როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
მურადაშვილი-მურადელი
მურადაშვილები ქვემო ქართლის ძირძველი მოსახლეები არიან. მათ პირველ საცხოვრებლად მოიხსენიება სოფელი ჭარეში.
გვარი შეტანილია ვახუშტი ბატონიშვილის ქვემო ქართლის აღწერაში, ასევე, იასონ ლორთქიფანიძის ორტომეულში „ქვემო ქართლი.”
გვარის ფუძეა არაბული სიტყვა მურატო, რაც ქართულად სურვილს ნიშნავს.
მურადაშვილების ერთ-ერთი შტო მესხური წარმოშობისაა. როგორც ქვემო ქართლელი, ასევე მესხი მურადაშვილები და მურადელები წმინდა სისხლის ქართველები და მართლმადიდებლები არიან. მათ მცირე ნაწილს მესხეთში კათოლიკობა მიაღებინეს.
იმავე ძირისაა გვარები: მურაჩატაშვილი, მურატოვი, მურადოღლი.
1477 წელს მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელიც ნიკოლოზ პალატაშვილს გოგიტა არდაშელიშვილისთვის მიუცია, გოგია მურადაშვილი მოიხსენიება.
საქართველოში 1 704 მურადაშვილი ცხოვრობს: გორში – 705, თბილისში – 399, ასპინძაში – 134. არიან სხვაგანაც.
74 მურადელი: გორში – 29, თბილისში – 18, ბორჯომში – 10. არიან სხვაგანაც.
გაბიდაური
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გაბიდა.
სოფელ კოთოთაში გაბიდაური მოიხსენიება 1796 წელს, ერეკლე მეორის მიერ შედგენილ ყმების ნუსხაში.
1873 წელს, სოფელ ნამტვრევანში, მოხსენიებულია მახარობლიშვილი გაბიდაური.
საქართველოში 383 გაბიდაური ცხოვრობს: თბილისში – 132, თეთრი წყაროში – 93, თიანეთში – 31. არიან სხვაგანაც.
ბაბაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბაბა. აჭარულად ბაბა იგივეა, რაც მამა. ასევე, ლაგაშელთა ნაყოფიერების ქალღმერთი ბაბა ნინგურსეს ცოლია შუმერულ მითოლოგიაში. ამ ღვთაებრივი ქორწინების შედეგი იყო ნაყოფიერი წელი. ტაძარი ლაგაშში ჰქონდა. არის საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ქართული მითოლოგიის ქალღმერთი ბაბალე – ბარბარეს უძველესი სახეა.
1818 წლის იოანე აბუაშვილის შვილის მიმრქმელი იყო ბაბა პეტრიაშვილი.
ბაბაშვილები მოგვიანებით ბაბაროვებად ჩაწერეს.
საქართველოში 122 ბაბაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 39, მცხეთაში – 37, ყვარელში – 23. არიან სხვაგანაც.
ამბროსაშვილი-ამბროსიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამბროსი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ღმერთის წილხვედრს, ღვთაებრივს ნიშნავს.
ამბროსაშვილი შერმაზანა მოიხსენიება მეთხუთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში შედგენილ ამილღაბარ გოსტაბაშვილის ყმების ნუსხაში.
ამავე ძირისაა ამბროსიშვილი.
საქართველოში 47 ამბროსაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 21, გორში – 13, კასპში – 10. არიან სხვაგანაც.
86 ამბროსიშვილი: თბილისში – 62, რუსთავში – 8, თელავში – 3. არიან სხვაგანაც.
მატიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მატია.
1624 წელს მატია ზაზაშვილი მოიხსენიება ირაკლი და ვახუშტი მატიაშვილების ყმების ნუსხაში.
1690 წელს შავერდა მატიაშვილი მოწმედ მოიხსენიება ესტატე მოლოდინაშვილ-ქრისტესიაშვილისა და მისი ძმების მიერ, ნიგვზის გაყიდვაზე შედგენილ ნასყიდობის წიგნში.
1817 წელს კოდელი ივანე მატიაშვილი წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შვილს უნათლავს დავით ბერუაშვილს.
მატიაშვილების წინაპარი, გადმოცემის მიხედვით, მატია დოლდაშვილი ყოფილა.
მოგვიანებით, მატიაშვილები რუსული გაფორმებით მატიანოვებად ჩაუწერიათ.
ამავე ძირისაა გვარები: მათიაშვილი, მატუაშვილი, მატოშვილი.
მატიაშვილების ერთი შტო, 1886 წლის, აღწერის მიხედვით, სოფელ კოდაში აბატაშვილი გამხდარა.
საქართველოში 147 მატიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 82, რუსთავში – 42. არიან სხვაგანაც.
ბერიკაციშვილი
გვარის ფუძეა სიტყვა ბერიკაცი.
ბერიკაცის პირველი კომპონენტია ბერა, ბერი. ბერიკაცი მოხუცს ნიშნავს. ბერიკაციშვილი ასაკის მიმანიშნებელი გვარია.
ამავე წარმოშობისაა გვარები: ბებერაშვილი, ბერბერაშვილი.
ნინიკა ბერიკაციშვილი მოიხსენიება 1873 წელს, სოფელ თხინვალში.
საქართველოში 193 ბერიკაციშვილი ცხოვრობს: გორში – 177, თბილისში – 15, მცხეთაში – 1.
ამზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამზა.
თავად გენერალ-მაიორ ორბელიანის შთამომავალთა სოფელ ვაშლოვანში მოიხსენიება მოსია ამზაშვილი თავისი ოჯახითურთ.
საქართველოში 20 ამზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 13, თელავში – 4, ყვარელში – 3.
ჯიმშიტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯიმშიტა.
ჩხიკვთაში მოიხსენიება უყმო აზნაური ვინმე ჯიმშიტაშვილი.
საქართველოში 610 ჯიმშიტაშვილი ცხოვრობს: თიანეთში – 281, თელავში – 134, თბილისში – 81. არიან სხვაგანაც.
კოტორაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოტორა.
1749 წელს დანელა კოტორაშვილი მოიხსენიება ვარამ დიასამიძის მიერ ივანე ნასყიდაშვილისთვის მიცემულ აზატობის წიგნში.
ამავე ძირისაა გვარი კოტორეიშვილი.
საქართველოში 894 კოტორაშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 298, თბილისში – 235, ახმეტაში – 106. არიან სხვაგანაც.
ზუმბულიძე-ზუმბულაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზუმბულა, ზუმბული.
1871 წელს დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო ალექსანდრე ზუმბულაძე.
საქართველოში 299 ზუმბულიძე ცხოვრობს: გორში – 168, თბილისში – 104, ხარაგაულში – 7. არიან სხვაგანაც.
შავერდაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შავერდა.
1721 წელს მოიხსენიება არტემა გერმანოზიშვილის ყმა, ბერია შავერდაშვილი.
საქართველოში 580 შავერდაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 244, ქარელში – 49, რუსთავში – 45. არიან სხვაგანაც.
მაწიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მაწია.
1721 წლის აღწერით, მოიხსენიებიან გოგია და დავით მაწიაშვილები.
საქართველოში 167 მაწიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 56, ახალგორში – 37, გურჯაანში – 26. არიან სხვაგანაც.
არჯევანიძე-არჯევანიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი არჯევანი, რაც ღირსეულს ნიშნავს.
ამავე ძირისაა გვარი არჯევანიშვილი.
საქართველოში 1 499 არჯევანიძე ცხოვრობს: თბილისში – 414, ხაშურში – 150, ხელვაჩაურში – 107. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით