დედამიწა ადამიანებისთვის სულ უფრო პრობლემური ხდება
მიუხედავად იმისა, რომ მეტეოროლოგები ტიპურ ზამთარს წინასწარმეტყველებენ, მსოფლიოს უდიდესი სწავლულები ექსტრემალურ ამინდებს პროგნოზირებენ – მოვლენები, რომლებიც ადრე არაბუნებრივად ითვლებოდა, უფრო ხშირი გახდება, ანუ, მათი ვარაუდით, წლევანდელი ზამთარი ერთ-ერთი უკანასკნელი ნორმალური ზამთარი იქნება, როცა საშუალება მოგვეცემა, თოვლში ვითამაშოთ, ვისრიალოთ თხილამურებითა და ციგებით. ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრების მონაცემებით კი, უკვე დადასტურდება ადრე გამოთქმული პროგნოზი წლევანდელი ზამთრის შესახებ: ის იქნება ჩვეულებრივი და, უკანასკნელი წლების ზამთრების ფონზე, შეიძლება ძალზე ცივად მოგვეჩვენოს.
ამ დღეებში გამოქვეყნდა ექსპერტების მოხსენება ამინდის ცვლილებების შესახებ, საიდანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ დედამიწა სულ უფრო და უფრო პრობლემური ადგილი ხდება ადამიანების ცხოვრებისთვის, ხოლო ამინდი, განსაკუთრებით ზამთრისა, ძალზე ექსტრემალური იქნება.
„ნასას“ კლიმატოლოგის, გევინ შმიდტის აზრით, ნალექების კატასტროფული დონე უახლოეს ათწლეულში კაცობრიობისთვის ნამდვილ უბედურებად იქცევა. კლიმატური ცვლილებები მომავალში იმდენად სერიოზული გახდება, რომ პლანეტის დღეს დასახლებული ზოგიერთი ადგილი ადამიანისთვის საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდება. სწავლულებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ დედამიწაზე ცხოვრება უფრო ექსტრემალური გახდება. საუკუნის შუისთვის ტემპერატურა 5 გრადუსით მოიმატებს, დასასრულისთვის კი – 9 გრადუსით. მყინვარების დნობის გამო კი ოკეანეებში ჩამავალი ცივი წყალი გოლფსტრიმის დინებას გააცივებს, რაც გამოიწვევს ძალზე ცივ ზამთრებს.