თამაში ბედთან
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-45(567)
– დამნაშავეს ყველა ადამიანში სძინავს. მთავარია, ისე იცხოვრო, შენი გაუაზრებელი მოქმედებით არ გააღვიძო და ის იარაღიც არ ჩაუდო ხელში, რომელიც შენვე გაგანადგურებს... – მდაა!.. – ამოიოხრა დევიმ, – ეს უკვე ჩემი ფანტაზიის ყველა საზღვარს სცილდება. შენ დაჯექი, რა წინ და უკან დადიხარ?
მარიკა გაჩერდა და გულზე ხელებდაკრეფილ ექსპერტს წყრომით მიაჩერდა:
– ჩვენ ვითომ რატომ გამოგვიშვა გარეთ და, საერთოდ, ვერ ვიგებ, რა ხდება, ეგ გოგო აქ საიდან გაჩნდა?
– ოო, აი, რა გაინტერესებს ყველაზე ძალიან! საქმე ისაა, ჩემო კარგო, რომ შენ ყველაზე საინტერესო მომენტი გამოტოვე, – დევიმ ერთბაშად შეწყვიტა ხუმრობა და სრულიად სერიოზულად უთხრა მასზე უკვე გულმოსულ მარიკას, – ნახავ, აქ რა მოხდება. გოგონა წუხანდელ მკვლელობაზე სალაპარაკოდ მოვიდა.
– კლიენტებს შორის იყო და რამე იცის? – გამოცოცხლდა მარიკა, – ესე იგი, წინ მივიწევთ?
– სავარაუდოდ, მზემ თუ არა, სხივმა მაინც უნდა გამოანათოს. მაგრამ, ვნახოთ. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.
– მოთმინება არ მყოფნის, ერთი სული მაქვს, გავიგო, რა იცის მაგ გოგომ. იქნებ, პირდაპირ მკვლელის კვალზე დაგვაყენოს?
– არ ვიცი, არ ვიცი... – დევი აწრიალდა, – მე მას ვცნობ. გახსოვს, ერთი კვირის წინ... ან შეიძლება, ათი დღის თუ ორი კვირის წინაც იყო, პრინციპში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ექსპერტად რომ ვიყავი გაუპატიურების საქმეში? თემო ჯაჯღანებდა კიდეც, რას გადაჰყევი მაგ ამბავსო...
– მერე? – მოთმინება დაკარგა მარიკამ.
– მერე ის, რომ ორმაგად საინტერესო გახდა ეს ყველაფერი.
– რატომ ჩვენც არ დაგვასწრო დაკითხვას? ეს ამბავი არ მომწონს. თან, მეც მაქვს ახალი ამბავი. ჩემმა იდეამ გაამართლა, ძალიან მაგარი რაღაც შევიტყვე. იქ ნამდვილად იყო ის.
– თუ იმ ქალბატონს გულისხმობ, ჩვენი პირველი საქმიდან, მაშინ, ეგ თემოსთვის აღმოჩენა არ იქნება. ახვლედიანმა უკვე აუკრძალა მის სიახლოვეს გავლაც კი, – თავისებური, ირონიული ტონით განუმარტა დევიმ.
– მართლა? ეს ძალიან ცუდია. ესე იგი, მის დაკითხვაზე მოყვანას ვერ შევძლებთ?
– არათუ დაკითხვაზე მოყვანას, მაგ „შავ ქვრივს“ ვერც კი დაველაპარაკებით. თუმცა, მეეჭვება, რომ მკვლელობასთან რამე კავშირი ჰქონდეს. შეიძლება, მხოლოდ დამთხვევაა.
– მე ასეთი დამთხვევების არ მჯერა, – თავი გააქნია მარიკამ, – თუმცა, მეც რომ ველაპარაკე იმას, ვისთანაც გამგზავნეთ, მკვლელობაზე ბევრი არაფერი არ უნდა იცოდეს.
– არასასიამოვნო ფაქტია, – გაეღიმა დევის.
– ვისთვის, ჩვენთვის თუ იმისთვის?
– ჩვენთვისაც და იმისთვისაც, თორემ, ახვლედიანს „ზევიდან“ არ შეაწუხებდნენ.
მარიკამ მოხურულ კარს გახედა:
– რაღაც, ძალიან გაუგრძელდათ საუბარი. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ. მე ხომ ამ საქმეზე ვმუშაობ... შენც... რატომ არ უნდა ვიცოდეთ, იქ რაზე ლაპარაკობენ? დამაწყდა ნერვები...
მარიკას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კარი გაიღო და ზღურბლზე თემო გამოჩნდა.
– შემოდით! მარიკა, წყალი წამოიღე, თუ არ შეწუხდები. მინერალური მაცივარშია...
– როგორ არის საქმე? – ხმადაბლა ჰკითხა ექსპერტმა გამომძიებელს.
– წარმოუდგენელი ამბავია. გოგონა ძალიან შეშინებულია და გასაგებიც არის. საერთოდ, რადგან ჩვენთან მოვიდა, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შოკშია. ყოველ შემთხვევაში, მისი ყველა სიტყვა უნდა გადამოწმდეს. თანაც ისე, რომ ახვლედიანმა არაფერი გაიგოს.
– პირობას არღვევ? ხომ იცი, რომ, თუ მაინც გაიგო, სერიოზული პრობლემა გვექნება. გაგიჟდება, მით უმეტეს, რომ დაპირდი.
