რომელ სეზონზე შევუწყვიტოთ ალსტრემერიას მორწყვა და როგორ ნიადაგში არ უნდა ჩავრგათ პოდაგრიკა
„ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე, ორი მშვენიერი მცენარის თვისებებსა და მოვლის წესებზე გვესაუბრება. მისი საუბრით თქვენ დარწმუნდებით, რომ ალსტრემერია და პოდაგრიკა იოლად მოსავლელი მცენარეებია და, გარწმუნებთ, აუცილებლად გაგიჩნდებათ ბინაში მათი გახარების სურვილი.
– ბატონო ამირან, რას გვეტყვით ალსტრემერიას შესახებ?
– ალსტრემერია მრავალწლოვანი მცენარეა. მისი 80-ზე მეტი სახეობა არსებობს და თითოეული მათგანი ძალიან ლამაზია. თუ თქვენ არ გაქვთ ბინაში ეს მცენარე, გირჩევთ, აუცილებლად გაახაროთ.
– როგორ გავამრავლოთ მცენარე?
– ის მრავლდება ფესურის დაყოფით წელიწადში ორჯერ. ზაფხულში – ნახევრად დასვენების პერიოდში, ყვავილობის დამთავრებისთანავე, ან – შემოდგომაზე, მეორე ყვავილობის შემდეგ. როგორც მიხვდით, ეს მცენარე სწორედ ამ სეზონზე ყვავის და ახლა ის დროა, რომ მის გამრავლებაზე იზრუნოთ.
– რა გავაკეთოთ, თუ ჩვენ ალსტრემერიას გამრავლებას გადავწყვეტთ?
– ამისთვის ფრთხილად უნდა ამოთხაროთ მცენარე, ისე, რომ თხელი კანი არ დაზიანდეს და დანით დაიჭრას 5-6 ნაწილად. ფესვიანი კალმის სიგრძე 7-12 სანტიმეტრი უნდა იყოს. ასე გამრავლებული მცენარე პირველ წელს სუსტადაა განვითარებული. ამიტომ, გირჩევთ, თუ წვრილი კალამი გაქვთ, ჩარგათ ტორფიან სუბსტრატში ან ქოთანში, ხოლო მოზრდილი კალამი, შეგიძლიათ, ჩარგათ პირდაპირ გრუნტში, ორანჟერეაში.
– როგორი ნიადაგი უნდა შევურჩიოთ ალსტრემერიას?
– გამრავლების დროს ტემპერატურა უნდა იყოს 5 გრადუსი. ნიადაგი კი – ძალიან ფხვიერი, ნოყიერი, ჰაეროვანი და წყალგამტარი. მძიმე ნიადაგს, შეგიძლიათ, დაუმატოთ დატკეპნილი ნაკელი და ფოთლოვანი კომპოსტი. მცენარე კარგად იზრდება ზედა ტორფიან ნიადაგში.
– როგორ მოვუაროთ მცენარეს, რომ კარგად იყვავილოს?
– თუ გსურთ, რომ ალსტრემერიამ გაზაფხულზე იყვავილოს, მისი კალამი უნდა ჩარგათ სექტემბერ-ოქტომბერში. ინტენსიური ზრდის პერიოდში მცენარე სისტემატურად მორწყეთ და ორი კვირის განმავლობაში 0,1-პროცენტიანი ნაკელის ხსნარით გაანოყიერეთ ნიადაგი. კარგ შედეგს იძლევა ორგანული სასუქის გამოყენებაც. ამ მცენარისთვის, ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ აზოტი, ფოსფორი და კალცი. სწორი ტექნოლოგიური მიდგომის შედეგად, მცენარე ყვავილობს წელიწადში ორჯერ. თუ თქვენ ამ პირობებს შეასრულებთ, ის აუცილებლად იყვავილებს.
– რა ხდება ყვავილობის დამთავრების შემდეგ?
