როგორ დააყაჩაღეს ინკასატორები ომის დროს გერმანელების მიერ სვანეთში დატოვებული „შმაისერებით“
დღევანდელი საქართველოს მოსახლეობა უკვე შეჩვეულია ქუჩებში საგანგებოდ დაჯავშნილი ინკასაციის მანქანების ხილვას, რომლებიც ბანკებში მსხვილი თანხებისა და ძვირფასეულობის გადაზიდვისთვის გამოიყენება. უახლოეს წარსულში კი, ინკასატორები მოკლებულნი იყვნენ უსაფრთხოების ასეთ საშუალებებს. დაჯავშნილი ავტომობილები მაშინაც არსებობდა, მაგრამ ისინი განსაკუთრებულად მსხვილი თანხების გადასატანად გამოიყენებოდა. შედარებით ნაკლები ოდენობის თანხები ჩვეულებრივი ავტომობილებით გადაჰქონდათ. გარდა ამისა, არსებობდა ფულის გადაზიდვის კიდევ ერთი სახეობა – ჩვეულებრივი ტაქსი, რომელიც სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ემსახურებოდა.
ბრძოლის ველად ქცეული ქუჩა
გიორგი ლომინაძის სამუშაო დღე უსიამოვნო ცნობით დაიწყო. იმ დღეს საწარმოში დადგენილი გრაფიკით ის თავისი ტაქსით უნდა მომსახურებოდა ინკასატორებს. ხელმძღვანელობას საგანგებო გრაფიკი ჰქონდა შედგენილი, რომელიც არეგულირებდა ტაქსის ხაზიდან მოხსნას და ინკასაციის სამსახურის განკარგულებაში გადაცემას. ლომინაძე მომდევნო ცვლაში უნდა მომსახურებოდა ინკასატორებს. მაგრამ ტაქსი, რომელიც იმ დღეს უნდა მოხსნილიყო ხაზიდან, მწყობრიდან გამოვიდა და ხელმძღვანელობამ სხვა მძღოლს დაავალა ბანკის ფულის გადაზიდვა. გასაგები მიზეზების გამო ტაქსის მძღოლები უკმაყოფილოდ ეკიდებოდნენ ასეთ დავალებას. იმის ნაცვლად, რომ ქალაქში მგზავრები გადაეყვანათ, რაც მათთვის შემოსავლის მთავარი წყარო იყო, მთელი საღამოს განმავლობაში ინკასატორებთან ერთად მგზავრობდნენ მაღაზიიდან მაღაზიაში. შინ გვიან ღამით და, თანაც, ჯიბეცარიელი ბრუნდებოდნენ. მაგრამ გიორგი სახელმწიფო სამსახურში იმყოფებოდა და, უნდოდა თუ არა, მაინც უნდა დამორჩილებოდა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას.
დღის განმავლობაში მან მხოლოდ ორჯერ გადაიყვანა ინკასატორები. ნამდვილი სამუშაო კი, საღამოს დაიწყო. დადგენილი წესის თანახმად, ინკასატორები ობიექტზე სამუშაო დღის დასრულებამდე მიდიოდნენ, სადაც მათ უკვე ელოდნენ და ბანკში გადასატანად ფულს სპეციალურ ტომრებში შეფუთულს ახვედრებდნენ. როგორც წესი, მძღოლი ამ პროცესში არ მონაწილეობდა. ის ერთ ინკასატორთან ერთად მანქანაში რჩებოდა, მეორე ინკასატორი კი დაწესებულებაში შედიოდა და მალევე, დალუქული ტომრით უკან ბრუნდებოდა. შემდეგ მანქანა მომდევნო ობიექტისკენ მიემართებოდა. ასე იყო იმ საღამოსაც: გიორგიმ და ინკასატორებმა თხუთმეტი ობიექტი მოიარეს. რჩებოდა კიდევ რამდენიმე და მათი სამუშაო დღეც დასრულდებოდა.
გიორგიმ მანქანა მაღაზიის ახლოს შეაჩერა. ინკასატორი მანქანიდან გადავიდა თუ არა, მისმა მეწყვილემ მძღოლთან გააბა საუბარი, რაც ინსტრუქციით იკრძალებოდა. ამასობაში რამდენიმე წუთიც გავიდა და მაღაზიის კარიდან მეორე ინკასატორმაც გამოაბიჯა. სწორედ ამ დროს...
