რატომ საუბრობენ ესპანელი ელენა ანაიას ბისექსუალობაზე და რომელ ფილმში დაჩრდილა მან თვით ანტონიო ბანდერასი
„კანი, რომელშიც ვცხოვრობ”: ელენა ანაია – სახელი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ. ასეთი სათაურებითაა აჭრელებული ესპანური პრესა, მას შემდეგ რაც კანის კინოფესტივალზე პედრო ალმადოვარის ახალი ფილმის პრემიერა შედგა. მასში ანტონიო ბანდერასთან ერთად, მთავარი როლი 36 წლის ესპანელმა ლამაზმანმა ელენა ანაიამ შეასრულა. ელენას კინოკარიერა 15 წლის წინათ დაიწყო და ალმადოვარამდე, მისი სახელი ესპანელი კინემატოგრაფისტების მხოლოდ ვიწრო წრისთვის იყო ცნობილი. თუმცა, კინომოყვარულებს, სავარაუდოდ, ემახსოვრებათ მის მიერ შესრულებული როლები ცნობილ ბლოკბასტერებში – „ვან ჰელსინგი”, „ესაუბრე მას”, „სახელმწიფოს მტერი ¹1” და „ქალების სამყაროში”.
ელენა ანაია 1975 წლის 17 ივლისს ვალენსიაში დაიბადა და ოთხშვილიან ოჯახში უმცროსი შვილი გახლდათ. ელენა სამ ძმასთან ერთად იზრდებოდა და ბავშვობაში მძიმედ გადაიტანა მშობლების დაშორება. ამბობენ, ამ ფაქტის გამო, ხშირად წმინდა ანგელოზ მფარველის სახელობის კოლეჯში თვალცრემლიანი სახით მიდიოდაო. ელენა აქტიურად იყო დაკავებული კარატეთი, ცურვით, ალპინიზმით, დაივინგით. გარდა ამისა, ახალგაზრდულ ასაკში ელენა შეყვარებული იყო. ესპანური მუსიკალური ჯგუფის „მეკანოის” ფანი იყო და ცდილობდა, მათი კონცერტი არ გაეცდინა. სკოლაში საგნების სწავლა მისთვის მეორეხარისხოვანი იყო და ხშირად აცდენდა გაკვეთილებს და თანაკლასელ გოგონებთან ერთად, ცეცხლისჩამქრობით თამაშობდა. ამის გამო კოლეჯის ხელმძღვანელობა მას ხშირად სამზარეულოში ასაქმებდა, სადაც ელენა უფროსკლასელებისთვის კერძებს ამზადებდა. 1996 წელს ელენამ მსახიობობა გადაწყვიტა და მადრიდში, დრამატული ხელოვნების სამეფო სკოლაში მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა. სკოლაში ელენას პირველი პედაგოგი მანუელ მორონი იყო, რომლის რჩევით, ელენამ პირველივე ქასთინგზე როლი მიიღო ალფონსო უნგრიის ფილმში „აფრიკა”. ამას მალევე მოჰყვა როლი ფილმში „ოჯახი”. ფერნანდო ლეონის ფილმის გადაღებისას გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ელენას სკოლაში გაცდენები დაუგროვდა და გარიცხეს. თუმცა, მან სწავლა კერძოდ განაგრძო ესპანეთში ცნობილ პედაგოგთან ხუან კარლოს კორასთან. 2000 წელს ელენამ ესპანური ნაციონალური კინოპრემიის „გოიას“ პირველი ნომინაცია მიიღო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ხულიო მედემის ეროტიკულ დრამაში „ლუსია და სექსი”. ამ ნომინაციამ ელენას გზა გაუხსნა ესპანური კინოს მეტრისკენ. პედრო ალმადოვარისთან მუშაობა დამწყები მსახიობისთვის პირველი აღიარება იყო. 2002 წელს ეკრანებზე გამოსულმა დრამამ „ესაუბრე მას” და კომედიამ „ღმერთისგან ცნობები არ არის”, ელენა ანაია მსოფლიო კინოს გააცნო. ამ ფილმებში ელენას პარტნიორები იყვნენ ესპანური კინოს ვარსკვლავები – ვიქტორია აბრილი, პენელოპა კრუსი და გაელ გარსია ბერნალი.