– ვიცი, მაგრამ, ჯერ მისი ჩარევა უფრო მეტ პრობლემას შემიქმნის – მაშინვე მოინდომებს, რომ საქმე გავხსნათ.
– მოითხოვს – ერთია. საქმე მკვლელობას ეხება და ასე ადვილია, მკვლელობის ბრალდება აჰკიდო და დააპატიმრო?!
თემომ დევის გამომცდელად შეხედა:
– ესე იგი, უკვე მიხვდი.
– ჰო, აბა, რა... დიდი მისახვედრიც არაფერია. რადგან დაფეთებული მოვარდა, ესე იგი, მკვლელობაზე იმაზე მეტი იცის, ვიდრე ბარის უბრალო კლიენტმა.
– ლოგიკურია, – თავი დაუქნია თემომ, – ყოჩაღ. ნეტავი, ამის ნახევარს ახვლედიანი ხვდებოდეს.
– არ არის აუცილებელი, ახვლედიანი საერთოდ ხვდებოდეს რამეს. მთავარია, ხელი არ შეგვიშალოს.
– სწორედ მაგის იმედი მაქვს. შეეცდება, სასწრაფოდ „მიხუროს“ ეს საქმე. გოგონა ძალიან შეშინებულია და, შენც იცი, სამხილიც სერიოზულია.
– სამხილი არა, უფრო მოტივი. მაგრამ, თუ ისევ ლოგიკას ჩავრთავთ, ეს ბავშვი მკვლელი ვერანაირად ვერ იქნება.
– გეთანხმები, მაგრამ, თუ ბიჭი ხარ, გააგებინე ეს შენს შეფს! ამიტომ არ მინდა, რომ ჯერ ახვლედიანის ყურამდე მივიდეს ეს ამბავი.
მარიკამ ბოლო სიტყვებს მოჰკრა ყური:
– რა ამბავი არ უნდა მივიდეს ახვლედიანის ყურამდე? მინერალური საერთოდ არ გქონია და ბუფეტში ვიყავი ჩასული. ბევრი გამოვტოვე?
– არც შეგვინიშნავს, როდის გახვედი. მოკლედ გეტყვი: ის ტიპია მოკლული, რომელმაც გოგონა გააუპატიურა და აწამა.
მარიკას თვალები გაუფართოვდა:
– მართლა? და, აქ მოვიდა მაგის სათქმელად?
– ბავშვია და შეეშინდა, რომ პასუხისმგებლობას მას აჰკიდებენ. რეალურად ასეც იქნება, თუკი ნამდვილ მკვლელს არ დავიჭერთ, – დარწმუნებით თქვა დევიმ და თემოს შეხედა.
– ჰო, ზუსტად ასე იქნება. აი, დევის სჯერა, რომ გოგონა დამნაშავე არ არის.
– მართალია. მე გამოვრიცხავ მის ბრალეულობას. მკვლელი თვითონ ვერანაირად ვერ იქნებოდა, დანაშაულის სურათის სპეციფიკიდან გამომდინარე.
– ეგ გასაგებია, მაგრამ, დანაშაული იმავე მოტივით შეიძლებოდა, სხვასაც ჩაედინა, – საუბარში ჩაერთო მარიკა და თავისი ემოციები ვერ დამალა, – მაგალითად, შეყვარებულს, ქმარს... ღმერთო ჩემო, თუ საერთოდ არსებობს მის საგვარეულოში მამაკაცი, შეეძლო ამ მკვლელობის ჩადენა და სრული უფლებაც ექნებოდა!
– აჰა, ესეც ქალური ლოგიკა – ჩართო მექანიზმი და გაუტია. იქნებ, ისიც გვითხრა, რომ მკვლელს სპეციალური ჯილდო გამოვუწეროთ ან ორდენი ჩამოვკიდოთ, როგორც გმირს? – დასცინა დევიმ და თავზე ალერსით გადაუსვა ხელი, – შენც ისევ პატარა ხარ, ძალიან პატარა...
– კარგი რა, – გაბრაზდა მარიკა, – ეგ რა შუაშია! ზოგჯერ ჩვენ „დათვურ სამსახურს“ ვუწევთ საზოგადოებას.
– მარიკა, მოდი, მაგაზე ნუ იფიქრებ, კარგი? სერიოზული დავალება მაქვს შენთვის.
– გისმენთ, ბატონო თემო. თქვენთან მეც მაქვს საქმე. – ვნახე ისინი.
– ძალიან კარგია, მაგრამ, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. ამ ბავშვს დიდხანს ვერ გავაჩერებთ – გამოპარულია სახლიდან. სკანდალი და ხმაური ჩვენს ინტერესებში არ შედის.
– რა უნდა გავაკეთო?
– შენებურად, ქალურად უნდა მიუდგე და გაიგო, ვის შეეძლო მისი ოჯახის წევრებიდან ამ დანაშაულის ჩადენა... ან, შეყვარებული თუ ჰყავს.
– გავიგე. თქვენც შემოხვალთ?
– არა, მე და დევი მხოლოდ ხელს შეგიშლით. ფსიქოლოგიური მომენტია. შეიძლება, ჩვენთან კიდევ უფრო შეშინდეს და საერთოდ გაჩუმდეს.
მარიკამ თავი დაუქნია:
– მაშინ, შევუდგები საქმეს.
– მიდი, მიდი... – შეაგულიანა დევიმ, – შენ მაგარი გვყავხარ!