მანქანისკენ მომავალი გრძელლაბადიანი ახალგაზრდა პირველმა გიორგიმ შენიშნა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო. მისი მსგავსი უამრავი მიმოდიოდა ქუჩაში. მაგრამ, გიორგის მაშინვე თვალში ეცა მისი დაძაბული მზერა. იმავე წამს, მანქანის მეორე მხრიდან, ასევე ლაბადაში გამოწყობილი მეორე ახალგაზრდა გამოჩნდა, რომელიც ტყუპისცალივით ჰგავდა პირველს. გიორგი მაშინვე გასაღებს წაეტანა, რომ სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას. მაგრამ სანამ მანქანას დაქოქავდა, ლაბადების ქვეშიდან ავტომატის შავი ლულები გამოჩნდა.
– თავდასხმაა! – წამოიყვირა მძღოლმა და ინსტინქტურად გადაწვა გვერდითა სავარძელზე. იმავე წამს ქუჩა ავტომატების გაბმულმა კაკანმა და გამვლელების კივილმა გააყრუა. ავტომატის ჯერმა პირველი ინკასატორი ქუჩაშივე მოცელა. მეორემ პისტოლეტის მომარჯვება მოასწრო, მაგრამ ვეღარ გაისროლა. ორივე თავდამსხმელმა მისკენ მიმართა ავტომატის ცეცხლი. ტყვიებმა მანქანის გვერდითა მინები დაამსხვრია და კარებიც დაცხრილეს. ინკასატორმა ამოიხავლა და გვერდზე გადავარდა.
„მორჩა, მეც მომკლავენ!“ – გაიფიქრა მძღოლმა და თავის გადასარჩენად უფრო დაბლა, მანქანის იატაკისკენ ჩაიწია. რა მოხდა შემდეგ, გიორგის აღარ ახსოვდა – ზურგში მწვავე ტკივილი იგრძნო და უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა.
მემკვიდრეობა
შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ სამართალდამცველებს საშინელი სურათი დახვდათ. ტროტუართან ტყვიით დაცხრილული ტაქსი იდგა. მანქანის უკანა სავარძელზე ინკასატორის გვამი ესვენა, მეორე – ტროტუარზე მოეკლათ. მძღოლი კი...
სამართალდამცველებმა მძღოლიც გარდაცვლილად მიიჩნიეს, მაგრამ პირველივე დათვალიერებისას, გაირკვა, რომ, მძიმე ჭრილობების მიუხედავად, ის ცოცხალი იყო და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში. შემდეგ კი ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილის შესწავლას შეუდგა.
რამდენიმე თვითმხილველის ნაამბობით, ინკასატორებს ცეცხლი ორმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა გაუხსნა. სროლის შემდეგ, მათ მანქანიდან ფულის ტომრები გაიტაცეს, იქვე გაჩერებულ მანქანაში ჩასხდნენ და გაუჩინარდნენ. ყოველივე ეს ისე სწრაფად მოხდა, ვერავინ შეამჩნია, რამდენი დამნაშავე იჯდა მანქანაში – ერთი, ორი თუ სამი. ასევე, ვერავინ დაიმახსოვრა მანქანის ნომერი. თუმცა, ყველა თვითმხილველი ერთად ადასტურებდა, რომ თავდამსხმელები ტექსით მიიმალნენ. ხოლო გატაცებული თანხა მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი მანეთი იყო.
ვიდრე სამართალდამცველების ერთი ნაწილი მოწმეთა დაკითხვით ცდილობდა, მომხდარი თავდასხმის დეტალების აღდგენას, მეორე ნაწილი შემთხვევის ადგილის შესწავლით იყო დაკავებული. აღმოჩენამ, რომელიც შემთხვევის ადგილის დათვალიერებას მოჰყვა, სამართალდამცველების უკიდურესი გაოცება გამოიწვია. მათ უკვე გააჩნდათ მონაცემები, რომ თავდამსხმელები ავტომატური იარაღით იყვნენ შეიარაღებულები. გაოცება კი იმან გამოიწვია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს გერმანული წარმოების ოცდამეთვრამეტე კალიბრის „პარაბელუმის“ ორმოცზე მეტი მასრა. სხვა ტიპის მასრები შემთხვევის ადგილზე არ აღმოჩნდა. მოგვიანებით, საქმეში ბალისტიკური ექსპერტიზის წარმომადგენლები ჩაერთნენ. მათი განმარტებით, იმავე ტიპის ვაზნები გამოიყენებოდა, გერმანული წარმოების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ „ბპ-38-ში“, რომელსაც რიგითი მოქალაქეები „შმაისერად“ მოიხსენიებდნენ.