2004 წელს ელენა ანაიათი ჰოლივუდში დაინტერესდნენ და რეჟისორმა, სტივენ სომერსმა ის თავის ბლოკბასტერ „ვან ჰელსინგში” მიიწვია დრაკულას საცოლის, ალირას როლზე. ფილმში ელენასთან ერთად ჰიუ ჯეკმენი და ქეით ბეკინსეილი თამაშობდნენ. ამ ფილმზე მუშაობის დაწყებამდე, ანაიამ სპეციალური კურსები გაიარა და ცხოველების ქცევებს სწავლობდა, რათა მაქსიმალურად დამსგავსებოდა ღამურას და სხვა სისხლისმწოველ ცხოველებს. „ვან ჰელსინგს” მოჰყვა ისტორიული დრამა „კაპიტანი ალატრისტი” და კრიმინალური კომედია „მკვდარი თევზი”, სადაც მან ჰარი ოლდმანთან ერთად ითამაშა. იმავე პერიოდში ელენამ ჯასტინ ტიმბერლეიკის კლიპში „სექსიბექ” ითამაშა, სადაც სექსუალური გოგონას იმიჯი მოირგო.
„როდესაც პედრომ დამირეკა და როლი შემომთავაზა, მე 10 წუთის განმავლობაში ვკიოდი,” – აღიარა ჟურნალისტებთან ელენამ, რომელსაც უკვე ჰქონდა ალმადოვართან მუშაობის გამოცდილება. თითქმის 10 წლის წინათ გამოსულმა „ესაუბრე მას” ნამდვილი ფურორი მოახდინა, ისევე როგორც საკულტო რეჟისორის ყველა ნამუშევარმა. საინტერესოა, რომ პედრომ ელენასთან დარეკვამდე იცოდა, რომ სწორედ მას უნდა ეთამაშა ფილმში. თავად ფილმის გადაღებაზე კი იგი 10 წლის განმავლობაში ფიქრობდა, მას შემდეგ, რაც წაიკითხა რომანი „ტარანტულა”. სწორედ მისი ეკრანიზაციაა „კანი, რომელშიც ვცხოვრობ”.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ვერას როლი რთული შესასრულებელი იყო და ელენამ ბრწყინვალედ გაართვა დავალებას თავი. თავისი პროფესიონალიზმით მან თვით ანტონიო ბანდერასიც კი დაჩრდილა – ალმადოვარის ფავორიტი მსახიობი, რომელსაც მაესტროსთან 1988 წლის შემდეგ არ უმუშავია. ესპანელი კინოკრიტიკოსების თქმით, ალმადოვართან თანამშრომლობა ანაიასთვის ბედნიერი ბილეთი იყო კინოს სამყაროში. აღსანიშნავია, რომ ალმადოვარს, თავდაპირველად, ვერას როლზე თავისი მუზის, პენელოპა კრუსის მოწვევა უნდოდა. თუმცა, პენელოპა „კარიბის ზღვის მეკობრეების” მეოთხე ნაწილის გადაღებებზე იყო.
ალმადოვარის ფილმის მსოფლიო პრემიერის შემდეგ, ელენა ანაიას გამოჩენას წითელ ხალიჩაზე, იქნება ეს სამხრეთ ამერიკა თუ შორეული აღმოსავლეთი, ნამდვილი ფურორი მოჰყვება. ეს ლამაზმანი ხომ ბრწყინავს გულახდილი სამოსითა და ჰოლივუდური ღიმილით. ჟურნალისტები იმასაც ამბობენ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ელენა ძალიან უბრალო და ისეთივე ღვთაებრივია, როგორც ეკრანზე. სხვათა შორის, ესპანურ პრესაში დიდი ხანია, გავრცელდა ხმა მსახიობის ბისექსუალობაზე და თითქმის ყველა თავის პარტნიორ ქალთან ჰქონდა რომანიო. ლესბოსური მიდრეკილებების გარდა, ელენა ანაია ცნობილი ნუდისტია და მშობლიურ ანდალუზიაში დასვენებისას ბიკინის გარეშე ირუჯება და ცურავს წყალში. „ვფიქრობ, ძალიან მოუხერხებელია ბიკინიში რუჯის მიღება. მე ნამდვილი ხვლიკი ვარ და ვგიჟდები სიცხეზე. მზიანი ამინდი მუდამ კარგ ხასიათზე მაყენებს”, – აღიარა ჟურნალისტებთან ცეცხლოვანმა ესპანელმა ლამაზმანმა.
ელენა მადრიდში ცხოვრობს და თავისუფალ დროს დაივინგით არის დაკავებული. მას უყვარს იაპონური სამზარეულო და ტრადიციული ესპანური სადილის შემდგომი სიესტა. ელენას ერთი ფობიაც აქვს, არ უყვარს მტრედები, რომლებიც ესპანეთის დედაქალაქში მრავლადაა. მტრედებს ელენა „მფრინავ ვირთხებს” უწოდებს და სხვადასხვა დაავადების გადამტანად მიაჩნია, ვირთხებთან ერთად.