტერესოა. მით უმეტეს თუ შეუძლია, ფურორის მოხდენა. როცა ყოველდღე ერთნაირი მაკიაჟი და თმის ვარცხნილობა გაქვს, აღარ ხარ საინტერესო. ქალის შინაგანი სამყარო თუ არ არის განვითარებული, თუ ოდნავი ინტელექტი მაინც არ არის, საშინელებაა. ისტერიკა აქვთ – მინი, დეკოლტე, ვულგარული მაკიაჟი. ქალი ცდილობს, შეინიღბოს რაღაც კომპლექსები – იბერავს ტუჩებს... „მაკქუინის“ ფეხსაცმელი და „გოტიეს“ კაბა ვერ შენიღბავს სტრესულ  თვალებს. ოდრი ჰეპბერნი არ აჩენდა ხორცებს და სხვათა შორის, უმკერდო ქალი იყო, მაგრამ სილამაზის ეტალონი გახლდათ. მას არაფერი დაჰკლებია იმის გამო, რომ ვულგარულად არ ეცვა. ქალის შინაგანი  სამყაროდან უნდა გამომდინარეობდეს, მაკიაჟიც და ჩაცმულობაც. ძალიან მოკლეხნიანია ქალი კაცისთვის, როცა ის შიშველი დარბის. ქალებმა უნდა ვეცადოთ, რომ უფრო მეტი იყოს ჩვენში საინტერესო, ვიდრე ტანსაცმელი და მაკიაჟი, ქალი არ უნდა დაავიწყდეს კაცს – მთელი ცხოვრება უნდა ახსოვდეს მისი არსებობა. 

 

 

скачать dle 11.3