– თუ თქვენ უკვე გაქვთ ბინაში ალსტრემერია, მაშინ ის ცოტა ხანში დაასრულებს ყვავილობას. მცენარე ძალიან სწრაფად იზრდება, იკეთებს ამონაყრებს და ბუჩქდება. ყოველთვიურად გამოაქვს წვრილი, სუსტი ყლორტები, შემდეგ კი საყვავილე ღეროები, რომლებიც ყვავილობს და ვარგისი არაა, ამიტომ, ეს ყვავილები უნდა მოწყვიტოთ. შემოდგომით, ყვავილობის დამთავრებისთანავე მორწყვა თანდათან შეუწყვიტეთ და მიეცით საშუალება, რომ დაისვენოს. დარჩენილი ღეროები მოჭერით ან მოტეხეთ. ამ დროს სათბური უნდა გაანიავოთ. გახსოვდეთ, რომ ნიადაგის სინოტივემაც უნდა დაიწიოს, ოღონდ, არა გამოშრობამდე. ყვავილი უნდა მოჭრათ კვირტობის დროს, რადგან წყალში ჩადებისას მშვენივრად ისხვლება. ამ მცენარის ყვავილი 3-4 კვირის განმავლობაში კარგად ძლებს წყალში.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ მცენარე?
– კალმის ჩარგვისას, დასაფესვიანებლად საჭიროა 14-16 გრადუსი, ხოლო ნაკლები ინტენსივობის დროს, ნოემბერ-იანვარში – უფრო დაბალი, 10 გრადუსი ტემპერატურა. საერთოდ, ამ მცენარეს მაღალი ტემპერატურა არ უყვარს.
– როგორი განათება მოსწონს ალსტრემერიას და თუ ერჩიან მას მავნებლები?
– ის სინათლის მოყვარული მცენარეა, მაგრამ ვერ ეგუება პირდაპირ მზის სხივებს. ალსტრემერია საკმაოდ გამძლეა ნიადაგის გავრცელებული დაავადებების მიმართ. მათთან ბრძოლისას უნდა იხმაროთ ინსეკტიციდი. გაზაფხულზე ორგანული სასუქის ნაკლებობამ, ზედმეტმა სინოტივემ, ჰაერის გაუნიავებლობამ და არასწორმა ჩარგვამ, შეიძლება, გამოიწვიოს ფესვების ფუზარიოზით დაავადება. თუ დაგიავადდათ მცენარე, დასაწყისშივე უნდა მოაშოროთ ფესვთა სისტემასთან ერთად.
– პოდაგრიკას შესახებ რას გვეტყვით?
– მართალია, ეს მცენარე ძვირი ღირს, მაგრამ, მისი მოვლა საკმაოდ იოლია. ამავე დროს, ძალიან ლამაზია და თქვენს ბინას მშვენიერი ფოთლებითა და ყვავილებით დაამშვენებს.
– როგორი პირობები სჭირდება პოდაგრიკას?
– მცენარეს უყვარს დაბალი ქოთანი – მას არ სჭირდება მაღალი და ღრმა ჭურჭელი. მთავარია, დაბალ ქოთანში დიდი სივრცე იყოს. ზამთარში ის ყრის ფოთლებს და ამ დროს არ სჭირდება ბევრი წყალი. ამიტომ, ზამთრის დაწყებისთანავე შეუმცირეთ წყლის რაოდენობაც და ტემპერატურაც. ამ სეზონზე ფოთლების დაცვენის შემდეგ მცენარე მზის შუქს საერთოდ მოარიდეთ. რაც შეეხება ზაფხულს, ასეთ დროს, პოდაგრიკა დადგით კაშკაშა მზეზე. მორწყვასაც მოუხშირეთ და ეცადეთ, მიწა ძალიან არ გამოაშროთ, მაგრამ, არც ზედმეტი წყალი მოგივიდეთ, თორემ ეს მცენარის დალპობას გამოიწვევს და შემდეგ ვეღარაფრით დაეხმარებით მას.
– შესაძლებელია ამ მცენარის გადარგვა?
– მისი გადარგვა შეგიძლიათ გაზაფხულზე, აპრილში. მცენარეს არ უყვარს ნოყიერი ნიადაგი, მაგრამ, მოსწონს ფხვიერი მიწა. მისთვის კარგია მინერალური სასუქები, თუმცა, ხშირად არ მიაწოდოთ ხოლმე.
– როგორ გავამრავლოთ პოდაგრიკა?
– თუ თქვენს მცენარეს თესლი გაუჩნდება, შეგიძლიათ, თესლით გაამრავლოთ. ერთმანეთს უნდა შეურიოთ ტორფიანი და ქვიშიანი მიწა და ზემოდან მოაყაროთ თესლი. სასურველია, თუ დათესვის დროს ტემპერატურა 25 გრადუსი იქნება. ჩათესვის შემდეგ ყუთს აუცილებლად თავზე სახურავი დააფარეთ და ასე შეინახეთ მცენარის თესლები. ცოტა ხანში პოდაგრიკა აღმოცენდება.