საქმის ძიება რამდენიმე მიმართულებით წარიმართა. სამართალდამცველები ჩქარობდნენ. ისინი ითვალისწინებდნენ, რომ საქმე ეხებოდა ავტომატური იარაღით აღჭურვილ, განსაკუთრებით საშიშ დაჯგუფებას, რომელსაც ანალოგიური თავდასხმის განხორციელება ნებისმიერ დროს შეეძლო. ძიების საწყის ეტაპზე შემუშავდა რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელები მეზობელი რესპუბლიკიდან ჩამოსული გასტროლიორები უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა, ძიებამ მალევე უარყო ეს ვერსია – რისთვის უნდა ჩამოსულიყვნენ თავდამსხმელები სხვა რესპუბლიკიდან და გაერისკათ, როცა წარმატებით შეეძლოთ ანალოგიური თავდასხმა თავიანთ ქვეყანაშიც განეხორციელებინათ. საბოლოოდ, ძიება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ თავდასხმაში ადგილობრივი კრიმინალების ხელი ერია. მაშინ დღის წესრიგში თავისთავად დადგა გერმანული ავტომატების საკითხი. მართალია, იმდროინდელი კრიმინალური სამყარო მნიშვნელოვანი რაოდენობის ცეცხლსასროლ იარაღს ფლობდა, ძირითადად, პისტოლეტებს, მაგრამ პერიოდულად, სამართალდამცველები საქმეებში ავტომატურ იარაღსაც ხვდებოდნენ. თუმცა ისინი, ძირითადად, კუსტარულად იყო დამზადებული. ამ შემთხვევაში კი, კრიმინალები ქარხნულად დამზადებული ერთი და იგივე იარაღით სარგებლობდნენ. ყოველივე ამან თავისთავად დაბადა კითხვა: საიდან უნდა აღმოჩენილიყო დამნაშავეთა ხელში გერმანული წარმოების იარაღი. ამ მხრივ სამართალდამცველებს რამდენიმე ვერსია გააჩნდათ: გამორიცხული არ იყო, რომ იარაღი რესპუბლიკის გარედან შემოეტანათ, მაგრამ, ამასთან ერთად, განიხილებოდა ვერსია, რომ ავტომატები საქართველოში იყო შეძენილი. სამართალდამცველებისთვის ცნობილი იყო ერთი კუთხე – სვანეთი, სადაც შეიძლებოდა გერმანული წარმოების ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა. ნურავინ იფიქრებს, რომ იმ პერიოდში სვანეთის მოსახლეობა იარაღის წარმოებით იყო დაკავებული. ამ იარაღს სულ სხვა წარმომავლობა ჰქონდა – ეს იყო ერთ-ერთი გერმანული დივიზიის მემკვიდრეობა, იარაღი, რომელიც გერმანელმა სამხედროებმა სვანეთის მთებში დაკარგეს ან მიატოვეს.
ოჯახური ბიზნესი
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ძიებას კონკრეტული მონაცემები გაუჩნდა. ამ მონაცემების თანახმად, სვანეთის მკვიდრი, ვინმე გასვიანი, ფარულად ვაჭრობდა ცეცხლსასროლი იარაღით, რისთვისაც ის ერთხელ უკვე იყო ნასამართლევი. ინფორმაციის დასადასტურებლად, აღნიშნულ პიროვნებაზე დაწესდა მეთვალყურეობა და როდესაც არსებული მონაცემები დოკუმენტურად დადასტურდა, გასვიანის სახლში ჩხრეკა მოეწყო. სახლში ეჭვმიტანილს იარაღი არ აღმოაჩნდა, მაგრამ სამართალდამცველებმა მის ბოსელში იპოვეს სამალავი, სადაც დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა. თან, არა მარტო პისტოლეტები და ვაზნები, სამალავში აღმოჩნდა თავდასხმაში გამოყენებული „შმაისერებიც“.
დადგა კითხვებზე პასუხის გაცემის დროც. გასვიანმა დაადასტურა, რომ გერმანული წარმოების ორი ავტომატი, დაახლოებით ორი თვის წინ, მიჰყიდა თბილისში მცხოვრებ ვინმე რამაზ ფიფიას, რომელთან ერთადაც ის იხდიდა სასჯელს. მიუხედავად იმისა, რომ მან არ იცოდა ფიფიას მისამართი და იმჟამინდელი ადგილსამყოფელი, სამართალდამცველებს არ გასჭირვებიათ, არაერთხელ ნასამართლევი პიროვნების კვალზე გასვლა. დაკავებისას მის სახლში აღმოაჩინეს ორივე ავტომატი და ფულის გადასაზიდი ტომრების ნაწილი. მოგვიანებით, ძიების წინაშე მისი ორი თანამზრახველიც წარდგა.