ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მყავს 6 თვის ამერიკული ბულდოგი, რომელიც ძალიან ცელქია და დღემდე უძლურები ვართ მის წინაშე. მართალია, გვეთამაშება, მაგრამ, ამის გამო ყველანი მისი კბილებით ვართ დაკაწრული. ვერც სახლში მოსაქმებას გადავაჩვიეთ. მაინტერესებს, ასეთივე დარჩება თუ, დროთა განმავლობაში, ასაკის მატებასთან ერთად დაჭკვიანდება?
პასუხი: როგორი დარჩება თქვენი ძაღლი საბოლოოდ, მერწმუნეთ, ეს თქვენს ნებისყოფაზეა დამოკიდებული. ჩემი კეთილი რჩევაა, რომ უპირველესად, გაარკვიოთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის ხასიათი. თქვენ კი სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ მის მიმართ და არავითარ შემთხვევაში, არ გამოამჟღავნოთ აღშფოთება და მოუთმენლობა. ნებისმიერი მოდუნება თქვენი მხრიდან, სწრაფად აისახება ძაღლის ქცევაზე და, არცთუ სასარგებლო შედეგს მიიღებთ. მიუხედავად ყველაფრისა, ძაღლისგან, თუ ის ჯერ მზად არ არის, ნურც ისეთ რამეს მოითხოვთ, რაც მისთვის შეუძლებელია და მის ძალებს აღემატება. ვგულისხმობ როგორც ფიზიკურ, ასევე, გონებრივ მხარეს. გახსოვდეთ, ძაღლის სწავლება მკაცრ თანმიმდევრობას მოითხოვს, რომელიც არ უნდა დაარღვიოთ. თუ თავად ვერ შეძელით ეს ყველაფერი, მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევთ ამ საკითხში.
კითხვა: მყავს მინიატურული პუდელი, რომელსაც ძალიან სცვივა ბეწვი. მართალია, მხოლოდ იმ საკვებს ვაძლევ, რომელიც ექიმმა დაუნიშნა, მაგრამ, არც ამან უშველა. რას მირჩევთ, რა უნდა გავაკეთო, რომ თუნდაც ცოტათი მაინც შეუმცირდეს ბეწვის ცვენა?
პასუხი: ძაღლებში ბეწვის ცვენა, შეიძლება, სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული: არასწორი კვებით, ზოგიერთი ვიტამინისა და მინერალის უკმარისობით. ეს იწვევს თმის ბოლქვების დაზიანებას, რის გამოც ბეწვი ვარდება ბოლქვიდან, ანუ, ძირიდან და ვითარდება თმის ცვენა; ასევე კანის პარაზიტებით, ალერგიული რეაქციების დროსაც, რომელსაც ქავილი და კანის აქერცლილობა ახასიათებს. არის ბეწვის ცვენის კიდევ სხვა მიზეზებიც. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია, მიმართოთ ექიმს, რომელიც დასვამს ზუსტ დიაგნოზს და თქვენს ძაღლს საჭირო მკურნალობას დაუნიშნავს.
კითხვა: მყავს წლინახევრის კოკერსპანიელი, რომელსაც ძალიან გაეზარდა ბრჭყალები. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ძაღლს ბრჭყალები აუცილებლად უნდა დააჭრათ, მაგრამ, ამისთვის არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ჩვეულებრივი მაკრატელი, რადგან მან, შეიძლება, დააზიანოს ფრჩხილის ფირფიტა. თქვენ შეგიძლიათ, ზოომაღაზიაში შეიძინოთ სპეციალური მაკრატელი ძაღლებისთვის და იმით დააჭრათ თქვენს ძაღლს ბრჭყალები. თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეს პროცედურა, უმჯობესია, ერთხელ მაინც უყუროთ სპეციალისტს და შემდეგ უკვე თავადაც შეძლებთ ამის გაკეთებას.