მარიკამ მინერალური წყლის ბოთლი ერთი ხელით დაითრია, მეორე ხელით აწკრიალებული მობილური ამოათრია ჯიბიდან.
– ჰო, ნიკა... სად უნდა ვიყო, სამსახურში ვარ. ჰო, რა თქმა უნდა. ჯერ ვერა... წარმოდგენა არ მაქვს. არ ვიცი-მეთქი... ჩამოვიდა უკვე? ორ საათში? – მარიკამ მობილურიანი ხელი ზურგს უკან დამალა და ამოიოხრა, მერე ისევ მიიდო ყურზე: – ვერა, ნიკა, ვერა. ვერც აეროპორტში წამოვალ და ვერც ადრე დავბრუნდები. რა ვქნა? შენ დახვდი და მერე მეც მოვალ... მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, ახლა არ მცალია...
დევიმ თვალი ჩაუკრა:
– ოჯახური პრობლემები... დაგეწყო უკვე?
– დედამისი ჩამოდის და... ნიკას ბევრი რაღაც სხვანაირად ესმის და მიჭირს, გადავარწმუნო.
– ოღონდ, ნუ ეცდები, ხელახლა აღზარდო – ეს თქვენს ურთიერთობას სრულ კატასტროფამდე მიიყვანს, – დაარიგა დევიმ.
– გავითვალისწინებ, – გაუღიმა მარიკამ და კაბინეტში შევიდა.
თემომ სინანულით გახედა.
– ვიცი, ახლა რაც გაიფიქრე, – გაიცინა დევიმ, – კარგი კადრი იყო და დავკარგეთო. ასეა, გათხოვილი ქალი მაინც გათხოვილი ქალია.
– შენ როდის აქეთ დაიწყე ფილოსოფოსობა? მარტო ჩემს აზრებს კითხულობ თუ ეგ ნიჭი სხვებზეც შეგიძლია, გამოიყენო? ნუ დამიმალავ, ძალიან გამომადგება.
– ნუ იბოღმები. თუმცა, მესმის შენი. იმ ბიჭის მიმართ მეც რაღაცნაირი განცდა მაქვს. ვერც იმას ვამბობ, რომ ცუდი ბიჭია, მაგრამ... მოკლედ, ხომ ხვდები.
– არ ვიცი. შენ, ალბათ, იმ ფაქტიდან გამომდინარე ხარ ასე.
– არა მხოლოდ. თუმცა, ეგეც ძალიან საეჭვოა და გაურკვეველი.
– ვახოს რომ ცოტა მეტი ჭკუა ჰქონდეს და აზროვნება შეეძლოს, დავავალებდი, მარიკას ქმარი გადაემოწმებინა, მაგრამ, ეგრევე გაიშიფრება და მარიკა ამას არ მაპატიებს. მე კი კადრი არ მყავს ასეთი დელიკატური დავალებებისთვის.
– დელიკატური თუ, საიდუმლო და პირადული საქმეებისთვის? მეც ვერ გავაკეთებ ამას, მაგრამ, შევეცდები, მარიკას ვუთხრა.
– რა უნდა უთხრა, შენს ქმარს არ ენდო და უთვალთვალეო? აბა, რას ამბობ! არ გაბედო და ეჭვი არ ჩაუდო გოგოს გულში, ცოდვაა.
– აბა, ასე მივანდოთ ბატკანი მგელს? – ხელები გაშალა დევიმ და მაშინვე გამოასწორა თავისი ნათქვამი, – მგონი, მეტისმეტი მომივიდა. მგელს ნამდვილად არ ჰგავს, მაგრამ, სანამ ეგ ამბავი არ გაირკვევა, მშვიდად ვერ ვიქნები. ვეჭვობ, მარიკაც არ არის მშვიდად. შეამჩნიე, როგორ ღელავდა, როცა ქმარს ელაპარაკებოდა?
– არა, არ შემინიშნავს და არც მინდა, მაგაზე ვიფიქრო, მით უმეტეს – ახლა. მოდი, რა, ნუ მოვაწყობთ შეთქმულებას და ამ საქმეზე ვიმუშაოთ.
– მე მაინც ყურადღებით ვიქნები, – ჩაილაპარაკა დევიმ, – ჩვენ რას ვაკეთებთ ახლა?
– შენ, შენი დასკვნით, ახვლედიანთან შედიხარ და ყველანაირად ცდილობ, რაც შეიძლება დიდხანს დარჩე მასთან.
– არაპროფესიულ დავალებებს იძლევით, ბატონო გამომძიებელო.
– რა ვქნა, აქ სხვანაირად ვერ იმუშავებ, – აუხსნა თემომ, – მოვწიოთ და მივხედოთ საქმეს. ვახო მყავს დასაქოქი. მაშინ რაღაც დავავალე და ჯერ არც კი დაურეკავს. რა მოვუხერხო ამ ბიჭს, არ ვიცი.
– შენ რას მოუხერხებ, როცა ბუნებამ უკვე იზრუნა მასზე, – დევიმ სიგარეტის კოლოფი გაუწოდა თემოს, – გინდა, უცებ ერთი მაგარი ამბავი მოგიყვე?
– შენებურად თუ არ იმასხრებ...
– არა, არა, ძალიან საინტერესოა და ჩვენს მკვლელობასთანაც კი აქვს შეხება. ფსიქოლოგიურ დონეზე, რა თქმა უნდა.
– ოჰ, დევი... გამოუსწორებელი ხარ...
