კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „აფრთხობდა“ ინდოელებს მამუკა დავითიშვილი-ბაგრატიონი „ქართული ხმების” დისკით და რა ხიფათს გადაურჩა ის ჯუნგლებში

ხშირად აუხდენელი ოცნებები რეალობად იქცევა ხოლმე და ადამიანი იმ სამყაროში ხვდები, სადაც ყველაფერი ნათელია; სადაც, გრძნობ, რომ აუცილებლად უნდა მოხვედრილიყავი და შენი სათქმელიც აუცილებლად უნდა გეთქვა. მამუკა დავითიშვილი-ბაგრატიონის ცხოვრებაშიც ასე მოხდა, როცა მან ინდოეთის მიწაზე დაადგა ფეხი, მათ კულტურასა და რალიგიას ჩასწვდა. მამუკა არაერთ ინდურ ფილმშია გადაღებული ცნობილ მსახიობებთან ერთად. ერთ-ერთმა სარეკლამო რგოლმა კი ის ისეთი პოპულარული გახადა უცხო ქვეყანაში, რომ ქუჩაში თითქმის ყველა ცნობდა. ამასთან, მამუკა პროფესიით ბიზნესმენეჯერია, ვარჯიშობს კარატეში, ერკვევა ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიაში, გატაცებულია მუსიკით და თავადაც წერს სიმღერებსა და ლექსებს.

 

მამუკა დავითიშვილი-ბაგრატიონი: წლების წინ აღმოსავლურმა ფილოსოფიამ გამიტაცა. სამი წელი ვცხოვრობდი ინდოეთში და ამან დიდი გამოცდილება მომცა. „აზიის გვირგვინად“ წოდებულ ქვეყანაში ჭეშმარიტების საძიებლად წავედი და ისეთი თავგადასავლები გადამხდა, როგორზეც, ალბათ, ვერც კი ვიოცნებებდი. „ბოლივუდის“ არაერთ ფილმშიც გადამიღეს და, სარეკლამო რგოლმა, რომელშიც მე ვიღებ მონაწილეობას, ისეთი პოპულარობა მომიტანა ბომბეიში, რომ ქუჩაში ავტოგრაფების მიცემას ვერ ავუდიოდი. ხოლო, როგორც მუსიკოსი, ვმონაწილეობდი გოას შტატის „ღამის ბაზარზე“ გამართულ კონცერტებში, რომელიც, მოგეხსენებათ, მსოფლიოს ხელოვანთა თავშეყრის ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი ადგილია. რასაკვირველია, ამ ქვეყანაში ჩასულს ხიფათებიც არ მაკლდა, მაგრამ, კიდევ კარგი, კარატეში ვარ დახელოვნებული და გამომუშავებული მაქვს ინტუიცია და სისხარტე. 

– ინდოეთში როგორ აღმოჩნდი? 

