მეცნიერებმა ვიკინგების „მზის ქვების“ საიდუმლო ამოხსნეს
ლეგენდამ იმის შესახებ, რომ ვიკინგები, რომლებსაც ორიენტირება ზღვაში მხოლოდ მზით შეეძლოთ, ნისლიან ამინდებში კი რაღაც „მზის ქვებს“ იყენებდნენ, მეცნიერული ახსნა პოვა – ძველი მეზღვაურები თურმე ისლანდიური მინერალის – შპატის კრისტალებს იყენებდნენ.
ცნობილია, რომ ვიკინგები მცოდნე ნავიგატორები იყვნენ და შორს, ჩრდილოეთ ატლანტიკაშიც მიდიოდნენ, თუმცა, კომპასის გარეშე, რომელიც ევროპელთათვის მეცამეტე საუკუნემდე უცნობი იყო. ისინი ნავიგაციის სხვა მეთოდებს იყენებდნენ.
პოლარული დღის პირობებში, როდესაც ვარსკვლავები არ ჩანს, კურსის გაკვლევის ერთადერთ საშუალუბად მზე რჩებოდა. ამ დროს, ნისლიან და ღრუბლიან დღეებში, მზის აღმოჩენა ძნელია და მეზღვაურები იძულებული ხდებოდნენ, გზა ტალღებისა და ქარის მიმართულების მიხედვით გაეკვლიათ. უძველეს ისლანდიურ ლეგენდებში მოთხრობილია მოგზაურებზე, რომლებიც ღრუბლიან ცას მზის საპოვნელად „მზის ქვების“ საშუალებით აკვირდებოდნენ.
საქმე ისაა, რომ შპატი პრიმიტიული დამუშავებითაც კი ძალზე ადვილად იღებს პრიზმის ფორმას, რაც მას სინათლის კარგ პოლარიზატორად ხდის. ანუ, ამ პრიზმით ადვილად შეიძლებოდა ღრუბლიან ცაზე მზის ნათელი ლაქის პოვნა. ახლახან ზღვის არქეოლოგებმა ასეთი კრისტალი დედოფალ ელიზაბეთ პირველის დროინდელი ბრიტანული ხომალდის ნარჩენებში აღმოაჩინეს, რომელიც 1532 წელს ჩაიძირა. სწავლულებს მიაჩნიათ, რომ ეს აღმოჩენა მათი თეორიის კიდევ ერთი დადასტურებაა.