– არა, მართლა ძალიან საინტერესოა... ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, ოთხმოცდახუთი წლის წინ...
– შენ ძალიან შორს წახვედი, არც ეგეთი „ძველი“ ვარ.
– დამაცადე, ხელს ნუ მიშლი! მოკლედ, იმ პერიოდში „საბჭოთა ტვინებმა“ გადაწყვიტეს, ცოცხალი სამხედრო მანქანა შეექმნათ და ადამიანი მაიმუნთან შეაჯვარეს.
– გეყოფა მაიმუნობა. ეგ ისეთივე ამბავია, როგორც ბუზების საზამთროს კურკებთან შეჯვარება.
– არა, კაცო!.. რა გჭირს... არ ვხუმრობ, ნაღდ ამბავს გიყვები. თანაც, ეს ყველაფერი სოხუმის მაიმუნსაშენში ხდებოდა. ისე, მანდ მაგარი ექსპერიმენტები მიდიოდა, ხომ იცი შენ?! – მაგალითად, იყო ერთი მეცნიერი. ბიოლოგი ივან ივანოვი, რომელიც პირდაპირ სტალინის მითითებებს ასრულებდა და ვირი ზებრასთან შეაჯვარა, ანტილობა კი – ძროხასთან.
– მერე, სტალინს რაში სჭირდებოდა ანტილოპისრქებიანი ძროხა? – ირონიულად ჩაიცინა თემომ, – ჰიტლერის შეშინება ჰქონდა გადაწყვეტილი თუ მოკავშირეების?
– სტალინს ძროხები და ზებრები არ აინტერესებდა, მაგრამ, ადამიანი-მაიმუნი, თავისი შესაძლებლობებით, უკვე სერიოზული საქმეა. წარმოიდგინე, როგორი ჯარისკაცები და მუშები გამოვიდოდნენ მათგან. საბჭოთა ქვეყანაში სწორედ ასეთი ადამიანებს ჭირდებოდათ.
– მოიცა, მამრი რომელი უნდა ყოფილიყო – ადამიანი თუ მაიმუნი?
– მაიმუნი, რა თქმა უნდა. როგორც ცნობილია, ახალშობილის გონებრივ შესაძლებლობებსა და მის ინტელექტუალურ მაჩვენებლებში დომინანტი მაინც დედაა.
– ეგ როგორ?
– როგორ და, მარტივად აგიხსნი: ახალშობილს გონებრივი შესაძლებლობები დედისგან უფრო მეტი გადაეცემა, ვიდრე მამისგან. მამა სულაც გენიოსი რომ იყოს, თუ დედის ინტელექტი და გონება ვერ „ქაჩავს“, შვილი ვერ გამოვა ისეთი ჰიბრიდი, როგორიც საჭიროა. შეიძლება, მთლად დებილი არ გამოვიდეს, მაგრამ, საშუალო დონეს ვერ გაცდება.
– მერე?
– მერე ის, რომ ძალიან გასძნელებიათ ისეთი მამრი მაიმუნის მოძებნა, რომელიც მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. ყველაზე კარგები და რჩეულები ლაბორატორიიდან მარსის ექსპედიციაში საექსპერიმენტოდ მიჰყავდათ კაფსულისთვის. სპეციალურად წვრთნიდნენ.
– ანუ, გამოუვიდათ ექსპერიმენტი და შენ იცნობ კიდეც, იმ ადამიანი-მაიმუნის რომელიმე შთამომავალს? – ღიმილი ვერ შეიკავა პაპავამ.
დევი შეიჭმუხნა.
– სულ ტყუილად იცინი. ჯერ მთავარი არ მითქვამს...
***
ნიკამ ლოყაზე აკოცა დედას და ჩანთა ჩამოართვა.
– როგორ იმგზავრე?
– კარგად, – ქალმა შვილის ზურგს მიღმა გაიხედა, – მარტო ხარ?
– ჰო. მარიკა სამსახურშია. დავურეკე, მაგრამ, ხომ იცი, როგორ სისტემაში მუშაობს. ვერაფრით ვერ მოახერხა ადრე გამოსვლა. ახლა უკვე მალე მოვა, ალბათ.
ქალმა ირონიულად შეხედა შვილს. ნიკა მიხვდა, რისი თქმა უნდოდა დედამისს და არ თქვა, მაგრამ, ხმა არ ამოუღია, ჩანთა მის ოთახში შეიტანა და გამოვიდა.
– რატომ არ გინდოდა, აეროპორტში დაგხვედროდი?
– იმიტომ, რომ მანქანა აეროპორტის ავტოსადგომზე მყავდა დაყენებული. საერთოდაც, რა საჭირო იყო? თვითონ მშვენივრად მოვედი სახლში. ახლა შხაპს მივიღებ და დავისვენებ. ძალიან დაღლილი ვარ. მგზავრობა ყოველთვის მღლის.
– ჰო, რა თქმა უნდა. მარიკა რომ მოვა, დაგიძახებ.
– საჭირო არ არის. ისიც დაღლილი იქნება. დილით ვნახავ, – ქალი საძინებლისკენ გაემართა. ნიკამ შეაჩერა:
– დედა, რა ხდება?
– რა ხდება? ვერ მივხვდი, რას მეკითხები.
– ხვდები. რა ხდება-მეთქი?
ქალმა განცვიფრებით და წყენით შეხედა.
