კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ცნობს მარინე კენჭუაშვილი საკერავ მანქანას

 

პროფესიით ფსიქოლოგმა მარინე კენჭუაშვილმა კარგა ხნის წინ დაიწყო შემოქმედებითი ცხოვრება. იგი არაერთი გამოფენის მონაწილეა და მისი თოჯინების კოლექციაც დამთვალიერებელთა ყურადღებისა და აღტაცების საგანს წარმოადგენს. თუ როგორი მასალისგან და დროის რა მონაკვეთში იქმნებიან მის სახელოსნოში დასახლებული ეს მშვენიერი არსებები, ამას ჩვენი რესპონდენტი თვითონ გვიამბობს.

– თოჯინების შექმნა 2000 წლიდან დავიწყე. გახსოვთ, ალბათ, მაშინ როგორი სიტუაცია იყო, როდესაც ადამიანს გაქვს რაღაც უნარი, მაგრამ, არ გაქვს სამსახური, რაღაცით ხომ უნდა დაკავდე?! მოკლედ, ასე დავიწყე ეროვნული თოჯინების შექმნა.

– ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი თოჯინა კოლექციის შექმნის სურვილით ან მუზის შედეგად არ დამზადებულა?

– მუზა სულ იყო, აქედან გამომდინარე  – ინტერესიც. თოჯინას მიმართ სიყვარული ხომ ყველა გოგოს ბავშვობიდან მოსდევს. ამის შედეგად, თოჯინებამდე, ჯერ დედოფალებსა და სხვადასხვა ფიგურას ვძერწავდი. მოგვიანებით, უკვე ისეთი მომენტი დადგა, როდესაც ხედავ, რომ შეგიძლია, მაგრამ, რაღაცნაირად, ვერ ბედავ, რომ მოსინჯო, გააკეთო. ალბათ, სულიერი დახმარება იყო, როდესაც მომიწოდეს: გაბედე, რა, შენ ხომ შეგიძლია ამის შექმნაო!.. ჰოდა, მეც გავბედე და გავაკეთე...

– როგორც ჩანს, სტიმულია, როდესაც შენში რამის შექმნის ნიჭსა და შესაძლებლობას ხედავენ...

– ნამდვილად. მახსოვს, მაშინ რუსთაველზე ქართული სუვენირების გალერეა იყო, სადაც ჩემი სამი თოჯინა მივიტანე. ძალიან ვნერვიულობდი. მათთვის სრულიად უცხო ვიყავი, შეიძლება ითქვას, ქუჩიდან მისული. შემფასებელმა თოჯინები გულდასმით დაათვალიერა და მითხრა, ჩააბარეო. ძალიან მესიამოვნა... როგორ გითხრათ, საოცრად მკაცრი ადამიანი ჩანდა. თუ არ მოეწონებოდა, უკან წამოვიღებდი, მეტი რა უნდა მომხდარიყო, მაგრამ, მაინტერესებდა, იყო თუ არა ჩემი ნამუშევარი სხვისთვის საინტერესო და მისაღები. 

– ესე იგი, იმ დღეს საკუთარ ძალებში დარწმუნდით...

– მივხვდი, რომ ვაკეთებ იმას, რასაც სხვა ადამიანი, სხვანაირი კრიტიკული თვალისა და დონის მქონე, თავისი სიმაღლიდან უყურებს და დადებით შეფასებას მაძლევს. რასაკვირველია, ეს დიდი სტიმულია.

რამდენიმე წლის შემდეგ იმასაც მივხვდი, რომ ეროვნული თოჯინების შექმნა აღარ მაკმაყოფილებდა, მომწყინდა. საერთოდ, ასეა, როდესაც რაღაცას აკეთებ, არ შეიძლება, მეორეც ისეთივე გამოგივიდეს. ამიტომ, უნდა გააკეთო რაღაც სხვა: ან უფრო უკეთესი, ან უარესი, მაგრამ – სხვა...

– ამის შემდეგ რით დაკავდით?

– ამის შემდეგ, დავიწყე განსხვავებული თოჯინების შექმნა, რაც არაა ადვილი: უნდა მოიფიქრო, უნდა იყოს საინტერესო, თითოეული დეტალი გააზრებული, ყველაფერი ზედმიწევნით დახვეწილი უნდა იყოს. 