– თქვენ წარმოიდგინეთ, სრულიად შემთხვევით: კაფეში ვიჯექი ჩემთვის. მომიახლოვდნენ აგენტები, რომლებიც ევროპულ სახეებს ეძებდნენ და, ჩემდა გასაკვირად, არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. მეც ბედი ვცადე და გამომივიდა. არტისტიზმი გამოვიჩინე და, ამის წყალობით, ათამდე ინდურ ფილმში ვითამაშე ეპიზოდური, მაგრამ, საკმაოდ სახასიათო როლები, მათ შორის – სერიალშიც. სარეკლამო რგოლმა კი ბომბეიში ისეთი აღიარება მომიტანა, ვერ აგიწერთ. სახლის სავარჯიშო მოწყობილობას ვუკეთებდი რეკლამას კიმონოში გამოწყობილი და თავზე ბენდენაწაკრული. იმდენჯერ ატრიალეს ტელევიზიის არხებზე ეს რეკლამა, რომ ბომბეიში ყველა მცნობდა, ქუჩაში მაჩერებდნენ, ფოტოებს იღებდნენ ჩემთან ერთად და ავტოგრაფებს მთხოვდნენ. ასე მეგონა, ჩემზე ცნობილი მსახიობი დედამიწის ზურგზე არ დადიოდა (იცინის). გოას შტატში კი ერთი იტალიელი გავიცანი, რომელსაც ოკეანის პირას საკუთარი რესტორანი ჰქონდა. იქ დავუკარი ფორტეპიანოზე და გადაირია. არადა, მუსიკასაც ვწერ, სიმღერებიც დამიწერია, იმპროვიზაციებსაც ვაკეთებ, მაგრამ, პროფესიონალ მუსიკოსობაზე პრეტენზია არასდროს გამომითქვამს. მოკლედ, ისე მოეწონა იმ იტალიელს ჩემი შესრულება, რომ „ღამის ბაზარისთვის“ საკონცერტო პროგრამა ორ ღამეში მომამზადებინა. არადა, ხომ მოგეხსენებათ, გოას ბაზარი ნამდვილი შემოქმედებითი ადგილია, სადაც უამრავი ქვეყნიდან ჩადის ხელოვანი ხალხი და საკუთარ შემოქმედებით პოზიციას გამოხატავს. აქ ჩამოაქვთ სხვადასხვა ქვეყანაში დამზადებული ხელნაკეთობები და ყიდიან. იქიდან წამოვიდნენ ჰიპებიც. დგას დიდი სცენა, რომელზეც ადრე გამოდიოდნენ „პინკ ფლოიდი” და „ბითლზი”. კონკურენციაც დიდია და, თუ არ ხარ ამისთვის მზად, ცოტა რთულია იქ ადგილის დამკვიდრება. 

– ქართულ ჰანგებს თუ ასმენინებდი ინდოელებს და ამაზე რა რეაქცია ჰქონდათ?

– სასწაული რეაქცია ჰქონდათ ინდოელებს ქართულ ჰანგებზე. „ქართული ხმების” დისკი მქონდა წაღებული და ვუსმენდი ხოლმე. ამას ინდოელები ვერ უძლებდნენ და შორს გარბოდნენ. მათ ძალიან აქვთ განვითარებული ინსტინქტი და ინტუიცია და ქართული ჰანგები, ეტყობა, მათთვის ამ ყველაფერზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

– მანამდე ქასთინგებში არ მიგიღია მონაწილეობა?

– როგორ არა. თავიდან მასობრივ სცენებში ვმონაწილეობდი, შემდეგ ქასთინგები გავიარე და ეპიზოდური როლებიც მომცეს. მაგალითად, მაჰათმა განდიზე გადაღებულ ფილმში ჯარისკაცის როლს ვთამაშობ; ფილმ „ელაანში” „ბოლივუდის“ ვარსკვლავის, მითხუნ ჩაკრაბორტის გმირის პირადი მცველი ვარ. 

– ამ ფილში, როგორც ვიცი, ჩხუბის სცენებია, სადაც პროფესიონალი მსახიობების მაგივრად, ეგრეთ წოდებული კასკადიორები იღებენ მონაწილეობას. თავად, როგორც კარატეს დიდოსტატს, შემცვლელი დაგჭირდა?

– სხვათა შორის, რეჟისორს ვეხვეწე, ჩხუბის სცენებს მე დაგიდგამთ და ამაში არანაირი გასამრჯელო არ მინდა-მეთქი, მაგრამ, უარი მითხრა. მათ ისე მოსწონთ, როგორც აკეთებენ და იღებენ სიუჟეტებს ფილმისთვის. ერთი სიტყვით, რეალურთან ახლოს მყოფ დინამიკას ვერ აღიქვამენ. ისე, ინდური რეალური ცხოვრებაც წააგავს მათ მიერ გადაღებულ ფილმების სიუჟეტებს. 

– რას გულისხმობ?

– რას და, რაზეც მე გულიანად ვიცინოდი კინოში, ისინი ამაზე ტიროდნენ, ხოლო, რაზეც შეიძლებოდა, მე ცრემლი გადმომვარდნოდა, ისინი ხარხარებდნენ. ინდოეთი სხვა სამყაროა და იქ განსხვავებული ხალხი ცხოვრობს, ამ სხვა სამყაროსთან ჰარმონიაში. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში ჩაკრაბორტი ნამდვილი ვარსკვლავია, იცით, როგორი უბრალო ადამიანია?! მისი სახლის ახლოს ღარიბი ადამიანები ცხოვრობენ და, უნდა ნახოთ, მათ როგორ ეხმარება. სხვა კინოვარსკვლავივით უკარება კი არ არის. საქართველოზეც ბევრი ინფორმაცია აქვს. ჩემგან დადებით მუხტს გრძნობდა და ისეთი ურთიერთობა გვქონდა ახალგაცნობილებს, გეგონებოდათ, ასი წლის მეგობრები ვიყავით. 