ნიკამ უკან აღარ დაიხია:
– ეს რას ნიშნავს? შენი ასეთი ტონი რას ნიშნავს-მეთქი, მარიკას ნახვა არ გინდა? სპეციალურად ერიდები მასთან შეხვედრას?
– მე? საიდან მოიტანე? უბრალოდ, არ მიმაჩნია აუცილებლად, ამ ღამესვე მოვაწყოთ ოჯახური იდილიის დემონსტრირება. შეგნებული და ზრდასრული ადამიანები ვართ. მეც დავიღალე და არც ის იქნება უკეთეს მდგომარეობაში. აი, შენ კი, სულ ტყუილად იწვალებ თავს ეჭვებით. ყველაფერი ძალიან კარგად არის, მე და მარიკა მშვენივრად გავუგებთ ერთმანეთს.
– რა თქმა უნდა, მით უფრო, თუ ერთმანეთს საერთოდ არ შეხვდებით, – წაგესლა ნიკამ.
– მე არ ვიცი, რატომ ხარ ასე განწყობილი, – ამოიოხრა ქალმა და შვილს თვალებში შეხედა, – თუ ამის მიზეზი ჩემი წასვლაა, მგონი, ეს საგანგებოდ არ გამიკეთებია. სულ ასე დავდივარ და კონფერენციის თარიღს მე არ ვარჩევ. პირიქით, კმაყოფილიც უნდა იყო, რომ მთელი ეს პერიოდი მარტონი იყავით. მარიკას უხერხულობის განცდაც არ ექნებოდა. მშვენივრად იცი, რომ ჩემთვის მთავარი შენი ბედნიერებაა, მაგრამ, რაღაც უცნაურად ხარ განწყობილი და... არ გინდა, საყვარელო, – ქალმა შვილს მხარზე მოჰხვია ხელი და შუბლზე აკოცა.
ბიჭმა იგრძნო, როგორ აუჩუყდა გული, როგორც მაშინ, ბავშვობაში. დედას მკერდში ჩაეკრა და, ცოტა დააკლდა, რომ არ ატირებულიყო.
– მარიკას მშობლების გაცნობაც აუცილებლად მოგიწევს.
– არ არის პრობლემა, გავიცნობ...
– ჰო, ან ჩვენ მივალთ მათთან, ან ისინი უნდა დავპატიჟოთ აქ... ან – სადმე.
– მოვიფიქრებ რამეს, ნუ ნერვიულობ. ჩემთვის მთავარი შენი ბედნიერება და კარგად ყოფნაა. ახლა კი წავალ, დავისვენებ...
***
მარიკამ ჭიქაში მინერალური წყალი ჩაასხა და გოგონას გაუწოდა.
– სიგარეტი ხომ არ გინდა?
– არა. არ ვეწევი. თუმცა... მომეცით.
– არ გინდა, თუ არ ეწევი, არ გინდა... მოდი, მე და შენ ვილაპარაკოთ, ისე, უბრალოდ ვილაპარაკოთ.
– რაც ვიცოდი, უკვე ყველაფერი ვუთხარი თქვენს გამომძიებელს. სახლში წასვლა მინდა.
– აუცილებლად წახვალ, ჩემი ნუ გეშინია.
– თქვენც აქ მუშაობთ?
– ჰო.
გოგომ ეჭვით შეხედა:
– გამომძიებელი ხართ?
– რაღაც მაგდაგვარი. მაგრამ ახლა როგორც გამომძიებელი ისე არ გელაპარაკები. უბრალოდ, მაინტერესებს შენი ამბავი. ვიცი, რომ ძალიან ბევრი რაღაც გადაიტანე. მშობლები გყავს?
გოგონამ ცრემლიანი თვალები ხელისგულით მოიწმინდა.
– მარტო დედა მყავს... არა, მამაც მყავს, მაგრამ, საქართველოში არ ცხოვრობს. დიდი ხანია, უცხოეთში წავიდა და იქ მუშაობს.
– ძმა? და?
– ჩემი ძმაც მამასთან არის, უკვე სამი წელია. აქ მარტო მე და დედა ვცხოვრობთ... დედაჩემს ხომ არ ეტყვით, რომ თქვენთან მოვედი?
– არა, არ ვეტყვით.
– ჰო. ძალიან ნერვიულობს, რაც ის ამბავი შემემთხვა... თავს იდანაშაულებს. სამოდელო სტუდიაში რომ არ გამეშვი, არაფერიც არ მოხდებოდაო. არადა, სამოდელო სტუდია არაფერ შუაშია... მე ის შემთხვევით, ქუჩაში გავიცანი, თუმცა, ამას გაცნობაც არ ჰქვია. გამაჩერა, რაღაც მკითხა და, სანამ ვუპასუხებდი, ხელი მტაცა... მერე რა მოხდა, კარგად აღარც მახსოვს... ნამდვილი კოშმარი იყო... ეს ყველაფერი იმ მეორე გამომძიებელს მოვუყევი.
– ბატონ თემოს?
– არა. კიდევ სხვას, ვინც ექიმის კაბინეტში დამკითხა.
– ძალიან ცუდად იყავი, მესმის შენი, მაგრამ, უნდა დაგვეხმარო.
გოგომ თვალებგაფართოებულმა შეხედა და ჭიქისკენ გაიწოდა ხელი. მარიკამ ჭიქა ახლოს მიუჩოჩა.
– უბრალოდ ვსაუბრობთ, ნუ გეშინია...
– მე აქ იმიტომ მოვედი, რომ ტელევიზორში ვნახე... თქვეს, მოკლესო.. ბარშიო...