– როგორც ვხედავ, ამ თოჯინების ხელები და სახეები ხისგანაა დამზადებული.

– ასეა. თოჯინების სახეებსა და ხელებს ძალიან ხშირად ცაცხვის ხისგან ვამზადებ. როდესაც ხელი პლასტიკაშია, ვთქვათ, თაიგული, ან, ფანარი უნდა დაიკავოს ხელში, როგორც ამ თოჯინას უჭირავს. ამის გაკეთებას, გარდა უნარისა და ენერგიისა დროც სჭირდება.

– მაინც, რამდენი ხანი?

– ერთი ხელის გამოთლას დაახლოებით ხუთ საათს ვანდომებ. მაქვს თავიდან ბოლომდე ქსოვილისგან დამზადებული თოჯინებიც. ქსოვილსაც თავისი სილამაზე აქვს. ნახეთ, როგორი გამოვიდა „გაზაფხულის დედოფალი”? – მე ძალიან მომწონს. ერთი თოჯინას სრულყოფას დაახლოებით ორ კვირას ვანდომებ. არ მიყვარს სიჩქარე, მიყვარს, როდესაც საქმეს მშვიდად ვაკეთებ.

– მასალას სად შოულობთ ამ თოჯინების შესაქმნელად?

– ხანდახან მეცინება ხოლმე, რისგან რას ვაკეთებ... მასალისთვის ქსოვილებს ხან ვყიდულობ, ხან ძველ გარდერობში აღმოვაჩენ ხოლმე ჩემთვის საინტერესო რაღაცეებს და ასე შემდეგ.

ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ ხელით ვასრულებ, საკერავ მანქანას არ ვიყენებ. როგორც იარაღი, საკერავი მანქანა ჩემთვის ძალიან უხეში რაღაცაა, რომელიც ახლოს არ მიშვებს თოჯინასთან, ჩვენ შორის დგას. ვმუშაობ მხოლოდ ხელით – მინდა, რასაც ვქმნი, ის ხელით შევიგრძნო.

– რა ზომისაა თქვენი თოჯინები?

– დაახლოებით 50-70 სანტიმეტრი სიმაღლის. ყოფილა შემთხვევა, როდესაც გამიყიდია თოჯინები, მაგრამ, ეს არც ისე ხშირად ხდება. თანაც, რაც განსაკუთრებულად მომწონს, იმას განსაკუთრებულადაც ვინახავ, ანუ ჩემი პირადი კოლექციის საკუთრება ხდება. ახლა, გერმანელები უნდა ჩამოვიდნენ – სურთ, ჩემი ნამუშევრები წაიღონ საშობაო გამოფენისთვის გერმანიაში... როდესაც ამაზე ვფიქრობ, ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე: „ამას არ გავატან! არც ამას! არც ამას! არც ამას“!.. ძნელია მათი გამეტება. 

 თითოეულ თოჯინაში ჩემი იმ კონკრეტული პერიოდის განწყობა დევს, როდესაც ის თოჯინა იქმნებოდა – ყველაფერი ხომ დროს უკავშირდება...

– გერმანელები როგორ დაინტერესდნენ თქვენით?

– ინტერნეტში ნახეს ჩემი ნამუშევრები და დამიკავშირდნენ.

– კონკრეტულად ვინ დაინტერესდა?

– ეს არის ქართველთა სათვისტომო გერმანიაში. ისინი საშობაო გამოფენისთვის ეძებენ ნამუშევრებს და ჩვენ მალე მოგვიწევს შეხვედრა. 

– გამოფენა მოგიწყვიათ როდისმე?

– პერსონალური გამოფენა არ მქონია, თუმცა, არაერთ გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა. სულ ბოლოს ჩემი ნამუშევრები აგვისტოში თურქეთში წაიღეს გამოფენაზე, რომელშიც 120 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. 

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– სტიმულს, პასუხისმგებლობას, რომ შევქმნა კიდევ ახალი და საინტერესო. 

მინდა, ხატების წერაც დავიწყო. რამდენი ხანია, კურთხევა მაქვს და, ვერა და ვერ გავბედე... იმედია, მაგის დროც დადგება.

 

 

скачать dle 11.3