– ამბობენ, ინდოეთში ცხოვრება არც ისე ადვილია, მით უმეტეს, ქალაქის გარეუბანში, სადაც მტაცებელი ცხოველები დაძრწიან და ადამიანებს ესხმიან თავსო. მსგავსი რამ საკუთარ თავზეც ხომ არ გამოსცადე?

– ერთი ისტორია გამახსენდა. ბომბეის მახლობლად არის პატარა ქალაქი – ფილმსითი, სადაც ერთ-ერთი ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა. პავილიონები ჯუნგლების გარშემო იყო მოწყობილი. იქ კი ველური ცხოველები, ლეოპარდები, ვეფხვები, ლომები დასეირნობდნენ. გადაღებები ღამით იყო. შესვენების დროს, ვიფიქრე, ტყეში გავისეირნებ-მეთქი. ისე წავედი, არავისთვის მითქვამს და, როგორ აღმოვჩნდი ამ ველური ჯუნგლების შუაგულში, ვერ გეტყვით. მოვტეხე ტოტი, რომ ხმლის ფუნქცია ჰქონოდა და დავიწყე კარატეს ილეთების კეთება. დაახლოებით ნახევარ საათში, ფორმაში შესული გამოვედი ტყიდან და, რას ვხედავ?! – გადასაღებ მოედანზე გარბი-გამორბიან, არის ერთი წივილ-კივილი და გლოვა – თურმე, მე მეძებენ. რომ ვეღარ დამინახეს, ჩათვალეს, რომ ლეოპარდმა ან ვეფხვმა გამიტაცა ჯუნგლებში. რომ დამინახეს ცოცხალი და საღ-სალამათი, ამოისუნთქეს.  სიცილით ვუთხარი: იციან, ბატონო, ვინ უნდა შეჭამონ და ვინ – არა, მე ვინ გამეკარებოდა-მეთქი. აი, მარტო რომ დავრჩი, მაშინ ამიტანა კანკალმა, რომ წარმოვიდგინე, რას გადავურჩი. მერე მითხრეს, თურმე, ერთი-ერთი გადაღებების დროს გაუტაცებია ერთი კაცი მხეცს და ვერ უპოვიათ. ერთხელ კი ტურისტი პირდაპირ გზიდან შეუთრევია ტყეში ლეოპარდს. ცხოველები მსხვერპლს ზურგიდან ესხმიან. ამიტომ იყო, რომ ძველად ინდოეთში ადამიანები კეფაზე სახის გამოსახულების ნიღაბს იკეთებდნენ და ისე დადიოდნენ. 

– რაც შეეხება აფეთქების სცენებს, ასეთი, „ოსტრი” სიუჟეტებიც ხომ უყვართ „ბოლივუდში“?

– ასეთებიც იყო და, ერთ-ერთი მანქანის აფეთქების დროს, კინაღამ „ბოლივუდიდან“ წავიღე წერილი იმქვეყნად (იცინის). მოკლედ, მანქანა უნდა აფეთქებულიყო და მე ამ აფეთქების ტალღას უკან უნდა გადავეგდე. მანქანა ჯაჭვებით იყო დაბმული უსაფრთხოებისთვის. იმ დღეს წინასწარი განცდა მქონდა, რომ რაღაც მოხდებოდა. მართლაც, აფეთქების მომენტში ჯაჭვი გაწყდა, მანქანა ჰაერში ავარდა და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა ალმოკიდებული. კიდევ კარგი, კარატისტი ვარ. კარატე ადამიანში სწრაფად მოქმედების უნარსა და სხარტ აზროვნებას ავითარებს ექსტრემალურ სიტუაციებში და ამან გადამარჩინა. 

 

 

скачать dle 11.3