– მერე?
გოგო გაჩუმდა. ეტყობოდა, უჭირდა გადაწყვეტილების მიღება. შიში და კიდევ რაღაც არ აძლევდა ლაპარაკის საშუალებას. მარიკამ მხარზე მოუსვა ხელი, თბილად გაუღიმა.
– ჩემი არ უნდა მოგერიდოს, შეგიძლია, ყველაფერი მითხრა.
– დამიჯერებთ, რომ არ გატყუებთ და სიმართლეს ვამბობ?
– დაგიჯერებ.
გოგონამ ამოიოხრა:
– მაშინ, გეტყვით – მე მისი მოკვლა მინდოდა. ამაზე ვფიქრობდი და იმ ბარშიც იმიტომ მივედი, მაგრამ, ბოლო წუთს შემეშინდა და გამოვიქეცი. ორი ქუჩის მოშორებით ტროტუარზე დავჯექი და ვტიროდი. მერე ვიღაც ბიჭმა გამოიარა მანქანით და გამიჩერა... ეს უკვე აღარ არის საინტერესო.
– ვინ ბიჭი იყო?
– ვიღაც გამვლელი... სახელი არ მიკითხავს. საკუთარ თავზე ძალიან ვიყავი გაბრაზებული, რომ ვერ შევძელი, ვერ მოვახერხე, არადა, მინდოდა... ძალიან მინდოდა... მერე კი ტელევიზორს ვუყურე და არანორმალურად შემეშინდა. არ მინდა, ციხეში ჩამსვან იმისთვის, რაც არ ჩამიდენია... დამიჭერენ?
მარიკამ თავი გააქნია:
– უნდა დავამტკიცოთ, რომ შენ არ მოგიკლავს.
– ამას როგორ მოვახერხებთ?
– ნამდვილი მკვლელი უნდა დავიჭიროთ.
გოგონამ მარიკას ხელში სტაცა ხელი და მოებღაუჭა:
– დაიჭერთ? მართლა დაიჭერთ?
– უნდა დავიჭიროთ. ამიტომაც გვინდა შენი დახმარება.
– ჩემი? რა გინდათ, რომ გავაკეთო?
– ყველა დეტალი უნდა გაიხსენო. მოდი, ნელ-ნელა მივყვეთ: როგორ აღმოჩნდი იმ ბარში, რა იცოდი, რომ ის იქ იქნებოდა?
– უკან მივყვებოდი. ჯიბეში გაშლილი დანა მედო. წინა დღეს ვიყიდე, სპეციალურად...
– სად არის ახლა ის დანა?
– გოგონამ ცოტა ხანს იფიქრა... მერე ჯიბეში ჩაიყო ხელი და პატარა დასაკეცი დანა ამოიღო, რომელიც ჯაყვა უფრო იყო, ვიდრე სასიკვდილო იარაღი...
მარიკამ ორი თითით გამოართვა და მაგიდაზე დადო.
– შენ ეს არ გჭირდება... ისე, მსხვერპლი ბასრპირიანი საგნით არის მოკლული...
– ჰო, ვიცი... ტელევიზორშიც ასე თქვეს... იმიტომაც შემეშინდა – მე ხომ ჯიბეში დანა მედო... ვიფიქრე, ახლავე მოვლენ და დამაპატიმრებენ-მეთქი. აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა და გადავწყვიტე, მე თვითონ მოვსულიყავი.
– უკან მივყვებოდიო... ეს როგორ მოახერხე, იცოდი მისი ვინაობა? მოასწარი მისი გაცნობა, სანამ იძალადებდა? როგორც ვიცი, გამოძიება უშედეგოდ ეძებდა მას... ხელჩასაჭიდი რომ ჰქონოდათ რამე, დააპატიმრებდნენ და მკვლელობაც არ მოხდებოდა.
გოგონა აწრიალდა:
– მე ის... შემთხვევით... ქუჩაში დავინახე და ავედევნე...
– არა, არა, ახლა უკვე ტყუი, ასე არაფერი გამოვა. თუ მომენდე, ყველაფერი უნდა მითხრა...
– არ ვტყუი, მართლა შემთხვევით დავინახე...
მარიკამ თავი გააქნია:
– ასე ადვილი არ არის ტყუილში დამაჯერო. ჯერ ერთი, გეტყობა, მეორეც – მე შემიძლია, ორი წინადადებით დაგიმტკიცო, რომ ახლა სიმართლე არ გითქვამს... სულ ცოტა ხნის წინ მითხარი, დანა ვიყიდე სპეციალურადო... ეს კი იმას ნიშნავს, რომ იცოდი, სად შეიძლებოდა მისი პოვნა.
– ჰო, გამომძიებლისთვის ყველაფერი არ მითქვამს. გადავწყვიტე, მე თვითონ მომეძებნა და ისეთივე ტკივილი მიმეყენებინა, როგორც მან მომაყენა. ამ აზრზე ერთი ადამიანის სიტყვებმა დამაყენა – მან თქვა, ბოროტება დაუსჯელი რჩება ხოლმეო. არ ვიცი, მაშინ ჩემს გონებაში რა მოხდა, მაგრამ, თითქმის იმ წუთში გადავწყვიტე, რომ მასთან საკუთარი ხელით უნდა გამესწორებინა ანგარიში. ამიტომაც, გამომძიებელს აი, ეს არ ვაჩვენე... დავუმალე... – გოგონამ ხელისგული გაშალა და მარიკამ სავიზიტო ბარათი დაინახა.
– ეს რა არის? თვითონ მოგცა?
– არა, ჯიბიდან ამოუვარდა. იმ სპორტდარბაზის სავიზიტო ბარათია, სადაც ჯგუფებს ავარჯიშებდა ფიტნესში.
მარიკამ გაოცებით შეხედა:
– შევცდი შენს შეფასებაში. არც ისეთი სუსტი და დაუცველი ყოფილხარ, როგორიც თავიდან მეგონე.
გოგონა დაფრთხა:
– და... ახლა დამაპატიმრებთ? როგორ შევცდი, რომ ეს ყველაფერი მოგიყევით. ხომ ვიცოდი, რომ ვერ გამიგებდით! სულელი ვარ... მომეკლა მაინც, ვიღაცამ ეს ჩემ მაგივრად გააკეთა და ახლა პასუხი მე უნდა ვაგო... არ მინდა ციხეში!..
მარიკამ აცადა, სანამ გოგო ცოტათი დამშვიდდებოდა, მერე კი დაყვავებით უთხრა.
– ახლა მომისმინე. მე მესმის შენი, მაგრამ, გულახდილად გეტყვი, ეგ სავიზიტო ბარათი თავიდანვე რომ მიგეცა გამომძიებლისთვის, ახლა პრობლემები არ შეგექმნებოდა. აჯობებდა, ჩვენთვის მოგენდო დამნაშავის დასჯა, რადგან დანაშაული დაუსჯელი არ რჩება. ამდენი ადამიანი აქ იმიტომაც ვართ... ცუდია, რომ ამაზე არ იფიქრე. შენ სწორად მიხვდი: სრულიად შესაძლებელია, გამოძიებამ ეჭვი შენზე მოიტანოს. ასეთ შემთხვევაში მთავარი მოტივია, რომელიც შენ გქონდა.
გოგონა გაფითრდა, ჭიქაში დარჩენილი რამდენიმე ყლუპი წყალი მოსვა და მარიკას შიშით შეხედა:
– მე მართლა არ მომიკლავს... მინდოდა, მაგრამ, ბოლოს მივხვდი, რომ ვერ გავაკეთებდი ამას... განზრახვისა და მისი მოკვლის სურვილის გამო დამიჭერენ? ეს ხომ უსამართლობა იქნება!
– სამართლის აღსრულება ჩვენთვის უნდა მოგენდო.
– ახლა ხომ აქ ვარ და ყველაფერს გიყვებით...
– ჰო, ეს გონივრული საქციელი იყო... შეყვარებული გყავს?
გოგონა გააკვირვა მოულოდნელმა შეკითხვამ.
– არა. რატომ მეკითხებით?
– ისე... ძალიან ლამაზი გოგო ხარ და ბუნებრივი იქნებოდა, შეყვარებული გყოლოდა.
– ჰო, მაგრამ, არ მყავს – ვერ მოვასწარი. ახლა, მით უმეტეს, მეეჭვება, მამაკაცების მიმართ ნდობა ოდესმე დამიბრუნდეს. მგონი, იმ ბიჭმაც რაღაც ამდაგვარი მკითხა...
– რომელმა ბიჭმა?
– იმან, იმ ღამით სახლში რომ მიმიყვანა... მარტო რატომ ხარო... არავინ გყავსო?.. საერთოდ, ის ღამე ცუდად მახსოვს... ახლაც ისეთი განცდა მაქვს, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს არ ხდება...
– მერე რა იყო? მიხვედი ფიტნესის დარბაზში და დაელოდე?
– გარეთ ვიყავი, კაფეში ვიჯექი და ვუთვალთვალებდი. მე ხომ არ ვიცოდი, როდის მოვიდოდა, ან, საერთოდ, მოვიდოდა თუ არა...
– მარტო იყავი?
– დიახ, მარტო, დედაჩემისთვისაც არ მითქვამს, ისე წავედი.
– დედას ვერ ეტყოდი, მაგრამ, მეგობარს? დაქალს?
– არა, მე ასეთი დაქალები არ მყავს. საერთოდაც, მიჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა... მეორე დღეს მოვიდა. ეტყობა, ვარჯიშები ყოველდღე არ ჰქონდა. თუმცა, ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, მოვიდა... მანქანიდან გადმოვიდა და შენობაში შევიდა... მე ვიჯექი და ველოდებოდი... არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა... გამოვიდა და, რატომღაც, მანქანაში აღარ ჩამჯდარა, მხოლოდ ჩანთა შეაგდო შიგნით, ისევ ჩაკეტა და ქუჩას ფეხით გაუყვა. გავყევი. სიგარეტი იყიდა... ნელა მიდიოდა... ქუჩაში მიმავალ გოგოებს ათვალიერებდა და იცინოდა... კარგ გუნებაზე იყო და ამან უფრო გამამწარა... ვიფიქრე, ჩემნაირს ეძებს, რომ ისიც გააუბედუროს-მეთქი.
– მომისმინე... თუ შეამჩნიე, არავის გამოლაპარაკებია?
– არავის. ბარშიც მარტო შევიდა...
– ეგ გავიგე, მაგრამ, იქნებ იქ ელოდებოდა ვინმეს, ხომ შეიძლება, შეხვედრა ჰქონდა ბარში დანიშნული?
– არ ვიცი, მე შიგნით აღარ შევსულვარ, გარეთ ვიდექი. არ ვიცი, რამდენი საათი გავიდა. მერე შემცივდა და გავიქეცი... იქვე, ახლოს დავბოდიალობდი. რამდენჯერმე დავაპირე მივბრუნებულიყავი და საქმე დამესრულებინა, მაგრამ, ვერ შევძელი, მერე ის ბიჭიც მომადგა მანქანით და სახლში წამიყვანა.
– ესე იგი, შენ ბართან შეგროვილი პოლიციის მანქანები არ გინახავს და, სანამ როგორც თქვი, ქუჩაში დაბორიალობდი, არ გაგიგია, რომ მკვლელობა მაინც მოხდა?
– არა. დილით ტელევიზორით მოვისმინე და შოკში ჩავვარდი.
– დედა?
– რა დედა? დედაჩემი? მან არაფერი იცის. წარმოდგენა არ აქვს, რომ სწორედ ის ტიპი მოკლეს, რომელმაც მე გამაუპატიურა. ვიფიქრე, რა ვქნა-მეთქი და აქ მოვედი. რომ წარმოვიდგინე, შეიძლებოდა, სახლში მომდგომოდით და იქ დაგეპატიმრებინეთ, ძალიან შემეშინდა... სულ ეს არის. ახლა რა მოხდება?
მარიკა ადგა:
– ახლა ბატონ თემოს დაველაპარაკები და ერთად გადავწყვეტთ, რა მოგიხერხოთ.
– სახლში არ გამიშვებთ?
– ვნახოთ, შეიძლება, გაგიშვათ კიდეც. ახლა მე გავალ, შენ კი დაფიქრდი და გაიხსენე, კიდევ რამე ხომ არ გაქვს სათქმელი.
– არა, არა, უკვე ყველაფერი გითხარით.
– დარწმუნებული ხარ?
– დიახ, მართლა ყველაფერი გითხარით, გეფიცებით! მინდოდა მისი მოკვლა, მაგრამ, ვერ მოვკალი.
– ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა, შენ როგორ გგონია?
– ალბათ მას, ვინც ჩემსავით გაამწარა.
– კარგი. მალე დავბრუნდები. დედაშენი, ალბათ, გეძებს.
– ჰო. მობილური გამორთული მაქვს და, თუ მირეკავს, შეეშინდება. არც კი ვიცი, რა უნდა ვუთხრა. რამეს მოვიფიქრებ...
მარიკამ გაუღიმა და ხელზე გამამხნევებლად მოუჭირა ხელი.
***
... თემომ სიგარეტის ცარიელი კოლოფი ურნაში ჩააგდო და საათზე დაიხედა:
– რაღაც, ძალიან გაუგრძელდათ საუბარი... მერე? განაგრძე – ჯერ ყველაზე საინტერესო არ მითქვამსო.
– ჰო, მოკლედ, ჭორებმა ამ უცნაური ჰიბრიდის შექმნის ექსპერიმენტებზე მაშინვე გაჟონა, მაგრამ, უმრავლესობას სასაცილოდაც არ ეყო. მაიმუნის ადამიანთან შეჯვარება ვერავინ დაიჯერა. თუმცა, ფაქტები იმისა, რომ ივანოვს პირადად სტალინმა დაავალა ახალი ზეადამიანის შექმნა, არსებობს. მას ძლიერი და ადვილად სამართავი ადამიანი სჭირდებოდა – საზარბაზნე ხორცი, ოღონდ, გაცილებით გამძლე – ტკივილის მიმართ უგრძნობი, ამტანი და შხამგამძლეც კი.
– ძალიან გავერთე, კარგი ზღაპარია.
– მე ასე არ ვიტყოდი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საიდუმლო არქივები გაიხსნა და იქ 1929 წლით დათარიღებული ერთი დოკუმენტი იპოვეს. ეს იყო სპეციალური კომისიის დასკვნა, რომელმაც ივანოვის საიდუმლო ექსპერიმენტის შედეგი შეაფასა. თუმცა გასარკვევი დარჩა, რა წარმოადგინა მან კომისიაზე: ცოცხალი ჰიბრიდი თუ მისი დოკუმენტური, წერილობითი აღწერილობა. სხვათა შორის, სოხუმში ის მაიმუნთსაშენი და სამეცნიერო ლაბორატორია ისევ არსებობს და არც რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ჩამორჩება სტალინს ფანტაზიებში.
– გეყოფა, ნუ გამაგიჟე. მაინც ვერ მივხვდი, სად მიგყავს ეს საუბარი.
– ვერ მიხვდი? – თვალები მოჭუტა დევიმ.
– ვერა.
– აქ მთავარი ივანოვის ფენომენია – ის ხომ ძალიან ცნობილი და განათლებული ადამიანი, უმაღლესი დონის მეცნიერი იყო.
– მერე?
– მერე ის, რომ ამ ყველაფერს არ შეუშლია ხელი. მის თავში ჯოჯოხეთური იდეის დაბადებასა და მერე სურვილში, ეს იდეა რეალობად ექცია. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ, შეიძლება ჩვენ მცდარ გზას ვადგავართ და მკვლელი სულაც არ არის ფსიქიკურად აშლილი, გონებაშეზღუდული პიროვნება. ადამიანი-მაიმუნები კი ჩვენ გვერდით იმაზე გაცილებით მეტნი ცხოვრობენ, ვიდრე შენ ან თავად ივანოვს წარმოედგინა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში